შესავალი

არუნდატი როი ჰესების მშენებლობის შედეგად დაზარალებულ, უფლებააყრილ და საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნილ ხალხს „არაღიარებული ომის მიგრანტებს“ უწოდებს[1] და ამ ნათქვამით ეხმიანება მსხვილი ჰიდროპროექტების მძიმე ზემოქმედების პირობებში მიმდინარე ტრაგიკულ ბრძოლებსა და შედეგებს: ჰესების წინააღმდეგ იბრძვიან; იბრძვიან უთანასწორო პირობებში, გლობალური თუ ადგილობრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების წინააღმდეგ; ისინი სამართლიანობისთვის ბრძოლაში არაღიარებულ სუბიექტებად გვევლინებიან, თავად ეს ბრძოლა კი მიჩქმალულია დომინანტური დისკურსის მიერ; ბრძოლის მიუხედავად, ხშირად ყველაზე რთული და მძიმე შედეგი დგება, როცა ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილების დატოვებას აიძულებენ.

მსოფლიოს გარშემო ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ, მრავალი წლის განმავლობაში, განსხვავებული პრაქტიკების, ბრძოლის მეთოდებისა და სტრატეგიების მაგალითები აჩვენა. ტერმინი „ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობა“ გულისხმობს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალთან დაკავშირებულ და დაგეგმილ სპეციფიკურ მოძრაობებს, სადაც მოძრაობა განიმარტება, როგორც „მოსახლეობის მოსაზრებებისა და წარმოდგენების ერთობლიობა, რომელიც აქცენტს სოციალური სტრუქტურის ზოგიერთი ელემენტის ან/და საზოგადოების შემოსავლების განაწილების ცვლილებაზე სვამს.“[2] ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობა ასევე განიხილება როგორც „ინდუსტრიული ტრანზიციის მოძრაობის“ (“industrial transition movement” (ITM)) სპეციფიკური ტიპი, რომელიც ინდუსტრიასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებისკენაა მიმართული.[3] ამგვარი მოძრაობები ჩნდებიან სოფლის მეურნეობასთან, ენერგიასთან, ტრანსპორტთან, მშენებლობებთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, საკუთრების ფორმებთან, ფინანსებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით არსებული რეალობების საფუძველზე.[4]

ჰესები განსაკუთრებულ ზეგავლენას ადგილობრივებსა და მკვიდრ მოსახლეობებზე ახდენს (“directly affected people”), რამდენადაც მშენებლობები უკავშირდება ლოკალური არეალების განადგურებას, საცხოვრებელი ადგილებიდან მოსახლეობის იძულებით განდევნას, გარემოზე გარდაუვალ და მკვეთრ ზემოქმედებასა და სხვა. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობების ბრძოლა ჰესების წინააღმდეგ წლების განმავლობაში უშედეგო და წარუმატებელი იყო, მანამ სანამ მათ არ დაამყარეს და შექმნეს კავშირები სხვა სოლიდარულ ჯგუფებთან, როგორებიცაა გარემოს დამცველები, კონსერვაციონისტები, ადამიანის უფლებების აქტივისტები, გლეხებისა და მკვიდრი მოსახლეობების ორგანიზაციები და სხვა სოციალური ჯგუფები.[5]

ჰესების მოწინააღმდეგეების პოლიტიკური საფუძველი მნიშვნელოვანწილად გაამყარა „ინვაირონმენტალიზმის“[6] იდეის დამკვიდრებამ. ბევრ ქვეყანაში ჰესების საწინააღმდეგო კამპანიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნული გარემოსდაცვითი მოძრაობების გაჩენასა და გააქტიურებაში.[7]

ჰესების მასობრივი მშენებლობები სახელმწიფოს განვითარების „ექსტრაქტივისტულ“ ან „ნეოექსტრაქტივისტულ“ ხედვას ასახავს,[8] რომელიც „ერთი და იმავე წყევლის ორი მხარეა.“[9] ექსტრაქტივისტული, იგივე მომპოვებლური განვითარების მოდელს, ბუნებრივ წიაღისეულზე დამოკიდებულ ეკონომიკას უწოდებენ, რომელიც ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით და შემდეგ მიღებული პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდვით ახდენს კვლავწარმოებას. ნეოექსტრაქტივიზმი ექსტრაქტვიზმს არსებითად არ ეწინააღმდეგება. აქ განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ნეოექსტრაქტივიზმის პირობებში არა უცხოური კომპანია, არამედ ადგილობრივი მთავრობები ეწევიან კაპიტალის აკუმულაციას რესურსების მოპოვების გზით.[10] ექსტრაქტივიზმი და ნეოექსტრაქტივიზმი იმპერიალიზმის, ნეოკოლონიალიზმისა და ნეოლიბერალიზმის არსებითი კომპონენტია (რაც, ანიბალ კიხანოს თქმით, წარმოადგენს კიდეც „გლობალური ძალაუფლების ახალ მოდელს“),[11] რომელიც კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად ჩამოყალიბდა და მისით საზრდოობს.[12] ამ პირობებში, სოციალური ჯგუფები უბრალოდ კი არ ეწინააღმდეგებიან ჰესებს, არამედ აყალიბებენ მკვეთრად გამოხატულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც აქტიურად შემოდის განვითარების ალტერნატიული ხედვები, თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის კრიტიკა, სამართლიანი და ეფექტიანი ტექნოლოგიური და მმართველობითი პრაქტიკები და სხვა. ბრძოლები, რომლებსაც თავდაპირველად მოსახლეობის იძულებითი გადასახლების პროცესში უკეთესი პირობებისა თუ ცალკეული ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ჩაეყარა საფუძველი, საბოლოოდ ისეთ მოძრაობებში გადაიზარდა, რომლებმაც პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების სრულიად განსხვავებულ მოდელებზე მსჯელობა და მათი ადვოკატირება დაიწყეს.[13]

ჰესების მშენებლობის კონტექსტში დაპირისპირება და უთანხმოება თითქოს მარტივად კონსტრუირდება ორ მხარეს შორის. ერთგან ჰესების მშენებლობით დაზარალებულები დგანან, მეორეგან კი სახელმწიფო და ბიზნეს ინტერესები. თუმცა, ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობები არ არის ჰომოგენური და არ წარიმართება ერთიანი იდეოლოგიური ჩარჩოს ან მომავლის შესახებ საერთო ალტერნატიული ხედვის პრიზმიდან. რეალურად, წინააღმდეგობრივ ბუნებას განსაზღვრავს განსხვავებული გამოცდილებები, რომელმაც სხვადასხვა ადამიანები და ჯგუფები „დეველოპმენტალისტური“ სახელმწიფოს ოპოზიციაში ჩააყენა.[14] ამდენად, წინააღმდეგობრივი ძალისხმევები ჩვეულებრივ უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

წინამდებარე სტატია განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობების ბრძოლისა და წინააღმდეგობის მეთოდებსა და სტრატეგიებს. ტექსტის მთავარი ფოკუსი იმ პოლიტიკურ-სამართლებრივი ჩარჩოების გამოკვეთაა, რომელსაც ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობები ეყრდნობიან და რომელთა მეშვეობითაც არტიკულირდება მათი მოთხოვნები. განსახილველი საკითხები მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკური ჩარჩოების გამოყენების საფუძვლებს, პრაქტიკებსა და მათ ურთიერთქმედებას. მსხვილი ჰიდროპროექტების მშენებლობის, გარემოსა და ადამიანზე მათი მძიმე ზეგავლენის შეფასების პარალელურად, ის გაბატონებული პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვები წარმოჩინდება, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ განვითარების თანამედროვე მოდელებს.

ტექსტის მიზანს არ წარმოადგენს ჰესების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო სტრატეგიისა და თეორიული ჩარჩოს შემუშავება. სტატიაში, ერთი მხრივ, გაანალიზებულია ის მრავალმხრივი პრობლემები, რომელიც ჰესების მშენებლობასთანაა დაკავშირებული და წარმოჩენილია თავად განვითარების ამ ხედვის საფუძვლები, მეორე მხრივ კი, გამოკვეთილია ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები, როგორც წინააღმდეგობისთვის პოტენციურად გამოსადეგი საშუალებები. ამდენად, წინამდებარე ტექსტი შეიძლება იყოს საფუძველი, რომელზეც სამომავლოდ მსჯელობებისა და დისკუსიების დაშენება და გაფართოებაა შესაძლებელი. ეს კი, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც ჰესების მიმართ წინააღმდეგობა პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია, ნამდვილად საჭირო და მეტიც, აუცილებელია.

