ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით ბოლო დღეებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენის და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებზე მსჯელობა წარიმართება პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე.

მისასალმებელია, რომ კანდიდატთა განხილვის გადადება, მეტწილად, შესაძლებელი გახდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და პარლამენტის წევრთა მცირე ნაწილის პრინციპული პოზიციების დაფიქსირების შედეგად.

თუმცა, საგანგაშოა, რომ, განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების გამო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, თანამდებობის დატოვება უწევს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მმართველ პოლიტიკური ძალას არ აქვს პოლიტიკური ნება, განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების ძირეული რეფორმა და სისტემური ცვლილებები. შედეგად, სასამართლო კვლავ რჩება პირთა ვიწრო ჯგუფის გავლენის ქვეშ.

მიგვაჩნია, რომ სასამართლო რეფორმის წარუმატებლობასა და სასამართლო მმართველობაში კლანური სისტემის გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ პოლიტიკურ ძალას. ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლე ლევან მურუსიძის თანამდებობაზე უვადოდ გამწესება.

შესაბამისად, ამ ეტაპზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა არჩევა განხორციელდეს ღია, საჯარო და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურით. მხოლოდ ასეთი პროცესი უზრუნველყოფს, რომ მოსამართლის თანამდებობა დაიკავონ კეთილსინდისიერმა, კვალიფიციურმა და მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა
  • სამართლიანი არჩევნები
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კავშირი საფარი
  • მწვანე ალტერნატივა
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი