ადრეულ შემოდგომაზე მარნეულის და ბოლნისის სოფლებში მიმავალს გზად ხშირად შეგხვდებათ ყანები, სადაც ოციოდე ქალი დილიდან საღამომდე შრომობს. ისინი დაქირავებული მუშები არიან, რომლებიც მთელი დღის მანძილზე დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ ფიზიკურ შრომაში არიან ჩართულები. ყანებთან ჩავლისას რთულია, სხეულებრივად არ იგრძნო იმ სამუშაოს სირთულე, რასაც ქალები ასრულებენ. თუმცა გვიან შემოდგომაზე, როდესაც მოსავალის აღება სრულდება, ამგვარი შრომა მთლიანად სათბურებში - დამკვირვებლებისგან მოფარებულ ადგილებში გადაინაცვლებს. სამუშაო ადგილების სიმწირის გამო, დღიურ მუშად სოფლებიდან ბევრი ქალია დასაქმებული და ეს საქმიანობა ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ეს სტატია მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სათბურში რამდენიმე ვიზიტს, იქ მომუშავე ქალებთან საუბრებს და მათ სამუშაოზე დაკვირვებას ეფუძნება.

სათბურში მომუშავე ქალების ასაკი დაახლოებით 30-დან 70 წლამდეა, ზოგი მათგანი რამდენიმე თვეა რაც აქ მუშაობს, დანარჩენები კი რამდენიმე წელია. „არც ისეთი მარტივია აქ მუშაობა, მაგრამ ახლა იმედი მაინც გაქვს, რომ შეგვეძლება პროდუქტი ვიყიდოთ,“ მეუბნება ერთ-ერთი მათგანი. როგორც თვითონ ამბობენ, ბევრი მათგანისთვის აქ გამომუშავებული თანხა ძირითადად საკვებ პროდუქტს და ელემენტარულ საჭიროებებს ხმარდება. ქალების ნაწილმა დაქირავებულ მუშა-ხელად მუშაობას 18 წლიდან მიჰყო ხელი, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც 30 ან 45 წლის ასაკში წავიდნენ პირველად სათბურში, ან ყანაში დაქირავებულ მუშად სამუშაოდ, როდესაც ოჯახს განსაკუთრებით გაუჭირდა და სხვა გზა აღარ დარჩათ.

სათბურში მომუშავე ქალების ასაკი და პირადი გამოცდილებები სრულიად სხვადასხვანაირია: „საზღვარგარეთ ვცხოვრობდი 11 წელი, რესტორნის სამზარეულოში ვმუშაობდი. მერე ქმარს გავშორდი და პატარა შვილებთან ერთად საქართველოში დავბრუნდი. ბავშვები ჩემთან ცხოვრობენ, მშობლები პენსიონრები არიან, ახლა ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ ამ სათბურში და ესაა ჩვენი ძირითადი შემოსავალი,“ ამბობს 30-35 წლის ქალი. მის მსგავსად, ბევრი მათგანის ოჯახისთვის, პენსიის ან სხვა სოციალური დახმარების გარდა, ეს მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.

 