 

საპირწონე ინტერესები

მდგრადობა, როგორც „ცარიელი აღმნიშვნელი“

ჰესების მომხრეები და მოწინააღმდეგეები თავიანთი მოსაზრებების გასამყარებლად სხვადასხვა თეორიულ ჩარჩოებს იყენებენ. პირველი მხარის არგუმენტები უმთავრესად ეყრდნობა ისეთ ცნებებსა და კონცეფციებს, როგორებიცაა ეკონომიკური სარგებლიანობა, მდგრადი განვითარება, ეროვნული ინტერესები და სხვა. საპირისპიროდ, ჰესების მოწინააღმდეგეები მიუთითებენ ადგილობრივი მოსახლეობებისა და არეალისთვის მიყენებულ ზიანზე, იძულებით გადასახლებაზე, მაღალ ხარჯებზე, სოციალურ უსამართლობაზე, ნეოკოლონიალიზმზე და სხვა.[15] გარდა ამ ზოგადად გაზიარებული არგუმენტებისა, სხვადასხვა ადგილობრივი მოცემულობებიდან გამომდინარე თავს იჩენს სპეციფიკური (თანმდევი) არგუმენტებიც. მაგალითად, გვიან 1950-იან წლებში, უელსში მიმდინარე ერთ-ერთი ჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში, რომლის მშენებლობის შედეგადაც იტბორებოდა პატარა სოფელი, გაისმოდა ნაციონალისტური სენტიმენტები, უელსური ენისა და კულტურის დაცვის მოწოდებები.[16]

მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ როგორ ახერხებენ სახელმწიფოები ადგილობრივ თუ გლობალურ კაპიტალისტურ აქტორებთან ერთად, მდგრადი განვითარებისა და ეროვნული ინტერესების კონცეფციების დღის წესრიგში დაყენებას და მათით მანიპულირებას. ტერმინი მდგრადი განვითარება პირველად 1987 წელს გამოიყენეს, როგორც ტრადიციული ეკონომიკური ზრდის მეთოდისა და გარემოს დაცვის „შერიგების“ მცდელობა.[17] დროთა განმავლობაში, ეს ტერმინი იქცა იმ დომინანტური დისკურსის შემადგენელ ნაწილად, რომელმაც დაავიწროვა სიღარიბის აღმოფხვრის რეალური შინაარსი და ცენტრალური მნიშვნელობა უწყვეტ ეკონომიკურ ზრდაზე გააკეთა.[18] მაგალითად, ბრაზილიაში, „ბელო მონტეს“ (Belo Monte) ჰესის მშენებლობისას, იმჟამინდელი პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებისას მიუთითებდნენ სუფთა ენერგიის ცნებაზე, გარემოს დაცვაზე, ემისიების შემცირებაზე, არაგანახლებადი, ატომური და სითბური ენერგიის გამოუყენებლობაზე.[19] ამდენად, ერთი მხრივ, გარემოსდაცვითი მდგრადობის ვიწრო კონცეფციების გამოყენებითა და, მეორე მხრივ, ეკონომიკურ ზრდაზე მითითებით, მდგრადი განვითარების ცნება შინაარსობრივად „დაცარიელდა“ და, შესაბამისად, კონფლიქტური ვარაუდებისა და დაშვებების შესაძლებლობები წარმოშვა.[20]

მდგრადობის ეს კონცეფცია უზრუნველყოფს მის მოქნილობას. ამის მეშვეობით, სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხები, „მდგრადი განვითარების“ აბსტრაქტული პერსპექტივებიდან წარმატებით განიმარტება. ეს შეიძლება ლაკლაუს და მუფის „ცარიელი აღმნიშვნელის“ კონცეფციას მოგვაგონებდეს. ცარიელ აღმნიშვნელს (ამ შემთხვევაში, კონცეფცია „მდგრად განვითარებას“) აქვს უნარი, სხვადასხვა საკითხები (სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური) საკუთარი შინაარსის ქვეშ მოაქციოს და ამდენად, რეპრეზენტირებდეს უნივერსალობას, რომელიც რეალურად სცდება მის საზღვრებს. შედეგად, „მდგრადობის“ ზუსტი განმარტება შეუძლებელი ხდება. სწორედ ეს არის მისი „მოქნილობის“ საფუძველი. ამ მოქნილობით გახდა შესაძლებელი სხვადასხვა ინტერესების ინტეგრირება მდგრადობის პოპულარულ გაგებაში.[21]

ეროვნული ინტერესები, „დეპოლიტიზაცია“ და „რეპოლიტიზაცია“

ზემოაღნიშნულის მსგავსი მიმართება იკვეთება ჰესების მომხრეების მიერ „ეროვნული ინტერესების“ არგუმენტის გამოყენებისას, რომელიც ასევე ხასიათდება ცარიელი აბსტრაქციებისა და ინტერპრეტაციათა სიუხვის შესაძლებლობით. თუმცა, ეროვნულ ინტერესებზე აპელირებას ხშირად უფრო რთული და კომპლექსური მიზნები აქვს. ამგვარი ტერმინის გამოყენება არის მცდელობა, რომ სახელმწიფოს საჭიროებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა მოხდეს მისი, როგორც ჰომოგენური ერთობის გადმოსახედიდან,[22] სადაც „ეროვნული ინტერესების“ შინაარსი გაბატონებული სოციალური და ეკონომიკური შეხედულებების ანარეკლია.

სხვადასხვა პერიოდიდან არსებობს მაგალითები, თუ როგორ დაუკავშირდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ნაციონალიზმს, სახელმწიფოს მშენებლობისა და ეროვნული ინტერესების არგუმენტებს. მაგალითად, „ტარბელას“ (Tarbela) ჰესის მშენებლობა პაკისტანში იყო ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი მცდელობა, რომ დამოუკიდებლობამოპოვებული ერის ერთიანობის დემონსტრირება მოეხდინა; ნაციონალური იდენტობისა და პატრიოტიზმის საფარქვეშ იგებოდა „როგუნის“ (Rogun) ჰესი ტაჯიკეთში.[23] ჰესების მშენებლობა, მისი მომხრეების მიერ, ორივე შემთხვევაში, ფრაგმენტირებული სახელმწიფოს შემაკავშირებლად წარმოჩინდებოდა. ანალოგიური პროცესია თანამედროვე ავღანეთში, სადაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიჩნეულია სოციო-ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებელ შემადგენლად.[24] ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მოტივი ჰესების მშენებლობას უალტერნატივო და გარდაუვალ აუცილებლობად წარმოაჩენს, ახდენს მის უპირობო ლეგიტიმაციას და ნებისმიერ სხვა ინტერესს მსხვერპლად წირავს. მაგალითად, განაში, ერთ-ერთი ჰესის მშენებლობის მომხრეები მიუთითებდნენ, რომ მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვებით, მთელი ერისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა.[25]

ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით სახელმწიფოები და ჰესების მშენებლობის მომხრეები, ერთი მხრივ, ჰესების მოწინააღმდეგეების მარგინალიზებას და დელეგიტიმაციას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ჰესების მშენებლობის დეპოლიტიზაციას ცდილობენ. ინდოეთში „სარდარ საროვარის“ (Sardar Sarovar) ჰესის მშენებლობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ფართო ქსელს, მომხრეები უწოდებდნენ ანტიეროვნულად განწყობილებს, ეკოფუნდამენტალისტებს და სხვა.[26]

ეროვნული ინტერესის არგუმენტის გამოყენების მთავარი მიზანი ისაა, რომ ჰესის მშენებლობა აპოლიტიკურად წარმოჩინდეს, სადაც, თითქოსდა, ყველას უნდა ჰქონდეს მორალური ვალდებულება, რომ მიიღოს მოცემული ჰიდროპროექტი, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა. ამ ხედვით, არსებობს მარტივი ოპოზიციები ლეგიტიმური და არალეგიტიმური მოთხოვნებისა თუ სუბიექტის, ასევე ეროვნული პროგრესის და რეგრესული აქტივობების მხარეს მდგომი პირების შესახებ. ასეთი პროცესის შედეგად, თავად ჰიდროენერგეტიკული პროექტები დეპოლიტიზებული და ამდენად, ტექნიკური ხდება. ისინი წარმოჩინდებიან, როგორც მხოლოდ და მხოლოდ მექანიზმები, „უფრო დიადი“ მიზნების განხორციელების გზაზე. შესაბამისად, ჰესების პოლიტიკური შეფასება და მათი მიზანშეწონილობა საჯარო დისკურსისა და მსჯელობის არეალიდან განიდევნება. დეპოლიტიზაციის აქტით, ძალაუფლებრივი სტრუქტურების მიერ, იჩქმალება პროექტის მნიშვნელობის თაობაზე არსებული ალტერნატიული ხედვები და მოსაზრებები, როგორც არარაციონალური, უპასუხისმგებლო და არარეალური.[27]

თუმცა „ტექნიკურად წარმოჩენის“ პროცესი არ არის შეუპირისპირებელი. სხვადასხვა ავტორები თეორიაში, ხოლო წინააღმდეგობრივი მოძრაობები პრაქტიკაში, ამ დაპირისპირების მაგალითებს და მეთოდებს აჩვენებენ. მსხვილი ჰიდროპროექტების განხილვა უნდა მოხდეს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული განზომილებით, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული გარემოსა და ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთობებთან.[28] ამგვარი მიდგომის გამოყენება აუცილებელია, რათა იარსებოს უფრო ღრმა და კომპლექსურმა კრიტიკამ, რომელიც არ იქნება დაყვანილი მხოლოდ და მხოლოდ ხარჯი-სარგებლის დისკურსამდე.[29]

სხვადასხვა ჯგუფებმა, ჰესების საწინააღმდეგო პოზიციები განავითარეს არა მხოლოდ უშუალოდ ჰიდროპროექტის სოციალური და გარემოსდაცვითი ზეგავლენების წარმოჩენის კუთხით, არამედ ლეგიტიმურობის თაობაზე ჰესების მომხრეების არგუმენტის განეიტრალებით. „ეროვნული ინტერესების“ არაერთგვაროვანი და ხშირად ბუნდოვანი შინაარსის საპირწონედ, ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობები ალტერნატიულ ხედვებს ავითარებენ (მათ შორის, ალტერნატიულ ხედვებს თავად ამ ტერმინის შემოთავაზებული გაგებების შესახებ); წარმოაჩენენ ჰესების პოლიტიკურ მნიშვნელობას; ყურადღებას ამახვილებენ მათი მშენებლობების პოლიტიკურ ინტერესებზე; იმაზე, თუ ვის ხმარდება გამომუშავებული ენერგია; ასევე იმ უსამართლობაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობები განიცდიან.[30] ეს მიდგომა გამოიყენეს ინდოეთში „ნარმადას“ ჰესის მშენებლობისას, სადაც ჰესის მოწინააღმდეგეები მიუთითებდნენ, რომ მომხრეების არგუმენტი განვითარების თაობაზე, რეალურად კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ექვივალენტურია, ხოლო მშენებლობის ხარჯები და მისი საბოლოო სარგებელი - ერთმანეთის დისპროპორციული.[31] ამ ალტერნატიული ხედვების დღის წესრიგში დაყენებით, შეიძლება ითქვას, რომ დეპოლიტიზაციის შედეგად მიჩქმალულ საკითხებს ,,რეპოლიტიზაციის” პოლიტიკა ცვლის, რომელსაც მახვილი ალტერნატიული მომავალისა და ჰიდროელექტროსადგურების პოლიტიკურ-იდეოლიგიური ბუნების შესახებ მსჯელობაზე გადააქვს.[32]

