პირველი და მეორე  თავის მიმოხილვა

 

არუნ კუნდნანი - ასწავლის ნიუ იორკის უნივერსიტეტში მედიის, კულტურისა და კომუნიკაციის მიმართულებით, გამოცემული აქვს ორი სქელტანიანი წიგნი და ბოლო ორი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ავტორია. მან განათლება მიიღო კემბრიჯის უნივესიტეტში და ფლობს დოქტორის ხარისხს ლონდონის მეტროპოლიის უნივერსიტეტიდან. მისი წიგნი „მუსლიმები მოდიან! ისლამოფობია, ექსტრემიზმი და ტერორიზმზე ომის საშინაო პოლიტიკა“ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში მუსლიმების დევნისა და ზედამხედველობის პოლიტიკის კრიტიკას ეხება.

მიმოხილვა მოამზადა მარიამ შალვაშვილმა

 

არუნ კუნდნანის წიგნი „მუსლიმები მოდიან!“ გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკის ანალიზს შეეხება. ავტორის აზრით, ოცდამეერთე საუკუნეში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს დომინირებს და პოლიტიკურ პრაქტიკებს განსაზღვრავს ის აზრი, რომ ტერორიზმის გაჩენის მთავარი მიზეზი ისლამური რელიგიაა, ხოლო მუსლიმები ხდებიან, ჰანტინგტონის სიტყვებით, „იდეალური მტრები.“ „ტერორიზმთან ბრძოლის“ მხარდამჭერების მოსაზრებების დაყოფა ორ კატეგორიად შეიძლება. პირველ მიდგომას კულტურალიზმი შეიძლება ეწოდოს და მისი პერსპექტივით, ისლამი რელიგიას სახელმწიფოდან ვერ მიჯნავს და ამის გამო ისლამური კულტურა მოდერნულ, სეკულარულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია. ამ თვალსაზრისს უფრო მეტად კონსერვატორები უჭერენ მხარს. ხოლო მეორე შეხედულება, რომელიც უფრო მეტად ლიბერალური ჯგუფების პოლიტიკური  დისკურსის ნაწილია, ტერორიზმს თვითონ ისლამს კი არ მიაწერს, არამედ მის რადიკალიზებულ ფორმას, რომელსაც ისლამიზმს ან სალაფიზმს უწოდებს. ამ ხედვის მიხედვით, კლასიკური, რელიგიური ტექსტები კი არ არის ტერორიზმის საფუძველი, არამედ ის იდეოლოგიებია პრობლემური, რომლებიც ინსპირირებულია კომუნიზმითა და ფაშიზმით და ისლამს ექსტრემისტულ ინტერპრეტაციას უკეთებს. ამ შეხედულებას ა. კუნდნანი რეფორმიზმს უწოდებს.

ამ ორი სხვადასხვა შეხედულების კრიტიკულად გააზრება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ეს მოსაზრებები ინსტიტუციონალიზებულია პრაქტიკაში, ასახულია პოლიტიკაში და პოლიტიკური კურსისა და პრაქტიკის განმსაზღვრელია. ეს პერსპექტივები იმპერიალისტურ მიდგომებს აირეკლავს - ტერორიზმის მიზეზი საფუძვლებშივე უცხო კულტურაა იმის მიუხედავად, ისლამისტურ იდეოლოგიას ისლამი იწვევს თუ ისლამური ექსტრემიზმი. კულტურალიზმიც და რეფორმიზმიც ამტკიცებს, რომ კონკრეტული იდეოლოგიის ქონასა და პოლიტიკური ძალადობის აქტს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს და რადგან კონფლიქტის არსებობის საკმარისი მიზეზი მხოლოდ ერთი კონკრეტული იდეოლოგიაა, შესაბამისად, ის უგულებელყოფს იმ სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტებს, რომლებშიც მუსლიმ ადამიანებს უწევთ არსებობა.