პრეკარიული შრომა

სათბურში სამუშაო დღე დილით 8 საათზე იწყება და საღამოს 6 საათამდე გრძელდება. დასაქმებულებისთვის არ არსებობს შაბათ-კვირა და მათ სამუშაოს დასრულებამდე ყოველდღიური მუშაობა უწევთ. დაქირავებულებმა წინასწარ არ იციან მომდევნო თვეში რამდენ დღეს გამოჩნდება მათთვის საქმე: „ახლა კი ვმუშაობ ამ სათბურში, მაგრამ ყოველთვის ეს ასე არ არის. ზოგჯერ ამ სათბურში მთელი თვე ვმუშაობთ, ზოგჯერ 15 დღე, ზოგჯერ - 10 დღე, გააჩნია არის თუ არა აქ საქმე. თუ აქ საქმე არაა, სხვაგან მივდივართ, სადაც ფულის შოვნა შეგვიძლია. რამდენიმე ჩვენგანი ცდილობს, ამ სათბურის გარდა სხვაგანაც იმუშავოს დღიურად, მაგრამ როდესაც არც აქ და არც სხვა სათბურებში სამუშაო არ არის, მცირე კრედიტის აღება გვიწევს რომ თავი შევინახოთ. მერე, როცა ისევ გამოჩნდება სამუშაო, აქედან აღებული ფულით კრედიტს ვიხდით,“ მეუბნება ერთ-ერთი მუშა საუბრისას. იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიური შრომა და დასვენების დღეების არარსებობა მძიმე პირობებს ქმნის იქ დასაქმებულებისთვის, ხელფასი მუშებს დღიურად უნაზღაურდებათ. ამ მიზეზის გამო კი რთულია დასვენების დღეების არარსებობაზე საუბარი, პირიქით, ყოველი ახალი სამუშაოს გამოჩენა სათბურში დასაქმებულ ქალებს მატერიალურ სიდუხჭირეს უმსუბუქებს. ტერმინი, რითიც ეს ყოფა შეგვიძლია დავახასიათოთ არის პრეკარიული შრომა.

პრეკარიული სამუშაო მერყევ, არასტაბილურ და არამდგრად სამუშაოს ნიშნავს და გულისხმობს ისეთ სამუშაო პირობებს, სადაც ანაზღაურება მცირეა და ოჯახის შესანახად საკმარისი არ არის, პირობები არასაიმედო ან სახიფათოა, ადამიანები კი ხშირად დაუცველ ან არამდგრად მდგომარეობაში არიან.  პრეკარიული შრომის პირობებში ადამიანები ხშირად დროებით არიან დასაქმებულები (დღიურად ან რამდენიმე კვირით თუ თვით), ამგვარი სამუშაო არ მოიცავს დასაქმებულებისთვის სხვადასხვა გარანტიებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დასაქმებულებს არ გააჩნიათ სტაბილურობის შეგრძნება და ისიც კი არ იციან ხვალაც მოუწევთ მუშაობა თუ არა.[1] სათბურში მომუშავე ქალების შრომა მხოლოდ ფიზიკურად კი არ არის მძიმე,  ქალებმა წინასწარ არასდროს იციან რამდენიმე დღეში ისევ იქნება თუ არა საჭირო მათი ხელი სათბურში და რა თანხის გამომუშავება შეეძლებათ მომდევნო დღეების მანძილზე.

დღიური შრომის საფასური 20 ლარს შეადგენს. თუ სათბურთან ახლოს მცხოვრებლებს სამუშაო ადგილას შეუძლიათ ფეხით მისვლა, შორს არსებულ სათბურებში მუშაობისას მათ ტრანსპორტში 3 ლარი უნდა გადაიხადონ. სოფლების დიდ ნაწილში არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო კერძო ტრანსპორტი ან საერთოდ არ არსებობს, ან მხოლოდ ერთ რეისს ასრულებს, მუნიციპალიტეტს მათთვის იმ პირობის შექმნაც კი არ შეუძლია, რომ მუშები უპრობლემოდ მივიდნენ დასაქმების ადგილას, ამიტომ მუშა-ხელს უწევს სათბურამდე მისასვლელი ტრანსპორტის დაქირავება, რაც თითოეულისთვის დღეში 3 ლარი ჯდება. 20 ლარიანი ანაზღაურების პირობებში 3 ლარი მცირე თანხა არ არის და დიდ განსხვავებას ჰქმნის არამდგრადი დასაქმებისა და გაჭირვების გამო.

 