ჰესის მშენებლობის რეპოლიტიზაციის საკითხი აქტიურად იდგა ბრაზილიაში „ბელო მონტეს“ შემთხვევაშიც. მოწინააღმდეგეები საუბრობდნენ ჰესის დაგეგმარებისა და მშენებლობის, კორუფციისა და დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლის შესახებ. მოწინააღმდეგეები „ბელო მონტეს“ წარმოაჩენდნენ ფართო კონტექსტში, როგორც ხელისუფლების საერთო პოლიტიკური კურსის სიმბოლოს, ხოლო ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნები ეჭქვეშ აყენებდა ჰესის, როგორც „ეროვნული ინტერესებისთვის“ საჭირო პროექტის იდეას. „ბელო მონტე“ წარმოადგენდა მმართველი ძალის ეკონომიკური დოქტრინის - „განვითარება ნებისმიერ ფასად“ - გამოხატულებას, სადაც სოციალური, გარემოსდაცვითი, მკვიდრი მოსახლეობებისა თუ სხვა ინტერესები უგულებელყოფილი იყო.[33]

ზემოაღნიშნული გარემოებები იმის დადასტურებაა, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას, სახელმწიფოსა და ჰესების მომხრეების არგუმენტები ხშირად ეფუძნება ბუნდოვან და აბსტრაქტულ ცნებებს, რომლებიც, როგორც „ცარიელი აღმნიშვნელი“, პოლიტიკური მანიპულაციის საგანი ხდება. ძალაუფლებრივი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ ჰესების მშენებლობის თაობაზე გამოთქმული ნებისმიერი საპირისპირო პოზიცია არალეგიტიმური და არარაციონალურია, რადგან ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსა და მდგრადი განვითარების მიზნებს. ეს პროცესი, საბოლოოდ, ჰესების მშენებლობის დეპოლიტიზაციას ემსახურება. საპირისპიროდ, არსებობს ხედვები და პრაქტიკები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შესაძლებელი და აუცილებელიც არის, რომ ალტერნატიული ხედვებით, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხების დღის წესრიგში შემოტანით, ადგილობრივი მოსახლეობების უფლებების შელახვასა და სხვა ინტერესებზე აპელირებით, ჰესების მშენებლობის რეპოლიტიზაცია მოხდეს. ამ პროცესის შედეგად წარმოჩინდება, რეალურად რა არის საპირწონე ინტერესები, როგორ ემსახურება ჰესების მშენებლობა გლობალურ კაპიტალს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს, და რა გზები შეიძლება არსებობდეს გაბატონებული პოლიტიკური და ეკონომიკური დისკურსისთვის საფუძვლის მოსარყევად.

 

ადამიანის უფლებების ჩარჩოს ლეგალისტური და პოლიტიკური შინაარსი ბრაზილიაში ჰესების მშენებლობის მაგალითზე

ჰესებთან დაკავშირებული პრობლემების ადამიანის უფლებათა ჩარჩოს ჭრილში განხილვა სოციალური და გარემოსდაცვითი აქტივისტებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოდგა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი მკვიდრ მოსახლეობებს უკავშირდებოდა. გარდა ზოგადი დოკუმენტებისა, მკვიდრი მოსახლეობების ჭრილში არსებობს სპეციალური დოკუმენტებიც. ასეთებია, მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (No. 169 კონვენცია (ILO Convention 169), რომელიც მკვიდრი მოსახლეობების უფლებების დაცვის საკითხში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად მიიჩნევა, რამდენადაც ამ კონვენციით გარანტირებულია მათი კულტურული მთლიანობის, საკუთარი სამართლებრივი სტატუსის, მიწისა და რესურსების დაცვის, ასევე სოციალური კეთილდღეობის საკითხებში დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებები.[34] გარდა ამისა, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2007 წელს მიღებული დეკლარაცია „მკვიდრი ხალხების უფლებების შესახებ“ (Declaration on the Rights of Indigenous Peoples (‘DRIP’)), რომელიც, მართალია არასავალდებულო დოკუმენტია, თუმცა ქმნის „მკვიდრ მოსახლეობებსა და სახელმწიფოებს შორის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დიალოგის ჩარჩოს.“[35]

ამ საერთაშორისო დოკუმენტების კონტექსტში, მკვიდრი მოსახლეობების ძირითადი უფლებები მოიცავს მათი ტერიტორიების სამართლებრივ აღიარებას, ასევე მიწისა და რესურსების გამოყენების უფლებას.[36] ზოგადად ითვლება, რომ საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები მკვიდრი მოსახლეობებისთვის შესაძლოა გულისხმობდეს გარკვეული ფორმის ავტონომიას, ბუნებრივ რესურსებზე კონტროლს, ბუნებრივი გარემოს პრეზერვაციას, განათლების, ენისა და რელიგიური თავისუფლების საკითხებს, ასევე ყველაფერ იმას, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მათი კულტურული იდენტობისა და მთლიანობის შენარჩუნებისთვის.[37] როგორც „ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისია“ (African Commission on Human and People’s Rights) აღნიშნავს, ესაა ბრძოლა იმ ჯგუფების უფლებებისა და სამართლიანობისთვის, რომლებიც [თვითმყოფადი] განვითარების მიღმა არიან დარჩენილები... რომლებიც უარყოფითად აღიქმებიან დომინანტური, მეინსტრიმული განვითარების პარადიგმებიდან და რომელთა კულტურა და ცხოვრების წესი ზიზღისა და დისკრიმინაციის საგანია, მათი არსებობა კი საფრთხის ქვეშაა.“[38] რაც შეეხება პროცედურულ უფლებებს, აქ ჰესებისა და სხვა პროექტების კონტექსტში იგულისხმება მკვიდრი მოსახლეობების საჯარო განხილვებსა და კონსულტაციებში ჩართვის უფლება, კერძოდ, თავისუფალი, წინასწარი და ინფორმირებული კონსულტაციის უფლება მაშინ, როცა პროექტები ზეგავლენას ახდენს ადგილობრივთა ცხოვრებაზე.[39]

ბრაზილიაში ჰესების მოწინააღმდეგეებმა, ჰიდროელექტროსადგურების სარგებლიანობის შესახებ არგუმენტებს, სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი საკითხები დაუპირისპირეს. 2010 წელს, ბრაზილიის მთავრობამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღწერილია 2000-იან წლებში ჰესების მშენებლობების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობებისთვის მიყენებული ზიანი, რაც დაკავშირებული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევებთან.[40] ადგილობრივთა ნაწილი, დატბორვის შედეგად, იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილები მიეტოვებინა; შეიცვალა მიწის ტრადიციული მოხმარების გზები, რადგან ჰესების მშენებლობის პროცესს თან სდევდა დაბინძურება, ტერიტორიული კონფლიქტები, დაცულ ადგილებზე შეჭრა და მათი დაზიანება, წმინდა ადგილების დაკარგვა, ადგილობრივთა ცხოვრების დონის გაუარესება, ჯანმრთელობის პრობლემები, ძალადობის მუქარა და მისი განხორციელება, საკვების მოპოვების გზების (როგორიცაა თევზაობა) დახშობა და სხვა. ასეთი მძიმე ზეგავლენების ფონზე, ამაზონში, სადაც კონცენტრირებულია ჰესების უდიდესი ნაწილი, მაღალია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული პროტესტების დროს დაკავებისა და მკვლელობის მაჩვენებლები.[41] ამ პროცესში, ადამიანის უფლებების ჩარჩოს გამოყენება შიდაეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან სამოქმედო სტრატეგიად დაისახა.

ადამიანის უფლებების პერსპექტივა გამოკვეთს იმ უთანასწორობებს, რომლებსაც გარემოზე ზემოქმედება ადამიანთა კონკრეტული ჯგუფებისთვის აწარმოებს. ეს უთანასწორობები ხშირად მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებთან შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და მათი სამართლებრივი დაცულობის ნაკლებობის ჭრილში განიხილება. თუმცა, საკითხი ბევრად უფრო კომპლექსურად და მძაფრად დგას, მით უფრო მაშინ, როცა ადგილობრივ მოსახლეობებს მჭიდრო კულტურული და რელიგიური კავშირები აქვთ საცხოვრებელ გარემოსთან, ხოლო ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია მკვეთრ ზეგავლენას ახდენს მათი ცხოვრების წესზე, ასევე მიწისა და წყლის რესურსების ტრადიციული მოხმარების გზებზე.[42]