არუნ კუნდნანი ისლამოფობიას განიხილავს, როგორც სტრუქტურულ რასიზმს, რომელიც გამყარებულია სახელმწიფოს ოფიციალური პირების წარმოდგენებით ისლამზე და ამ წარმოდგენაზე დამყარებული პრაქტიკებით. ისლამოფობია ბევრად მეტია, ვიდრე ინდივიდების მცდარი წარმოდგენები ადამიანებზე, ისლამოფობიას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს - ის მუსლიმების უფლებების სისტემური დარღვევებისთვის აჩენს სივრცეს და სისტემური უფლებრივი დარღვევების გასამართლებლად მუსლიმების ქცევების დემონიზებას მიმართავს. ამასთან, მუსლიმი მსხვერპლი რადიკალურად დეჰუმანიზებული ანუ ადამიანობადაკარგულია, რაც საფუძვლად უდევს მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში მუსლიმი ადამიანების დიდი რაოდენობის დახოცვის გამართლებას. ორივე თეორია ყველა მუსლიმს უყურებს, როგორც პრობლემას და ისლამოფობიურ წარმოდგენებს საფუძველს უმყარებს. ამის შედეგად, საშინაო პოლიტიკა იმგვარია, რომ დასავლეთში მცხოვრები მუსლიმების კულტურაც შეცვალოს. თუმცა ის სახელმწიფოები, რომლებიც ამ პოლიტიკას მიმართავენ, არ აღიარებენ, რომ დასავლური სახელმწიფოები თვითონ არიან რადიკალიზებულები და ძალადობას უფრო ხშირად და მეტ კონტექსტში მიმართავენ.

 

ანტი-ექსტრემისტული პოლიტიკა

კულტურალიზმი

არუნ კუნდნანი წერს, რომ კულტურალიზმის მთავარი თეზისი კარგად შეგვიძლია დავინახოთ ჰანტინგტონის წიგნში - „ცივილიზაციათა შეჯახება“. ჰანტინგტონი მის ცნობილ და გავლენიან წიგნში ასკვნის, რომ მუსლიმური პოლიტიკის ლოგიკა ისლამში უნდა ვეძებოთ, რომელიც, თავის მხრივ, საუკუნეების მანძილზე ფანატიზმზე იყო დაფუძნებული და რომლის შეცნობასაც რელიგიური ტექსტების კითხვა სჭირდება (Huntington 1993).  ეს შეხედულება მუსლიმებთან საუბარს იმთავითვე გამორიცხავს, და ასკვნის, რომ ისლამი მხოლოდ ერთი მნიშვნელობით უნდა გავიაზროთ და ისლამის კომპლექსურ ეკონომიკურ, ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს ამცირებს ერთ უნივერსალურ პრინციპამდე.

კულტურალისტების მიხედვით, ისლამური სწავლება პოლიტიკური სფეროსგან არაა გამიჯნული, რის გამოც ის არ არის თანამედროვე და ვერასდროს შეეწყობა მოდერნულ კულტურას. არუნ კუნდნანი აღნიშნავს, რომ კულტურალისტების შეხედულებები, რასაკვირველია, ინტელექტუალურად მცდარია. მაგალითად, ექბალ აჰმადმა თავის ესსეში “ისლამი და პოლიტიკა“ აჩვენა, რომ პოლიტიკა და რელიგია ისლამში მინიმუმ ათი საუკუნეა, ერთმანეთისგან გამიჯნულია (Ahmad 2006) ამასთან ისლამს, სხვა რელიგიების მსგავსად, პოლიტიკური მიზნებისთვის ბევრი ადამიანის მობილიზება შეუძლია და როგორც სხვა რელიგიები, გლობალური კრიზისის აღსაქმელად ენისა და ძალიან ზოგადი მორალური შეხედულებების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს და რასაკვირველია, მუსლიმების ცხოვრების ყველა ასპექტს არ განსაზღვრავს.

