Flag_of_the_United_States_Department_of_State

რელიგია და ლგბტ უფლებები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2014 წლის ანგარიშში აფასებს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ცალკეულ ფაქტებს და ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი აკრიტიკებდნენ ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატთან დაკავშირებით მომხდარ ინცინდენტზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებას, კერძოდ კი, არაეფექტურ, ხანგრძლივ გამოძიებასა და დაუსჯელობას. მოითხოვენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სამართლებრივი განმარტების შექმნას, შემდგომში კი ასეთი დანაშაულების მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას. ანგარიშში ასევე ნახსენებია სოფელ მოხეში პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება და ზოგადად, რელიგიური დანიშნულების შენობებზე საკუთრების უფლებების მიმართ სახელმწიფოს ნაკლები დაინტერესება. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა დაგმო მოხეში მომხდარი ინცინდენტი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაავალა შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა, სარეკომენდაციოდ შექმნილ სპეციალურ კომისიას, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, ჯერ კიდევ არ აქვს გაცემული შესაბამისი რეკომენდაცია.

ლგბტ პირების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოებაში მათთან დაკავშირებული სტერეოტიპები ჯერ კიდევ ძლიერია. მართლმადიდებლური ეკლესია გმობს ერთსქესიან ურთიერთობებს, ლგბტ პირები კი აღნიშნავენ, რომ უწევთ საკუთარი ორიენტაციის დამალვა შესაძლო ძალადობის გამო, სამართალდამცავ ორგანოებთანაც კი. მეორე მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტი, მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს იმის შესახებ, რომ მაღალი თანამდებობის პირები ხშირად აკეთებენ ჰომოფობიურ განცხადებებს, მაგალითად მოყვანილია გაზეთ ,,ვერსიასთან“ ინტერვიუში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის მიერ ლგბტ პირების ავადმყოფ პირებად მოხსენიება.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ ლგბტ ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს 17 მაისის აღნიშვნა ძალადობის საფრთხისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნაკლები ნდობის გამო. საქართველოს პატრიარქმა კი 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლებთა პატივისცემის დღედ გამოაცხადა, რაც რუსთაველის ქუჩაზე მასშტაბური მსვლელობით აღინიშნა. 2013 წლის 17 მაისს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევაში ბრალდებული იოთამ ბასილაიასა და 3 სხვა პირის სასამართლო პროცესი კი ჯერ კიდევ არაა დასრულებული, რაც გაკრიტიკებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ამასთან, ხშირია მუქარის შემცველი განცხადებები ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის - „იდენტობას“ თანამშრომლებისა თუ სხვა აქტივისტების მიმათ.

ამასთან, ანგარიშში ნახსენებია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჰომოსექსუალებისათვის სისხლის დონორობის შეზღუდვის აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების ჩართვა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება.

მართლმსაჯულების სისტემა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს. ანგარიშში ნახსენებია მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადება, ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებში სამართლიანი განხილვის არასაკმარისი გარანტიები, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების რიცხვის ზრდა და ხანგრლივი პატიმრობების გამოყენების პრაქტიკა. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობით დაკავების ღონისძიების ინტენსიური გამოყენების ფაქტები.

ანგარიში ასევე საუბრობს სასამართლო დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, აღნიშნავს მოსამართლეთა შერჩევის ხარვეზიან სისტემას, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის ბუნდოვან პროცედურებს, მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსცდელი ვადით გამწესების შესაძლებლობას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია პენიტენციურ სისტემაში არსებული პირობების და პატიმართა გარდაცვალების შემთხვევების შესახებ.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ეფექტური გამოძიების საკითხზე და ამ პროცესში პოლიტიკური ანგარიშსწორების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე. გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ასევე მოხსენიებულია საქმეთა განაწილების წესების მანიპულაციური გამოყენების შესაძლებლობის და მოსამართლეთა სხვადასხვა სასამართლოში გადაყვანის დაუსაბუთებელი შემთხვევების შესახებ. საუბარია ფარული მოსმენებისა და კამპანია “ეს შენ გეხებას” შესახებაც.

