1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომის შემდეგ 27 წელი გავიდა. ომმა მძიმე მსხვერპლი, ტრავმა და იმედგაცრუება მოუტანა ორივე მხარეს. ომის შედეგად ასეულობით ათასი დევნილი გვყავს, რომლებიც ამ დრომდე უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ და სამწუხაროდ, ხშირად საკუთარ სამშობლოშივე განიცდიან მარგინალიზაციას. მძიმეა გალში მცხოვრები ქართველების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობაც. მათ მუდმივი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში უწევთ ცხოვრება, სადაც მათი სიცოცხლე, თავისუფლება, იდენტობა და საკუთრება წართმევის მაღალი საფრთხის წინაშე დგას. აფხაზური პოლიტიკური ელიტის მცდელობა და ვნება, შეექმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, რუსეთზე სრულ ფინანსურ და პოლიტიკურ დამოკიდებულად შემობრუნდა და თითქმის შეუძლებელი ხდება ამ დამოკიდებულებისა და რუსიფიკაციისგან გათავისუფლება. აფხაზეთში დღეს სიღარიბე, კორუფცია და კრიმინალია ფეხმოკიდებული და ადგილობრივებს უსაფრთხოებისა და განვითარების საბაზისო პირობები არ გააჩნიათ. რუსეთზე დამოკიდებულებით და მისგან მომდინარე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობით უკმაყოფილება აფხაზეთის კულტურული და პოლიტიკური წრეების რიტორიკაში უკვე ღიად არის არტიკულირებული. ცხადია, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ძალების არსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ართულებს საქართველოსთვისაც დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვის შესაძლებლობებს, რადგან ოკუპაცია რუსეთის ხელში იქცევა ინსტრუმენტად გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და განვითარებაზე.

ომის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდი გავიდა, თუმცა კონფლიქტის ტრანსფორმირებისა და კონფლიქტის ადგილებზე უფრო დემოკრატიული, ადამიანის უფლებებსა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერისთვის საჭირო ინსტრუმენტების შექმნის გზაზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ გვაქვს. საქართველოში სუსტი დემოკრატია, სიღარიბე, უმცირესობების მიმართ უთანასწორო და არა ინკლუზიური სოციალური გარემო არსებითად ართულებს კონფლიქტის ტრანსფორმაციის და ოკუპირებული რეგიონებისთვის საქართველოს მიმართ ინტერესის და ბმის გაჩენის შესაძლებლობებს.

27 წლის შემდეგაც ჩვენ არ გვაქვს კრიტიკულად გააზრებული ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის რეალური მიზეზები. ამ ომში რუსული ინტერესის, მხარდაჭერისა და მონაწილეობის აღიარების მიღმა, მნიშვნელოვანია, ჩვენ დავსვათ კითხვები ჩვენი პოლიტიკური ელიტების შეცდომების და ეთნოცენტრული, შოვინისტური პოლიტიკის მიმართ, რომელმაც უბრალო ადამიანები ორივე მხარეს შეიწირა და დაგვაშორა. ისტორიის კრიტიკული გააზრება და მხარეების შეცდომების აღიარება კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზაზე პირველი და არსებითი ნაბიჯია და ის ორივე მხარეს უნდა წარიმართოს. გაუაზრებელი ისტორია და ტრავმა კი კვლავწარმოებისა და მოჯადოებულ წრეში ყოფნის მიზეზი შეიძლება გახდეს.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს მთავრობა დეოკუპაციის პოლიტიკის მიღმა მშვიდობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის დისკურსს ქმნის. თუმცა, ამ გზაზე მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები არსებითად სუსტია. სამწუხაროდ, კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკა მთავრობის პრიორიტეტებში მაინც ნაკლებად ექცევა და მას სიმბოლური მუშაობის ფორმა უფრო აქვს.

სამწუხაროდ, არსებული საგარეო პოლიტიკური ვითარება ასევე ხელს უშლის რუსეთის გავლენების შესუსტებას და ორივე მხარისთვის მისგან დამოუკიდებელი და სახალხო ინტერესზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას. დარწმუნებული ვართ, რომ რუსული გავლენების გარეშე, ჩვენს ორ საზოგადოებას საერთო ინტერესების გამონახვის გაცილებით მაღალი რესურსი და ამისთვის საჭირო მეხსიერება და ურთიერთობის ტრადიცია აღმოაჩნდება.

არსებითია გავიაზროთ, რომ ომი ელიტებისა და პრივილეგირებული ჯგუფების ხელში მყოფი იარაღია, გაატარონ საკუთარი ინტერესები და ამისთვის ისინი ხშირად მათთვის სასარგებლო ისტორიასა და მითებს ქმნიან და კვლავაწარმოებენ. ხალხის ნამდვილ ინტერესში კი მშვიდობაა, რომელიც განვითარების წინაპირობაა. სწორედ მშვიდობის დროს არის შესაძლებელი კრიტიკული ფიქრი, დიალოგი, რეალური ინტერესებისა და იდეალების განსაზღვრა და გატარება.

ჩვენ მოვუწოდებთ კონფლიქტის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს ისტორიის კრიტიკული გააზრების ამ ტვირთის აღებისაკენ და ჩვენს რეალურ საჭიროებებზე, ინტერესებსა და იდეალებზე დაფუძნებული პოლიტიკის მოთხოვნისკენ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფიქრი ჩვენ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოებისა და პოლიტიკური ერთობის შექმნამდე მიგვიყვანს. სამწუხაროდ, სამთავრობო პოლიტიკა და გადაწყვეტილებები დღეს ამ პროცესის შექმნისთვის სუსტი და მოჩვენებითია. ამის მიუხედავად, არსებობს რესურსი და ძალა, რომელიც საზოგადოებრივმა ჯგუფებმა კონფლიქტის ორივე მხარეს შეიძლება საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ. მით უფრო, რომ მშვიდობისა და დიალოგის მშენებლობა შეუძლებელია ვერტიკალური და ზემოდან ორგანიზებული პროცესი იყოს. მას ჩვენი ერთობლივი, აფხაზი, ოსი, ქართველი, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების მრავალმხრივი დიალოგისა და სოლიდარობის კულტივირება სჭირდება.