კულტურალიზმის მეშვეობით ყურადღება პოლიტიკიდან კულტურაზე გადადის. მისი მიხედვით მუსლიმურ კულტურაში არსებობს რაღაც პრინციპი, რომელიც ყველა მუსლიმი ადამიანის ქცევების ასახსნელად არის საკმარისი. კულტურალისტები მიიჩნევენ, რომ ყველა მუსლიმის მთლიანი ცხოვრება ისლამითაა განპირობებული, ხოლო დასავლელი ადამიანები მოდერნულობასა და კომპლექსურ რეალობაში არსებობენ - დასავლეთში კულტურას ადამიანები ჰქმნიან, ისლამის შემთხვევაში კი კულტურა ჰქმნის ადამიანებს. ეს შეხედულებები ხშირად ჰგავს რასაზე არსებულ შეხედულებებს, მაგალითად, მოსაზრებები იმის შესახებ, რომ შავკანიანებს შინაგანად თეთრკანიანებზე ნაკლები ინტელექტი აქვთ ძალიან ჰგავს შეხედულებებს იმაზე, რომ მუსლიმები  ძალადობისკენ კულტურულად მიდრეკილები არიან. კულტურალისტებს ონტოლოგიური სხვაობა შემოაქვთ „ჩვენსა“ და „მათ“ ძალადობას შორის ზღვრის გასავლებად - მათი ანუ მუსლიმების მიერ ძალის გამოყენება შინაგანი კულტურის გამოხატულებაა, ხოლო ჩვენი ანუ დასავლური სახელმწიფოს ძალადობა - მუსლიმების ფანატიზმზე აუცილებელი პასუხი.

კულტურალისტები მიიჩნევენ, რომ ისლამურ ქვეყნებში პრო-დასავლური დემოკრატია ვერ აღმოცენდება, თუ მან იქ გარედან არ შეაღწია. ეს მოსაზრება იქცა ერაყის 2003 წლის დამანგრეველი ომის ერთ-ერთ გამართლებად, რადგან კულტურალიზმის მიხედვით მუსლიმებს არ შეუძლიათ დემოკრატიის მისაღები ფორმა თავად შექმნან. ამ ლოგიკის თანახმად, უცხო ქვეყნების პოლიტიკა შეიძლება ავტოკრატია ან ომი იყოს. მაგალითად, ამერიკის მიერ ისლამური ფანატიზმის შეკავების ერთ-ერთი მეთოდი ისეთი ავტოკრატიული რეჟიმების მხარდაჭერა იყო, რომლებიც ისლამურ ფანატიზმს დაუპირისპირდებოდნენ. მაგალითად, ერაყში ომს რეჟიმის ცვლილებასთან ერთად იქ არსებული ღირებულებების ცვლილება უნდა გამოეწვია.

რადგანაც კულტურალისტების მიდგომა ესენციალისტურია, ის იმასაც გულისხმობს, რომ მუსლიმები ყველგან ერთნაირები არიან, მათ შორის დასავლეთშიც. ამ თეორიის პერსპექტივიდან დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმების განსხვავებული ქმედებები ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით კი არ არის განხილული, არამედ აუცილებელი კონფლიქტის პრიზმიდან, რომელიც, კულტურალისტების აზრით, ისლამის ჩამორჩენილ კულტურულ იდენტობასა და დასავლურ ღირებულებებს შორის არსებობს.

კულტურალიზმი ახლო კავშირშია დისკრიმინაციული მიგრაციის პოლიტიკასთან და წესრიგის კონტროლთან და მუსლიმებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს, რადგან ისინი დასავლეთისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენენ. კულტურალიზმის მიხედვით ლეგიტიმურია, რომ სახელმწიფომ მუსლიმებთან გამკლავებისთვის საგანგებო მდგომარეობისთვის განკუთვნილი ძალაუფლება გამოიყენოს. ყველა მუსლიმი, ისინიც კი, რომლებიც ისლამის ლიტერატურულ ინტერპრეტაციას არ იზიარებენ, ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ამის მაგალითია 2001 წლის შემდგომ ამერიკაში  მუსლიმი მამაკაცების აღრიცხვა და მათზე ზედამხედველობა, რაც მოიცავდა მათ ფოტოგრაფირებას, ანაბეჭდების აღებას და ინტერვიუს და ასევე მათ უსაფუძვლო დაკავებებს, მოსმენებს, მათზე საიდუმლო სამხილების შეგროვებას, მათ სამსახურებსა და სახლებში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების ვიზიტს, პირადი საკუთრების ჩამორთმევას, ადვოკატებსა და მათ კლიენტებს შორის საუბრების ფარულ მოსმენას და სხვა პრაქტიკებს. დასავლელი მუსლიმებისკენ მიმართული ეს პრაქტიკები იმაზე მიუთითებდა, რომ ისლამი თავისი მთელი არსით საფრთხედ აღიქმებოდა და როგორც მუსტაფა ბაიოუმი ამბობს, „რელიგიიდან რასას ჰქმნიდა“ (Bayoumi 2006) - შინაგანი მყარი კულტურული ესენციის გამო ყველა მუსლიმი პოტენციურად მოძალადე იყო.

