უკვე რამდენიმე წელია ვარკეთილში ახალი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. ინვესტორის მფლობელობაში არსებული ტერიტორია „ანას ბაღს” ემიჯნება, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალისხმევითა და გამგეობის დახმარებით მოაწყო. მაცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ კორპუსის აშენებით მათ ეზღუდებათ წვდომა საჯარო სივრცეზე, რომელსაც მათთვის წლების განმავლობაში მრავალმხრივი კულტურული და სოციალური დატვირთვა ჰქონდა.

პროტესტი ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით გამწვავდა - მას შემდეგ რაც დეველოპერულმა კომპანიამ აქტიურ სამშენებლო ეტაპზე გადასვლა დაიწყო. მოსახლეობა ინვესტორის ადგილმონაცვლეობით დაკმაყოფილებას ითხოვს.

ადგილობრივები თვლიან, რომ სხვადასხვა ჩართული მხარეების (მერია და კომპანია) მიერ გაჟღერებული საპირისპირო მოსაზრებების მიუხედავად, არსებული პროექტი „ანას სკვერს” მნიშვნელოვან და ხელშესახებ საფრთხეს უქმნის. ისინი შიშობენ, რომ სკვერის მიმდებარედ 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობა შეუქცევადად დაარღვევს სივრცის მთლიანობას და მის დატვირთვას. ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად მიიჩნევს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელიც სკვერის მდგომარეობაზე დაგეგმილი მშენებლობის გავლენას შეისწავლიდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობის აზრით პროექტში გამოვლენილი ჩავარდნები - რომლებსაც მერიაც აღიარებდა და რის საფუძველზეც მერიამ 2017 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა 2018 წელს ბათილად ცნო - სრულად არც ამჟამინდელ პროექტშია აღმოფხვრილი. ნებართვის გადახედვისას მერიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კორპუსის მშენებლობის მაშინდელი გეგმა ავტოტრანსპორტით გადაადგილებას შეზღუდავდა და რომ სახანძროს და სასწრაფო სამეციდინო დახმარების ადგილზე მისვლაში ხელს შეუშლიდა. თუმცა იმავე წელს მშენებლობის ნებართვა, შეცვლილი პროექტის საფუძველზე, ხელახლა გაიცა.

ხშირად, ახალი კორპუსების მშენებლობა სამოქალაქო დაპირისპირების ველს ქმნის, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ადგილობრივი მოსახლეობა და დეველოპერული კომპანიები დგანან. ამ დაპირისპირებაში, როგორც ეს „ანას ბაღის” შემთხვევაში ხდება, ქალაქის მერია მედიატორის როლს ირგებს, რაც მის რეალურ პასუხისმგებლობას ნიღბავს. ქალაქის მერია და მისი სხვადასხვა ორგანოები არა კონფლიქტის წყაროდ, არამედ მის შესაძლო მომგვარებლებად გვევლინებიან - მაშინ, როცა დაპირისპირების კერებს მერიის გადაწყვეტილებებივე ქმნის, რომლებიც არადემოკრატიულად მიიღება და უპირატესობას კერძო ინტერესს ანიჭებს.

„ანას ბაღის” შემთხვევაში შესასწავლია არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მომხდარი დაპირისპირებების ეპიზოდები, არამედ სკვერის მომიჯნავე სივრცის პირველადი გასხვისების ფაქტიც, როცა მანამდე საერთო მოხმარებაში არსებული ტერიტორია კერძო ინვესტორის მფლობელობაში მოექცა.

გასხვისების გადაწყვეტილებაში - ისევე როგორც მას შემდეგ „ანას ბაღის” გარშემო მიმდინარე დისკუსიაში - ქალაქის განვითარების პრობლემური დისკურსი იკვეთება, რომელიც საერთო/საჯარო სივრცის მრავალმხრივ, სოციო-კულტურულ დატვირთავს უარყოფს და განვითარების ერთადერთ გზად სივრცის კომერციალიზაციას განიხილავს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს მერიას არსებული კონფლიქტის მოგვარებაზე ზრუნვა იმ უნდობლობის ფონზე უწევს, რომელსაც თბილისის სხვადასხვა უბანში წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება ქმნის. ამ გამოცდილების პირობებში ბუნებრივია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სარწმუნოდ არ მიაჩნია დეველოპერულ კომპანიასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე გაცემული დაპირება „ანას ბაღის” კეთილმოწყობისა და გაფართოების შესახებ.

კონფლიქტი კორპუსის მშენებლობის გარშემო, ისევე როგორც ის უნდობლობა, რომელიც მის განმუხტვას ართულებს, სხვადასხვა დროს მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილების ერთადერთი გზა ქალაქდაგეგმარების დემოკრატიულად, გამჭირვალედ და საჯარო ინტერესიდან გამომდინარე წარმართვაა.