შშმ პირთა და მშრომელთა უფლებები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიში მოიცავს ინფორმაციას საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, მათ შორის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მშრომელთა უფლებებზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მე-6 სექციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შემდგომში ‘შშმ პირები’) დისკრიმინაცია, მათ შორის სოციალური, საგანმანათლებლო და შრომითი ხასიათის არახელსაყრელი მოპრყობა, ისევ წარმოადგენს პრობლემას. დოკუმენტი მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებზე, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს არ შეუმუშავებია პოლიტიკა შშმ პირების დასაქმების პრობლემის აღმოსაფხვრელად. სკოლების უმეტესობა კვალიფიციური პედაგოგების არარსებობის გამო შშმ პირებს ვერ თავაზობს შესაბამის საგანმანათლებლო მომსახურებას. ბევრი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ შშმ შვილები, სტიგმატიზებულად მიიჩნევს თავს და არიდებს შვილებს საზოგადოებას.

ანგარიშის მიხედვით, შენობების უმეტესობა არ არის ადაპტირებული და ვერ აკმაყოფილებს მისაწვდომობის სტანდარტებს. ასევე პრობლემატურია ტრანსპორტის საკითხიც. არ არის სათადადოდ ადაპტირებული ტროტუარები და ქუჩაზე გადასასვლელები.

ანგარიშის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არსებითად შემცირდა შშმ ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო დაწესებულებების რაოდენობა. თუკი 2009 წელს 41 ასეთი დაწესებულება მოქმედებდა, 2014 წლის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 3 დაწესებულება მოქმედებს. შესაბამისად, მნიშვნელოვნად იკლო სახელმწიფო დაწესებულებებში მცხოვრებ შშმ ბავშვთა რაოდენობამ (2005 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში 4600-დან 106-მდე შემცირდა). მას შემდეგ, რაც მოხდა შშმ ბავშვებზე სახელმწიფოს ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა და მათი საცხოვრებელი პირობები არ არის ცნობილი.

ანგარიშის თანახმად, ბევრ შშმ პირს, განსაკუთრებით რეგიონებში - არ აქვთ სათანადო ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომ სოციალურ, სამედიცინო და სხვა ხასიათის პროგრამებზე. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა არ მოიცავს შშმ პირთა ყველა საჭიროებას, მათ შორის - მკურნალობის სერვისს. ამასთან, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ინკლუზიური განათლება კვლავაც მთავარ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ და ზოგად საგანმანათლებლო დონეზე დაინერგა ინკლუზიური განათლების სისტემა, წინარე სასკოლო და უმაღლესი განათლება არ წარმოადგენს ამ სისტემის ნაწილს.

მშრობელთა უფლებები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მე-7 სექცია ეთმობა მშრომელთა უფლებებს, როგორიცაა გაერთიანებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლება, იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა, ბავშვთა შრომის აკრძალვა, შრომით დისკრიმინაცია და შრომის პირობები.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსის 2013 წლის ცვლილებებით გარანტირებულია მშრომელთა უფლება - შექმნან და შეურთდნენ დამოუკიდებელ გაერთიანებებს, ასევე კოლექტიურად გაფიცვისა და ლოკაუტის უფლებები, ხელისუფლებას არ შეუქმნია შესაბამისი შრომის ინსპექცია კანონმდებლობის ამ დანაწესის აღსასრულებლად.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შრომის ინსპექციის და მედიაციის სერვისების არარსებობამ გამოიწვია კოლექტიური ხელშეკრულებების აღუსრულებლობა მთავრობის მიერ. ასევე არ ხორციელდება მთავრობის მხრიდან დამსაქმებლების მიერ შრომითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგი.