ამ თეორიის პოპულარიზაციასთან ერთად, ჰიჯაბიც იმის სიმბოლოდ იქცა, რომ მისი მატარებელი ადამიანი „მტრის მიმართ თანამგრძნობი, არალოიალური და დასავლეთისთვის ყოველთვის უცხო“ იყო (Aziz 2012). როგორც რასიზმის შემთხვევაში თმა, კანი და აღნაგობა იყო რასებს შორის სხვაობის მარკერი, ახლა მუსლიმური ატრიბუტები, მათ შორის ჰიჯაბი, გახდა კულტურული სხვაობის მარკერები. გახშირდა ქუჩაში ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევები, რაც მათთვის შარფების ჩამოხსნის მცდელობებს მოიცავდა, ჰიჯაბით მოსილი ქალები ასევე ხშირად განიცდიდნენ დასაქმების დროს დისკრიმინაციას. კულტურალისტებისთვის მუსლიმების მიერ ეჭვის თავიდან აცილება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური აქტითაა შესაძლებელი - მათ მუსლიმ იდენტობაზე მთლიანად უარი უნდა თქვან. კულტურალიზმისთვის მუსლიმების გათავისუფლება ნიშნავს მათ მიერ თავიანთი კულტურის უკან ჩამოტოვებას, რადგან მუსლიმური კულტურა შიგნიდან ვერ შეიცვლება.

 

რეფორმიზმი

კუნდნანი წერს, რომ 2006 წელს ტერორზე ბრძოლის კრიზისის გამო რამდენიმე მოაზროვნემ იმაზე დაიწყო საუბარი, რომ ისლამის შესახებ ბაზისური დაშვებები უნდა გადასინჯულიყო. მათ უარყვეს კულტურალისტების რამდენიმე დაშვება, მათ შორის ისიც, რომ ისლამური კულტურა შინაგანად დასავლური ინტერესების წინააღმდეგობრივია. ახალი მოსაზრებების მიხედვით, პრობლემურია არა თვითონ ისლამური კულტურა, არამედ ექსტრემისტების მცირე ჯგუფის მიერ ისლამური კულტურის პოლიტიზირებული ვარიანტი და ექსტრემიზმი ისლამის კი არა, ისლამის შერყვნის პროდუქტია. კულტურალისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისლამში რელიგია ვერ გაიმიჯნება პოლიტიკური სფეროსგან, რეფორმისტები ამტკიცებდნენ, რომ მუსლიმების დიდი ნაწილი აპოლიტიკურია და დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ არსებობს მუსლიმების მცირე ნაწილი, რომელმაც ისლამის კეთილშობილი გზავნილის დამახინჯება მოახერხა და ის ანტი-დასავლურ პოლიტიკურ იდეოლოგიად აქცია.