ზოგადად, საჯარო წინააღმდეგობას შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი ან პოლიტიკური ბუნება. სამართლებრივი (ინსტიტუციონალიზებული) წინააღმდეგობა ხორციელდება სახელმწიფოსთან ანდა პროექტის განმახორციელებელთან ქვეყნის შიგნით (ან საერთაშორისო დონეზე) არსებული ლეგალისტური გზების მეშვეობით, როგორიცაა კონსულტაციები, სასამართლო დავები და სხვა. პოლიტიკური წინააღმდეგობა ამ სტრუქტურების მიღმა განხორციელებულ პოლიტიკურ არტიკულაციასა და მოქმედებებს გულისხმობს, როგორიცაა, მაგალითად, დემონსტრაციები.[43] სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლებისა და სტრატეგიების თანაკვეთასა და კომპლექსურობას კარგად აჩვენებს ბრაზილიის შემთხვევა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროპროექტების ლიცენზირებისას საჯარო ჩართულობის, მონაწილეობისა და კონსულტირების შესაძლებლობები ბრაზილიის კანონმდებლობით გათვალისწინებულია, ეს პროცესი გადაიქცა ჰესების მიერ დაზარალებულთა ბრძოლად უფლებების აღიარებისთვის. როგორც ერთ-ერთი ავტორი მიუთითებს, ბრაზილიაში ლიცენზირების პროცესი საჯარო დისკუსიისა და დავის მნიშვნელოვანი წყაროა, რადგან მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, განხილვა კი როგორც სოციალურ, ისე გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავს.[44] თუმცა, საკითხავია, თუ რამდენად შეუძლია კონსულტირების პროცესს ეფექტურად გასცეს პასუხი არსებით პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ კითხვებს. „ბელო მონტეს“ მშენებლობის პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ჩატარებულ განხილვაზე ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ „ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ განხილვებზე ვინც წავიდა, თავიანთ შეკითხვებზე პასუხი ვერავინ მიიღო. უფრო მეტიც, ისინი განხილვებს ბოლო მომენტში ატარებდნენ, რათა ჩვენ დასწრება არ შეგვძლებოდა. კომპანიები და მთავრობა ჩვენ არ გვისმენდნენ. ისინი მოდიან, სამუშაოს მიმდინარეობების აღწერილობას მაგიდაზე გვიგდებენ ან კარის წინ გვიტოვებენ, და ამას დიალოგს ეძახიან.“[45] São Luiz do Tapajós-ის ჰესის შემთხვევაში, „ლიცენზირების პროცესით იგნორირდებოდა ბევრი სოციო-ეკონომიკური საკითხი, რაც, მთლიანობაში, ამ პროცესს, უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გასამართლებელ უბრალო ფასადად აქცევდა.“[46] ამგვარად, ლიცენზირების პროცესში საჯარო მონაწილეობის ფასადურმა შესაძლებლობამ კონსულტირების პროცესის დეპოლიტიზაცია გამოიწვია და მსხვილ ჰიდროპროექტებთან მიმართებით არაფრისმომცემი გახადა.[47]

ბრაზილიის შემთხვევა აჩვენებს, რომ იმის მიუხედავად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროცედურული უფლებები შესაბამისი ჯგუფებისთვის, პროცედურები ყოველთვის ეფექტური და საკმარისი არაა ძირითადი უფლებების დასაცავად ან დანაკარგის აღმოსაფხვრელად. ამ მწარე რეალობამ ბრაზილიაში სოციალური და გარემოსდაცვითი კონფლიქტები კიდევ უფრო გააღრმავა.[48]

ადამიანის უფლებების ჩარჩოს მთავარი სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ის გულისხმობს არა მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ადამიანის უფლებებს განიხილავს ისეთ პოლიტიკურ რესურსად, რომელსაც აქვს ცვლილებისა და პოლიტიკური მობილიზაციის შექმნისთვის საჭირო პოტენციალი.[49] ადამიანის უფლებებზე მითითება ქმნის მოქმედების ფართო ველს, რომლის ფარგლებშიც ალტერნატიული ხედვები და მოსაზრებები შეიძლება დაფიქსირდეს და პოლიტიკური დისკურსი იწარმოოს. საპირისპიროდ, სამართლებრივი ჩარჩო, „უპირატესობას დომინანტურ სოციალურ ურთიერთობებს ანიჭებს, მასთან შესაწინააღმდეგებლად კი შეზღუდულ რესურსებს იძლევა.“[50] გარემოსდაცვითი უფლებები შესაძლოა უზრუნველყოფდეს დაცულობის სტანდარტს, მაგრამ ისინი არაა შექმნილი იმისათვის, რომ შეარყიოს გარემოს მიმართ მიყენებული ზიანის გამომწვევი საფუძვლები.[51] ეს ფუნქცია სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის გამომწვევი ფაქტორების, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღის, გამოკვეთამ უნდა შეასრულოს და რეალური გარდაქმნების წინაპირობა გახდეს, სადაც წარმოჩინდება, თუ რა მიმართებები არსებობს მსხვილ ჰიდროპროექტებს, სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებსა და გლობალურ კაპიტალს შორის. ამის გამოკვეთა კი შესაძლებელია ადამიანის უფლებების, როგორც პოლიტიკური, და არა ლეგალისტური ბრძოლის მეთოდის საშუალებით.

არუნდატი როის მითითებით, მკაფიოდაა გამოსაკვეთი ის გარემოება, რომ ჰესები არის საშუალება, რითაც წყალს და მიწას ართმევენ ღარიბებს, და აძლევენ მდიდრებს.[52] კანონი სოციალური ბრძოლების განსახორციელებლად ხშირად უზრუნველყოფს როგორც ნორმატიულ პრინციპებს, ასევე სტრატეგიულ რესურსებს, თუმცა ლეგალისტური გზა ეფექტური მაშინაა, როცა ის განიხილება როგორც პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელი ნაწილი და, ამდენად, თან სდევს პოლიტიკური მობილიზაციის სტრატეგიები, როგორებიცაა დემონსტრაციები, ლობირება, ტრანსნაციონალური ქსელები, სივრცეების დაკავება, გაფიცვები და სხვა.

ბრაზილიის შემთხვევაში ჰესების მოწინააღმდეგეებმა თავდაპირველად დაიწყეს ლიცენზირების საკითხზე სრული და საფუძვლიანი კონსულტაციების მოთხოვნით. ისინი მიუთითებდნენ იმ გაუცხოვებაზე, რომელიც არსებობდა კონსულტაციის უფლებასა და პოლიტიკურ რეალობას შორის, რითაც, საბოლოოდ, თავად უფლების შინაარსი უფასურდებოდა. თუმცა, იმის გამო, რომ შესაბამისი წუხილები უპასუხოდ რჩებოდა, პროტესტანტებმა ეს საკითხი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე დააყენეს, აპელირებდნენ რა ინფორმაციის, ჩართულობის, კონსულტირებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მექანიზმებზე, როგორც საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებზე. შედეგად, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი უფლებრივი ჩარჩოები, როგორებიცაა, ამერიკული სახელმწიფოების გაერთიანება და გაერო, ცენტრალური მნიშვნელობის მქონედ იქცა ბრაზილიის სოციალური და გარემოსდაცვითი ჯგუფებისთვის.[53] ამასთან, პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად გაისმოდა უფრო ფართო პოლიტიკურ და სამართლებრივ შინაარსზე დაფუძნებული წუხილები. მაგალითად, ერთ-ერთი მოძრაობის ლიდერი აღნიშნავდა, რომ მსხვილი ჰიდროპროექტები, როგორიც „ბელო მონტეა,“ უარყოფს ადგილობრივების „ღირსეულად ცხოვრების უფლებას.“[54]

ამერიკული სახელმწიფოების გაერთიანების ერთ-ერთ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „როცა გარემოსთვის მიყენებული ზიანი არ არის მართული და მინიმიზებული, ამან შეიძლება ცხოვრების პირობების ან თავად სიცოცხლის ხელყოფაც გამოიწვიოს. ამდენად, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება იმგვარადვე, როგორც ეს წამების, თავისუფლების აღკვეთისა თუ იძულებითი შრომის დროს შეიძლება მოხდეს.“[55] „ბელო მონტეს“ ჰესის შემთხვევაში, მოწინააღმდეგეები ეჭქვეშ აყენებდნენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ოფიციალურ ვერსიას, მიუთითებდნენ რა, რომ არასწორად იყო მოცემული ჰესების მშენებლობის შედეგად პოტენციურ დაზარალებულთა რიცხვი და ტერიტორია, ხოლო მისი სარგებლიანობა და მდგრადობა - გადაჭარბებულად შეფასებული. პროტესტანტები აღნიშნავდნენ, რომ ჰესი გამოიწვევდა ქალაქებისა და სოფლების დატბორვას, დააშრობდა მდინარის ნაწილს, საცხოვრებელ ტერიტორიას დაატოვებინებდა 35, 000 მოსახლეს, გამომუშავებული ენერგია კი მოხმარდებოდა არა ადგილობრივებს, არამედ ქვეყნის მდიდარ ნაწილებში გადამისამართდებოდა. ისტორიულად, ჰესების მშენებლობა ყველაზე მტკივნეულად სწორედ ღარიბებსა და მოსახლეობის არაპრივილეგირებულ ჯგუფებზე აისახებოდა.[56] მიუხედავად იმისა, რომ „ბელო მონტე“ არ იქნებოდა განთავსებული უშუალოდ მკვიდრი მოსახლეობების მიწაზე, ის მკვეთრ ზეგავლენას მოახდენდა მდინარეების სანაოსნოდ და სათევზაოდ გამოსადეგობაზე, ფლორაზე, ფაუნასა და კლიმატზე.[57]

ზემოთქმული საკითხების დღის წესრიგში აქტიურად დაყენებით, „ბელო მონტეს“ ჰესის მოწინააღმდეგეებმა იჩივლეს „ადამიანის უფლებათა ინტერამერიკულ სასამართლოში“ (IACHR). ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული ჩარჩო არა მხოლოდ მკვიდრი მოსახლეობების გამორჩეულ სტატუსს აღიარებს, არამედ აფუძნებს გარემოსდაცვითი პრობლემებისა და ადამიანის უფლებების ურთიერთკავშირს, რაც, მათ შორის, არამკვიდრ ჯგუფებსაც მიემართება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრაზილიას დაევალა მშენებლობის დროებით შეჩერება, ადგილობრივებთან საფუძვლიანი კონსულტაციის გავლა და ქმედითი ზომების მიღება მათი მოთხოვნების შესასრულებლად.[58] გარდა ამისა, ჰესების მოწინააღმდეგეები იყენებდნენ პოლიტიკური მობილიზაციის სხვადასხვა ხერხებს, დემონსტრაციებს, საერთაშორისო კონფერენციებს და ა.შ. IACHR-ის გადაწყვეტილებით მოხდა ადგილობრივების მოთხოვნების ლეგიტიმურობის აღიარება, თუმცა, ბრაზილიის სახელმწიფოს შეუვალი წინააღმდეგობით და სასამართლოს იურისდიქციის ეჭქვეშ დაყენებით, საბოლოოდ, IACHR-მა გადახედა თავის გადაწყვეტილებას და მნიშვნელოვნად შეარბილა ის.[59] ამასთან, სანამ გადამუშავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ბრაზილიის ხელისუფლებას უკვე გაცემული ჰქონდა ლიცენზია მშენებლობის დასაწყებად.[60] ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საერთაშორისო ზეწოლისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, ბრაზილიის რეაქცია და წინააღმდეგობა პოლიტიკური ხელისუფლების სიძლიერესა და მასთან დაპირისპირების სირთულეს წარმოაჩენს, რამაც საბოლოოდ ადამიანის უფლებების საკითხი გადაწონა. თუმცა, ეს რეაქციები ასევე ამჟღავნებს ადგილობრივთა უფლებების საერთაშორისო აღიარების პოლიტიკურ მნიშვნელობას, რაც მათი მოთხოვნების ლეგიტიმურად ცნობასა და აღიარებაში გამოიხატა.[61]

სოციალური და გარემოსთან დაკავშირებული კონფლიქტების ადამიანის უფლებათა ჭრილში განხილვა კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეძლეს ჰესების მოწინააღმდეგეებმა ადამიანის უფლებების დისკურსის თარგმნა ძლიერ მორალურ და პოლიტიკურ იარაღად, სხვადასხვა სახის საპროტესტო სტრატეგიებთან ერთად. საბოლოოდ, ამგვარმა მიდგომამ, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემები ერთიანი პოლიტიკური იდენტობის ჭრილში წარმოაჩინა.[62]

ამავდროულად, ლეგალისტური მიდგომა პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებელ გზაზე საერთაშორისო უფლებრივი ჩარჩოს ნაკლოვანებებსა და შეზღუდულ ბუნებას გამოკვეთს. ლეგალისტური სტრატეგიები ორლესული მახვილია: შიდა ეროვნულ დონეზე, სამართლებრივი სისტემა და ლიცენზირების პროცესი გარკვეულწილად იძლევა წინააღმდეგობის შანსს, თუმცა შიდა პოლიტიკური დინამიკა ხშირად გამორიცხავს კონსულტაციის უფლების გაფართოვებას ჰესებთან რეალური წინააღმდეგობის უფლებამდე.[63] საერთაშორისო დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ჰესების მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებებით ძლიერდება მათი მოთხოვნების ლეგიტიმურობა და უფლებების აღიარება, მისი აღსრულება დიდწილად დამოკიდებულია სახელმწიფოს მზადყოფნაზე, ცნოს და აღიაროს ეს გადაწყვეტილებები (როგორც ეს ყოველივე „ბელო მონტეს“ შემთხვევაში მოხდა).[64] ბრაზილიის შემთხვევა აჩვენებს, რომ როცა საკითხი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისაა, როგორიცაა, მსხვილი ჰიდროპროექტები, ადამიანის უფლებები ასევე პოლიტიზებული ხდება, ხოლო ამ ნორმების ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ინტეგრირება რთულია.[65]

შესაბამისად, სოციალურ და გარემოსთან დაკავშირებულ კონფლიქტებში პროცედურული და ძირითადი უფლებების ურთიერთქმედება, ისევე როგორც უფლებების ჩარჩოს პოლიტიკური და სამართლებრივი პერსპექტივების ურთიერთგადაჯაჭვა, კომპლექსური ბუნებისაა. ლეგალისტური ხედვა ხშირად მხოლოდ პროცედურულ უფლებებზე ფოკუსირდება, კერძოდ, შესაბამის ჯგუფებთან წინასწარ კონსულტაციაზე, რაც ჰესების წინააღმდეგ ბრძოლას იმ შინაარსში აქცევს, თუ ვისი დანახარჯი და სარგებელია უპირატესი. ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, ჰესებით გამოწვეული ზეგავლენა ვიწროდ განიმარტება, პროცედურული ნორმები კი არც თუ იშვიათად დომინანტური პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახით სრულდება და განიმარტება. ჰესების მოწინააღმდეგეების ხედვა სცდება სახელმწიფოებისა და გლობალური კაპიტალის მიერ შემოთავაზებულ ჩარჩოს და დღის წესრიგში შემოაქვს ადამიანის უფლებების როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პოტენციალი, რადგან, მარტოოდენ ლეგალისტური ხედვა და პროცედურული ნორმების დაცვა ვერასდროს გადალახავს ჰესების ზეგავლენის შედეგად ადგილობრივების წინაშე გამოწვეულ უსამართლობასა და უთანასწორობებს.[66]

ზემოაღნიშნული მსჯელობებით ნათელი ხდება, რომ ადამიანის უფლებების ჩარჩოს აქვს არსებითი ცვლილებებისთვის ბრძოლის პოტენციალი. ეს გამომდინარეობს იმ კომპლექსური და მრავალმხრივი ბუნებიდან, რომელიც ადამიანის უფლებებს ახასიათებს. მის შინაარსში მოქცეული სამართლებრივი (ლეგალისტური) და პოლიტიკური განზომილებები, განსხვავებული ბრძოლის მეთოდებისა და სტრატეგიების შემუშავების შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაგვრისა და უსამართლო მოპყრობის გამოცდილება მთელ მსოფლიოში ავლენს საერთო ნიშნებს, თოთოეული ქვეყნისა და საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტები მაინც სპეციფიკურია. ამ მხრივ, ადამიანის უფლებათა ჩარჩო კიდევ უფრო „მიმზიდველად“ გამოიყურება, რადგან მისი მრავალმხრივი ბუნება შესაძლებელს ხდის განსხვავებული კონტექსტების ათვისებას და შესაბამისი წინააღმდეგობის მეთოდების შემუშავებას.

 

განსხვავებული თეორიული ჩარჩოებისა და აქტორების ურთიერთქმედება

ჰესების მოწინააღმდეგეების დისკურსი, მათი პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები, როგორც წესი, რაიმე ერთი კონკრეტული თეორიული ჩარჩოთი არაა შემოსაზღვრული და სოციო-ეკონომიკურ, კულტურულ, საცხოვრებელ გარემოსთან და ბუნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს კვეთს. ცალკეულ შემთხვევებში არსებობს დომინანტური დისკურსები, თუმცა ჰესების სპეციფიკიდან გამომდინარე ის სხვა ფაქტორებთანაც ურთიერთქმედებს.

კულტურული და საცხოვრებელი გარემოს დაცვის საკითხი ერთ-ერთი ცენტრალურია ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობებში. აქ იგულისხმება წინააღმდეგობის ის მოტივები, რომლებიც ნასაზრდოებია ადგილობრივების კავშირებიდან თავიანთ მიწასა და წყალთან; იმ დატვირთვიდან, რომელიც აქვს გარემოს, მათი კულტურული და რელიგიური თავისებურებების გათვალისწინებით; ასევე, რესურსების მოხმარების ადგილობრივი, ტრადიციული ფორმებიდან და შინაარსიდან გამომდინარე საკითხები.

ეს დისკურსი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივმა მოსახლეობებმა და აქტივისტებმა დაამკვიდრეს. ერთ-ერთი ავტორი მიუთითებს, რომ ექსტრაქტივიზმისა და დეველოპმენტალიზმის საპირისპიროდ, აქტივისტებმა ლათინურ ამერიკაში განავითარეს მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ბუნებრივი რესურსების გასაქონლება (კომოდიფიკაცია) განვითარების მოტივით დაუშვებელია. ისინი უნდა განიხილებოდნენ კაცობრიობის ბუნებრივ, სოციალურ და კულტურულ მემკვიდრეობად.[67] ადგილობრივების კულტურული და რელიგიური კავშირები მიწასთან და წყლის რესურსებთან განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს.[68] ბრაზილიის ერთ-ერთ რეგიონში ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობაში ჩართული ადგილობრივები მიუთითებდნენ მათი ისტორიული და კულტურული კავშირების შესახებ საკუთარ მიწასთან და მდინარესთან, ადგილობრივ სოფლის მეურნეობაზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და ბიომრავალფეროვნებაზე, რაზეც აფუძნებდნენ კიდეც მოთხოვნებსა და სამოქმედო სტრატეგიებს.[69]

ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობებს მასშტაბური და კომპლექსური ბუნება აქვს. მასში ადგილობრივებისა და აქტივისტების გარდა აქტიურად არიან ჩართულნი მეცნიერები, ექსპერტები, მკვლევრები, იურისტები და სხვა.[70]

