ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 37-ე სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ კოალიციური ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს.

ანგარიში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჭრილში 2015 წლიდან დღემდე საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს აფასებს და განიხილავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ჯგუფთა და უფლებათა დაცვის საკითხებს. კერძოდ, ანგარიში შემდეგ საკითხებს მიმოიხილავს:

  1. სექსუალური ჯანმრთელობა და უფლებები
  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ლგბტქი პირთა მიმართ

ანგარიში მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან ზომებს, რომლითაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ინფორმაცია ხილვადი გახდა, რაც მეტწილად განპირობებული იყო ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებში სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების პრაქტიკის დამკვიდრებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შექმნა, რომელმაც ხელი შეუწყო ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დანაშაულთა იდენტიფიცირებას და გამოვლენას. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ლგბტქი პირთა მიმართ არსებული ძალადობის ოფიციალური სტატისტიკა ვერ ასახავს მის რეალურ მასშტაბს. ასევე პრობლემურია, ოჯახში ჩადენილი ძალადობის გამოძიებისა და ჰომო/ბი/ტრანსფობიური მოტივის იდენტიფიცირება.

ანგარიში ასევე ყურადღებას უთმობს მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სისტემების არარსებობაზე, რომელიც ხშირად მსხვერპლს აუცილებელი მხარდაჭერის გარეშე ტოვებს, რაც ასევე, არსებითად ამცირებს პოლიციისადმი მიმართ საზოგადოებისა და ლგბტქი თემისგან ნდობას.

  • ლგბტქი პირთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

ანგარიშში აქცენტი კეთდება 2019 წლის პრაიდის კვირეულის დროს მიმდინარე მოვლენებსა და ლგბტქი პირთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის საკითხზე. სახელმწიფოს მხრიდან თბილისი პრაიდის ორგანიზატორთა, თემის წევრთა და სხვა მხარდამჭერთა უფლებათა მრავლობითი დარღვევის ფაქტების მიუხედავად, რომელიც ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან მომდინარეობდა, სახელმწიფომ არ მიიღო ეფექტური ზომები შეკრების ჩატარების უზრუნველსაყოფად. ასევე, სახელმწიფომ არ უზრუნველყო შეკრების ხელშეშლაში მონაწილე პირთა მიმართ ადეკვატური გამოძიება და დასჯა. სახელმწიფომ არ მიიღო ზომები, ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის - ლევან ვასაძის მიერ ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის მოწოდების შემცველ საჯარო განცხადებასთან მიმართებით.

  • ტრანს ადამიანთა უფლებები

ტრანს ადამიანთა წინაშე მდგარი გამოწვევები წლების განმავლობაში შეუცვლელია, რადგანაც სახელმწიფოს არ მიუღია ზომები მათი უფლებებისა და საჭიროებების შეფასებისა და დაკმაყოფილებისთვის. გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურები კვლავ არ არსებობს ქვეყანაში, რაც ასევე მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ნების ნაკლებობას აღნიშნული საკითხის რეგულირების თვალსაზრისით. გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურების არარსებობის პირობებში ტრანსი ადამიანები იძულებულები ხდებიან გაიარონ სამედიცინოდ არასაჭირო, ინტრუზიული, იძულებითი და ზოგჯერ, სიცოცხლისთვის საშიში სამედიცინო პროცედურები, რათა მათი გენდერული მარკერი, საკუთარ გენდერულ იდენტობას შეუსაბამონ, აღნიშნული კი ისეთ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ადეკვატურად ორგანიზებულ ტრანსსპეციფიკურ ჯანდაცვას.

  • ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება (CSE)

ანგარიში ცალკე ქვეთავს უთმობს ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების გარკვეული ელემენტების სწავლების საკითხს საქართველოს ფორმალური განათლების სისტემაში და აღნიშნავს გარკვეულ პროგრესს, რომელიც ამ კუთხით მიიღწა ბოლო წლების განმავლობაში, რაც გამოიხატა „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ინკლუზიით სასწავლო კურიკულუმებში და სამოქალაქო განათლების ჭრილში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების ასახვის კუთხით.

თუმცა, ანგარიში კრიტიკულად აფასებს სახელწმიფოს მხრიდან მიმდინარე რეფორმირების ნელ პროცესს და აღნიშნავს, რომ განათლების სისტემაში გაჩენილი საკითხები არ შეესაბამება იუნესკოს მიერ დადგენილ სტანდარტს ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების შესახებ. ასევე პრობლემურია, მასწავლებელთა მომზადება და სენსიტიურობა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით.