რეფორმისტები ხშირად იყენებენ სიტყვა „ისლამიზმს“ ისლამის პოლიტიკური და დამახინჯებული იდეოლოგიის აღმნიშვნელად და ხანდახან მას ანაცვლებენ სიტყვით „სალაფიზმი.“ რეფორმისტების აზრით, ტერორიზმთან ბრძოლა ცივილიზაციებს შორის ბრძოლას კი არ წარმოადგენს, არამედ ბრძოლა მიმდინარეობს ტრადიციულ, აპოლიტიკურ ისლამსა და ძალადობრივ იდეოლოგიას შორის, რომელიც ისლამის ტოტალიტარულ გადააზრებას წარმოადგენს. რეფორმისტები ამბობენ, რომ ისლამური საფრთხე სინამდვილეში ტოტალიტარიზმის საფრთხეა. მაგალითად, ბერნარდ ლუისმა დაასკვნა, რომ ისლამიზმსა და კომუნიზმს ერთი საერთო აქვთ, ისინი სამყაროს ყველა კითხვაზე გვთავაზობენ პასუხს დასავლელი ადამიანისგან გასხვავებით, რომელიც ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს (Lewis 1990). ტერმინი ისლამო-ფაშიზმი კულტურალისტების და რეფორმისტების მიერ ერთნაირად ხშირად გამოიყენება, რაც  ერთ შემთხვევაში ისლამის და მეორე შემთხვევაში ისლამური რადიკალიზმის ტოტალიტარულ შინაარსს უსვამს ხაზს. თუმცა, რადგან რეფორმისტების მიერ ტოტალიტარიზმზე აქცენტი სახელმწიფო რეპრესიას გულისხმობს, ხოლო მუსლიმები კონკრეტულად არცერთ სახელმწიფოს არ წარმოადგენენ, რეფორმისტებმა ახალი ტერმინის - „ექსტრემიზმის“ - გამოყენება დაიწყეს აქტიურად  (სხვათა შორის, ეს ტერმინი თავის თავში იმ დაშვებასაც მოიაზრებს, რომ მხოლოდ შუალედური პოზიცია შეიძება იყოს სწორი და ნორმა).

რეფორმისტების მტკიცებით, ისლამისტური იდეოლოგია თავისი არალიბერალური შინაარსის გამო საბოლოოდ აუცილებლად ძალადობას გამოიწვევს. თუმცა ისლამისტურ იდეოლოგიაში ლიბერალური სისტემის მრავალნაირ კრიტიკას მოიაზრებენ. ასევე, რადგან მათი აზრით დაპირისპირება მიმდინარეობს ორ ისლამურ - აპოლიტიკურ და მშვიდობიან და ძალადობრივ ექსტრემისტულ - იდენტობას შორის, ტერორიზმთან ბრძოლა სამხედრო ბრძოლასთან ერთად კულტურული ომიცაა. ტერორიზმთან ბრძოლა მენტალური და ინტელექტუალური ბრძოლაა დაპირისპირებულ იდეებს შორის და დასავლურ სახელმწიფოები ჩართულები უნდა იყვნენ თავიანთი იდეებისა და ღირებულებების გავრცელებასა და პოპულარიზაციაში. სწორ ანტიტოტალიტარულ პოლიტიკას ისლამური კულტურის საკუთარი თავისგან ხსნა შეუძლია და დასავლურმა სახელმწიფოებმა ახალგაზრდა მუსლიმების გულებისა და გონება უნდა დაიპყრონ.

არუნ კუნდნანი აღნიშნავს, რომ რეფორმისტების მოსაზრებების დიდი ნაწილი ნასაზრდოებია ცივი ომის ტრადიციითა და ამბოხებასთან დაპირისპირების თეორიებით. ცივი ომის დროს ამბოხებასთან და ამბოხებულებთან დაპირისპირების მთავარი მიზანი ის იყო, რომ აჯანყებულებს მოსახლეობაში მხარდაჭერა ვერ მოეპოვებინათ, ამისთვის ეს თეორია ამართლებდა როგორც რბილი ძალის ანუ პროპაგანდის, ასევე სამხედრო ძალის გამოყენებას აღმოსავლეთის ქვეყნებში. ამ თეორიის მიხედვით, აჯანყების სიძლიერე მოსახლეობაში მისი მხარდაჭერით იზომებოდა, ამიტომაც სახელმწიფოს აპარატს კოორდინირებულად უნდა ემუშავა სამხედრო, პოლიტიკურ, სამართლებრივ და სოციალურ სფეროებში. დასავლური პრაქტიკა ითვალისწინებდა ისეთი ორგანიზაციების შექმნას, რომლებსაც ზედამხედველობის ქვეშ ეყოლებოდა როგორც აჯანყებულები, ასევე ის პოპულაციები, რომელთა გულის მოგებაც სურდათ ამბოხებულებს. ეს სტრატეგია ცივი ომის დროს ბრიტანეთის სხვადასხვა კოლონიაში აქტიურად გამოიყენებოდა.

