პანკისის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლების სახელით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის საკითხზე დავა დაიწყო. კერძოდ, აღნიშნული დავა შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მდინარე სამყურისწყალზე, შპს ,,ფერი“-ს მიერ დაგეგმილი 26.28 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს მშენებლობას, რომელზეც სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნებართვების გაცემა ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ჩართულობისა და კვლევების გარეშე განხორციელდა.

EMC, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, მოითხოვს ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში აღნიშნული ჰესის მშენებლობა.

სამართლებრივი დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, განიხილავს; 2. ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციის საკითხზე ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განიხილება.

პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს მდინარე სამყურისწყალთან, ალაზანთან და მიმდებარე ბუნებრივ გარემოსთან ღრმა სოციალური კავშირი აქვთ. ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობა მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხეობაში სასმელი წყლის რესურსის ნაკლებობას, რაც მძიმე სოციალურ ტვირთად დააწვება ადგილობრივებს. წყლის რესურსის შემცირებას გარემოზე ასევე დამაზიანებელი ეფექტი ექნება, ადგილობრივები ხეობის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ტურიზმს, განსაკუთრებით კი, ეკო-ტურიზმს განიხილევან, ეს კი, მდინარე სამყურისწყალის ტერიტორიაზე, ხელუხლებელ ბუნებაში, ჰესის ინფრასტრუქტურის, გვირაბის, მისასვლელი გზისა და გადამცემი ხაზების მშენებლობის პირობებში არსებითად შეუძლებელი გახდება.

პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის მტკივნეულად დგას ის საკითხიც, რომ პანკისის ხეობაში სახელმწიფოს მიერ უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვები სხვა ჰესების მშენებლობაზე. მათ შორის, იგივე კომპანიის მიერ იგეგმება სოფელ ბირკიანთან „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა, რომლის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გააჩნიათ. პანკისის ხეობაში, ფაქტობრივად ჰესების კასკადის გაუაზრებელი მშენებლობა გარემოსთვის შესაძლო ზიანს კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის.

,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს საპროექტო დოკუმენტაცია მთელ რიგ კანონდარღვევებსა და ურთიერთშეუსაბამობებს მოიცავს, რაც საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების პირობებში გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ, მასზე ნებართვების გაცემის შესაძლებლობას.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზა კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარების გარეშე გასცა და კომპანიას მათი წარმოდგენის ვალდებულება ნებართვის მიღების შემდგომ დააკისრა, რაც მთლიანად ილუზორულს ხდის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების არსს და გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ ჰესების მშენებლობისას რისკების შეფასებას სრულიად ფორმალურ პროცესად აქცევს.

მაგალითად გზშ-ს დოკუმენტის შესაბამისად, კომპანიამ სახელმწიფოს ნებართვის მიღების შემდგომ უნდა წარუდგინოს ისეთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და კვლევები, როგორიცაა

  • დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, საშიში გეოდინამიკური პროცესების, შედეგების და მოსალოდნელი გარემოსდაცვითი რისკების შეფასების შედეგები;
  • წინასამშენებლო კვლევების ჩატარება პროექტის გავლენის ზონაში ცხოველთა სახეობების არსებობასა და მათზე მოსალოდნელი ზემოქედებების სახეობებზე, ასევე მცენარეების ჭრა-განადგურებით მიყენებულ ზიანზე.
  • ინფორმაცია, თუ როგორ განხორციელდება „ეკოლოგიური ხარჯის“ გაშვება ქვემო ბიეფში თევზსავალის მუშაობის პერიოდში.
  • სანაყაროების და რეკულტივაციის პროექტი;
  • ინფორმაცია რაბის ტიპის თევზსავალი ნაგებობის მუშოების ეფექტურობის შესახებ;

აღსანიშნავია, რომ მითითებული კვლევები, თუ რისკების შეფასება სწორედ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე უნდა იქნას განხორციელებული და მხოლოდ ამის შეფასების შემდგომ უნდა გაიცეს დადებითი აქტები, რაც მითითებულ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილი იქნა. აღნიშნულის გარდა, ასევე არასათანადოდ არის ჩატარებული კვლევები ან წარმოდგენილია ორაზროვანი შეფასებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე.

ბოლო პერიოდში, მაღალმთიან რეგიონებში ჩანს პრაქტიკა, როცა სახელმწიფო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და თუ გარემოსდაცვითი მიდგომებისა და პრინციპების უგულებელყოფით, სათანადო კვლევებისა და შეფასებების გარეშე ჰესების მშენებლობაზე იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული პროექტები მათი უსაფრთხოების რისკების, გარემოს დაზიანების, ადგილობრივი სოციალური წესრიგის და კულტურის რღვევის ნიშნების მიღმა, პრობლემურია ადგილობრივი ეკონომიკების მდგრადი და სამართლიანი განვითარების პოტენციალის განადგურების გამო. ამ დამაზიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კრიტიკისა, თუ სოციალური პროტესტის ჩახშობას კი სახელმწიფო სოციალური კონტროლის გაუმართლებელი საშუალებებით ცდილობს და უარყოფს პრობლემების დემოკრატიული და სამართლებრივი გადაჭრის გზებს. სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ მოქმედებს როგორც საჯარო ინტერესების დაცვის გარანტორი, ის არსებითად და მხოლოდ კერძო ინტერესები დამცველია და სათანადოდ არ იაზრებს საკუთარ რეგულატორულ ფუნქციას. მსგავსი პოლიტიკა არსებითად უპირისპირდება დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს იდეას.

EMC იმედონებს, რომ სასამართლო ხელისუფლება იქნება ის მექანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ რეალური კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებურ პოლიტიკაზე და დაიცვან საკუთარი საცხოვრებელი გარემო, ბუნება და მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური ინტერესები.