პრეკარიული პირობები

სათბურში მისვლამდე რამდენიმე თვით ადრე სტუმრად ვიყავი მეზობელ სოფელში. ეს ორი სოფელი ერთმანეთის გვერდით მდებარეობს და ბევრი რამით ერთმანეთის მსგავსია, მათ შორის გეოგრაფიით, თუმცა იქ დღიურ მუშებად იშვიათად მუშაობენ და ოჯახებსაც ეკონომიურად ბევრად ნაკლებად უჭირთ. მთავარი მიზეზი, რაც ამ ორ სოფელს ერთმანეთისგან ასე განასხვავებს მიწის საკითხია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანულ სოფლებში მიწები არათანაბრად გადანაწილდა. მათ, ვინც თვითონ იყვნენ იმ დროს ძალაუფლებაში, საკმაოდ დიდი სახნავ-სათესი მიწა შეხვდათ, ხოლო დანარჩენებს - ძირითადად მხოლოდ საკარმიდამო მიწები ერგოთ. ეს არასამართლიანი გადანაწილება დღეს  აზერბაიჯანული სოფლების ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ პრობლემას ჰქმნის.[2] ისინი, ვისაც საკუთარი სახნავ-სათესი მიწა არ გააჩნიათ, სეზონურად ქირაობენ მიწას სხვებისგან და ამას ამუშავებენ, თუმცა შემოსავალი არასტაბილურია, ხოლო მიწის ქირაობა - ძვირი. „იძულებულები ვიყავით, სხვა გზები გვენახა,“ მეუბნებიან ქალები სათბურში. „აქ არ არის ისეთი ადამიანი, ვისაც საკუთარი მიწა აქვს, ამიტომაც ვმუშაობთ აქ. არამარტო მიწა, ხშირად სახლის მოწესრიგებული დოკუმენტებიც კი არ გვაქვს და ეგეც პრობლემაა ხოლმე.“

მიწის პრობლემების გარდა, ბევრ სოფელში არ არსებობს სარწყავი წყლის გამართული სისტემა. ზოგ სოფელში წყალი სხვადასხვა მიზეზების გამო დაშრა, ზოგან მილების სისტემაა მოშლილი, სხვა სოფლებში კი წყალი მონოპოლიზებულია სხვადასხვა ჯგუფების მიერ და მოსახლეობას ყოველ ჯერზე უწევს ფულის გადახდა იმისთვის, რომ რამდენიმე საათით მაინც შეძლოს მიწების წყლით მომარაგება. ეს სირთულეები ხნა-თესვის პროცესში იმდენად დიდ პრობლემებს ჰქმნის და იმდენად ცოტა და არასტაბილურ შემოსავალს იძლევა, რომ სოფლის მაცხოვრებლები ცდილობენ, დასაქმების სხვა გზები ეძიონ.

ამისგან განსხვავებით, მეზობელ სოფელში 90-იან წლებში სახნავ-სათესი ნაკვეთები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. მიწის ნაკვეთი თითქმის ყველა ოჯახის საკუთრებაშია, ამიტომ ოჯახის წევრებს სხვაგან დღიურად მუშაობა არ უწევთ, ხნა-თესვისა და მოსავლის აღების პროცესში კი მთელი ოჯახი აქტიურადაა ჩართული. სოფელში არც სარწყავი წყლის პრობლემა აქვთ. ჩემი მასპინძელი ოჯახი  აღნიშნავს, რომ ძალიან რთულია ყოველდღიურად მიწასთან მუშაობა და იმისთვის, რომ მათ შემოსავალი ჰქონდეთ, ეს დიდ თავდადებას და ოჯახის ყველა წევრის ჩართულობას მოითხოვს. თუმცა ის ფაქტი, რომ მათ მიწის დაქირავება არ უწევთ და მიწა მათ საკუთრებაშია, მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ოჯახების ფინანსური გაჭირვების ფონს.

სოფლებში იშვიათია სხვა სახის სამუშაოც, სკოლები ხშირად არის ხოლმე ერთადერთი სტაბილური სამუშაოს გარანტია. ამბულატორიები, აფთიაქები და სხვა სახის დაწესებულებები კი სოფლების უმრავლესობაში არ ფუნქციონირებს, ამიტომ სტაბილური სამუშაო ადგილები იშვიათობაა. პრეკარიული და არამდგრადი პირობების მიუხედავად, სამსახურების და საკუთარი მიწების არარსებობის პირობებში, ქალების თქმით, დღიური სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობისთვის შრომის ბევრად უკეთესი ალტერნატივაა და რადგან არამდგრადი ყოფა არა მხოლოდ სათბურებში მომუშავეთათვის, არამედ მთლიანად სოფლების მაცხოვრებლების ყოველდღიურობის დამახასიათებელია, ისეთი მერყევი სამუშაოს ქონაც კი შვებაა, რომელიც არც დასვენების დღეებს მოიცავს და არც შემოსავლის გარანტიას.

