ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) „ანას ბაღის“ საქმის სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს და თბილისის მერიას ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების, წუხილების გათვალისწინების, ასევე საჯარო ინტერესის პატივისცემისა და განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს.

ანას ბაღი, რომელიც განთავსებულია ქ. თბილისში, ვარკეთილის II მ/რ, კორპ. 22 მიმდებარედ და 9 წლის ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის საპატივცემულოდ დაერქვა, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო და სოციალიზაციის სივრცეს წარმოადგენს.  რამდენიმე წელია, ადგილობრივი მოსახლეობა ბაღის შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება, რომელიც სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს და ბაღს ფუნქციის დაკარგვით ემუქრება. EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კომპანიაზე გაცემული სამშენებლო ნებართვა ვერ აკმაყოფილებს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს.

გაუმჭირვალედ, ადგილობრივების ჩართულობისა და საჯარო ინტერესის გათვალისწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება საზიარო სივრცის დეველოპერისთვის გადაცემის შესახებ, იმთავითვე დაპირისპირების საგნად ქცევისთვის იყო განწირული. მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი პროცედურები ამოეწურა, მოსახლეობას ერთადერთი გზა - ქუჩის პროტესტი დარჩა. მოსახლეობა ქალაქ თბილისის მერიისგან ინვესტორის ადგილმონაცვლეობით დაკმაყოფილებას ითხოვს. ადგილობრივები დღეს ქუჩის პროტესტით აჟღერებენ თავის პოზიციას და ამ გზით მონაწილეობენ პროცესში, რომელშიც მათი ჩართულობა წლების განმავლობაში მერიამ ვერ უზრუნველყო. ძალადობრივი პროცესები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარდა და 20 იანვარს კომპანიის დაცვის თანამშრომლებსა და ადგილობრივ აქტივისტებს შორის ძალადობრივი დაპირისპირებით დაგვირგვინდა, სწორედ კანონმდებლობის დარღვევით გაცემული სამშენებლო ნებართვის, ხარვეზიანი სამართლებრივი და დემოკრატიული მექანიზმების, ქალაქდაგეგმარების არადემოკრატიულად, გაუმჭირვალედ და კერძო ინტერესის სასარგებლოდ წარმართვის შედეგია.

 

კოეფიციენტის უკანონო ცვლილება

ანას ბაღის მიმდებარე ტერიტორია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 2016 წელს აღირიცხა. ამავე წელს, ისე, რომ ტერიტორია ჯერ კიდევ მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო, გაიცა მიწის სამშენებლო განვითარების თანხმობა. აღნიშნული ნაკვეთი 2016 წელსვე გასხვისდა ფიზიკურ პირზე. ვინაიდან მიწის ფუნქციური ზონის პარამეტრები არ იძლეოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საშუალებას, 2017 წლის 10 იანვარს, მესაკუთრემ მიმართა მერიას და მოითხოვა საგამონაკლისო წესით ფუნქციური ზონის პარამეტრის გაზრდა. 2017 წლის 18 იანვრის N3041974 ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით გაიცა რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც განმცხადებელს პარამეტრების გაზრდაზე თანხმობა მიეცა. თბილისის მერის  2017 წლის 2 თებერვლის N1-235 ბრძანებით ანას ბაღის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის კ-2 განისაზღვრა 5,6-ით მანამდე არსებული 2,5 ნაცვლად (კოეფიცენტი 2.2 ჯერ გაიზარდა). სხვაგვარად რომ ვთქვათ, დეველოპერმა (მფლობელმა) აღნიშნული  ზრდის შედეგად, ნაცვლად (დაახლოებით) 4-5  სართულიანი შენობის აღმართვის, რაც კანონმდებლობით, სამშენებლო ტერიტორიის ფართისა და დასახლების ზონის გათვალისწინებით იმ პერიოდში იყო შესაძლებელი, მერიისგან საგამონაკლისო წესით, მიიღო 10 სართულზე მეტი შენობა-ნაგებობის აღმართვის შესაძლებლობა.

ზონალური საბჭოს რეკომენდაცია და მერის ბრძანება კოეფიციენტის ზრდასთან დაკავშირებით სათანადო კვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე განხორციელდა, რითაც არსებითად დაირღვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, დაირღვა იმ დროისთვის მოქმედი საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ, რომელიც სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენების და დაცვის ისახავდა მიზნად.  კანონის თანახმად, საჯარო ინტერესს განეკუთვნებოდა ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება, ხოლო თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგებოდა საჯარო ინტერესებს, უნდა დასმულიყო მათი შეწყვეტის საკითხი (მე-6 მუხლი).