ამის მსგავსად, რეფორმისტები ფიქრობენ, რომ ტერორიზმთან ბრძოლა იმიტომ გამოდგა წარუმატებელი, რომ ტერორისტების მოკვლასთან ან შეპყრობასთან ერთად, საინფორმაციო ომის მოგებაცაა საჭირო. ამბოხთან ბრძოლის ხელახლა აღმოჩენილი თეორია ის ძირითადი პრინციპი გახდა, რომლის მეშვეობითაც ამერიკა ევროპის კოლონიურ ძალაუფლებას დაუკავშირდა და ერაყსა და ავღანეთში კოლონიური ომის წარმოება დაიწყო. ტერორიზმთან ბრძოლამ კი ხელახლა მოიპოვა ლეგიტიმაცია, განსაკუთრებით ლიბერალ მოაზროვნეებს შორის. ახალი სტრატეგია გულისხმობდა როგორც ადგილობრივებზე ანთროპოლოგიური ცოდნის დაგროვებას და შექმნას, ასევე ადგილობრივ ლიდერებში მოკავშირეების პოვნას თუ პროპაგანდის წარმოებას.

რეფორმისტების ფოკუსში დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმებიც მოექცნენ. ატლანტის ოკეანეს ორივე მხარეს დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ევროპის მუსლიმური თემები საშიშები არიან, ევროპის მულტიკულტურული პოლიტიკამ კი ვერ შეძლო მუსლიმების წარმატებული ასიმილაცია, ხოლო ამერიკაში მცხოვრები მუსლიმები წარმატებული ასიმილაციის მაგალითს წარმოადგენენ.  რეფორმისტებს, კულტურალისტებისგან განსხვავებით, მუსლიმების გარიცხვა კი არ სურდათ ეროვნული ცხოვრებიდან, არამედ მხარს უჭერდნენ იმ აზრს, რომ მეინსტრიმული ისლამი კულტურული ტოლერანტობის დისკურსში ვალიდური იდენტობა შეიძლება ყოფილიყო. ეს კი, მათი აზრით, დააჩქარებდა პოლიტიკურ ასიმილაციას. რეფორმისტების იდეების უკან კი ის აზრი იგულისხმებოდა, რომ მართალია ადგილობრივი მუსლიმები „ჯერ არ იყვნენ ფანატიკოსები,“ მაგრამ ისინი მუდმივად იდგნენ ფანატიკოსად გახდომის საფრთხის წინაშე. მასობრივი ზედამხედველობის პროგრამების განხორციელებაც სწორედ ამ შეხედულებას მიეწერება.

რეფორმისტული პროგრამის კიდევ ერთი ასპექტი იმ ლიბერალური ღირებულებების დაცვა იყო, რომლებზეც, რეფორმისტების აზრით, დასავლური საზოგადოება იდგა. ამან კი შესაძლებელი გახადა მულტიკულტურალიზმის კრიტიკა. ხშირად ლიბერალურ ღირებულებებთან შესაბამისობით იზომებოდა ის, თუ ვინ იყო ექსტრემისტი. აშკარა იყო, რომ არსებობდა დაძაბულობა ერთის მხრივ მულტიკულტურალიზმს, როგორც ევროპულ ღირებულებასა და მეორეს მხრივ მულტიკულტურალიზმს, როგორც საფრთხეს შორის. რეფორმისტებს მულტიკულტურალიზმის მეშვეობით მეინსტრიმული ისლამი რამენაირად დასავლურ კულტურაში უნდა შემოეყვანათ, თუმცა, მათი აზრით, მულტიკულტურალიზმი საფრთხესაც წარმოადგენდა, რომელიც ექსტრემისტულ იდეებსა და იდენტობებს აძლევდა გასაქანს და შესაბამისად, საფრთხის ქვეშ აყენებდა ევროპულ ღირებულებებს. ამ დაძაბულობის გამო ევროპაში  საკმაოდ გავრცელებულ აზრად იქცა ის მოსაზრება, რომ მულტიკულტურალიზმი კრიზისშია.