უმოქმედოა სამმხრივი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს საწარმოების და ორგანიზებული შრომის წარმომადგენლების მონაწილეობით. კომისიის შეხვედრა შედგა 1-ლ მაისს, თუმცა მას არ გამოუცია რაიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მშრომელებმა ზოგადად მოახდინეს გაფიცვის უფლების რეალიზება. დეპარტამენტს მაგალითად მოჰყავს კაზრეთის მუშების გაფიცვის შემთხვევა და მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გაფიცვა კანონიერი იყო, გაფიცვის დაწყებამდე წინასწარ მედიაციას ადგილი არ ჰქონია, ნაწილობრივ მთავრობის მხრიდან სათანადო კვალიფიკაციის მქონე მედიატორის არყოლის გამო.

პროფკავშირების მიერ გამოაშკარავებულ იქნა სახელმწიფოს მიერ შრომითი გაერთიანებების საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს პროფესიული კავშირის კონფედერაციია და სოლიდარობის ცენტრის ანგარიშებით, განსაკუთრებით შეიმჩნევა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ე.წ. „ყვითელი“ გაერთიანებების გავლენის ზრდა.

სავალდებულო შრომის აკრძალვასთან დაკავშირებით ანგარიში მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული აკრძალვის მიუხედავად, შრომითი ინსპექციის არარსებობის გამო მშრომელთა მოწყვლადობა ჩაგვრისა და იძულებითი შრომისადმი კვლავ მაღალია.

ანგარიშში მოექცა ბავშვთა შრომის საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია ბავშვთა შრომა და ასევე დეტალურად არის გაწერილი სამუშაოზე აყვანის მინიმალური ასაკის და არასრულწლოვნისათვის შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, ხელისუფლებას სრულყოფილად ვერ ახორციელებს ბავშვთა შრომის შემთხვევების დევნას. არცერთი სახელისუფლებო ორგანო არ არის პასუხისმგებელი ბავშვთა შრომის ბრალდებების გამოძიებისათვის, თუ არ არსებობს მტკიცებულება, რომ, დანაშაულს ჰქონდა ადგილი. სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური ორგანო, რომელიც განახორციელებს სამუშაო ადგილებზე ბავშვთა შრომის შემთხვევების მონიტორინგს.

ანგარიშის თანახმად, კვლავ პრობლემად რჩება ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. იურიდიული დოკუმენტაციის არქონის გამო მათ ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვაზე, განათლებაზე და სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ სხვა სერვისებზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების სასკოლო პროცესში მონაწილეობა. საოჯახო მეურნეობის ვალდებულებების შესრულებით დაკავებული ბავშვები ვერ ახერხებენ სრულყოფილად სასწავლო პროცესში ჩართვას.

სამუშაოზე აყვანისას და დასაქმების პროცესში დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ანგარიში საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ პრობლემებზე საუბრობს. საქართველოს პროფესიული კავშირის კონფედერაციის ანგარიშების თანახმად ადგილი აქვს ასაკის, სქესისა და გაერთიანების წევრობის ნიშნით დისკრიმინაციას. კომპანიები და საჯარო დაწესებულებები ხშირად ახდენენ პერსონალის რეორგანიზაციას, რათა გაათავისუფლონ დასაქმებულები, რომლებმაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს. ამასთან, ვაკანსიები ხშირად შეიცავენ ასაკობრივ ზღვარს კონკრეტულ პოზიციაზე განაცხადის გასაკეთებლად.

ეფექტური შრომის ინსპექციის არარსებობა თავს იჩენს სამუშაო საათების ოდენობასა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების პირობებთან მიმართებითაც. დასაქმებულთათვის პრობლემას წარმოადგენს სამუშაოს დაკარგვის გარეშე დააღწიონ თავი შრომით ექპლუატაციას. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფომ ეფექტურად ვერ აღასრულა მინიმალური ხელფასის, სამუშაო საათების, შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის სტანდარტები ყველა სექტორში, მათ შორის არაფორმალურ სექტორშიც. მშრომელთა უფლებების დარღვევა გრძელდება. სახელმწიფოს ასევე არ წარმოუდგენია სტატისტიკა სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაზიანებების და გარდაცვალების შემთხვევების თაობაზე. ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით საშიშია მაღაროების სექტორი.

გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას ⇓

ნახვა

გადმოწერა

Georgia_2014_human_rights_report.pdf