1622790_689433954434114_1182271820_n

მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების მონიტორინგის პროცესის დაწყების თაობაზე. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონიტორინგი მოიცავს ყველა ასეთ დაწესებულებას, მათ შორის, საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა სახლებსაც და მისი მიზანია დადგინდეს თუ რამდენად აკმაყოფილებს დაწესებულებები საქართველოში არსებულ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნებს.

მიუხედავად შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმების არსებობისა და სახელმწიფოს ვალდებულებისა ახორციელებდეს ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს, საპატრიარქოსთან არსებული ბავშვთა სახლების მონიტორინგი არასდროს განხორციელებულა. უფრო მეტიც, ამ ინსტიტუტის მონიტორინგის საშუალება საქართველოს სახალხო დამცველსაც არასოდეს მიეცა.

საერთაშორისო ორგანიზაცია DRI-ის მიერ 2013 წლის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ბავშვთა სახლებში არსებულ მძიმე მდგომარებას აღწერს, ხაზს უსვამს საპატრიარქოს ბავშვთა სახლების სრული დახურულობის პრობლემას და უფლებათა დარღვევის იმ მაღალ რისკებზე მიუთითებს, რომელსაც შესაძლოა აღნიშნულ სახლებში ჰქონდეს ადგილი. სახელმწიფოს კონტროლს მიღმა დარჩენილ დაწესებულებებში - საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში უფლებათა დარღვევის შემთხვევებს აღწერს სახალხო დამცველის 2011 წლის სპეციალური ანგარიში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ.

ზემოაღნიშნული რისკებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მონიტორინგის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის პირობებში განხორცილდეს, რაც შესაძლებელი იქნება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით ამ პროცესში. ამასთან, აუცილებელია მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც მიეცეთ, პროცესში ჩართვის ან დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარების გზით.

შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით, საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგის მთელ პროცესში, მათ შორის მისი დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე, უზრუნველყოთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობა მონიტორინგის ჯგუფების წევრების სახით ან უკიდურეს შემთხვევაში მოგვცეთ შესაძლებლობა, განვახორციელოთ სამინისტროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის პროცესზე დაკვირვება, მონიტორინგის შედეგად მოპოვებულ ემპირიულ მასალაზე სრული დაშვების და მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის ეფექტიანი სამოქალაქო კონტროლის პირობებში.

ასევე, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, მონიტორინგი განხორციელდეს სხვა რელიგიური ორგანიზაციის მფარველობის ქვეშ არსებულ ბავშვთა სააღმზრდელო თუ პანსიონურ დაწესებულებაში, რათა სახელმწიფოსათვის და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ამ ინსტიტუციებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ზემოაღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, წინამდებარე მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვითხოვთ, უზრუნველყოთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვა მონიტორინგის პროცესში. სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მზაობის გამოხატვისთანავე, მზად ვართ დავასახელეთ ჩვენი ნდობით აღჭურვილი კომპეტენტური ექსპერტები.

მიმართვა ღიაა ხელმოწერისათვის

ხელმომწერი ორგანიზაციები:

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)კონსტიტუციის 42-ე მუხლიევრიჩაილდი - Everychildგლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - GIPპირველი ნაბიჯი საქართველოსაქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასაქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდიპარტნიორობა ბავშვებისათვისფონდი ბრეს საქართველოკავშირი „საფარი“ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT),,ქალი, ბავშვი და სოციუმი",,უნარშეზღუდული ბავშვი და საზოგადოება''"არაძალადობრივი კომუნიკაციის ცენტრი"