რეფორმისტები ამტკიცებდნენ, რომ დასავლურ ქვეყნებში ისლამის ექსტრემისტული ფორმების გამოხატვა ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო. ამისი ნათელი მაგალითია სხვადახვა კანონმდებლობები (მაგალითად, 2006 წელს ბრიტანეთში ტერორიზმის აქტის მიღება, ან ევროკავშირში 2007 წელს წარდგენილი კანონი), რომლებიც ძალადობის აღკვეთას კი არ ისახავდა მიზნად, რაც ისედაც კრიმინალიზებული იყო, არამედ ისლამისტურ იდეოლოგიაში იდეების ბევრად უფრო დიდ სპექტრს ათავსებდა და ამის კრიმინალიზებას ცდილობდა. ევროპაში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე მუსლიმებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ოფიციალური მიზეზების სიაც ბევრად გაიზარდა და ახლა უკვე მხოლოდ კონკრეტული მოსაზრებების გამოხატვის საფუძველზე მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევებსაც მოიცავდა. ლიბერალური ღირებულებების დაცვის სახელით, ისლამური იდეოლოგიის ან იდენტობის თავისუფლად გამოხატვა იზღუდებოდა სხვადასხვა ხერხებით. რეფორმისტებით ინსპირირებული პოლიტიკის მიხედვით, ლიბერალური საზოგადოებისთვის ისლამისტური იდეოლოგია უფრო დიდი საფრთხე იყო, ვიდრე მუსლიმებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

რადგან რეფორმისტებისთვის ფანატიზმის მთელი პრობლემა რელიგიური ტექსტების კითხვაში, მათ გააზრებასა და ინტერპრეტაციაში მდგომარეობს, ისეთი კონცეპტების გააზრებისთვის, როგორებიც „შარიათი“ და „ჯიჰადია,“ მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მუსლიმ ლიდერებს. შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა მოწონებოდათ და დაემტკიცებინათ ისლამის კონკრეტული წაკითხვა და ინტერპრეტაცია, ხოლო სხვა ინტერპრეტაციებს მაქსიმალურად უნდა შებრძოლებოდნენ.  რეფორმისტული მიდგომით, შინ გამოზრდილი ანუ ადგილობრივი მუსლიმური ექსტრემიზმის დასამარცხებლად ევროპელი მუსლიმები პრო-დასავლურ ყალიბს უნდა მოერგოთ. ის დასავლეთში მცხოვრები მუსლიმები, რომლებსაც აქვთ ზომიერი და დასავლური სახელმწიფოებისთვის მოსაწონი ისლამური ტრადიციები, დაფასებულები იქნებიან დასავლური ტოლერანტობის ფარგლებში, ხოლო ისინი, რომლებიც ექსტრემისტებად იქნებიან კატეგორიზებულები სახელმწიფოს მიერ, მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ მოექცევიან და მათ მიმართ ძალადობა გამართლებული და საჭიროა. რადგან რეფორმისტული მიდგომა ირიდებს კულტურალიზმისთვის დამახასიათებელ ანტი-მუსლიმურ განზოგადებებს და რეფორმისტულ დისკურსში ხშირად არის საუბარი მრავალფეროვნებაზე, რეფორმასა და მუსლიმ ადამიანებთან პარტნიორობაზე, ის მრავალი პოლიტიკური სპექტრის მქონე ადამიანებში ჰპოვებს გამოხმაურებას, თუმცა რეფორმისტების რიტორიკა მალავს ინტერვენციის უხეშ და აგრესიულ პოლიტიკას და ითვალისწინებს რბილი და ხისტი ძალის მეშვეობით მუსლიმების იდენტობის თავისებური კონტურების შექმნას. დასავლურ სახელმწიფოებს ისეთი მუსლიმების გამოძერწვა უნდათ, რომელთაც უპრობლემოდ მოაქცევენ კულტურული პატივისცემისა და ტოლერანტობის პრინციპის ქვეშ, ხოლო იმ მუსლიმებს, რომლებიც განსხვავებულები არიან და სახელმწიფოს მიერ შექმნის კონტურებში ვერ მოექცევიან,  სამოქალაქო უფლებების დარღვევის პერსპექტივა ელით.

