ფოტო: დანიელ შპერი

არაფორმალობა თანამედროვე საქართველოს ყოფის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალობას ძირითადად პოსტსაბჭოთა ტრანზიციისთვის დამახასიათებელ დროებით ფენომენს უკავშირებენ, მისი სხვადასხვა პრაქტიკები მნიშვნელოვან ფუნდამენტებად რჩება დღევანდელ ეკონომიკაში, პოლიტიკურ პროცესებსა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებში.

ფართო გაგებით, არაფორმალური შრომა შეგვიძლია განვსაზღვროთ ეკონომიკური აქტივობების სიმრავლედ, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ სახელმწიფოს ფორმალური რეგულაციების მიღმაა, როგორც საბაზრო, ისე არასაბაზრო შრომითი პრაქტიკებისა და ურთიერთობების სახით (Williams & Franic, 2016).

ცხადია, არაფორმალობა არ არის პოსტსაბჭოთა ფენომენი, თუმცა სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ  პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილ არაფორმალობას  სპეციფიკური ხასიათი აქვს, განსხვავებით არაფორმალობის ტიპური პრაქტიკებისგან დანარჩენ მსოფლიოში, განვითარებადი ქვეყნების ჩათვლით (Aliyev, Post-Soviet informality: towards theory-building, 2015, p. 185).

საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულმა კულტურულმა და სოციალურ-პოლიტიკურმა ეფექტებმა, მათ შორის, გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, რომელიც, თავის მხრივ, კვლავ მწვავე პრობლემაა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალური ურთიერთობების სპეციფიკურად ჩამოყალიბებაში: იქ, სადაც აღარ არსებობს, ან არ მუშაობს ძირითადი ინსტიტუტები, ე.წ. ლეგიტიმური ძალაუფლების მექანიზმები (კონსტიტუცია, კანონი, ადმინისტრაციული ნორმები და სხვ.), საჯარო ინსტიტუტები, საგანმანათლებლო თუ პროფესიული დაწესებულებები; მაღალია უმუშევრობა და სიღარიბე, არსებული სოციალური სტრუქტურა მიდრეკილია, შეინარჩუნოს საკუთარი თავი არაფორმალური პრაქტიკებით ან  შექმნას ახალი არაფორმალური ქსელები. ეს უკანასკნელი ადამიანებისთვის არამხოლოდ აუცილებელი თვითგადარჩენის მექანიზმებია, არამედ სახელმწიფოს ფუნქციის ჩამნაცვლებელიც, მისი არაეფექტიანობიდან/ჩავარდნებიდან გამომდინარე. არაფორმალური ურთიერთობები ანაცვლებს არამხოლოდ ჩამოშლილ, არამყარ, გაუქმებულ ინსტიტუტებს, არამედ მორღვეულ საზოგადოებრივ ღირებულებებსა და სოციალურ შეთანხმებებსაც.[1]

თუ სოციალური კეთილდღეობის მიწოდების საკითხში სახელმწიფო  მონოპოლიის პირობებში[2] საცხოვრისი, საკვები, ჯანმრთელობა, უმუშევრობა და შრომისუუნარობა საზოგადოების, როგორც კოლექტიური ორგანიზმის პასუხისმგებლობა იყო და სოციალური უფლებების კატეგორიების ქვეშ ექცეოდა, დღეს, ეს ყველაფერი ატომიზირებული ეკონომიკური სუბიექტების ტვირთია. სოციალური უფლებების ინდივიდუალიზაციის პირობებში შეგვიძლია ვიმსჯელოთ „მოქალაქის“, როგორც ისტორიული, პოლიტიკური და ლეგალისტური, ფიგურის დასასრულზე (Balibar 2013, 28). ამ გაგებით, არაფორმალური ეკონომიკა შეგვიძლია მივიჩნიოთ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის არსებული ე.წ. სოციალური კონტრაქტის რღვევად(აც). არაფორმალური პრაქტიკები სწორედ გადამწყვეტ როლს თამაშობენ კეთილდღეობის „ქვემოდან“ სტრუქტურირებაში.

