ავტორი: ზურა ჯაში

გავრცელებული აზრის თანახმად, ადრეული ეკლესია და ეკლესიის მამები ნაკლებ დროს უთმობდნენ ამქვეყნად ადამიანური ცხოვრების სოციალურ საკითხებზე მსჯელობას. მათ მთავარ საფიქრალს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, განყენებული დოგმატური საღვთისმეტყველო თემები, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანის სულის გადარჩენა და მისი იმქვეყნიური ხვედრი. საქმის ასეთი ვითარება ფრიად სასურველი იქნებოდა სწორედ ქრისტიანობის მტრებისთვის, რომლებიც გლოვობდნენ ქრისტიანობის გავრცელებას და ოცნებობდნენ წარმართული კულტის აღდგენაზე რომის ოფიციალურ რელიგიად. მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ისინი იძულებული იყვნენ ეღიარებინათ, რომ რეალური ვითარება სრულიად საწინააღმდეგოს მოწმობდა.

ეს შესანიშნავად ჩანს მეოთხე საუკუნის შუა წლებში ქრისტიანობისგან განდგომილი და წარმართობის აღდგენისთვის დაუღალავად მოღვაწე იმპერატორ იულიანეს ეპისტოლეში გალატიის მთავარი ქურუმის არსაკიუსის მიმართ, რომელშიც ის ჩივის წარმართული რელიგიური ინსტიტუტების სუსტ სოციალურ აქტიურობაზე და ქრისტიანობის (მისთვის უღმერთო ათეიზმის) აღზევების მიზეზს სწორედ რომ მისი მიმდევერების („გალილეველების“) გასაოცარი სოციალური მოღვაწეობის შედეგში ხედავს:

„ნუთუ ჩვენ არ უნდა მივხვდეთ, რომ უღმერთობის გავრცელება, უპირველეს ყოვლისა, უნდა უმადლოდეს იმ კაცთმოყვარეობას, რომელსაც ქრისტიანები იჩენენ უცხოთა მიმართ, იმ პატივისცემას, რომელსაც ისინი ავლენენ მიცვალებულისადმი, და იმ მოჩვენებით მოკრძალებას, რომელსაც ისინი მათ პირად ცხოვრებაში ავლენენ?“

ის აღშფოთებას ვერ მალავს თანამორწმუნეთა გულგრილობის გამო, მაშინ როცა იუდეველნი და, განსაკუთრებით ქრისტიანები, გასაოცარ გულისხმიერებას იჩენენ თვით წარმართთა მიმართ და ეხმარებიან მათ: „ჭეშმარიტად სამარცხვინო იქნება, თუ დავუშვებთ, რომ ჩვენი ხალხი სიღარიბით იტანჯებოდეს მაშინ, როცა იუდეველთა შორის არ არიან გაჭირვებულნი, და თვით უწმინდური გალილეველნი ზრუნავენ არა მხოლოდ თავიანთ გაჭირვებულ წევრებზე, არამედ ჩვენიანებზეც“.

ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ ადრეული ეკლესიის სოციალური მოღვაწეობის ისტორიას, რასაც ამოწმებს იულიანე განდგომილის ზემოთ მოყვანილი სიტყვები. მეორე მხრივ, ვეცდებით წარმოვაჩინოთ, რომ ეკლესიის ეს მოღვაწეობა თავის საფუძველს ჰპოვებდა სწორედ რომ მის ყველაზე ამაღლებულ საღვთისმეტყველო ხედვებში, რომლებიც სათავეს წმინდა წერილში იღებს, ხოლო განვრცობილ სისტემურ სახეს წმინდა მამათა ნააზრევში იძენს. ბოლოს, მოკლედ შევეხებით ეკლესიის მამათა სოციალური სწავლებების აქტუალობას თანამედროვე სამყაროში.

ქრისტიანული რწმენის მიერ დასავლეთის ისტორიაში საზოგადოებრივი ღირებულებების სფეროში განხორციელებული რევოლუციის შედეგებს ალბათ ყველაზე მჭევრმეტყველურად აღწერს გამოჩენილი თანამედროვე ბიბლეისტი ბართ ერმანი:

„რომაული სამყაროს და შემდეგ მთელი დასავლეთის დაპყრობით ქრისტიანობას მხოლოდ ვრცელი და შთაგონებით აღსავსე ნაკრები არ შეუქმნია კულტურული არტეფაქტებისა, მან აგრეთვე შეცვალა ადამიანთა მსოფლაღქმა და ცხოვრების არჩევანი. ქრისტიანულმა ტრადიციამ გავლენა მოახდინა თანამედროვე მგრძნობელობაზე, ღირებულებებზე, ეთიკაზე... ქრისტიანობის ტრიუმფამდე რომის იმპერია მეტად მრავალფეროვანი იყო, მისი მაცხოვრებლები იზიარებდნენ გარკვეულ კულტურულ და ეთიკურ შეხედულებებს. თუ შევძლებდით ერთი სიტყვით გამოგვეხატა იმ დროის სოციალური, პოლიტიკური და პიროვნული ეთიკის არსი, ეს იქნებოდა სიტყვა „ბატონობა“. ბატონობის, დომინანტობის კულტურაში ძალაუფლების მქონენი ჩვეულებრივ განამტკიცებენ თავიანთ ნებას სუსტებზე; მმართველნი ბატონობდნენ ქვეშევრდომებზე, პატრონები – კლიენტებზე, მონათმფლობელნი – მონებზე, მამაკაცები – თავიანთ ქალებზე. ეს იდეოლოგია არ იყო უბრალოდ ძალაუფლების ცინიკური საფარველი ან ძალადობის გაცნობიერებული გამოვლინება. ეს იყო საყოველთაოდ მიღებული ათასწლოვანი აზრი, რომელიც ფაქტობრივად ყველას მიერ იყო მიღებული და გაზიარებული, თვით სუსტისა და შევიწროებულის ჩათვლით“.

სწორედ ეს ბატონობის იდეოლოგია შეცვალა ძირფესვიანად ქრისტიანობის გავრცელებამ, რაც მეოთხე საუკუნის ბოლოს რომში იმპერატორ თეოდოსი დიდის მიერ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დაგვრიგვინდა:

როდესაც ქრისტიანები მოვიდნენ ძალაუფლებაში, მათმა იდეალებმა გზა მონახეს ხალხის სოციალურ ცხოვრებაში, კერძო ინსტიტუტებსა და სახელმწიფო პოლიტიკაში. თვით იდეა, რომ საზოგადოება უნდა ემსახურებოდეს ღარიბსა და უპოვარს, სნეულსა და შევიწროვებულს, გახდა გამორჩეულად ქრისტიანული საზრუნავი. ქრისტიანობის გაბატონების გარეშე არასოდეს იქნებოდა ინსტიტუციონიზებული ზრუნვა ღარიბებზე, სნეულთა ორგანი - ზებული სახის ჯანმრთელობის დაცვა. შესაძლოა, მილიონობით ადამიანი ვერასოდეს მისულიყო იმ აზრამდე, რომ საზოგადოება უნდა ემსახურებოდეს უმცირესობას ან ზრუნავდეს გაჭირვებულის კეთილდღეობაზე; სწორედ ესაა ის ღირებულებები, რომლებსაც დასავლეთში უბრალოდ „ადამიანურ“ ფასეულობებს ვუწოდებთ“.

ვრცლად იხ. მიმაგრებულ ფაილში

ნახვა

გადმოწერა

ზურა_ჯაში_-_გული_გონიერი_1578356902.pdf