Intday_pwd_stacked_large_nodateblue

დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად ჩანს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ დიდი დაბრკოლებების გადალახვა, რომელიც ვერ ჩაითვლება ღირსეულ ცხოვრებად. შშმ პირების ნაწილი ამის გამო გამოკეტილია დახურულ სივრცეში და ვერ ახდენს საზოგადოების ნაწილად საკუთარი თავის აღქმას, ნაწილი კი მძიმე საზოგადოებრივი სტიგმის მსხვერპლია. სწორედ ამიტომ, დღეს როგორც არასდროს ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერებასა და სოლიდარობას შშმ პირების მიმართ.

საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს 2009 წელს მოაწერა ხელი. თუმცა, ამ დრომდე არ მოუხდენია მისი რატიფიცირება. EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოახდინოს კონვეციის რატიფიცირება. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კონვეციის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მზადდება საქართველოს მთავრობმის მიერ. აქვე, მივიჩნევთ, რომ სამოქმედო გეგმა უნდა იყოს არსებული პრობლემების მიმართ ადეკვატური, ობიექტური კრიტერიუმებით გაზომვადი და რეალური შედეგის მომტანი.