სახელმწიფოს როლის დაქვეითება ან სრულიად გაქრობა იმგვარი სოციალური ამოცანებისგან, როგორებიცაა: კეთილდღეობის გადანაწილება, მოქალაქეების დაცვა გარკვეული სოციალური რისკებისგან (ხანდაზმულობა, უმუშევრობა, უბედური შემთხვევები, შრომისუუნარობა და ა.შ.), სოციალური სერვისების მიწოდება (პენსია, ჯანდაცვა, განათლება, ტრანსპორტი, უმუშევრობის დაზღვევა, საბინაო ფონდები და ა.შ.) იწვევს სოციალური რისკების ინდივიდუალიზაციას (Polese, Morris, & Kovacs, 2014, p. 187). სოციალური რისკებისა და გადარჩენის სტრატეგიების ინდივიდუალიზაციასთან ერთად, ტრანზიციის პერიოდის ფორმალური ინსტიტუტების სისუსტემაც, სადაც არ იქმნებოდა დასაქმების ადგილები, ფართო მასებისთვის გადარჩენის სტრატეგიად არაფორმალური შრომა და ემიგრაცია გახადა.

სიღარიბის, უმუშევრობის, მზარდი საშემოსავლო უთანასწორობის, სოციალური სტრატიფიკაციისა და ტრანზიციის პერიოდის სხვა მრავალი ეკონომიკური თუ სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევის გამოსწორების საშუალებად და, ზოგადად, განვითარების სტრატეგიად არაერთ პოსტსოციალისტურ სახელმწიფოში (მათ შორის, საქართველოში) სწრაფი ნეოლიბერალიზაცია დაისახა. შედეგად, სოციალური დაცვა, სოციალური სერვისები და კეთილდღეობა, რომლებიც ადამიანებისთვის არათანაბრად ხელმისაწვდომი იყო საჯარო, კერძო, არაკომერციული, საოჯახო-სანათესაო და სხვადასხვა არაფორმალური ქსელის ხარჯზე, მთლიანად ბაზრის ლოგიკას დაექვემდებარა და ნაწილობრივ გასაქონლებული გახდა (188).

არაფორმალობა როგორც გარდამავალი ეტაპი?

არაფორმალობას, როგორც ცნებას, ფორმალურობის საპირისპიროდ, ანალიტიკური მნიშვნელობა მხოლოდ მოდერნულობაში, ლეგალისტური ერი-სახელმწიფოს კონტექსტში ენიჭება. ანალიტიკური და თეორეტიკული გამიჯნულობისგან განსხვავებით, პრაქტიკაში ფორმალური და არაფორმალური სექტორები მტკიცედ ურთიერთშეკავშირებულნი და ხშირად განუყოფელნიც კი არიან. მშრომელებმა, შესაძლოა, ერთსა და იმავე სამუშაო დღეს გადაინაცვლონ ერთი სექტორიდან მეორეში. არაფორმალური დასაქმება გვხვდება ფორმალურ სექტორშიც. ამის მაგალითია საქართველოს სამშენებლო სექტორი, სადაც ფორმალურად რეგისტრირებულ კომპანიებს ჰყავთ როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად დასაქმებული თანამშრომლები[3] (აროშვილი, ქაჯაია, & ფერაძე, 2018).

ნეოლიბერალიზმის გაღვივებასთან ერთად, არაფორმალობისკენ სვლის მზარდი ტენდენცია არსებობს განვითარებულ ქვეყნებშიც (Morris, Moonlighting strangers met on the way: the nexus of informality and Blue-collar sociality in Russia, 2013). რიგ შემთხვევებში, შესაძლოა ინსტიტუტები ძლიერი იყოს, მაგრამ ქამრების შემოჭერის პოლიტიკებსა და სახელმწიფოს როლის შემცირებას მოჰქონდეს ღრმა სოციალური უთანასწორობა და სხვა კრიზისები. ადამიანების ფართო მასებისთვის არაფორმალობა გადარჩენისა თუ ადაპტაციის აუცილებელ პირობად იქცა ნეოლიბერალური პოლიტიკებისგან ნაწარმოებ გლობალურ პრეკარიულობაზე პასუხად;[4] აგრეთვე რეზისტენტულობა გარედან ჩანერგილი ნეოლიბერალური რეფორმების წინააღმდეგაც (Danielsson, 2015, 119). გარდა ამისა, ე.წ. „მესამე სამყაროში“ განხორციელებული ნეოლიბერალური პოლიტიკების შედეგია დღეს არსებული სხვადასხვა კრიზისი, მათ შორის, განვითარებადი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის ფართო მასების დასავლეთში გადინებისგან გამოწვეული, არალეგალ ემიგრანტთა კრიზისი, რომელიც დასავლეთში არაფორმალური სექტორის ზრდაში ითარგმნება.

