ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დადებითად აფასებს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 11 იანვარს „ამნისტიის შესახებ“ კანონის[1] მიღებას და იზიარებს ჰუმანურობის აქტის მნიშვნელობასა და საჭიროებას შექმნილ ვითარებაში. ამავდროულად, EMC პრობლემურად აფასებს კანონპროექტის განხილვების პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობისთვის არასაკმარის პირობებს და მოუწოდებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ ამნისტირებულ პირებს შესთავაზოს ადეკვატური დასაქმების და სოციო-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები მათი სრულყოფილი რესოციალიზაციის მიზნით. 

ამნისტიის კანონპროექტი გასული წლის 25 დეკემბერს დაინიცირდა პარლამენტში[2] და მისი განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართა. საწყის ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო სამოქალაქო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების და სხვა დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში. თუმცა, კანონპროექტის მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობი იყო, რა კონკრეტული შინაარსი ექნებოდა მას. ხოლო მესამე მოსმენით კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე სამოქალაქო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მხარეებს საერთოდ არ მიეცათ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნული კი სამწუხარო პრეცედენტს წარმოადგენს კანონშემოქმედებითი საქმიანობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებში მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა.

რაც შეეხება ამნისტიის შინაარსს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არც კანონპროექტის განმარტებით ბარათში და არც მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებში მკაფიოდ არ ჩანდა, თუ საიდან გამომდინარეობდა კანონის მიღების აუცილებლობა.[3] მხოლოდ ჰუმანიზმის პრინციპზე და მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დაყრდნობით აიხსნებოდა ამნისტიის კანონის მიღების აუცილებლობა, თუმცა ბუნდოვანია, რატომ დადგა აღნიშნული საკითხები დღის წესრიგში არჩევნების შემდეგ.

პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ პირველად ინიცირებულ რედაქციასთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ამნისტიის ფარგლები და დიდწილად მოიცვა ქონებრივი, ეკონომიკური და სხვა ისეთი ქმედებები, სადაც არ იკვეთება არაერთგზისობის, ორგანიზებული დანაშაულის, ოჯახური ძალადობის თუ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. ამნისტიის ერთ-ერთი ძირითადი ადრესატი ნარკოტიკული დანაშაული იყო და საბოლოოდ დამტკიცებულმა კანონმა სხვადასხვა ფორმით დაფარა ნარკოტიკის მოხმარებასთან და პირადი მოხმარების მიზნით მის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული ქმედებები. სამწუხაროდ, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამნისტიის კანონი ვერ ჩაითვლება არსებული მკაცრი და უსამართლო მიდგომების სრულად დაბალანსებისთვის საკმარის მექანიზმად და ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის საჭიროება კვლავაც დღის წესრიგში დგას.

ამნისტიის კანონი სპეციალურ ჰუმანურ მიდგომას ავლენს ქალების მიერ საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკურ საქმიანობასთან და ნარკოტიკთან დაკავშირებით ჩადენილ ისეთ ქმედებებზე,  რომლებიც არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.[4] იმისთვის რომ აღნიშნულ დანაშაულებში მსჯავრდებულ ქალებს მოუხდელი საპატიმრო სასჯელი შეეცვალოთ შინაპატიმრობით, ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილის ყოლა. ბავშვთა ინტერესების აღიარება და მისი გათვალისწინება ამნისტიის პროცესში მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორია და    მისასალმებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ბუნდოვანია, რა ლოგიკით მოხდა მსჯავრდებულთა დიფერენცირება. ბავშვთა ინტერესებისა და ოჯახის შიგნით ზრუნვის პრაქტიკაში ქალებსა და კაცებს შორის როლების თანასწორი გადანაწილების პრინციპის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სწორი იქნებოდა, რომ ამ ნაწილში ამნისტიის ადრესატები  ქალი და კაცი მსჯავრდებულები თანაბრად ყოფილიყვნენ.

ქალ მსჯავრდებულებთან ერთად, ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის შეფარდებული საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით ეცვლებათ აგრეთვე იმ მსჯავრდებულებსაც, რომლებსაც სასჯელის მოხდის პარალელურად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვთ სტუდენტის სტატუსი. ამ შემთხვევაშიც ჰუმანური მიდგომის ერთ-ერთი წინაპირობა სტატუსის შეუჩერებლობაა. ეს წინაპირობაც უსამართლობის წყარო შეიძლება გახდეს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ სტუდენტს  შესაძლოა ობიექტური გარემოების გამო ჰქონდეს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული. ამგვარი ფორმალური კრიტერიუმის დაწესება კი ამ შეღავათს მეტწილად ილუზორულს ხდის.

ამნისტიასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება პენიტენციური დაწესებულებებიდან გამოსული პირების მხარდაჭერა და მათთვის დასაქმების, სოციალური და ჯანდაცვითი სერვისების შეთავაზება. სისხლის სამართლის სისტემაში მოხვედრილ პირთა რესოციალიზაციის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომები არსებითად საჭიროებს გაძლიერებასა და გამრავალფეროვნებას. არსებულ რთულ სოციო-ეკონომიკურ კონტექსტში, რომელსაც გლობალური პანდემია კიდევ უფრო ამძიმებს, კიდევ უფრო მწვავედ ჩნდება ყოფილ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სხვადასხავა ფორმით მხარდაჭერის საჭიროება. ამ ფონზე, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის ერთობლივი მუშაობით, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიწიოს, რომ ამნისტირებულ მოქალაქეებს ჰქონდეთ საზოგადოებაში ღირსეულად დაბრუნების ადეკვატური პირობები, რათა მათი სრულყოფილი რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5080134?publication=0 (წვდომის თარიღი: 11.01.2021).

[2] იხ. კანონპროექტის თავდაპირველი რედაქცია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5080134?publication=0 (წვდომის თარიღი: 11.01.2021).

[3] იხ. კანონპროექტის განმარტებითი ბარათი: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/266349? (წვდომის თარიღი: 11.01.2021).

[4] სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ), XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში) ან XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) გათვალისწინებული დანაშაულები (ამნისტიის კანონის მე-8 მუხლი).