„სიმართლე ვთქვა, საკუთარი ნებით არ დამიწყია მუშად მუშაობა, ეს საკმაოდ რთული საქმეა. უბრალოდ ოჯახი მყავდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩემს ოჯახში არიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებსაც სამუშაო ადგილის პოვნა ძალიან უჭირთ, ამიტომ მე იძულებული ვარ აქ ვიმუშავო ოჯახური პირობების გამო,“ მეუბნება 50-60 წლის ქალი. მამაკაცების ის ნაწილი, ვინც ჯერ კიდევ სოფლებში ცხოვრობენ ხშირად ასევე პრეკარიულად არის დასაქმებული და თვის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე დღე ახერხებენ მუშაობას.

აზერბაიჯანულენოვანი სოფლების სრულ უმრავლესობაში ბაღები არ ფუნქცონირებს და რადგან სათბურებში საქმე მთელ დღეს გრძელდება, ქალებს იმაზე ფიქრიც უწევთ, თუ სად დატოვონ მცირეწლოვანი შვილები. „ზუსტად 20 წლის ვიყავი როცა სათბურში დავიწყე მუშაობა. ორი შვილი მყავს, რომლებსაც ხან ჩემს დას ვუტოვებდი, ხან - დედამთილს და დავდიოდი სხვადასხვა ყანაში თუ სათბურში მუშად. საქართველო მაშინაც ეკონომიკურად სუსტი იყო, ამის გამო დიდი ხანია ყანებში ან სათბურებში მუშაობა მიწევს,“ მეუბნება შუა ხნის ქალი. „სკოლამდელი აღზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს სოფლებში ბაღები არ არის, ამიტომ ბავშვებს ხან მეზობლებთან ვტოვებთ, ხან - სხვა ახლობლებთან, სხვა გზა არ არის.“

სათბურში მომუშავე ქალების დიდ ნაწილს არა მხოლოდ 9-10 საათიანი ფიზიკური შრომა უწევთ, სახლში მისვლის შემდეგ მათ სახლის  საქმეებიც აბარიათ:  „აქ მომუშავე ქალების უმეტესობას სახლში არ ჰყავს დედამთილი ან სხვა ვინმე რომ სახლის საქმეებში დაგვეხმაროს, ამიტომ აქ შრომის დასრულების შემდეგ სახლის საქმეების კეთება გვიწევს. ზოგს ჰყავს სახლში დედამთილი, დედა ან მოზრდილი შვილი, მაგრამ ბევრს - არა,“ მეუბნება რამდენიმე მათგანი. „და ზოგი ჩვენგანის შვილები მთელი დღის მანძილზე სხვა სათბურებში მუშაობენ.“

 

შვილების მომავალი

სათბურის მუშები თავიანთი შვილების მომავალზე საუბრობენ, აშკარაა ერთის მხრივ, მათი სურვილი, რომ მათ შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და მეორეს მხრივ, ის რეალობა, რომელშიც სინამდვილეში უწევთ ცხოვრება: „ყველას გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლონ, მაგრამ ხშირად მათ არც კი აქვთ ამის შანსი, რადგან ოჯახებს არ გვაქვს ამ ყველაფრის შესაძლებლობა,“ მეუბნება ერთ-ერთი მუშა სათბურში. „ჩემმა გოგომ ჩააბარა უმაღლესში, მაგრამ ვეღარ გავწვდით ფინანსურად და ახლა აკადემიურის აღებამ მოუწია, თუმცა არ ვიცით ერთწლიანი აკადემიური სინამდვილეში რამდენ წელს გაგრძელდება,“ საუბარში ერთვება მეორე მუშა ქალი.