მაშასადამე, არაფორმალობა, გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, არ არის წმინდად „ტრანზიციული“ („გარდამავალი“) ფენომენი (Morris & Polese, The Informal Post-Socialist Economy: Embedded Practices and livelihoods, 2014), მეტიც, მისი საფუძველი იქმნება ყოფითი გამოცდილებებით და ადამიანების სხვადასხვა შეხედულებებით იმის შესახებ, თუ რა ფორმის ქმედებები/სტრატეგიებია კონკრეტულ ისტორიულ მომენტში საჭირო ან აუცილებელი სოციალური კვლავწარმოებისა თუ ფიზიკური გადარჩენისათვის (Danielsson, 2015).

არაფორმალური ეკონომიკა საქართველოში

საქართველოში და რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არაფორმალობა დღესაც სიცოცხლისუნარიანია გავრცელების ფართო არეალითა და სწრაფად განახლებადი პრაქტიკებით.[5] თუმცა, პასუხი კითხვაზე, თუ რატომაა არაფორმალობა პოსტსაბჭოთა სივრცეში და კერძოდ საქართველოში მეტად გავრცელებული და განსხვავებული დანარჩენი მსოფლიოს არაფორმალობისაგან,  უნდა ვეძიოთ როგორც წარსულში, ისე უახლესი ისტორიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებებში.

მაგალითად, ერთ-ერთი მითი პოსტსაბჭოთა არაფორმალობის შესახებ, უკავშირდება წარმოდგენას, რომ ის ჩნდება სტრუქტურული ტრანსფორმაციის ეტაპზე ან მის შემდგომ, მაშინ, როდესაც გვაქვს არაფორმალობის გამოცდილებები, რომლებიც ჩნდება ჯერ კიდევ საბჭოთა ცენტრალიზებული ეკონომიკისა და ბიუროკრატიის მუშაობის პირობებში, რაც შემდგომ განაგრძობს არსებობას უკვე პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციისას წარმოშობილ ეკონომიკურ კრიზისებთან ერთად. (Aliyev, Post-Soviet informality: towards theory-building, 2015, p. 186).

თუ საბჭოთა კავშირის ნგრევამ საქართველოში ხანგრძლივი ეკონომიკური დაღმასვლა და კრიზისი გამოიწვია, რაც ცენტრალურად დაგეგმარებული ეკონომიკიდან ეკონომიკის საბაზრო მოწყობის პრინციპზე გადასვლის ხშირად სწრაფი, არაორგანული და შოკური მეთოდებით ხასიათდებოდა, ეს ნიშნავს, რომ სწორედ განვითარების არჩეულმა გზამ გახადა შეუძლებელი არსებული ეკონომიკური აქტივობების შენარჩუნება და არა განვითარების გზის არარსებობამ. საყოველთაო ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, მკვეთრად შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი ფორმალურ სექტორში, რამდენადაც საწარმოები რესტრუქტურირდა ან დაიხურა, ხოლო ადმინისტრაციული საჯარო სექტორი შემცირდა. ამას ერთვოდა სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემების ეტაპობრივი შეკვეცის ნაბიჯებიც, რამაც, ჯამში არაფორმალური, დაბალკვალიფიციური და პრეკარიული სამუშაოები გადარჩენის  ერთადერთ გზად აქცია.

საქართველო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის რიგებიდან, 1990-იანი წლების განმავლობაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანად იქცა. სამოქალაქო არეულობის ფონზე, საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 1994 წელს, 1989 წელთან შედარებით, 28%-იანი ვარდნა განიცადა, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელმა 15.600%-ს მიაღწია (KfW, 2015, 15). სიღარიბისა და უმუშევრობის ფონზე ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო მეტად ღრმავდებოდა. სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართაობამ კი მოქალაქეები ბაზრის არამდგრადობისა და სოციალური რისკების წინაშე შეუიარაღებელი დატოვა. მოსახლეობა მასობრივად ჩაება დასაქმების არაფორმალურ სექტორებში. 1990-იანი წლების განმავლობაში საქართველო ეკონომიკის არაფორმალური სექტორის წილით მსოფლიოში მოწინავე ადგილზე იყო[6] (Rekhviashvili, 2016).

