ბოლო დროს ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა (აჭარის მწერალთა კავშირშის მიერ გამართულ დისკუსიაზე გამოთქმული მოსაზრებები, თურქეთის საელჩოსთან გამართული აქცია და მედიით გავრცელებული სხვა ფაქტები) დაგვანახა, რომ ქართული საზოგადოების ნაწილში არსებობს სოლიდარობის დეფიციტი რელიგიური უმცირესობების მიმართ, რაც გამოწვეულია წლების განმავალობაში არსებული სახელმწიფოს არასწორი რელიგიური პოლიტიკით.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოთქვამს შეშფოთებას იმ ცალკეული აგრესიული განცხადების გამო, რომელიც ღიად უპირისპირდება კონსტიტუციურ პრინციპებს. ამგვარი განცხადებები საფრთხეს უქმნიან რელიგიური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილით მოეკიდონ პრობლემას, რათა არ გაღრმავდეს კონფრონტაცია და რელიგიურმა უმცირესობებმა სრულფასოვნად შეძლონ თავიანთი რელიგიური პრაქტიკის განხორციელება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო და მოქალაქეები საკუთარ ქმედებებს თანასწორობის პრინციპზე უნდა აფუძნებდნენ, რაც რელიგიური უფლებების დაცვის გარანტია. აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით დაცულია ნებისმიერი რელიგიური გაერთიანების უფლება, აღასრულონ საკუთარი რელიგიური წეს-ჩვეულებები და გააჩნდეთ საკულტო ნაგებობები.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს სახელმწიფოს დაიცვას მოქალაქეების რელიგიის თავისუფლება და ამ მიზნით კონსტიტუციური ღირებულებების შესაბამისად შეეცადოს დაარეგულიროს არსებული ვითარება, ასევე დააკმაყოფილოს მუსლიმური თემის მოთხოვნები, რომელიც ჩამოყალიბებულია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოლიდარულია რელიგიური უმცირესობების პრობლემების მიმართ და მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს მიმართავს რელიგიური გაერთიანებების ინტერესების დასაცავად.