emcwisgორწლიანი განხილვის შემდეგ, 2015 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებული სასულიერო პირი ი.ბ. (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტერის იღუმენი), ტ.დ., ბ.ს და გ.ბ უდანაშაულოდ სცნო. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს შეკრების მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული, გამამართლებელი გადაწყვეტილების სამართლებრივ ანალიზს წარმოადგენენ და ამტკიცებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აქციის დაშლისა და შეკრების მონაწილეების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს და შეიცავს ტენდენციურ მსჯელობებს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე სახელმწიფომ, ერთი მხრივ, არ უზრუნველყო პოზიტიური ვალდებულებების შესრულება, 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი (აიდაჰო) მიძღვნილი შეკრების მონაწილეების შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით და მეორე მხრივ არ მიიღო სათანადო ზომები კონტრდემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ფაქტების სათანადო გამოძიების, დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, რაც უმრვლესობისა და დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართმის ლოიალობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ აქციის დარბევის შემდეგ, როგორც საპარლამენტო[1], ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, მოქმედი პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებები პირდაპირ ავლენდა ღია ლოიალობას ძალადობრივი აქციის მონაწილეების მიმართ და ლგბტ თემის მარგინალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.[2] მიკერძოებულ ხასიათს ატარებდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნაც 17 მაისის მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით[3]. 2013 წლის 17 მაისს გამოვლენილი ძალადობის მასშტაბისა და ბუნების გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მუშაობა და სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება დაუსჯელობის განცდას ქმნის და ახალისებს ლგბტ თემის მიმართ მტრობასა და ძალადობას. 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო, 2014 წელს, ლგბტ თემმა საერთოდ ვერ შეძლო ესარგებლა შეკრების თავისუფლებით. 2015 წელს ჩატარებული რამდენიმე პარალელური აქცია კი შეზღუდული იყო დროის, მონაწილეებისა და სივრცის თვალსაზრისით.

ამგვარად,  დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ლგბტ ჯგუფის წევრები და მათი მხარდამჭერები ვერ ახერხებენ შეკრების თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობას. შეკრების დარბევისა და ძალადობის ყველაზე სერიოზულ  საქმეზე სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირება  კიდევ უფრო აძლიერებს მათ შიშებს და აღრმავებს უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

ხელმომწერი ორგანიზაციები წარმოადგენენ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობის შეფასებას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციების შეფასება, ძირითადად, განაჩენსა და სასამართლო სხდომების მონიტორინგს ეფუძნება და სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის საშუალების არქონის გამო, მათ არ გააჩნიათ საქმის ყოვლისმომცველი და დეტალური შეფასების შესაძლებლობა.

  1. საქმეზე პროკურატურის საქმიანობის შეფასება
  • ბრალდებული პირების იდენტიფიცირების პრობლემა

სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, 2013 წლის 17 მაისის საქმეზე პასუხისმგებლობა რეალურად მხოლოდ 4 პირს დაეკისრა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმოამდგენელისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალსიწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.[4] სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე ბრალდებული 5 პირიდან ერთ-ერთის, სასულიერო პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სასამართლოშივე შეწყდა, პროკურატურის მიერ საკმარისი მტკიცებულებების არ წარმოდგენის გამო. ოთხი პირის მიმართ კი, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა იმ არგუმენტით, რომ ბრალდებამ საქმის არსებითი განხილვის დროს, ვერ წარმოადგინა იმ მტკიცებულებებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებული პირების მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტს.

გამოძიების პროცესის შეფასება აჩვენებს, რომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, გამოძიებამ ვერ უზრუნველყო ძალადობრივი ქსელის სრულყოფილი გამოვლენა. გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული ბრალდებული პირების ვინაობა და რიცხვი სრულად არ ასახავს შეკრების ძალადობრივი დარბევისა და სხვა მნიშვნელოვან სამართალდარღვევებს და ის არაპროპორციულად მცირეა. გამოძიებამ ჯეროვნად არ შეისწავლა შეკრების ჩაშლისა და ძალადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მათ შორის, კონტრდემონსტრაციის ლიდერების მხრიდან პოლიციის კორდონის გარღვევის, ვაჩნაძის ქუჩაზე აიდაჰოს შეკრების მონაწილეების სამარშრუტო მიკროავტობუსზე ძალადობრივი თავდასხმის, 17 მაისს აქციის დარბევისა და მის შემდგომ პერიოდში ლგბტ თემის წევრების ან მათთან ასოცირებული პირების მიმართ ჩადენილი ძალადობის ინდივიდუალური ფაქტები. გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ არ გამოკვეთა ის ძირითადი პირები, რომელთა ორგანიზებითაც განხორციელდა კონტრდემონსტრანტების მიერ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გარღვევა და შეკრების დარბევის პროცესში მხოლოდ ცალკეულ ძალადობრივ ეპიზოდებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებით შემოიფარგლა. თავის მხრივ, ამ პირების მიმართ პროკურატურამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება და მაღალი სტანდარტის დაცვით, მათი სასამართლოში წარმოდგენა, რამაც საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. აღსანიშნავია, რომ შეკრების ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციამ არ უზრუნველყო შემთხვევის ადგილზე სამართალდამრღვევი პირების დაკავება ან მათი იდენტიფიცირება, რის გამოც, როგორც საქმის მასალები აჩვენებს, გამოძიების ეტაპზე გაართულა სამართალდამრღვევი პირების ვინაობის დადგენა.

