Untitled

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. დაკავების მიზეზი გახდა გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი და მასზე ოფიციალურად რეგისტრირებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღის გადატანა ხელოსანთან შსს-ს მომსახურების სააგენტოდან აღებული ნებართვის გარეშე. შსს-ს თანამშრომელთა პირველადი განმარტებით, გიორგი კლდიაშვილს ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფარგლებს არ ცდებოდა და მას ჯარიმის გადახდა მოუწევდა. თუმცა, მოგვიანებით, გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდგომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში, სადაც მან 2 დღე დაჰყო.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კლდიაშვილმა პოლიციელებს თავად აჩვენა იარაღი (იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, მჭიდის გარეშე), საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში, გასცა გამოძიების ყველა კითხვას პასუხი, დაუდასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა იარაღის შენახვის ნებართვა და რომ იარაღი წაღებული ჰქონდა ხელოსანთან შესაკეთებლად, როგორც აღინიშნა, პოლიციამ ის მაინც დააკავა.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვერ დაასაბუთა გიორგი კლდიაშვილის 2 დღით დაკავების საფუძველი და ვერც ის რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე. სასამართლო თავის განჩინებაში აღნიშნავს: “სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნათა არსებითი დარღვევა, რაც დაკავებულის გათავისუფლების საფუძველია.” აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაადასტურა, რომ შსს-ს წამომადგენლებმა გიორგი კლდიაშვილის მიმართ დაარღვიეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. ყოველივე ამის გამო სასამართლომ მიიღო გიორგი კლდიაშვილის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება 1500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ შსს-ს წარმომადგენლები ელაპარაკებოდნენ მისი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და იმ სამოქალაქო კამპანიაზე, რომლებშიც გიორგი კლდიაშვილი იყო ჩართული, მიანიშნეს კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ზე და უთხრეს თუ რატომ საუბრობდა უკანონო მოსმენებზე. ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ რა დანაშაულის ჩადენაშიც არ უნდა ედებოდეს პირს ბრალი, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის მითითება მის სამოქალაქო აქტივიზმზე.

მიგვაჩნია, რომ გიორგი კლდიაშვილმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, რაც გამოიხატა იმაში, რომ კუთვნილი იარაღი ხელოსანთან წაიღო იარაღის გადაზიდვის წესების დარღვევით. ამ დარღვევას გიორგი კლდიაშვილი თავადაც აღიარებს. თუმცა, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ გ.კლდიაშვილის ეს ქმედება წარმოადგენს არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე მუხლის თანახმად, „იარაღის შენახვაზე შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის მქონე მოქალაქეთა მიერ კუთვნილი იარაღის გადაზიდვის წესების დარღვევა“ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ უკანონოდ მიჩნეული დაკავება, ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, პოლიციის თანამშრომელთა მიერ მის სამოქალაქო აქტივიზმზე მითითება და საქმეში არსებული სხვა დარღვევები გვაფიქრებინეს, რომ სამართალდამცავთა არაადეკვატური მოქმედებები შესაძლებელია უკავშირდებოდეს გ.კლდიაშვილის აქტიურ პროფესიულ საქმიანობას და სამოქალაქო კამპანიაში ჩართულობას.

შესაბამისად მოვითხოვთ:

1. დაუყოვნელივ იქნეს შესწავლილი პოლიციელთა მოქმედების კანონიერება და ყველა დამრღვევს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;2. შეწყდეს გიორგი კლდიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება (სსსკ-ს 105-ე მხ.);3. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციათა მისამართით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, ქვეყნის მოღალატეებად, ძირგამომთხრელებად შერაცხვაზე, რადგან, სხვა არასასურველ შედეგებთან ერთად, შესაძლებელია, ასეთი დაუფიქრებელი გამონათქვამები გახდეს სამართალდამცავთა მხრიდან ზემოაღნიშნული კანონსაწინააღმდეგო და არაადეკვატური რეაგირების წამახალისებელი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველო“

სამოქალაქო განვითარების სააგენტო CiDA

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საზოგადოებრივი დამცველი

ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

მწვანე ალტერნატივა

განცხადება ღიაა ხელმოწერებისთვის