ინსტიტუტების ნგრევასთან ერთად, მთელი რიგი დარგები თუ პროფესიები უფუნქციო და/ან გამოუსადეგარი გახდა. პოსტსაბჭოთა პარადიგმა კი, რომელიც დამოუკიდებლობიდან დღემდე ყოველგვარ სოციალურს წარსული ტოტალიტარული წყობის მახასიათებლად აღიქვამდა/აღიქვამს, ართულებდა და ართულებს პროფესიული კავშირებისა თუ მშრომელების დაცვის სხვა ლეგალური ბერკეტების ამოქმედებას და, ზოგადად, სოციალური ინტერესების წინ წამოწევას (Knudsen, 2015). შედეგად, არსებული შრომის ბაზარი პრეკარიული და დაუცველი გახდა.

აქედან გამომდინარე, არაფორმალური შრომა საქართველოში უფრო მეტად დაუსრულებელი გადარჩენის სტრატეგიად იქცა, ვიდრე უბრალოდ დროებით ეკონომიკურ აქტივობად ფორმალური სექტორის მიღმა, როგორადაც იგი შეიძლება დახასიათდეს დასავლური კეთილდღეობის სისტემებში და არამხოლოდ (Smith & Stenning, 2006, p. 192).

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ ეკონომიკური დეფიციტის შევსება სწრაფი ზრდის ტემპით გადაწყვიტა, სადაც ეკონომიკური განვითარების გეგმა ძირითადად სამ კომპონენტს მოიცავდა: სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი ქონების დიდი ნაწილის პრივატიზაციას, კერძო სექტორის ხელშეწყობას გადასახადების შემცირებით და სხვადასხვა რეგულაციის გაუქმებით, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის შემოღებას და ამით გლობალურ ეკონომიკაში აქტიურ მონაწილებას (KfW, 2015). ამ პირობებში ჩასახული ეკონომიკური პროგრესის იდეა იყო, რომ ინდივიდუალური შემოსავლების ზრდის წახალისება უფრო დადებითად ასახულიყო კოლექტიურ კეთილდღეობაზე, ვიდრე იქამდე არსებული „კორუმპირებული“ სახელმწიფო პროგრამები. ამ პირობებში კი ერთადერთ მთავარ გამოწვევად კორუფციასთან ბრძოლა მოინიშნა. კორუფციასთან ბრძოლაში ახალი ხელისუფლება გარკვეულწილად წარმატებული აღმოჩნდა: დაბალ და საშუალო რანგის ბიუროკრატებში კორუფცია თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა. თუმცა აღნიშნული სტრატეგია პრივატიზაციისა და დერეგულაციის პოლიტიკების მალეგიტიმირებელ პარადიგმადაც გამოდგა.[7]

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მწყობრი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკების არარსებობამ/გაქრობამ, საქართველო შემოსავლებისა და სიმდიდრის მიხედვით მკვეთრად უთანასასწორო ქვეყნად აქცია. ჯინის კოეფიციენტის მაჩვენებელი 2003-2012 წლებში 42,2%-ს შეადგენდა,[8] ხოლო 2019 წლის მონაცემებით, 37%-ს შეადგენს.[9] 2002-2012 წლებში, მოსახლეობის დაახლოებით 18% დღეში 1.25$-ზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობდა, რაც მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების იმავე მაჩვენებელზე დაბალია (იქვე).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით, არასასოფლო-სამეურნეო სფეროში, არაფორმალურ შრომაში ჩართულია სამუშაო ძალის 34.7 პროცენტი. მთლიან დასაქმებულებში თვითდასაქმებულების წილი კი, თითქმის 50%-ს აღწევს. არაფორმალური დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, თავის მხრივ, აფერხებს ეკონომიკურ ზრდას (Rekhviashvili, 2016), თუმცა სადაო საკითხია, უშუალოდ არაფორმალურ სექტორში ჩაბმული მოსახლეობისთვის რამდენად არსებითი იქნება მათი შრომის ფორმალიზაცია. ერთი მხრივ, სუსტი შრომითი რეგულაციების ფონზე არაფორმალური დასაქმება სამუშაო ძალისთვის ექსპლუატაციის მაღალი ხარისხისა თუ უფლებების შელახვის კუთხით, კიდევ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს, მეორე მხრივ კი, ადამიანები, ფორმალური კონტრაქტების დადებას სხვა ეკონომიკური ბენეფიტების წართმევის შიშით (გადასახადები, სოციალური დახმარება და ა.შ.), ხშირად, თავად ერიდებიან.

შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ „ირჩევენ“ ადამიანები მასობრივად არაფორმალურ ეკონომიკაში ჩაბმას ფორმალურის დასაქმების ნაცვლად,  იმ ფაქტშიც ვლინდება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ლეგალური დასაქმება ისეთივე არასაიმედო იყო/არის, როგორც არაფორმალურ სექტორში, ხოლო „ფორმალურობა“ მხოლოდ ილუზიაა სოციალური დაცულობის შესახებ (Knudsen, 2015).

დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფოებში არაფორმალური დასაქმების წილის მზარდი ტენდენცია, იაფი მუშახელის საჭიროება და მთლიანად დასავლური დემოკრატიის კრიზისიც გვაჩვენებს, რომ არაფორმალობა გარდამავალი და დროებითი ფენომენი კი არა, არსებული პოლიტიკური წყობის განუყოფელი დღის წესრიგია.

პოსტსოციალისტური სივრცის არაფორმალობა კი სპეციფიკურია იმდენად, რამდენადაც საბჭოთა კავშირის კოლექტიური მეხსიერების კულტურულ გავლენებს განიცდის და მიზეზშედეგობრივ კავშირშია ამ უკანასკნელის ნგრევის შედეგად დაწყებულ სტრუქტურულ ტრანსფორმაციებთან. ხშირად არაფორმალობა დროებით ფენომენად აღიქმება - ვიდრე კონკრეტული სახელმწიფო სრულფასოვან საბაზრო ეკონომიკად არ ჩამოყალიბდება. თუმცა, სტრუქტურული ტრანსფორმაცია არ არის დროში მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპი: თითქმის 30-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა თუ ინსტიტუციების მოდერნიზაცია/ფორმალიზაციის მიმდინარე პროცესი, განსაკუთრებით კი განვითარების იმ პარადიგმაში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის შემდგომ იზიარებს, ვერ ამცირების მოსახლეობის ფართო დამოკიდებულებას არაფორმალურ ეკონომიკაზე. საქართველოს ზოგადი მაჩვენებლების ფონზე, როგორიცაა, მაგალითად ცხოვრების დონე, უმუშევრობის მაჩვენებელი, ან შრომის ბაზრის სტრუქტურა, ერთი მხრივ, საჯარო კეთილდღეობის თითქმის სრული ჩამორთმევისა და მითვისების, ხოლო მეორე მხრივ, თითქმის ორი დეკადის განმავლობაში გატარებული დერეგულაციის, პრივატიზაციისა და ანტისოციალური პოლიტიკების ხარჯზე საქართველოში ურესურსოდ დარჩენილი და ფორმალური სივრცეებიდან განდევნილი ადამიანების ერთადერთ თავშესაფარად სწორედ არაფორმალობა იქცა.

 

ბლოგი მომზადებულია ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

გამოყენებული ლიტერატურა

აროშვილი, ა., ქაჯაია, ს., & ფერაძე, ბ. (2018). შრომის პირობები და უსაფრთხოება საქართველოს სამშენებლო სექტორში ფორმალური და არაფორმალური დასაქმების პირობებში. თბილისი: სოლიდარობის ცენტრი.

Aliyev, H. (2015). Institutional Transformation and Informality in Azerbaijan and Georgia. In J. Morris, & A. Polese, Informal Economies in Post-Socialist Spaces (pp. 51-70). New York: PALGRAVE MACMILLAN.

Aliyev, H. (2015). Post-Soviet informality: towards theory-building. International Journal of Sociology and Social Policy, 182-198.

Babajanian, V. B. (2008). Social welfare in post-Soviet Armenia: from socialist to liberal and informal? Post-Soviet Affairs, 383-404.

Balibar, Étienne. 2013. Politics of the Debt. Postmodern Culture.

Knudsen, I. H. (2015). Fighting the Shadows: Lithuania’s Informal Workers and the Financial Crisis. In J. Morris, & A. Polese, Informal Economies in Post-Socialist Spaces (pp. 70-95). New York: PALGRAVE MACMILLAN.