  • პროკურატურის მტკიცებულებების არასაკმარისობის პრობლემა

განაჩენში არსებითად იკვეთება საქმის გამოძიების პროცესში მტკიცებულებების შეგროვებისა და გაფორმების, ასევე მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობრიობისა და ფრაგმენტულობის პრობლემა.

  • პროკურატურამ არ უზრუნველყო, სასამართლოს წინაშე, ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები მტკიცებულებების (მათ შორის, ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალისა და დაზარალებულების დაზიანებების) სათანადო წესით წარმოდგენა, რითაც სასამართლოს შესაძლებლობა მისცა, აღნიშნული მტკიცებულებები დაუშვებელ მტკიცებულებად ეცნო. მაგალითად, ბრალდების შესახებ დადგენილებებზე თანდართული ვიდეომასალა, რომელიც კონკრეტულ ძალადობრივ ეპიზოდებსა და მათში ბრალდებული პირების სავარაუდო მონაწილეობას ასახავდა, პროკურატურამ სასამართლოში მათი ავთენტურობის დამადასტურებელი ექსპერტიზის გარეშე წარადგინა. ამით სასამართლოს მიერ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის რისკები შეიქმნა. განაჩენის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვების პროცესში, პროკურატურამ ასევე არ განახორციელა ბ.ს.-ის მიერ მიკროავტობუსის საქარე მინის ჩამტვრევის ეპიზოდში მიკროავტობუსის მინის ნამსხვრევების ამოღება და ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირება, რითაც გაართულდა ბ.ს.-ის ბრალეულობის მტკიცება. აღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ მნიშვნელოვან მტკიცებულებებთან დაკავშირებით, პროკურატურამ არ მიიღო ეფექტური  და სათანადო ზომები მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტის შესაქმნელად და ბრალის მტკიცების პროცესი სერიოზულად დააზიანა.
  • პროკურატურამ არ უზრუნველყო საქმეზე საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება. როგორც განაჩენის ტექსტიდან ჩანს, პროკურატურამ არ დაკითხა მნიშვნელოვანი ნეიტრალური მოწმეები. მათ შორის, აქციაზე მონიტორინგის სტატუსით მყოფი პირები, ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და რომლებსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეეძლოთ.
  • პროკურატურის მიერ წარდგენილი მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებები კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა ბრალდების მხარისთვის. კერძოდ, ი.ბ.-ის მიერ, კოტე აფხაზის ქუჩის (ყოფილი ლესელიძის) მიმართულებით მოძრავი ავტობუსის დაზიანებისა და ფიზიკური ძალის გამოყენებით ავტობუსის მძღოლის სალონიდან გადმოყვანის მცდელობის ფაქტი არ დაადასტურა თავად მძღოლმა, რომელიც სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ინიციატივით იყო დაკითხული.
  • სიძულვილის მოტივის მკაფიო გამოკვეთის პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საქმეში პროკურატურამ გააკეთა არაპირდაპირი მითითება შესაძლო სიძულვილის მოტივზე და განაცხადა, რომ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის ხელშეშლა კონტრ-დემონსტრანტთა მხრიდან, ლგბტ თემის წევრების მიმართ ნეგატიურ განწყობებს უკავშირდებოდა, აღნიშნული მითითება მეტწილად ემსახურებოდა განვითარებული მოვლენების ფაქტობრივ აღწერას და არა დანაშაულის მოტივის იდენტიფიცირებას. ბრალდების შესახებ დადგენილებებში პროკურატურას არ გაუკეთებია მკაფიო და პირდაპირი მითითება ჰომოფობიური/ტრანფობიური მოტივის შესახებ.

  1. საქმეზე სასამართლოს განაჩენის შეფასება

სასამართლოს განაჩენი მკაცრად აკრიტიკებს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძებას და მიუთითებს ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობისა და უტყუარობის პრობელმაზე. თუმცა, თავის მხრივ, სასამართლოს მსჯელობა არასაკმარის დასაბუთებას შეიცავს და ცალკეულ შემთხვევებში, ის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. მსჯელობისას, სასამართლო ცდილობს გამოიყენოს ყველა, რიგ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი არგუმენტები პირების ბრალეულობის გამოსარიცხად და არაგონივრულად აკნინებს და უგულებელყოფს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. სასამართლოს მსგავსი მიდგომა და განაჩენში მის მიერ გამოყენებული ენის ანალიზი მოსამართლის ტენდენციურობაზე მიუთითებს.