ასევე, ამავე კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის და  მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის შეცვლა დასაშვები  იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: ა) ამას მოითხოვდა დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ) ცვლილება კომპენსირდებოდა სხვა ღონისძიებებით;  გ) ამას არ დაუპირისპირდებოდა სხვა საზოგადოებრივი ინტერესები (31-ე მუხლი). თუ განცხადება ნორმის ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, კოეფიციენტების მატება დაუშვებელი იყო.

გარდა ამისა, დაირღვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილების მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, უძრავი ობიექტის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართულ სახეობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა დასაშვები იყო, თუ დასაბუთდებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოება: ა) გამონაკლისი საჭიროა ტერიტორიის რაციონალური და ეფექტური გამოყენებისთვის; ბ) არ იცვლება მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათი (22-ე მუხლის მე-3 პუნქტი). ასევე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოთხოვნისას ნებართვის მაძიებელს განცხადებაზე უნდა დაერთო შესაბამისი ქალაქთმშენებლობითი კვლევა და შეთანხმების გაცემის მიზანშეწონილობის დასაბუთება, საჯარო და კერძო ინტერესების ჩვენებით (მე-5 პუნქტი).

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის მერიამ ისე დააკმაყოფილა დეველოპერის მოთხოვნა და იმგვარად გაზარდა კოეფიციენტი, რომ საერთოდ არ მომხდარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. საკანონმდებლო მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უგულებელყოფილი იქნა  საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერება, არ გამოკვლეულა, თუ რატომ განაპირობებდა კოეფიციენტის მატება ტერიტორიის რაციონალურ, ეფექტურ გამოყენებას და რა რისკების მატარებელი იქნებოდა აღნიშნული მატება. გადაწყვეტილება ცალმხრივად მხოლოდ კერძო პირის ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით და სასარგებლოდ იქნა მიღებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აღნიშნული აქტები დღემდე ძალაშია.

 

სამშენებლო ნებართვების სათანადო გამოკვლევის გარეშე გაცემა

2017 წელს თბილისის მერიის სსიპ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში“ წარდგენილ იქნა არქიტექტურული პროექტი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ელემენტარულ სახანძრო უსაფრთხოების წესებსაც ვერ აკმაყოფილებდა (გარდა სხვა უფრო სერიოზული პრობლემებისა - რაც გამოიხატებოდა, ერთ-ერთი მომიჯნავე კორპუსის მოსახლეობისთვის ცენტრალური შესასვლელის და ბაღის ცენტრალური შესასვლელის ჩაკეტვაში მშენებლობის წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში და ა.შ - პროექტის ხარვეზებზე, თავად არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტებიც მიუთითებდენ), არქიტექტურის სამსახურის მიერ პროექტი მაინც შეთანხმდა. 2018 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შედეგად, თბილისის მერიამ გააუქმა შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა, პარკირების საკითხის ბუნდოვანებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების არ არსებობის გამო და საკითხი დაუბრუნა არქიტექტურის სამსახურს ხელახლა განსახილველად.

2018 წლის 25 ოქტომბერს არქიტექტურის სამსახურის მიერ კვლავ შეთანხმდა არქიტექტურული  პროექტი და ამავე წლის 11 ნოემბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა. ვინაიდან, არსებული პროექტიდან გამომდინარე, არ გამოიკვლია და პასუხგაუცემელი დარჩა მთელი რიგი ფუნდამენტალური საკითხები, მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ დასტურდება, რომ აღნიშნული კორპუსის აღმართვის შემდგომ ბაღი მოექცევა შენობებს შორის (იხ. სურათი), რაზეც  ადგილობრივი მოსახლეობა თბილისის მერიას წლებია, უთითებს, მერიის მიერ ნებართვის გაცემა ისე მოხდა, რომ დღემდე  არ გამოკვლეულა, თუ რა ზეგავლენას იქონიებს აღნიშნული კორპუსის მშენებლობა და ექსპლუატაცია ანას ბაღზე, მიიღებს თუ არა ბაღი სასიცოცხლოდ საჭირო ბუნებრივ განათებას, მზის შუქს. ასევე, გაურკვეველია, რამდენად არის დაცული მომიჯნავე შენობების ბუნებრივი განათებისა და ინსოლაციის (მზის სხივის დასხივება/შემოსხივება) ნორმები, რაც, ცხადია, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გავლენას მოახდენს და რისი გამოკვლევაც არსებული კანონმდებლობით შესაძლებელი და სავალდებულოა, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომიჯნავე კორპუსებში  ბავშვებს აწუხებთ სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის სასუნთქი გზების, რომლებზეც სამშენებლო პროცედურები და შემდგომ გაუარესებული გარემო პირობები ნეგატიურ გავლენას იქონიებს. ასევე, ბავშვებს პრაქტიკულად მოესპობათ სათამაშო ადგილი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