 

რეფორმისტული და კულტურალისტური მიდგომის კრიტიკა

2007 წლიდან რეფორმისტული მიდგომა ტერორზე გლობალური ბრძოლის ოფიციალურ ნარატივს წარმოადგენს, თუმცა კულტურალიზმი ნაწილობრივ მაინც რჩება აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის პოლიტიკის გასამყარებელ არგუმენტად. არუნ კუნდნანი აღნიშნავს, რომ კულტურალიზმმაც და რეფორმიზმმაც ტერორიზმზე და ისლამზე დებატის ვიწრო ჩარჩოები შექმნა და მუსლიმური კულტურის ობიექტივიზაციას შეუწყო ხელი. კულტურალისტებისთვის მუსლიმები ვერასდროს გახდებიან თანასწორი მოქალაქეები. რეფორმისტებისთვის კი მუსლიმები თანასწორი მოქალაქეები მხოლოდ მაშინ იქნებიან, თუ ისინი ბუნდოვნად განსაზღვრული დასავლური ღირებულებების ლოიალურობას დაამტკიცებენ. ეს კი მუდმივად მერყევი პოზიციაა. მუსლიმების მუდმივად ეჭვის ქვეშ დაყენება იმ შიშის გამო, რომ ისინი ლიბერალურ პოლიტიკურ წესრიგს დაარღვევენ, თანასწორობის პრინციპის საკმაოდ ცუდი საფუძველია. მუსლიმებს მხოლოდ იმის უფლება აქვთ, რომ უკვე არსებულ ლიბერალურ წესრიგს შეუერთდნენ, მაგრამ ვერასდროს შეცვლიან მას. სხვა სიტყვებით, რეფორმისტებისთვის განსხვავებულობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებულობა სისტემის გადასინჯვას, კითხვების დასმას ან სისტემის ცვლილებას არ ითვალისწინებს.

არუნ კუნდნანი წერს, რომ მულტიკულტურალიზმის მთავარ კითხვას კულტურალიზმიც და რეფორმიზმიც ყურადღების მიღმა ტოვებს. სინამდვილეში ჩვენ უნდა ვსვამდეთ კითხვას: როგორ შეიძლება შევქმნათ ერთიანი საზოგადოება, რომელშიც სოციუმის ყველა მხარე ერთნაირად იქნება ჩართული? კულტურალიზმიც და რეფორმიზმიც, რომლებიც ტერორიზმზე მეინსტრიმულ დისკურსს აყალიბებენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში, მუსლიმ კულტურას გამოყოფენ, როგორც ტერორიზმის გამომწვევ მთავარ მიზეზს. ორივე შეხედულების მიხედვით, მუსლიმური კულტურის მოთვინიერებას და გამკლავებას სახელმწიფო ჩართულობა სჭირდება ხისტი, ან რბილი ძალის მეშვეობით. საბოლოოდ კი ორივე შეხედულების მიხედვით, მუსლიმები პოზიციონირდებიან როგორც პრობლემა, ეს კი იმთავითვე შეზღუდული და ვიწრო ხედვაა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

Ahmad, Eqbal. 2006. The Selected Writings of Eqbal Ahmad. Edited by Carollee Bengelsdorf, Margaret Cerullo, and Yogesh Chandrani. New York: Columbia University Press.

Aziz, Sahar F. 2012. “The Muslim ‘Veil’ Post-9/11: Rethinking Women’s Rights and Leadership.” The Institute for Social Policy and Understanding and the British Council Policy Brief.

Bayoumi, Moustafa. 2006. “Racing Religion.” The New Centennial Review 6 (2): 267–93. https://doi.org/10.1353/ncr.2007.0000.

Huntington, Samuel P. 1993. “The Clash of Civilizations?” Foreign Affairs 72 (3): 22. https://doi.org/10.2307/20045621.

Kundnani, Arun. The Muslims Are Coming! Islamophobia, Extremism, and the Domestic War on Terror. Paperback edition. London ; New York: Verso, 2014.

Lewis, Bernard. 1990. “The Roots of Muslim Rage.” The Atlantic, September 1990.