კულტურული საკითხების წინ წამოწევამ და ე.წ. ემოციური ჩარჩოს გამოყენებამ წარმატებები მოიტანა მიანმარში, სადაც აქტვისტების ძალისხმევით “Myitsone”-ის ჰესების მშენებლობა შეჩერდა. ადგილობრივები მიუთითებდნენ, რომ ჰესი შენდებოდა მათ წმინდა მდინარეზე, საფრთხე კი მთლიანად ადგილობრივთა და ეროვნულ კულტურას ექმნებოდა.[71] დასაწყისისთვის ამ პროცესში მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ ჩართულები, რომლებზეც ჰესი უშუალო ზეგავლენას მოახდენდა, პროცესს კი „ღარიბთა ინვაირონმენტალიზმი“ უწოდეს.[72] ამასთანავე, ჰესების მოწინააღმდეგეები ამახვილებდნენ ყურადღებას გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე, მოსახლეობის გადასახლებასა და სხვა მძიმე სოციალურ შედეგებზე.[73] ამ პროცესში აქტივისტთა ფართო ჯგუფი ჩაერთო, მობილიზაციის სხვადასხვა ხერხების გამოყენებით კი (დემონსტრაციები, საჯარო ლოცვის ცერემონიები, კულტურული ღონისძიებები და სხვა), საბოლოოდ, 2011 წელს, ჰესის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.[74]

ასევე წარმატებულად ხორციელდება პროტესტი ტაილანდში “Kaeng Suea Ten”-ის დაგეგმილი ჰესის წინააღმდეგ, სადაც ადგილობრივთა კულტურულ და სოციო-ეკონომიკურ ჩარჩოს მნიშვნელოვანწილად დაეხმარა გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ამ უკანასკნელთა დახმარებით, დღის წესრიგში შემოვიდა გარემოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საკითხი და ამდენად, ე.წ. კონსერვაციის ჩარჩო, რაც ასევე გაიზიარეს ადგილობრივებმა (რომლებიც, თავის მხრივ, ბუნებრივი რესურსების მოხმარების ტრადიციული გზებისა და ფორმების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდნენ).[75] ადგილობრივები მობილიზაციისა და პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ, როგორიცაა დემონსტრაციები, ტერიტორიის 24-საათიანი მონიტორინგი, რელიგიური პრაქტიკები და სხვა. არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მყარდება სხვადასხვა სახის კავშირები და ეწყობა განხილვები.[76] პროტესტის მრავალმხრივი და აქტიური ბუნების გამო ჰესის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და გარმოსდაცვითი ფაქტორები ურთიერთქმედებენ და მსხვილი ჰიდროპროექტების საწინააღმდეგო ძლიერ ჯაჭვს ქმნიან. როგორც ერთ-ერთი ავტორი მიუთითებს, ინდოეთში “Tehri”-ის ჰესის მიმართ არსებული წინააღმდეგობა არ იყო უბრალოდ უთანხმოება პროდუქტიულობისა და არაპროდუქტიულობის, ხარჯებისა და სარგებელის, გადასახლებისა და დარჩენის საკითხებზე. სინამდვილეში ის თანამედროვე განვითარების მოდელების პირისპირ არსებულ ფილოსოფიურ, კულტურულ, რელიგიურ, პოლიტიკურ და მორალურ დებატებს ასახავდა.[77]

როგორც ითქვა, მრავალფეროვანია იმ აქტორების წრე, რომლებიც ხშირად ერთიანდებიან ჰესების წინააღმდეგ. მაგალითად, ფართომასშტაბიანი და მრავალმხრივი წინააღმდეგობრივი ბუნება აქვს ინდოეთსა და ჩინეთში მიმდინარე პროტესტებს ზოგიერთ ჰესთან დაკავშირებით. ეს წინააღმდეგობა არაა შეზღუდული მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულთა ადგილობრივი აქტივიზმით, არამედ მასში ინტეგრირებულია გარემოსდაცვითი და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობების საერთაშორისო ქსელი. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, „საერთაშორისო მდინარეები“ (International Rivers), მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰესებით გამოწვეული ზიანის შესახებ ცოდნების გავრცელებისა და ე.წ. „გრასრუთს“ მოძრაობების მხარდაჭერის საკითხში.[78]

გამოცდილება აჩვენებს, რომ თეორიული და სამოქმედო ჩარჩოები წარმატებულია მაშინ, როცა ის მაქსიმალურად იყენებს განსხვავებულ და ურთიერთდაკავშირებულ დისკურსებს, გამოკვეთს სხვადასხვა ფაქტორებს, სტრატეგიებსა და პოლიტიკურ რესურსს. ამ ჩარჩოებში უნდა ინტეგრირდებოდეს ადგილობრივად არსებული შეხედულებები და ღირებულებები, ასევე საკითხები უნდა ისმებოდეს უფრო ფართო კულტურული ფასეულობებისა და პოლიტიკური იდეოლოგიების ჭრილში.[79] თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ, საბოლოოდ, წარმატებული შედეგის დადგომაში მნიშვნელოვან როლს ბევრი სხვა ცვლადი თამაშობს, მათ შორის ის, თუ რამდენად დამოუკიდებელია სხვადასხვა საჯარო დაწესებულება, სასამართლო, პრესა, ადგილობრივი ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორი, სამეცნიერო საზოგადოება და სხვა.[80]

 

წყლის მართვა, როგორც ტრადიცია და კულტურა

ჰესების მშენებლობა გარდაუვლად უკავშირდება ადგილობრივი გარემოსა და უფრო კონკრეტულად, წყლის რესურსების, მისი მოხმარებისა და გამოყენების გზების რადიკალურ ცვლილებას. ნეოლიბერალიზმისა და პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად, განვითარების მოტივებით, სახელმწიფო და, უფრო ხშირად კი - კერძო კომპანიები, რესურსების გასაქონლებას და მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ. ამ პროცესში, როგორც წესი, მხედველობის მიღმა რჩება წყლის დანიშნულებისა და მოხმარების ადგილობრივი კონტექსტი და ტრადიციები.

წყლის რესურსების გლობალური კაპიტალის მიერ მიტაცებისა და ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად, სხვადასხვა თეორიული მიდგომები არსებობს, რასაც ემყარება კიდეც პრაქტიკული პოლიტიკური დღის წესრიგი. ყველაზე გავრცელებულ მიდგომებად შეიძლება დასახელდეს „წყლის საერთოობის“ იდეა, რომელიც წყლის რესურსების ცენტრალიზებულად, ზემოდან ქვემოთ მართვის სტრატეგიას, ისევე როგორც მის პრივატიზაციას, მკვეთრად ეწინააღმდეგება;[81] თავის მხრივ, დამოუკიდებელ ხედვად მიიჩნევა და დღესდღეობით აქტივიზმში ყველაზე ხშირად გამოყენებადიცაა „ანტიპრივატიზაციის“ მიდგომა, რომელიც წყლის რესურსების არა კერძო, არამედ საჯარო აქტორების მიერ მართვაზე აკეთებს აქცენტს.[82] მესამე ყველაზე აქტიური იდეა უფლებების ენას და მის გამოყენებას უკავშირდება. „უფლება წყალზე“ (right to water) - ეს ტერმინი ასახავს წყალზე ინდივიდებისა თუ მოსახლეობის უფლების სამართლებრივ აღიარებას (რაც განსხვავებულია „ადამიანის უფლებისგან წყალზე“ (human right to water), რომელიც უფრო იმ იდეას მიემართება, რომ განურჩევლად ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ბაზისური საჭიროებებისთვის, ცხოვრებისა და ღირსებისთვის შესაფერის წყალზე წვდომა).[83] მიუხედავად იმისა, რომ „უფლება წყალზე“ მხოლოდ მსოფლიოს ოთხ ქვეყანაშია ფორმალურ-სამართლებრივ დონეზე აღიარებული, ის, როგორც პოლიტიკური დისკურსი, მსოფლიოს გარშემო აქტიურად გამოიყენება.[84] „უფლება წყალზე“ რესურსების იმგვარ აღიარებას, მართვასა და გამოყენებას გულისხმობს, რომელიც, პირველ რიგში, მაქსიმალურად უზრუნველყოფს წყალზე საყოველთაო ხელმისაწვდომობას, მის მართვასა და ხარისხს. თუმცა, ამას გარდა, ჰიდროსოციალური გამოწვევების ფონზე, „უფლება წყალზე“ დამატებით შრეებს იძენს და უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, ეკოლოგია, წყლის გამოყენება ირიგაციისთვის და ზოგადად სოფლის მეურნეობისთვის, კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და სხვა.[85] სწორედ აქ შემოდის საკითხიც იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს „უფლება წყალზე“ ან სხვა მიდგომები, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში, ადგილობრივ გარემოსა და მასთან მოსახლეობის კავშირების ცვლილებისა და საფრთხის ქვეშ დაყენების გამოწვევებს.

ზემოაღნიშნული მიდგომები გარკვეულ საკითხებში განსხვავებულ ხედვებსა და სტრატეგიებს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა, ფუნდამენტურ საკითხებში ისინი ურთიერთმკვეთია და არა წინააღმდეგობრივი. ყველა მათგანი მიუთითებს წყლის, როგორც რესურსის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, მასზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, ეწინააღმდეგება გლობალური კაპიტალის მიერ წყლის რესურსების მიტაცებისა და ექსპლუატაციის მცდელობებს და ამდენად, პრინციპულ ოპოზიციაშია ნეოლიბერალური ხედვის მიერ შემოთავაზებულ წესრიგთან, რომელიც წყლისა და მიწის რესურსების მასობრივ პრივატიზაციას ახდენს.

