24 იანვარს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო თანდოიანცის სომხური ეკლესიის საქმეზე წარდგენილი სარჩელის დასაშვებობის საკითხზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეულ და ამ დრომდე სახელმწიფოს მიერ დაუბრუნებელ რელიგიურ ნაგებობებზე ისტორიული მესაკუთრეების უფლების სამართლებრივი აღიარებისთვის.

დავა სახელმწიფოს მიერ აღმაშენებლის N38-ში მდებარე ისტორიული სომხური თანდოიანცის ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში თვითნებური გადაცემის კანონიერებას უკავშირდება.

არქივში დაცული სხვადასხვა წყაროების თანახმად, 1866 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე ისააკ მარტიროსიან თანდოიანცმა მითითებულ ადგილზე სომხური ეკლესია ააშენა. საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის დროს, სხვა საკულტო დანიშნულების ნაგებობების მსგავსად, განხორციელდა მითითებული სომხური ეკლესიის ჩამორთმევა. შენობა, ბოლო პერიოდში გამოიყენებოდა კინოთეატრის დანიშნულებით (ე.წ კინოთეატრი „კოლხიდა“). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სომეხ თემს მითითებული ეკლესია ქვეყანაში რესტიტუციის (ჩამორთმეული ქონების დაბრუნების) პოლიტიკის არარსებობის გამო არ დაბრუნებია. შენობის მძიმე მდგომაროების გამო, ასევე ვერ მოხერხდა მასში სომხური ეპარქიის მიერ რელიგიური საქმიანობის ფაქტობრივი განხორციელება, რამდენადაც ჩამოშლილია ეკლესიის სახურავი და არსებითად მხოლოდ კედლები არის შემორჩენილი. ამის მიუხედავად, სომხურ ეკლესიას ხელისუფლებისთვის ტაძრის გადაცემის მოთხოვნით არაერთხელ მიუმართავს, თუმცა სახელმწიფო ორგანოთათვის მიმართვები რეაგირების გარეშე რჩებოდა, ამის საპირისპიროდ კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით, 2017 წელს თანდოიანცის ეკლესია საპატრიარქოს გადაეცა საკუთრების უფლებით. სახელმწიფო უწყებებმა გადაწყვეტილება მიიღეს ისე, რომ ძეგლის ისტორიული და კონფესიური მნიშვნელობა და კონტექსტი არ შეფასებულა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყო ჩართული „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია.“ სარჩელში ეპარქია არადომინანტი რელიგიური ორგანიზაციების მიმართ რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობის პრობლემაზე უთითებს და სახელმწიფო პოლიტიკის დისკრიმინაციულობაზე დავობს.

თანდოიანცის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შედის და მისი ისტორიული ღირებულების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნება. ძეგლის ავთენტურობის დაცვის მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საპატრიარქოს მიერ მომზადებული რეკონსტრუქციის გეგმა ძეგლის იერსახის არსებით ცვლილებას ითვალისწინებს. აღნიშნული დავის ფარგლებში „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ინტერესზე ასევე უთითებს.

სასამართლო დავის შედეგს არსებითი მნიშვნელობა აქვს სომხური ეპარქიის უფლებების და რელიგიის თავისუფლების დაცვისათვის. აღნიშნული დავა მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის სხვა არადომინანტი რელიგიური ორგანიზაციებისთვის, რომელთაც წლების განმავლობაში სახელმწიფო არ უბრუნებს მათ ისტორიულ საკულტო ნაგებობებს.

სსიპ „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის“ ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC“ და “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI“ იცავენ.