გვსურს, გამოვეხმაუროთ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შემთხვევებს, რომლის დროსაც უხეშად დაირღვა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის კონსტიტუციით დაცული რელიგიის თავისუფლება. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ აკვირდებოდნენ 31 მაისს სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე პროცესებს და წინამდებარე განცხადებაში წარმოდგენილი ფაქტები და შეფასებები სწორედ ჩვენი მონიტორინგის შედეგებს ეფუძნება.

31 მაისს სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ ადგილობრივ მუსლიმებს კვლავ არ მიეცათ პარასკევის ტრადიციული ლოცვის (ჯუმა) ერთობლივად აღვლენის შესაძლებლობა, რასაც წინ უძღოდა დაპირისპირება სოფლის შესასვლელში, რომლის დროსაც ადგილობრივმა ქრისტიანმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა და სოფელში ლოცვაზე დასასწრებად მიმავალ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს, ქვემო ქართლის მუფტსა და მის თანმხლებ პირებს არ მისცა სოფელში შესვლის შესაძლებლობა. ინციდენტს თან ახლდა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფა და ქვემო ქართლის მუფტის ჯემალ ადაძის ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის პირველი დაპირისპირება 24 მაისის მოხდა (http://www.netgazeti.ge/GE/105/News/19948/), როცა სალოცავად შეკრებელ მუსლიმურ თემს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რიტუალისათვის აუცილებელი ნივთები შენობიდან თვითნებურად გაიტანეს და აიძულეს ფიზიკურად დაეტოვებინათ სამლოცველო. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც ქვემო ქართლის მუფტის განცხადებით ხელშეშლის აღსაკვეთად არანაირ ზომებს არ მიმართეს. (http://ick.ge/articles/14431-i.html).

თავდაპირველი დაპირისპირება მოჰყვა მუსლიმთა მცდელობას ერთობლივი ლოცვა მუსლიმთა სამმართველოს მიერ მათთვის შეძენილ სახლში შეესრულებინათ. ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის განმარტებების თანახმად, ისინი არ ეწინააღმდეგებიან მუსლიმთა რელიგიურ გამოხატვებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ლოცვას საკუთარ სახლში აღავლენენ, თუმცა, არ დაუშვებენ მათ ერთობლივ შეკრებას სამლოცველო სახლში, რასაც მეჩეთის მშენებლობასადმი წინააღმდეგობით ხსნიან. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მუსლიმი თემის სურვილია სოფელში არა მეჩეთის, არამედ სამლოცველო სახლის ფუნქციონირება, რომელიც მათ რელიგიური ცხოვრების სრულფასოვანი განხორციელების შესაძლებლობას მისცემდა. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას, რომ ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის პირობებში, თავისთავად მეჩეთის მშენებლობის საკითხიც განხილული იქნეს როგორც ლეგიტიმური მოთხოვნა რელიგიური უმცირესობის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სამთაწყაროს ადგილობრივი მუსლიმები ტრადიულ ლოცვას ერთობლივად ერთ-ერთი მუსლიმის სახლში აღავლენდნენ.

აღნიშნული დაპირისპირებისას მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართლადამცავი ორგანოების როლის გააზრება. 31 მაისს, სამთაწყაროს შესასვლელში მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არათუ ვერ უზრუნველყო მუსლიმების გადაადგილებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ არც კი მიმართა რაიმე ტიპის ძალისხმევას გზის გათავისუფლების და იმ უკანონო ქმედებების აღკევეთის მიზნით, რასაც ადგილი ჰქონდა სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მხრიდან. ინციდენტს ასევე ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სოფლის რწმუნებული, რომლემაც პოზიტიური წვლილი არ შეიტინეს დაპირისპირების განეიტრალებაში და არ მიმართეს სათანადო ზომებს. უფრო მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციის ქმედებების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი თავს კონფლიქტის მხარედ აღიქვავდნენ და თავისი ქცევით გასცდნენ კანონით დადგენილი კომპეტენციების ფარგლებს და არ დაიცვეს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია პირდაპირ აცხადებდა, რომ ისინი ემორჩილებიან მოსახლეობის უმრავლესობის აზრს, რომელსაც არ სურს სოფელში მეჩეთის მშენებლობა. მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლებამ და პოლიციამ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს მოუწოდა სოფლის ტერიტორიის დატოვება და მათ პროვოკატორებიც კი უწოდა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლებმა აგრესიული ჯგუფის ქმედება მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა და მათ ქმედებაში სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნები არ დაინახა.

