სოფელ სამთაწყაროში გუშინ განვითერებული მოვლენების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი მუსლიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით.

როგორც მედია საშუალებებში გავრცელებული ვიდეო მასალა და მუსლიმთა თემიდან ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, 2013 წლის 28 ივნისს, მუსლიმთა ტრადიციული ლოცვის (ჯუმა) დასრულების შემდეგ, ადგილბრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი (დაახლოებით 200-მდე ადამიანი, რომლებიც თავს მიაკუთვნებენ ქრისტიანულ მრევლს) თავს დაესხა ადგილობრივი მუსლიმან სასულიერო პირის (ხოჯა), სულიკო ხოზრევანიძის სახლს და მის ოჯახს სოფლიდან გაძევებით, ჩაქოლვითა და გადაწვით ემუქრებოდა. აღნიშნული ჯგუფი შეიჭრა მისი სახლის ეზოში და ფიზიკური დაზიანება მიაყენა სულიკო ხოზრევანიძის მეუღლეს, ემინე ხოზრევანიძეს, რაზეც დაზარალებული ვიდეო მასალაში პირდაპირ უთითებს (http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Ci0yZtSKISE). სულიკო ხოზრევანიძის მიერ კახეთის საინფორმაციო ცენტის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში (http://ick.ge/articles/14818—–video.html) ვკითხულობთ: „[..] მივედით სალოცავად. არავის არაფერი არ უთქვამს. 6 საათის შემდეგ მოაწყდა ხალხი ჩემს სახლს, კარებამდე მოვიდნენ. იყო მუქარები, რომ გაგასახლებთ, ახლა კიდევ მითვლიან, რომ ხვალ საქონელს ნახირში ვერ გავუშვებ, წყალს არ მოგვცემენ, მაღაზიაში ვერ წავალთ. 24 საათში გასახლდითო.“ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით პოლიციას ადგილზე არ დაუკავებია არცერთი სამართალდამრღვევი პირი. ქვემო ქართლის რეგიონის მუფტის, ჯემალ ადაძის მიერ ჩვენთვის მიცემული განმარტებით, დღეს, 29 ივნისს, რამდენიმე ადგილობრივი ქრისტიანი ისევ მივიდა სულიკო ხოზრევანიძესთან და ლოცვაში მონაწილეობა და სხვა სოფლებიდან მუსლიმი მლოცველების მიღება აუკრძალა. მუფტის განცადებითვე, განხორციელებული ძალადობის მუქარის გამო სულიკო ხოზრევანიძე იძულებული გახდა სოფლის მოსახლეობის მოთხოვნას დასთანხმებოდა.

როგორც დაზარალებული პირებისა და სოფლის რწმუნებულის, გულნარა ნადირაშვილის განცხადებები ცხადყოფს, ადგილობრივი ქრისტიანების აგრესიის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ხოჯამ და მისმა შვილებმა პარასკევის ლოცვაში მონაწილეობა მიიღეს და ამ ლოცვას სხვა სოფლებიდან ჩამოსული მუსლიმი მლოცველები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ 14 ივნისს, სოფელ სამთაწყაროში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ბატონი პაატა ზაქარეიშვილის ჩასვლისა და 24 მაისის შემდგომ ერთობლივი ლოცვის პირველი პრეცედენტის დაშვების შემდეგ, 28 ივნისი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ერთობლივ ლოცვას ადგილობრივი მუსლიმები დაესწრნენ. კერძოდ, მიმდინარე პარასკევის ლოცვას სხვა სოფლებიდან ჩასული 6 და ადგილობრივი 4 მუსლიმი მლოცველი ესწრებოდა. მუფტის, ჯემალ ადაძის განმარტებით, სამთაწყაროში სამმართველოს წარმომადგენლების ჩასვლის მიზეზი ადგილობრივი მუსლიმების მხარდაჭერა და სამთწყაროში შექმნილი კონფლიქტის შემდეგ გაჩენილი შიშის დაძლევაა. აღსანიშნავია, რომ 21 ივნისს, პარასკევის ტრადიციულ ლოცვას მხოლოდ სხვა სოფლებიდან ჩასული მლოცვლები ესწრებოდნენ და მასში მონაწილოება არ მიუღიათ ადგილობრივი მუსლიმებს. მუფტის განმარტებით, ადგილობრივი მუსლიმების მიმართ მუდმივად აქვს ადგილი ზეწოლისა და მუქარის შემთხვევებს, რის გამოც ისინი თავს იკავებენ კოლექტიური ლოცვისგან. მათ შორის, 21 ივნისს, ერთობლივი ლოცვის დროს ადგილობრივი ქრისტიანები სამლოცველო სახლის მახლობლად გადაადგილდებოდნენ და მათგან მომდინარე აგრესიის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი მუსლიმები ლოცვაზე არ გავიდნენ. ადგილობრივ მუსლიმებზე წეზოლის ფაქტს სამთაწყაროში მცხოვრები ერთ-ერთი მუსლიმი ქალბატონის განცხადებაც ადასტურებს, სადაც ის პირდაპირ უთითებს ადგილობრივი მუსლიმების მიმართ სოფლის მოსახლეობისა და სოფლის განმგებლის ზეწოლაზე (http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=EiNfW_H84t8&noredirect=1#at=52).

განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ სოფელ სამთაწყაროში რელიგიური კონფლიქტის კერა არსებობს და ადგილობრივი მუსლიმები ზეწოლისა და შევიწროების ქვეშ არიან. სოფლის ხოჯა, სულიკო ხოზრევანიძე და მისი ოჯახი კი მთელი ეს დროა მუქარის, შეურაცხყოფისა და აგრესიის მსხვერპლია. კონფლიქტის მიზეზები და ამ პროცესებში სახელმწიფოს როლის თაობაზე დეტალური შეფასებები წარმოადგენილია წინა პერიოდში ჩვენს მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებებში (http://gyla.ge/geo/news?info=1590;http://gyla.ge/geo/news?info=1613)

შექმნილი მწვავე სიტუაცია, სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას გადადგას დროული და ქმედითი ზომები ადგილობრივი მუსლიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. სხვა შემთხვევაში არსებობს რისკები, რომ კონფლიქტი შეიძლება უფრო გაღრმავდეს და ის სხვა მსგავსი ტიპის დასახლებებშიც გავრცელდეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია რომ:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს მთავარ პროკურატურამ, დროულად უნდა მოახდინონ ყველა იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც სოფელ სამთაწყაროში 24 მაისის შემდეგ გამოიკვეთა და პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა შესაბამის სამართალდამრღვევ პირს. ამ მიმართებით განსაკუთრებით ყურადსაღებია 28 ივნისს სულიკო ხოზრევანიძის ოჯახზე თავდახმის, მუქარისა და მისი მეუღლის ფიზიკური დაზიანების ინციდენტი, რომელიც სავარაუდოდ შეიცავს მუქარის (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი), რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის (სსკ-ის 155-ე მუხლი), დევნის (სსკ-ის 156-ე მუხლი), ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისა (სსკ-ის 160-ე მუხლი) და ხულიგნობის (სსკ-ის 239-ე მუხლი) ნიშნებს. ჩადენილი ქმედებების სამართლებრივი შეფასების დროს ხაზი უნდა გაესვას სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 მუხლის გამოყენების მნიშვნელობას, რომელიც რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულს დამამძიემებელ გარემოებად მიიჩნევს.

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააძლიეროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფს ღონისძიებები სოფელ სამთაწყაროში და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დროულად აღკვეთოს ასეთი ფაქტი და პასუხისგებაში მისცეს სამართალდამრღვევი პირები. ამასთან აუცილებელია, მიღებულ იქნას დაცვის სპეციალური ზომები სულიკო ხოზრევანიძის ოჯახის მიმართ, რომელიც ამჟამადაც იმყოფებოდა ზეწოლისა და მუქარის ქვეშ;

- სახელმწიფომ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებაზე, რომლებიც კონფლიქტის მხარეებად გვევლინებიან და თავისი ქმედებებით აშკარად სცდებიან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს;

- სამართლიანობისა და რელიგიის თავისუფლების პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებით, საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა შეიმუშავოს ერთიანი პოლიტიკა რელიგიური კონფლიქტების დარეგულირების მიზნით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გაჭირვალობა – საქართველო (TI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ორგანიზაცია „იდენტობა“

ფონდი ALPE

ტოლერანტობის სახლი - House OF Tolerance