მიმდინარე წლის 18 აგვისტოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას აფხაზეთში COVID-19-ით მკვეთრი აფეთქების ფონზე აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდეს. განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აქტიურობას, ვსარგებლობთ შესაძლებლობით და გვსურს მისი და საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მივაპყროთ შემდეგ საკითხებზე:

შესაძლებლობების ფანჯარა და პასიური ხელისუფლება

აფხაზეთში ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევამ, აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკური ისტაბლიშმენტის პოზიტიურმა მესიჯებმა და covid-19 თან დაკავშირებულმა საკითხებმა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის პერსპექტივები გაზარდა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პასიურობა და ახალი, შემხვედრი ნაბიჯების ნაკლებობა ნათლად აჩვენებს, რომ შერიგების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გააქტიურებას და ახალ იმპულსებს საჭიროებს. ნიშანდობლივია, რომ დღემდე საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად იყენებს სამოქალაქო საზოგადოების რესურს და გამოცდილებას სამშვიდობო პროცესში. ბოლო პერიოდში სახელმწიფოს პოლიტიკის პასიურობის დასტური იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვაკანტური პოზიცია თვენახევრის განმავლობაში და დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამინისტროს გაუქმება 2018 წელს.

ხანდაზმულთა პენსია და დევნილთა შემწეობა

გალში მცხოვრები ხანდაზმულები და დევნილები თვეობით ვერ იღებენ კუთვნილ პენსიას და დევნილთა შემწეობას. გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო, გალში მცხოვრები პენსიონერები/დევნილები, რომლებისთვისაც პენსია/შემწეობა ხშირად ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენს, პრაქტიკულად მოწყვეტილები არიან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარის მიერ გამშვები პუნქტი ცალმხრივად პერიოდულად იხსნება, პირველადი მოხმარების ნივთების, პროდუქტის ან მედიკამენტის შესაძენად ორკვირიან სავალდებულო საკარანტინე სივრცეში მოთავსების პერსპექტივა, გალის მაცხოვრებლებისთვის გადმოსვლას აზრს უკარგავს.

განათლება

ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვასთან დაკავშირებით, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გალში განათლების რუსიფიკაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, ბევრ ახალგაზრდას ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელება უჭირს, რაც მათთვის დამატებითი დახმარების გაწევის აუცილებლობას ქმნის.

პანდემიის პირობებში, ხელისუფლების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა გალის სკოლების ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართვის საკითხი. სასწავლო პროცესის ონლაინ ფორმატში გაგრძელების შემთხვევაში, გალში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც გალის რაიონში გამყოფ ზოლთან ცხოვრობენ და სასწავლებლად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან, სასწავლო პროცესის ონლაინ ფორმატში გაგრძელების შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის არარსებობის ან ინტერნეტის სუსტი დაფარვის გამო, მოკლებულები იქნებიან სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას.

სამედიცინო მომსახურება

საკარანტინო შეზღუდვებმა გალის რაიონის მოსახლეობა სამედიცინო სერვისების მიღების კუთხით განსაკუთრებით რთულ პირობებში ჩააყენა. გალისა და საბერიოს საავადმყოფოებს არ ჰყოფნით მედიკამენტები და აღჭურვილობა, ვერ ხდება მედიკამენტების გაგზავნა ან შეტანა დიდი ხნის განმავლობაში.

გალის მაცხოვრებლებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ხშირად გადაუდებელი სამედიცინო სერვისის მისაღებად მოდიან, ორკვირიან სავალდებულო კარანტინში ყოფნა უწევთ, რის გამოც გადაუდებელ სერვისებს გვიან იღებენ. მძიმე, მათ შორის, ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც დაგეგმილი ქიმიოთერაპია აქვთ გასაკეთებელი და ორკვირიან საკარანტინე სივცეში მოხვედრა არ სურთ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ გადმოდიან. ამის გამო უკვე არაერთ ადამიანს დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კარანტინისთვის თავის ასარიდებლად, არაერთი პაციენტი ცდილობს, შემოვლითი გზებით, მდინარე ენგურის გადაცურვით, გადმოვიდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის გამო რამდენიმე პაციენტი შემთხვევით გადაურჩა დახრჩობას. ბოლო პერიოდში, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა ათეულობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს.

ენგურის ხიდამდე კატასტროფის ბრიგადის მოსასვლელად ხშირად პაციენტებს 6-7 საათი უწევთ ლოდინი. ერთ შემთხვევაში, იმის გამო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ენგურის ხიდზე გაუსაძლისი ტკივილების მქონე, საოპერაციო პაციენტის გადმოსაყვანად ვერ შევიდა, ნათესავებმა ავადმყოფი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელით გადმოიყვანეს. ავადმყოფისთვის სასწრაფო ოპერაციის გაკეთება მხოლოდ 24 საათის შემდეგ გადაწყდა, თუმცა, ის თავდაპირველად კარანტინში ყოველგვარი გამოკლევების გარეშე მოათავსეს.

სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა - კრიზისული გეგმა დევნილების გარეშე

პანდემიასთან დაკავშირებით მიღებულ ანტიკრიზისულ გეგმაში მთავრობას არ აუსახავს გალში და ახალგორში მცხოვრები ათასობით თანამოქალაქის და დევნილების სპეციფიური საჭიროებები.

გამშვები პუნქტის დახურვის გამო, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, თუმცა სეზონური სამუშაოსთვის ან სავაჭროდ გალში გადადის (ძირითადად დევნილი ქალები), საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. მათი საჭიროებები სახელმწიფო მხარდაჭერის არცერთ პროგრამაში არ ასახულა.

რეკომენდაციები:

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • გააქტიუროს პირდაპირი დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან; ეფექტიანად გამოიყენოს სამოქალაქო საზოგადოების რესურსი და გამოცდილება სამშვიდობო პროცესში და ამ მიზნით, ხელი შეუწყოს არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან თანმშრომლობისთვის მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნას;
  • გალში მაცხოვრებელი პენსიონრების და დევნილების მიერ კუთვნილი პენსიის/ დევნილთა შემწეობების მისაღებად, იშუამდგომლოს ლიბერთი ბანკთან, რომ მოსახლეობამ პენსიის/შემწეობის მიღება რუხის ადმინისტრაციულ საზღვართან ბანკის მობილური სერვისების გამოყენებით შეძლოს; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სანიტარული ნორმების დაცვით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან აფხაზეთიდან ჩამოსული პირებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტების, პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების შეძენისთვის პირველადი პუნქტების მოწყობა.
  • დამატებითი დახმარება აღმოუჩინოს გალის რაიონში არსებულ სკოლებს, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით დახმარებით და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მაღალი სიჩქარის მქონე ინტერნეტ პროვაიდერის შესვლის წახალისებით.
  • დაიწყოს მუშაობა გალიდან გადმოსული პაციენტებისთვის, სერვისების გამარტივების კუთხით; ხელი შეუწყოს გალისა და საბერიოს საავადმყოფოების მედიკამენტებით და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებას, მათ შორის, მათ აღჭურვას გადასატანი პორტატული რენტგენის და ექოსკოპიის აპარატებით, ქირურგიული ინსტრუმენტების კომპლექტით და სხვ.
  • პანდემიის გავლენის დევნილების და გალის მაცხოვრებლების დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად, შეიმუშავოს სპეციალური, მათ საჭიროებებზე მორგებული დროებითი პროგრამები.
  • სხვადასხვა მნიშნელოვანი პრობლემის მოგვარების მიზნით შესაძლოა დაიგეგმოს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისს მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრის გამართვა გალში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)