ბოლო პერიოდის მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ მოკლე ინტერვალში ადგილობრივ დონეებზე რელიგიური კონფლიქტის არა ერთი კერა გაჩნდა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან რელიგიური უმცირესობის, განსაკუთრებით აჭარელი მუსლიმების შევიწროების შემთხვევებმა (სოფელი ნიგვზიანი, წინწყარო, ციხისძირის ინციდენტი) იმატა. ჩვენი შეფასებით, რელიგიური კონფლიქტების გავრცელება ძირითადად განპირობებულია სახელმწიფოს არასათანადო მონაწილოებით წინა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში, როცა სახელმწიფომ არაეფექტური სამართლებრივი რეაგირება მოახდინა რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე დაფიქსირებულ ძალადობრივ ქცევებზე და კონფლიქტების დარეგულირების პროცესები არსებითად სასულიერო პირებს გადაანდო. ამგვარი ჩაურევლობით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონფლიქტის სამართლიანი დარეგულირება ისედაც არათანაბარ პირობებში მყოფ მხარეებს შორის. ამასთან კონფლიქტის დარეგულირების პროცესის სეკულარული სივრციდან გატანით, სახელმწიფომ ვერ შეძლო ნეიტრალური საჯარო სივრცის შექმნა და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება ამ პროცესში.

ამასთან, რელიგიური კონფლიქტების წამახალისებელ ფაქტორად შესაძლოა ასევე მიჩნეულ იქნეს ამ მიმართებით სახელმწიფოს ზოგადი პოლიტიკა (რაც ზოგჯერ უმოქმედობაში, არასათანადო მოქმედებაში, ან რელიგიური ორგანიზაციების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაში გამოიხატება). ცხადია, რომ საჯარო სივრცეები ინდოქტრინაციის გავლენას განიცდის, რაც სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული და ტოლერანტობაზე დაფუძნებული ღირებულებების დამკვიდრებას უშლის ხელს.

შესაბამისად, სამთაწყაროს კონფლიქტთან მიმართებით უმნიშვნელოვანესად მივიჩნევთ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, რაც უნდა გულისხმობდეს კონფლიქტის მშვიდობიანი, სამართლიანი გადაწყვეტისა და მუსლიმი მოსახლეობის მიერ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილი სარგებლობის მიზნით ყველა შესაძლო ზომის მიღებას. ამ მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

- სახელმწიფომ სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს იმ პირთა ქმედებაზე, რომელთა ქცევა კანონით დაცულ სფეროს სცილდება და ზღუდავს სხვა პირთა რელიგიის თავისუფლებას. ზოგიერთი პირის ქცევაში აშკარად იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები, რაც ეფექტური გამოძიების ჩატარებასა და შესაბამისი პირებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. მათ შორის, არსებითია სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ქცევაზე, რომელთაც არ დაიცვეს რელიგიური ნეიტრალიტეტის მოთხოვნა და არაფერი გააკეთეს უმცირესობის მიერ საკუთარი რწმენის თავისუფლების განხორციელების უზრუნველყოფისთვის;

  • ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწორად გაიაზრონ საკუთარი როლი და მათი ქცევა/ადგილობრივი პოლიტიკა კანონით დადგენილ ფარგლებსა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაუქვემდებარონ;
  • სახელმწიფომ ღიად დაუჭიროს მხარი რელიგიური უმცირესობებისთვის რელიგიური პრაქტიკის სრულყოფილად განხორციელების მნიშვნელობას და მიმართოს ეფექტურ ზომებს მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ გამოხატვის უზრუნველსაყოფად;
  • სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დაპირისპირებული რელიგიური ჯგუფების ლიდერებს შორის შეთანხების მიღწევას, რომელიც მშვიდობასა და რელიგიის თავისუფლების პატივისცემის პრინციპს დაეფუძნება;
  • სახელმწიფომ გააძლიეროს რელიგიური თვალსაზრისით შერეული ტიპის დასახლებებში ტოლერანტობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, მათ შორის განსაკუთრებულად ზოგადი განათლების სისტემაში.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალი პარასკევისთვის სახელმწიფო მიიღებს ადეკვატურ ზომებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მიერ ერთობლივი ლოცვის მშვიდ და უსაფრთხო პირობებში აღვლენა. ამასთან, იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება შეიმუშავებს ერთიან პოლიტიკას რელიგიური კონფლიქტის კერებში არსებული პრობლემების დასარეგულირებლად და ხელს შეუწყობს ადგილებზე მშვიდობასა და ტოლერანტობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას.

არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც დააკვირდებიან სამთაწყაროში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ შეფასებებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი"