დღეს, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების (UN CRPD) კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმის რატიფიცირების საკითხს განიხილავს.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია 2008 წლის 3 მაისს შევიდა ძალაში.

აღნიშნული დოკუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დისკრიმინაციის, გარიყვისა და მათ მიმართ არაჰუმანური მოპყრობის ხანგრძლივ ისტორიაზე.

კონვენცია ასახავს ადამიანის უფლებების თანამედროვე და ყველაზე პროგრესულ ტენდენციებს.

დოკუმენტი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან გარანტიებს როგორიც არის, დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე, გონივრული მისადაგება, უნივერსალური დიზაინი, უფლება ხელმისაწვდომ გარემოზე, თანაბარი სამართალსუბიექტობის უფლება, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უფლება და სხვა.

კონვენცია ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებების სტანდარტების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მექანიზმებს. კერძოდ, რეფორმების საკოორდინაციო ორგანოსა და ეროვნული მონიტორინგის მექანიზმის არსებობას, სახელმწიფოს ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში წარადგინოს ანგარიშები უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ და სხვა.

საქართველომ კონვენციას ხელი 2009 წლის 10 ივლისს მოაწერა. ამით ჩვენმა ქვეყანამ კონვენციის მიზნებთან თანხვედრა და ხოლო მასთან მიერთების მზადყოფნა გამოხატა. მიუხედავად საქართველოს სახალხო დამცველისა, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ისევე როგორც თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად საქართველო თავს იკავებდა კონვენციის რატიფიცირებისაგან. ამას ემატებოდა ისიც, რომ წლების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებდა და ამით ადამიანის უფლებებს არღვევდა. ის მცდელობები, რომელიც საქართველოს მხრიდან ამ მიმართულებით ამ დრომდე განხორციელდა შეიძლება დახასიათდეს, როგორც ფრაგმენტული და პირთა არაპროპორციულად მცირე ჯგუფზე გათვლილი. მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტის რატიფიცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების მდგომარების გაუმჯობესებას საქართველოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ქმედებებს, რამაც შესაძლებელი გახადა კონვენციასთან მიერთების პროცედურებში წინსვლა. ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და მხარი დაუჭიროს მის რატიფიცირებას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი

ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის

ააიპ ,,ვიმეგობროთ''