ჰესების მშენებლობა გარდაუვლად ზემოქმედებს წყლის მართვის ადგილობრივ, ტრადიციულ ფორმებზე და ხშირად კულტურული და რელიგიური დატვირთვის ნიველირებასაც ახდენს. ნეოლიბერალური მარკეტიზაციისა და პრივატიზაციის ფონზე, წყლის რესურსების მართვის ადგილობრივი ფორმები არალეგიტიმურად და არარაციონალურად ცხადდება, მართვის სადავეები კი კერძო კომპანიებსა და ცენტრალიზებულ ბიუროკრატიულ აპარატს გადაეცემა. მაგალითად, წყლის მართვა ინდოეთში ცენტრალიზებული ხელისუფლების ბიუროკრატების, საფინანსო ინსტიტუტების (როგორებიცაა „მსოფლიო ბანკი“ ან „აზიის განვითარების ბანკი“), კერძო კომპანიების და ძლიერი პოლიტიკური გავლენების მეშვეობით ხორციელდება.[86] ეს ექსპორტზე მიმართული ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლება, მუდმივად ახდენენ წყლის მართვის ადგილობრივი ფორმებისა და ტექნიკების ექსპროპრიაციას ან ამ ტრადიციების განადგურებას.[87] მიუხედავად იმისა, რომ წყლის მართვის ეს ფორმები არ არის იდეალური, „მან დანამდვილებით გაუძლო დროს. მისი გადარჩენის ისტორია ამტკიცებს, რომ ის ეკოლოგიურად სიცოცხლისუნარიანი და ეფექტიანია. თუმცა, იმის გამო, რომ მას მიიჩნევენ როგორც „ტრადიციულს“, თანამედროვე ინჟინრები და ე.წ. განვითარების ექსპერტები ცდილობენ მის უარყოფასა და გაქრობას. წყლის აპროპრიაციის ზოგიერთი ძველი სისტემა ინჟინრებმა გამოსადეგად მიიჩნიეს და აითვისეს, აღიარეს რა, როგორც ‘მოდერნული’. დანარჩენები კი უარყვეს, როგორც ‘ტრადიციულები’.“[88] ინდოეთში, ყოველივე ამის მოსპობა, კოლონიურ ინტერვენციებს უკავშირდება. წყლის მართვის ტრადიციული ფორმების განადგურებისკენ მიმართული მიდგომაც კოლონიური მემკვიდრეობის ნაწილია.[89] წყლის რესურსების მართვისა და კონსერვაციის ტრადიციების, კულტურისა და ტექნიკების განადგურების ფონზე, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა წარმოჩინდება, როგორც უალტერნატივო გზა.[90]

გარდა იმისა, რომ ნეოლიბერალური კაპიტალიზმის პირობებში წყლის რესურსების მართვის ტრადიციული ფორმები სრულად იგნორირებულია, პოლიტიკური მსჯელობების ველიდან ასევე მიჩქმალულია მდინარეების რელიგიური და კულტურული დატვირთვა. მდინარეების როლი და დანიშნულება განსაკუთრებით კომპლექსურია ე.წ. „დასავლური სამყაროს“ (თუ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაყოფის ამ ნეოორიენტალისტურ მიდგომას გამოვიყენებთ) მიღმა. მსოფლიოს მრავალ ადგილას მდინარეები არა უბრალოდ კვებისა და გადარჩენის წყაროა, არამედ ხშირად გადაჯაჭვულია საზოგადოების კულტურულ და სულიერ პრაქტიკებთან და მათ აუცილებელ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა.[91]

მაგალითად, ინდოეთში მდინარეების მნიშვნელობა მჭიდროდაა დაკავშირებული სიწმინდის ცნებასთან. „სიწმინდის პოლიტიკა“ ქმნის ისეთ იდეას, რომელიც მოდერნულობის პათოსს და ბუნების ტექნოკრატიულ კონტროლს წინააღმდეგობრივი პოზიციებიდან უყურებს.[92] მიწისა და წყლის კულტურული და რელიგიური დატვირთვის შესახებ მიუთითებდნენ ადგილობრივები ბრაზილიაში, მიანმარში, ტაილანდში და სხვა.

ზემოთქმულის საფუძველზე, როგორც „წყალზე უფლების“ კონცეფცია, ასევე ანტიპრივატიზაციისა და წყლის საერთოობის იდეები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ. ისინი გვთავაზობენ ჩარჩოებს, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება დაისვას კითხვები განვითარების თანამედროვე მოდელისა და ბუნებრივი რესურსების გასაქონლების წინააღმდეგ; დღის წესრიგში შემოვიდეს მსჯელობა წყლის მოხმარების ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურული მნიშვნელობის შესახებ. თითოეული ჩარჩო იძლევა პოლიტიკური ბრძოლისა და წინააღმდეგობის საფუძვლებს, რომელიც დომინანტურ დისკურსს, როგორც გლობალური კაპიტალის სამსახურში მყოფს, ლეგიტიმურად უპირისპირდება.

 

დასკვნა

ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობებმა მსოფლიოს გარშემო მნიშვნელოვანი წინააღმდეგობრივი ბუნება გამოავლინეს. ბრძოლისა და აქტივიზმის ეს ფორმა არ არის უბრალოდ დაპირისპირება ჰესებთან, როგორც ადგილობრივი გარემოსთვის საფრთხის შემქმნელ პროექტებთან. ჰესების მიმართ წინააღმდეგობაში ვლინდება დომინანტური პოლიტიკური და ეკონომიკური მიდგომების კრიტიკა და განვითარების თანამედროვე ხედვების უარყოფა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰესების მასობრივი მშენებლობები არ არის შემთხვევითობა. ესაა გლობალური ეკონომიკური წესრიგის გამოვლინება, სადაც ბუნებრივი რესურსების გასაქონლება და პრივატიზება განვითარების ერთადერთ და უალტერნატივო გზადაა მიჩნეული, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობების უფლებების შელახვის, მათი საარსებო გარემოს მოსპობის, ბუნებასთან მათი კულტურული და რელიგიური კავშირების არაფრად ჩაგდებისა და გარემოზე გამოუსწორებელი ზიანის მიყენებით, ისევ და ისევ გლობალური ძალაუფლებრივი აქტორების ხელში კაპიტალის აკუმულაციას ისახავს მიზნად. როგორც არუნდატი როი აღნიშნავს, ჰესები უბრალოდ ერთ-ერთი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც წყალს და მიწას ართმევენ ღარიბებს, და აძლევენ მდიდრებს.[93]

ჰესების მოწინააღმდეგეები სწორედ ამ უთანასწორობის, უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლებად გვევლინებიან. მათი სტრატეგიები, მუდმივად არტიკულირებადი მოთხოვნები, დღის წესრიგი, თეორიული ჩარჩოები და მიდგომები აჩვენებს, რომ მათი ბრძოლა არ არის ვიწრო, პარტიკულარული ინტერესებით შემოსაზღვრული. ამის გამო არის კიდეც, რომ ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობებში არასდროს შედიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებზეც ჰესები უშუალო ზეგავლენას ახდენს (ადგილობრივი მოსახლეობები), არამედ მასში ერთიანდებიან გარემოს დამცველები, ადამიანის უფლებათა აქტივისტები, მეცნიერები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფები. ამ გაერთიანების საფუძველი კი სწორედ წუხილებისა და ჩაგვრის საერთოობაა.

გლობალური უთანასწორობის მარწუხები ყველას სწვდება. ის ადამიანსაც ანადგურებს და გარემოსაც. ამიტომ, ყველა, ვინც იბრძვის უთანასწორობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, იბრძვის ადამიანისთვისაც, და იბრძვის გარემოსთვისაც.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

Bibliography

  1. Large Dams in Asia: Contested Environments between Technological Hydroscapes and Social Resistance, Editor: Marcus Nüsser, Advances in Asian Human-Environmental Research, 2014;
  2. David J. Hess, The anti-dam movement in Brazil: expertise and design conflicts in an industrial transition movement, Tapuya: Latin American Science, Technology and Society, 2018;
  3. Julian Kirchherr, Strategies of Successful Anti-Dam Movements: Evidence from Myanmar and Thailand, Society & Natural Resources An International Journal, 2017;
  4. Patrick McCully, Silenced Rivers: The Ecology and Politics of Large Dams, enlarged and updated edition, 2001;
  5. Marieke Riethof, The international human rights discourse as a strategic focus in socio-environmental conflicts: the case of hydro-electric dams in Brazil, The International Journal of Human Rights, 2017;
  6. Peter Taylor Klein, Engaging the Brazilian state: the Belo Monte dam and the struggle for political voice, The Journal of Peasant Studies, 2015;
  7. Ed Atkins, Disputing the ‘National Interest’: The Depoliticization and Repoliticization of the Belo Monte Dam, Brazil, School of Geographical Sciences, University of Bristol, 2019;
  8. Ed Atkins, Dams, political framing and sustainability as an empty signifier: the case of Belo Monte, School of Sociology, Politics and International Studies, University of Bristol, 2017;
  9. Odette Mazel, The Evolution of Rights: Indigenous Peoples and International Law, Australian Indigenous Law Review , Vol. 13, No. 1, 2009;
  10. Jeff J. Corntassel and Tomas Hopkins Primeau, Indigenous "Sovereignty" and International Law: Revised Strategies for Pursuing "Self-Determination", Human Rights Quarterly, Vol. 17, No. 2, 1995;
  11. Linzhu Wang, The Definition of Indigenous Peoples and its Applicability in China, International Journal on Minority and Group Rights, Vol. 22, No. 2, 2015;
  12. Kirchherr, J., Charles, K. J., Walton, M. J., Multi-causal pathways of public opposition to dam project in Asia: A fuzzy set qualitative comparative analysis (fsQCA), Global Environmental Change, 2016;
  13. PERMANENT COUNCIL OF THE ORGANIZATION OF AMERICAN STATES COMMITTEE ON JURIDICAL AND POLITICAL AFFAIRS, REPORT OF THE UNIT FOR SUSTAINABLE DEVELOPMENT AND ENVIRONMENT ON ITS EFFORTS IN THE FIELD OF HUMAN RIGHTS AND THE ENVIRONMENT, 14 November, 2003;
  14. Kjersti Thorkildsen, ‘Land yes, dam no!’ Justice-seeking strategies by the anti-dam movement in the Ribeira Valley, Brazil, The Journal of Peasant Studies, 2016;
  15. Oriol Mirosa, Leila M. Harris, Human Right to Water: Contemporary Challenges and Contours of a Global Debate, Antipode Vol. 44 No. 3, 2012;
  16. https://emc.org.ge/ka/products/ekstraktivizmi-da-neoekstraktivizmi-erti-da-imave-tsqevlis-ori-mkhare?fbclid=IwAR1fQRS_3aGnuB8wpVWicF7VOtL5JZawDDBs7CWioOFmIpYvDpdAdvIK6yE
  17. https://emc.org.ge/ka/products/amerika-da-globaluri-dzalauflebis-akhali-modeli

 

[1] Marcus Nüsser, Technological Hydroscapes in Asia: The Large Dams Debate Reconsidered, Large Dams in Asia: Contested Environments between Technological Hydroscapes and Social Resistance, Editor: Marcus Nüsser, Advances in Asian Human-Environmental Research, 2014, p. 4.