KfW. 2015. Georgian Promotional Institution. Feasibility Study, Frankfurt : Frankfurt School of Finance & Management.

Morris, J. (2013). Moonlighting strangers met on the way: the nexus of informality and Blue-collar sociality in Russia. In J. Morris, & A. Polese, The Informal Post-Socialist Economy: Embedded Practices and livelihoods (pp. 51-67). New York: Routledge.

Morris, J., & Polese, A. (2014). The Informal Post-Socialist Economy: Embedded Practices and livelihoods. New York: Routledge.

Polese, A., Morris, J., & Kovacs, B. (2014). Welfare States and Social Policies in Eastern Europe and the Former USSR: Where Informality Fits In? Journal of Contemporary European Studies, 184–198.

Rekhviashvili, Lela. 2016. Counterbalancing marketization informally: Georgia’s new-institutionalist reform and its discontents. Journal of Contemporary Central and Eastern Europe 255-272.

Sayfutdinova, L. (2015). Negotiating welfare with the informalizing state: Formal and informal practices among engineers in post-Soviet Azerbaijan. Journal of Eurasian Studies, 24-33.

Smith, A., & Stenning, A. (2006). Beyond household economies: articulations and spaces of economic practice in postsocialism. Progress in Human Georgraphy, 190-213.

[1] მორღვეულ საზოგადოებრივ ღირებულებებსა და ნორმებში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ოჯახის რჩენის მიზნით ქალების მასობრივი ემიგრაცია და შედეგად ტრადიციული ოჯახის სტრუქტურის მოშლა; აგრეთვე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებლის პირობებში არაფორმალურ ეკონომიკაში ქალი მშრომელების მაღალი წილი და ა.შ. (თ.რ.)

[2] კეთილდღეობის მიწოდებაში სახელმწიფოს მონოპოლიაში ვგულისხმობ, როგორც საბჭოთა კეთილდღეობის რეჟიმს, აგრეთვე დასავლურ კეთილდღეობის რეჟიმებს 1970-იანი წლებამდე, ანუ კაპიტალიზმის ინსტიტუციური ჩარჩოს შეცვლამდე: ბაზრების, შრომის, ფინანსებისა და მთლიანად კაპიტალის დაგროვების რეჟიმისა თუ კეთილდღეობის სახელმწიფოს ხარჯვის ფუნდამენტურ რესტრუქტურიზაციამდე (თ.რ.).

[3] აღსანიშნავია, რომ დღეს „სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია“ (აროშვილი, ქაჯაია, & ფერაძე, 2018, გვ. 11).

[4] 1970-იან წლებში, კაპიტალიზმის ინსტიტუციური ჩარჩოს ცვლილებიდან გამომდინარე, მთლიან ეკონომიკაში შრომის წილის დაქვეითებამ შეასუსტა კოლექტიური მოლაპარაკებები, პროფკავშირული ორგანიზაციები და გააჩინა მზარდი ნაპრალი შრომის პროდუქტიულობასა და ანაზღაურებას შორის. შედეგად, გლობალური მასშტაბით ხელფასების სტაგნაციის ტენდენციასთან ერთად სახეზე გვაქვს დაუცველი და არასაიმედო (პრეკარიული) შრომა (თ.რ.).

[5] ამგვარი პრაქტიკების კარგი საილუსტრაციო მაგალითია ბოლო წლებში თბილისის მეტროებში გაჩენილი „სერვისი“, რომელიც მგზავრებს სთავაზობს მგზავრობის ერთჯერადი ღირებულების საფასურად მეტროში „გატარებას“ . თბილისის მეტროებსა და საავტობუსო ქსელში ყოველი მეორე და მესამე მგზავრობა უფასოა. ამ ეკონომიკურ პრაქტიკაში ჩართული ადამიანების ფინანსური სარგებელიც სწორედ აქედან მომდინარეობს (თ.რ.).

[6] 1999 წლისთვის ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოს მთლიან ეკონომიკაში 67.3%-ს შეადგენდა (Aliyev, Institutional Transformation and Informality in Azerbaijan and Georgia, 2015).

[7] აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში კორუფციის „პრივილეგია“ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებსა და მათთან დაახლოებულ პირებს მიენიჭათ (თ.რ.).

[8] https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done

[9] იქვე.