  • მოსამართლის მიერ მტკიცების პროცესის ხელოვნური გართულება

საქმის განხილვისას, სასამართლოს დაუსაბუთებლად შემოაქვს შეკრების „ორგანიზატორის“ სტატუსი სასულიერო პირის ი.ბ.-ის ბრალეულობის შემოწმების პროცეში, რაც სამართლებრივად არ უკავშირდება ბრალდებული პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსს. სასამართლოს განმარტებით „ბრალდება ი.ბ.-ს ედავება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციასთან დაკავშირებით კონტრაქციის ორგანიზატორობას.“ ასევე უთითებს, რომ პროკურატურის მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც მის აღნიშნულ სტატუსს დაადასტურებდა. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს ბრალდების შესახებ დადგენილების არასწორ ინტერპრეტაციას. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში, სასულიერო პირის ი.ბ.-ის მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების შეკრების უფლების ხელშეშლის აღწერისას, მის ორგანიზატორობაზე მითითება მოვლენების ფაქტუალურ აღწერას ემსახურება და არა აღნიშნულ ფაქტში მის ბრალდებას. მით უფრო, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლი არ ითვალისწინებს ორგანიზატორი პირის პასუხისმგებლობის დამოუკიდებელ საფუძვლებს. ამ გზით, სასამართლომ ი.ბ.-ის მიმართ ბრალის მტკიცების პროცესი ხელოვნურად გაართულა და სამართლებრივად გამოუსადეგარი არგუმენტები გამოიყენა.

  • შეკრების ადგილის არასწორი ინტერპრეტაცია

განაჩენში სასამართლო არასწორედ განმარტავს შეკრების ადგილს. კერძოდ, სასამართლო სამი პირის ბრალეულობის შეფასებისას უთითებს, რომ „ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალის ავთენტურობასთან არ იქნებოდა კითხვები და წარმოდგენილი იქნებოდა სხვა მტკიცებულებებიც, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემდა ი.ბ-ის (ე.წ. „ტაბურეტის“ დარტყმა), ტ.დ-ის (ავტომანქანაზე ასვლა და ხელის მოძრაობა) და ბ.ს-ის (მიკროავტობუსის საქარე მინის დაზიანება) ქმედებებს, ვინაიდან ისინი შეკრების ადგილზე არ განხორციელებულა“. ყურადსაღებია, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს საკანონმდებლო ნორმების არსებითად არასწორ ინტერპრეტაციას, რომლის საფუძველზეც, შეკრებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებს ავიწროებს მხოლოდ შეკრების ფორმალური ადგილით და სხვა სივრცეებს, სადაც იმავე მიზნით მოხდა ძალადობის განხორციელება, არ განიხილავს შეკრების ადგილად.  ამ მხრივ, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კოტე აფხაზისა და ვაჩნაძის ქუჩებზე გამოვლენილი ძალადობის ფაქტები კონტრდემონსტრანტების მიერ შეკრებისათვის ხელის შეშლის სქემის მნიშვნელოვან ეპიზოდებს წარმოადგენს. ხოლო ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის მიზანი იყო შეკრების ფორმალურ ადგილზე აქციის მონაწილეების არ შეშვება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შეკრების მონაწილეები იძულებულნი გახდნენ კონტრ-დემონსტრანტთა მხრიდან მასობრივი ძალადობისგან თავის არიდების მიზნით, შეკრების თავდაპირველი ადგილიდან მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებულიყვნენ /თავი შეეფარებინათ, არ გულისხმობს რომ კონტრ-დემონსტრანტებს შეკრების ხელშეშლის მიზანი არ ამოძრავებდათ. სასამართლოს ამგვარმა დაუსაბუთებელმა და ფორმალისტურმა მიდგომამ მთლიანად გამორიცხა სამი ბრალდებული პირის ბრალეულობა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც მოსამართლის ტენდენციურობისა და გულგრილობის ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა.

დასკვნა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ქალთა ინიციტივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგი ცენტრი (EMC) პროაქტიულად დააკვირდება სასამართლო პროცესის მიმდინარეობას და მოუწოდებს პროკურატურას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება წარდგენილი ბრალდების მაღალი სტანდარტით დასაბუთების უზურნველყოფისთვის. ამასთან, პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ყველა იმ პირის მიმართ, რომელთაც 2013 წლის 17 მაისს აიდაჰო დღისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქციის დარბევაში მიიღო მონაწილეობა და მასთან კავშირში ჩაიდინა სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ. მაგ.  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ჰომოფობიური განცხადებები 17 მაისს. ნეტგაზეთი, 2013.05.17.http://www.netgazeti.ge/GE/105/News/19709/

[2]„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ალბათ, ოცნებობდნენ, რომ პოლიციას 17 მაისს დაერბია კონტრდემონსტრანტები. ვინ უნდა დაგვერბია? 300 მოძღვარი, მრევლი და ჩვენი 40 ათასი თანამოქალაქე?!" გაზეთი „ასავალ-დასავალი“, 10-16 ივნისი, 2013 წელი,  #973,  ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე, იხ: http://www.tabula.ge/ge/story/71979-gharibashvili-me-vici-vin-idga-17-maiss-dagegmili-provokaciis-ukan

[3]ადამიანისუფლებათაკომიტეტისდასკვნა 17 მაისზე. ნეტგაზეთი. 23.07.19. http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/21817/

[4]დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, WISG, 2015 წელი, გვ. 35