[2] Julian Kirchherr, Strategies of Successful Anti-Dam Movements: Evidence from Myanmar and Thailand, Society & Natural Resources An International Journal, 2017, p. 3.

[3] David J. Hess, The anti-dam movement in Brazil: expertise and design conflicts in an industrial transition movement, Tapuya: Latin American Science, Technology and Society, 2018, p. 259

[4] იქვე.

[5] Patrick McCully, Silenced Rivers: The Ecology and Politics of Large Dams, enlarged and updated edition, 2001, p. 281.

[6] ბუნებრივი გარემოს პოლიტიკური მნიშვნელობის რწმენა. ის ხშირად გამოიყენება (ეკოლოგიზმის საპირისპიროდ) ბუნებისადმი რეფორმისტული დამოკიდებულების აღსანიშნავად, რომელიც ადამიანურ მოთხოვნილებებსა და ზრუნვას ასახავს.

[7] იქვე.

[8] Marieke Riethof, The international human rights discourse as a strategic focus in socio-environmental conflicts: the case of hydro-electric dams in Brazil, The International Journal of Human Rights, 2017, p. 484.

[9] ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/ekstraktivizmi-da-neoekstraktivizmi-erti-da-imave-tsqevlis-ori-mkhare?fbclid=IwAR1fQRS_3aGnuB8wpVWicF7VOtL5JZawDDBs7CWioOFmIpYvDpdAdvIK6yE

[10] ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/ekstraktivizmi-da-neoekstraktivizmi-erti-da-imave-tsqevlis-ori-mkhare?fbclid=IwAR1fQRS_3aGnuB8wpVWicF7VOtL5JZawDDBs7CWioOFmIpYvDpdAdvIK6yE

[11] https://emc.org.ge/ka/products/amerika-da-globaluri-dzalauflebis-akhali-modeli

[12] ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/ekstraktivizmi-da-neoekstraktivizmi-erti-da-imave-tsqevlis-ori-mkhare?fbclid=IwAR1fQRS_3aGnuB8wpVWicF7VOtL5JZawDDBs7CWioOFmIpYvDpdAdvIK6yE

[13] Patrick McCully, დასახელებული ნაშრომი, p. 282.

[14] Peter Taylor Klein, Engaging the Brazilian state: the Belo Monte dam and the struggle for political voice, The Journal of Peasant Studies, 2015, p. 1141.

[15] David J. Hess, დასახელებული ნაშრომი, p. 266.

[16] Ed Atkins, Disputing the ‘National Interest’: The Depoliticization and Repoliticization of the Belo Monte Dam, Brazil, School of Geographical Sciences, University of Bristol, 2019, p. 3.

[17] Ed Atkins, Dams, political framing and sustainability as an empty signifier: the case of Belo Monte, School of Sociology, Politics and International Studies, University of Bristol, 2017, p. 3.

[18] იქვე.

[19] იქვე, p. 4.

[20] იქვე, p. 3.

[21] იქვე.

[22] Ed Atkins, Disputing the ‘National Interest’: The Depoliticization and Repoliticization of the Belo Monte Dam, Brazil, p. 4.

[23] იქვე.

[24] იქვე.

[25] იქვე, p. 5.

[26] იქვე.

[27] იქვე.

[28] Ravi Baghel, Misplaced Knowledge: Large Dams as an Anatopism in South Asia, Large Dams in Asia: Contested Environments between Technological Hydroscapes and Social Resistance, Editor: Marcus Nüsser, Advances in Asian Human-Environmental Research, 2014, p. 16.

[29] იქვე.

[30] Ed Atkins, Disputing the ‘National Interest’: The Depoliticization and Repoliticization of the Belo Monte Dam, Brazil, p. 6.

[31] იქვე, p. 7.

[32] იქვე.

[33] იქვე, 11.

[34] Odette Mazel, The Evolution of Rights: Indigenous Peoples and International Law, Australian Indigenous Law Review , Vol. 13, No. 1, 2009, p. 146.

[35] იქვე, p. 151.

[36] Marieke Riethof, დასახელებული სტატია, p. 487.

[37] Jeff J. Corntassel and Tomas Hopkins Primeau, Indigenous "Sovereignty" and International Law: Revised Strategies for Pursuing "Self-Determination", Human Rights Quarterly, Vol. 17, No. 2, 1995, p. 365.

[38] Linzhu Wang, The Definition of Indigenous Peoples and its Applicability in China, International Journal on Minority and Group Rights, Vol. 22, No. 2, 2015, pp. 239-240.

[39] Marieke Riethof, დასახელებული სტატია, p. 487.

[40] იქვე, p. 486.

[41] იქვე.

[42] იქვე, p. 487.

[43] Kirchherr, J., Charles, K. J., Walton, M. J., Multi-causal pathways of public opposition to dam project in Asia: A fuzzy set qualitative comparative analysis (fsQCA), Global Environmental Change, 2016, p. 4.

[44] Marieke Riethof, დასახელებული სტატია, p. 487.

[45] იქვე.

[46] იქვე.

[47] Ed Atkins, Disputing the ‘National Interest’: The Depoliticization and Repoliticization of the Belo Monte Dam, Brazil, p. 10.

[48] Marieke Riethof, დასახელებული სტატია, p. 487.

[49] იქვე, p. 488.

[50] იქვე.

[51] იქვე.

[52] Marcus Nüsser, დასახელებული სტატია, p. 10.

[53] Marieke Riethof, დასახელებული სტატია, p. 488.

[54] Taylor Klein, დასახელებული სტატია, p. 1147.

[55] PERMANENT COUNCIL OF THE ORGANIZATION OF AMERICAN STATES COMMITTEE ON JURIDICAL AND POLITICAL AFFAIRS, REPORT OF THE UNIT FOR SUSTAINABLE DEVELOPMENT AND ENVIRONMENT ON ITS EFFORTS IN THE FIELD OF HUMAN RIGHTS AND THE ENVIRONMENT, 14 November, 2003, p. 2.

[56] Peter Taylor Klein, დასახელებული სტატია, 1139.

[57] Marieke Riethof, დასახელებული სტატია, pp. 490-491.

[58] Ed Atkins, Dams, political framing and sustainability as an empty signifier: the case of Belo Monte, p. 5.

[59] Ed Atkins, Disputing the ‘National Interest’: The Depoliticization and Repoliticization of the Belo Monte Dam, Brazil, p. 12.

[60] Marieke Riethof, დასახელებული სტატია, p. 491.

[61] იქვე.

[62] Kjersti Thorkildsen, ‘Land yes, dam no!’ Justice-seeking strategies by the anti-dam movement in the Ribeira Valley, Brazil, The Journal of Peasant Studies, 2016, p. 2.

[63] Marieke Riethof, დასახელებული სტატია, p. 491.

[64] იქვე, p. 493.

[65] იქვე.

[66] იქვე.

[67] Marieke Riethof, დასახელებული სტატია, p. 485.

[68] იქვე, p. 487.

[69] Kjersti Thorkildsen, დასახელებული სტატია, p. 4.

[70] David J. Hess, დასახელებული სტატია, p. 274.

[71] Julian Kirchherr, დასახელებული სტატია, pp. 5-6.

[72] იქვე, p. 6.

[73] იქვე, p. 7.

[74] იქვე, p. 8.

[75] იქვე, p. 9.

[76] იქვე.

[77] Hanna Werner, Rivers, Dams and Landscapes: Engaging with the Modern on Contested Grounds, Large Dams in Asia: Contested Environments between Technological Hydroscapes and Social Resistance, Editor: Marcus Nüsser, Advances in Asian Human-Environmental Research, 2014, p. 138.

[78] Marcus Nüsser, დასახელებული სტატია, pp. 9-10.

[79] David J. Hess, დასახელებული სტატია, p. 265.

[80] იქვე, p. 274.

[81] Oriol Mirosa, Leila M. Harris, Human Right to Water: Contemporary Challenges and Contours of a Global Debate, Antipode Vol. 44 No. 3, 2012, p. 936.

[82] იქვე.

[83] იქვე, p. 945.

[84] იქვე, p. 933.

[85] იქვე, p. 935.

[86] აზიის სტატიები, Filling Multipurpose Reservoirs with Politics: Displacing the Modern Large Dam in India Rohan D’Souza, გვ 70.

[87] Rohan D’Souza, Filling Multipurpose Reservoirs with Politics: Displacing the Modern Large Dam in India, Large Dams in Asia: Contested Environments between Technological Hydroscapes and Social Resistance, Editor: Marcus Nüsser, Advances in Asian Human-Environmental Research, 2014, p. 70.

[88] Hanna Werner, დასახელებული სტატია, p. 144.

[89] Rohan D’Souza, დასახელებული სტატია, p. 64.

[90] იქვე.

[91] Hanna Werner, დასახელებული სტატია, p. 136.

[92] იქვე.

[93] Marcus Nüsser, დასახელებული სტატია, p. 10.