რელევანტური სამართლებრივი სტანდარტები

ის, რომ მოსახლეობას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანსაღ გარემოში და მიიღოს ყოველმხრივი, სრული ინფორმაცია არსებული გარემოს შესახებ, გამყარებულია როგორც შიდასაკანონმდებლო, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით; ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ; ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.

საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში დაცული იყოს შენობა-ნაგებობის ინსოლაციის მიმართ მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში) და შენობა-ნაგებობაში მცხოვრებთა, მეზობლებისა და დასაქმებულ პირთა ინტერესები მათი ჯანმრთელობის დაცვის და ბუნებრივი განათებულობის უზრუნველსაყოფად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის მიხედვით, გარემოს დაბინძურება, რასაც გარკვეულწილად აუცილებლად განაპირობრობებს არსებული მშენებლობა, შეიძლება მოექცეს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) დაცვის ქვეშ[1]. თუ გარემოს დაბინძურება იწვევს სასიკვდილო შედეგს კონკრეტული პირების მიმართ ან შეიცავს სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელ რისკს, მაშინ სახელმწიფო შეიძლება პასუხისმგებელი იყოს კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევისთვისაც.[2] ასევე, გასათვალისწინებელია ბავშვთა საუკეთესო ინტერესები, რომელთა დაცვაც და მათი ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფოს ბავშვთა უფლებათა კონვენციით ევალება.

დგება ორჰუსის კონვენციის დარღვევის საკითხიც, რადგან მერია არ განიხილავს გარემოზე (სკვერზე, მათ საცხოვრებელ ბინებზე) ზემოქმედების  კუთხით მოსახლეობის მითითებებს, რითაც მოსახლეობას ესპობა გარემოს დაცვის კუთხით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უფლების გარანტია. აღნიშნული კონვენციას საქართველო 2001 წ. შეუერთდა და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ყოველმხრივ უზრუნველყოფდა გარემოსდაცვის კუთხით ინფორმაციის მოძიებას და ამ ინფორმაციის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას. კონვენციის თანახმად, ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან ფლობდნენ და ანახლებდნენ მათ ფუნქციებთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით ინფორმაციას; ასევე დაინტერესებული საზოგადოება ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით (გარემოებათა გათვალისწინებით) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე (მუხლი 6).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ არსებული სამშენებლო დოკუმენტაცია მომზადებული და გამოცემულია ფორმალური და მატერიალური კანონიერების მნიშვნელოვანი დარღვევით.

მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მერიას:

  • გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი მოსახლეობის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის და არ შესწიროს საჯარო სიკეთე კერძო კომპანიის მოგების ინტერესს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ლეონი და აგნიეჟაკ კანია პოლონეთის წინააღმდეგ (Leon and Agnieszak Kania v. Poland), 2009 წლის 21 ივილსი; დუბეცკა და სხვები უკრაინის წინააღმდეგ (Dubetska and others v. Ukraine), 2011 წლის 10 თებერვალი; ფლამენბაუმ ა. ო. საფრანგეთის წინააღმდეგ (Flamenbaum a.o. v France), 2013 წლის 13 იანვარი; ტატარი რუმინეთის წინააღმდეგ (Tatar v. Romania), 2009 წლის 27 იანვარი; ლოპეს ოსტრა ესპანეთის წინააღმდეგ (Lopez-Ostra v. Spain), 1994 წლის 9 დეკემბერი.

[2] ბუდაიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Budayeva and Others vs. Russia), 2008 წლის 20 მარტი