2019 წლის 8 ოქტომბერს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორისი მაჩალიკაშვილისა და სხვა დაკავებული სამი პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია მორის მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 ივლისს დააკავეს და მას პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მას 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და ის ამ დრომდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მორის მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობა ძალაში იქნა დატოვებული წინასასამართლო სხდომის ეტაპზეც, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ასაბუთებდა, რომ მისი პატიმრობაში დატოვების მიზანი არ არსებობდა. წინასასამართლო სხდომაზევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო მაჩალიკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.

საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე მხარეები სასამართლოს შესავალ სიტყვებს წარუდგენენ და საკუთარ პოზიციებზე ისაუბრებენ. EMC, როგორც მორისი მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს მორის მაჩლიკაშვილის ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია პოლიციის თანამშრომელთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც არ შეიცავენ მითითებას მაჩალიკაშვილის მხრიდან რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე, ხოლო ვიდეომასალა არ უთითებს მორის მაჩალიკაშვილის განზრახვაზე, ყოფილიყო ჯგუფური ძალადობის მონაწილე. EMC-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიზანს, ბიძამისის, მალხაზ მაჩალიკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა და მას რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა არ ჰქონია.

საქმის არსებითი განხილვის განმავლობაში, ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევის შემდგომ დაცვის მხარე - EMC გამოიკვლევს მტკიცებულებებს და მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობის გაბათილებას შეეცდება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მორისი მაჩალიკაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილია და ის ერთ წელზე მეტია ბიძასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ითხოვს საქმეზე სამართლებრივი შედეგის დადგომას და დამნაშავე პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

EMC იმედოვნებს, რომ საქმის სასამართლოში განხილვის დროს დაცვის მხარეს შესაბამისი არგუმეტების წარდგენის შესაძლებლობა ექნება და სასამართლო შეძლებს სწორი სამართლებრივი შეფასებების გაკეთებას.

ვიდეო მორის მაჩალიკაშვილის საქმიდან, რომელიც შსს-ს არ გამოუქვეყნებია.