  1. რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
  • უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა

ანგარიში მიმოიხილავს უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომელთა შორისაც აღსანიშნია ხუთდღიანი მოსაცდელი ვადა, რომელმაც კიდევ უფრო გაართულა აღნიშნული სერვისის მიღება. გარდა აღნიშნულისა, ბოლო წლების განმავლობაში ექიმთა და კლინიკათა დიდი ნაწილი უარს ამბობს აბორტის სერვისის გაწევაზე „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ გამო, რასაც თან არ ერთვის ქალთა რეფერალის არარსებობა მათ მიერ სერვისის სხვა კლინიკაში მიღების მიზნით. აღნიშნული სერვისის მიღება, ასევე პრობლემურია რეგიონებში, რის გამოც ქალებს უწევთ დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფა მგზავრობის ხარჯების დასაფარად. აბორტის სერვისს თან არ მოსდევს პაციენტთა საფუძვლიანი ინფორმირება და პოსტ-აბორტული კონსულტაცია ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ აბორტი კვლავ განიხილება ოჯახის დაგეგმვის სერვისად, რაც სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ქალთა ინფორმირების პრობლემას აიდენტიფიცირებს.

  • ოჯახის დაგეგმვის სერვისები

ოჯახის დაგეგმვის სერვისებთან დაკავშირებულ გამოწვევებს მრავალმხრივი ფაქტორები განაპირობებს, რომელსაც წინამდებარე ანგარიში ინდივიდუალურად აანალიზებს. ანგარიში აჩვენებს, რომ ოჯახის დაგეგმვის სერვისებით სარგებლობის ხარისხი არსებითად დაბალია, რასაც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა განაპირობებს, ისევე როგორც, მითები და სტერეოტიპები თანამედროვე კონტრაცეპტივების შესახებ, რასაც თან ერთვის, ჯანდაცვის პროფესიონალთა მხრიდან სენსიტიურობის ნაკლებობა და, ხშირად, კონფიდენციალობის დარღვევის პრაქტიკა.

ოჯახის დაგეგმვის სერვისები არასრულად არის ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისებში და ის არც კერძო და არც სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში ფინანსდება. საქართველოში ასევე არ არის განვითარებული ახალგაზრდებისადმი მეგობრული სერვისები, რომელიც მათ საჭიროებებსა და სპეციფიკას გაითვალისწინებდა. კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა წვდომა ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე, რომელსაც კომპლექსურ ბარიერთა ერთობლიობა უშლის ხელს.

  • სტიგმა და დისკრიმინაცია აივ/შიდსთან დაკავშირებით

ანგარიშში განხილულია აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმის პრობლემა და დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც პრევენციის, ტესტირების და მკურნალობისა და პირთა მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კანონმდებლობის დისკრიმინაციულ ხასიათზე, რომელიც სტიგმის გაძლიერებაში არსებით როლს თამაშობს. ანგარიშის მიხედვით, კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს პაციენტთა კონფიდენციალობისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის საკითხი.

თითოეულ ზემოაღნიშნულ სფეროსა და გამოწვევასთან მიმართებით ალტერნატიული ანგარიში ითვალისწინებს შესაბამის რეკომენდაციებს (სულ 27), რომელიც წარედგინება გაეროს წევრ სახელმწიფოებს, იმისათვის, რომ ეს რეკომენდაციები უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შემდეგი ციკლის ფარგლებში საქართველომ მიიღოს და აღასრულოს.

ორგანიზაციათა ჯგუფი, რომელიც ანგარიშზე მუშაობდა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ხუთ ორგანიზაციას აერთიანებს:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG),
  • საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი - თანადგომა (Tanadgoma),
  • თანასწორობის მოძრაობა (EM),
  • ასოციაცია ჰერა XXI.

კოალიციური ანგარიში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) კოორდინირებით, „სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის“ (RFSU) მხარდაჭერით მომზადდა. დოკუმენტის შინაარსი მხოლოდ კოალიციის პასუხისმგებლობაა და არც ერთ შემთხვევაში არ ასახავს „სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის“ (RFSU) პოზიციასა და შეხედულებებს.

დოკუმენტები შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ნახვა

გადმოწერა

UPR_Georgia_submission_by_NGO_Coalition_on_SRHR_2020_1594713975.pdf