ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან ბოლო პერიოდში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ კრიზისულ მდგომარეობას და ამავე დროს, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას განუხრელად შეასრულოს ენერგეტიკის სექტორში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

2014 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და საქართველოს შესახებ რეზოლუციაც[1] მიიღო, რომელშიც ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის - ენერგეტიკასა და გარემოს დაცვაზე; რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას, დაეხმაროს და საფუძვლიანი მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციისთვის გამიზნული საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისას; თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ევროპარლამენტმა მოუწოდა, დაიცვან ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

2018 წლის 14 ნოემბერს ევროპარლამენტმა რეზოლუციით დაამტკიცა ანგარიში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობის შესახებ,[2] რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებზე. ევროპარლამენტმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ 2017 წლის ივნისში, ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დირექტივისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) დირექტივის მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. ამასთან, ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას:

  • შეიმუშაოს ქმედითი ენერგეტიკული სტრატეგია, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიების ათვისებასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებს;
  • გაზარდოს საზოგადოების მონაწილეობის დონე/ხარისხი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას;
  • გააუმჯობესოს საქართველოს მიერ მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი.

ევროპარლამენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს ჰიდროენერგიის შემდგომი განვითარება და, აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოსთხოვა საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყველა ჰიდროენერგეტიკული პროექტის შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან, კერძოდ, გზშ პროცესის გამჭვირვალობა, გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნული საკითხების ასახვა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების გამოძახილია, რომლებიც მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

  • განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სისტემური მიდგომისა და სტრატეგიის არქონა;[3] ახალი სიმძლავრეების მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები პრაქტიკულად არასოდეს არის დასაბუთებული, არ ხდება გარემოზე შეუქცევადი ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეპირისპირება გარემოსდაცვითი, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით.
  • ჰესების მშენებლობის დაგეგმვის გაუმართავი და გაუმჭვირვალ საკანონმდებლო ნორმები; მთავრობასა და ინვესტორს შორის ჰესის მშენებლობის შესახებ მემორანდუმის დადება გარემოზე ზემოქმედების შეფასებამდე ხდება, რაც აზრს უკარგავს გზშ-ს პროცესს.[4] ხშირად ჰესები იგეგმება/შენდება ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილებზე, არსებულ ან პოტენციურ დაცულ ტერიტორიაზე.[5]
  • ჰიდროენერგოსექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორებისთვის ხანგრძლივი პერიოდით ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შეთავაზება; მსგავსი მიდგომა ამახინჯებს თავისუფალი ბაზრის იდეას და ეწინააღმდეგება ენერგოთანამეგობრობის წესებსა და მასთან დაკავშირებულ საქართველოს ვალდებულებებს.[6] ასევე, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მშენებლობის ნებართვები გაიცემა უხარისხო გზშ ანგარიშების საფუძველზე, რომლებზეც  ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში ნებართვა არ გაიცემოდა. 
  • პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და დამოუკიდებელი ექსპერტების არასაკმარისი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; საუკეთესო შემთხვევაში ხდება მხოლოდ დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და არგუმენტების გათვალისწინების გარეშე.[7]
  • გარემოსდაცვითი/უსაფრთხოების კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებისა და ნორმების არარსებობა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფა და საბჭოთა პერიოდის მოძველებული ნორმებით სარგებლობა (მაგალითად, მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის განსაზღვრის მეთოდიკა).
  • ექსპლუატაციაში შესული ჰესების მიერ მინიმალური სტანდარტების, სანებართვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ვალდებულებების და საკომპენსაციო ღონისძიებების შეუსრულებლობა და ამაზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება.
  • ენერგეტიკის სექტორში არსებული ინტერესთა კონფლიქტები და ელიტური კორუფციის საფრთხეები.[8]

აღნიშნული ხარვეზების გამო, სამწუხაროდ, პრაქტიკაში მცირე ჰესის მშენებლობაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებრივ და სოციალურ გარემოს. ამგვარად აშენებული ჰესების ენერგეტიკული ეფექტურობა და ეკონომიკური სარგებელი, ხშირად, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საპროექტო პირობებს. ზემოაღნიშნული ხარვეზების გამო, თითქმის ყველა რეგიონში, სადაც ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს/დაგეგმილია, ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სხვადასხვა მშვიდობიანი ფორმით გამოთქვამენ პროტესტს.[9] ამ სამართლიან პროტესტს გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფო უკანონოდ ზღუდავს რეპრესიული ინსტრუმენტებით, რაც კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემებს და სოციალურ კონფლიქტებს. ეს ყოველივე, კონკრეტულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილი პროექტების მიმართ კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას უჩენს.

ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისა და ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით:

  • მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით, დაუყოვნებლივ მოამზადოს ქვეყნის  ენერგეტიკული სტრატეგია და უზრუნველყოს მისი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება; შეიმუშაოს და დაამტკიცოს ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის რისკების შეფასებას (გარემოსდაცვითი, სოციალური, გენდერული, იძულებითი განსახლების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის და სხვა). მოვითხოვთ, ამ დოკუმენტების შემუშავებამდე შეწყდეს ახალი პროექტების ინიცირება/ განხორციელება.
  • ვთხოვთ ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს, დაეხმარონ ევროკომისიას ევროპარლამენტის ზემოაღნიშნული რეზოლუციის შესრულებაში; მონიტორინგი გაუწიონ საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოების მონაწილეობის, გამჭვირვალობის, ადამიანის უფლებების დაცვის, ინტერესთა კონფლიქტებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების საკითხებს; გააცნონ საქართველოს საზოგადოებას, თუ რა ნაბიჯებს დგამენ ევროპარლამენტის აღნიშნული რეზოლუციების შესასრულებლად.
  • მოვუწოდებთ დონორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, თავი შეიკავონ პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისგან, ევროპარლამენტის 2018 წლის N2017/2282(INI) რეზოლუციით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებამდე.  

ხელმომწერები:

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

ენერგოეფექტურობის ფონდი

ახალგაზრდა მწვანეები

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] European Parliament non-legislative resolution of 18 December 2014 on the draft Council decision on the conclusion, on behalf of the European Union, of the Association Agreement between the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States, of the one part, and Georgia, of the other part (09827/2014 – C8-0129/2014 – 2014/0086(NLE) – 2014/2816(INI))

[2] European Parliament resolution of 14 November 2018 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2017/2282(INI)) http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//TEXT+TA+P8-TA-2018-0457+0+DOC+XML+V0//EN&language=EN

[3] საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მოამზადა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია 2016-2025“, რომლის საჯარო განხილვები არ გამართულა, დოკუმენტს არ ჩატარებია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და არ დამტკიცებულა ნორმატიული აქტით კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ პროექტის სახით არის გამოქვეყნებული. http://www.energy.gov.ge/projects/pdf/pages/Sakartvelos%20Energetikis%20Ganvitarebis%20Strategia%2020162025%20Samushao%20Dokumentielektroenergetikis%20Natsili%201641%20geo.pdf

[4] მემორანდუმებთან დაკავშირებული დეტალური შეფასებისთვის იხილეთ: The World Bank - Assessment of Fiscal Costs and Tariff Impacts of Power Purchase Agreements; February 22, 2018 ხელმისაწვდომია: http://greenalt.org/wp-content/uploads/2018/09/Assessment_of_HPP_Cost_2018.pdf

მწვანე ალტერნატივა - ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმები და შეთანხმებები, სამართლებრივი ანალიზი 2012; ხელმისაწვდომია: http://www.greenalt.org/webmill/data/file/legal_analysis_of_memorandums_agreements.pdf

[5] UNEP and WWF, 2013. TEEB Scoping Study for Georgia. United Nations Environment Programme
(UNEP), Geneva, Switzerland, http://doc.teebweb.org/wp-content/uploads/2014/01/TEEB-Scoping-Study-for-Georgia_2013WEB.pdf

[6] იხ. ენერგოთანამეგობრობის შეფასება https://www.energy-community.org/implementation/Georgia/RE.html?fbclid=IwAR1C5jisV6tNvTs793BRbNcAEBbY1pXc23LVc08dd1PJUEfjxBpaLlxodZI

[7] მწვანე ალტერნატივა: „საზოგადოების მონაწილეობა ენერგეტიკის პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას“;  ხელმისაწვდომია: http://greenalt.org/wp-content/uploads/2018/06/public_participation_energy_projects_policy_brief_GEO.pdf

[8] მწვანე ალტერნატივა „ენერგოპროექტები და კორუფცია საქართველოში, 2013“; ხელმისაწვდომია: http://greenalt.org/wp-content/uploads/2013/11/Energy_project.pdf ; ასევე - „ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები, 2015“, http://greenalt.org/wp-content/uploads/2015/03/bunebrivi_resursebis_martva.pdf?

[9] მაგალითისთვის იხილეთ: EMC-ის განცხადება „EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პანკისის ხეობაში ადგილობრივი აქტივისტების და თემის წევრების შევიწროებისა და კონტროლის პრაქტიკა“; ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-moutsodebs-shinagan-sakmeta-saministros-shetsqvitos-pankisis-kheobashi-adgilobrivi-aktivistebis-da-temis-tsevrebis-shevitsroebisa-da-kontrolis-praktika ;

EMC – „სვანეთი სოციალური კონტროლის და პოლიციური ტერორის ზღვარზე”; ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/svaneti-sotsialuri-kontrolis-da-politsiuri-teroris-zghvarze