რამდენიმე კვირით ადრე გვერდით სოფელში მცხოვრებმა პენსიონერმა ქალბატონმა, რომელსაც იმ სოფელში მეტ-ნაკლებად თანაბარი განაწილების პირობებში საკუთარი მიწა აქვს, მითხრა: „ჩემს შვილებს და შვილიშვილებს მიწაზე არ უმუშავიათ. მიწაზე შრომა ძალიან დიდ ძალისხმევას და ფიზიკურ შრომას მოითხოვს, რისთვისაც არ მემეტებიან. ჩვენ იმიტომ ვწვალობთ ამდენს, რომ ჩემს შვილიშვილებს, ჩვენგან განსხვავებით, უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. შვილიშვილები უმაღლესში სწავლობენ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგ სამსახურებს იშოვიან.“ ეს იმედი ნაკლებად ჩანს სათბურში მომუშავე ქალებთან საუბრისას. მათ კარგად იციან, რომ უმაღლესში სწავლას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. მარნეულის და ბოლნისის სოფლებიდან თბილისში სიარული შეუძლებელია, ხოლო თბილისში სახლის ქირაობას და ცხოვრებას სტაბილური შემოსავალის ქონა სჭირდება, რაც დღიურ მუშებს არ გააჩნიათ.

დღიურად დასაქმებულ მუშა ქალებს ტკივილთან ერთად ცხოვრება და შრომა ხშირად უწევთ: „ბევრ ჩვენგანს წელი სტკივა, რადგან ხშირად დახრა გვიწევს. ბევრია გულით დაავადებული, სხვა დაავადებებიც ხშირია, მაგრამ საშუალება არ გვაქვს რომ ექიმთან მივიდეთ კონსულტაციისთვის და თავს მივხედოთ. ჩვენი აქ მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ დიდ თანხას ვშოულობთ ან რომ ჩვენი თავისთვის გვრჩება თანხები. აქ მიღებული თანხით ან პროდუქტებს ვყიდულობთ, ან ჩვენს შვილებს ვაძლევთ განათლებას,“ მეუბნებიან სათბურში.

 

აზერბაიჯანელი ქალები, როგორც სუბიექტები

 „შეიძლება გეგონოთ, რომ აქ მუშაობა მარტივია და რომ აქ უცოდინრები მუშაობენ,“ მეუბნება მუშების ზედამხედველი ქალი. „სინამდვილეში, ამ საქმის კეთებას ცოდნა სჭირდება, ამ პროფესიას სწავლა სჭირდება. მიწასთან შეხება აქ მუშაობის და

წყებამდეც გვქონდა ბევრ ჩვენგანს, მაგრამ ცოდნა არ გვქონდა სწორად როგორ მიგვეხედა, იოლად რა და როგორ დაგვემუშავებინა. აქ მუშაობის დაწყებისას ამ ყველაფერს ვსწავლობთ ... მე პირადად, აგრონომის გვერდით ვიმუშავე რამდენიმე წელი, რომელმაც ახალი ტექნოლოგიები მასწავლა. ახალი მუშები რომ მოდიან, ამ ცოდნას ვუზიარებ. ხანდახან მუშაობის დასრულების შემდეგაც ვრჩებით, რადგან ამ ყველაფრის სწავლა ასეთი იოლი არ არის. ერთ-ორ თვეში მუშები ნელ-ნელა სწავლობენ და საკმაოდ კარგად იციან ეს ტექნოლოგიები.“

უცოდინრობის შესახებ საუბარი ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან ზედამხედველმა უეცრად, საკუთარი ინიციატივით დაიწყო ამაზე საუბარი. თავიდან ვერც მივხვდი მისი ნათქვამის მნიშვნელოვნებას, მაგრამ, სინამდვილეში, ეს კომენტარი ძალიან კარგად გამოხატავს აზერბაიჯანელი ქალის აღქმას იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს და მონიშნავს აზერბაიჯანელ ქალებს ქართული დისკურსი. აზერბაიჯანელებს, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანელ ქალებს, დომინანტური ქართული საზოგადოება ხშირად უყურებს როგორც უცოდინრებს და მიამიტებს, რომლებიც ადგილობრივი კაცების და ტრადიციების იარაღები არიან. თუმცა აზერბაიჯანელ ქალებს, ხშირად ქართული ენის არცოდნის გარეშეც, ძალიან კარგად ესმით, რა ადგილს იკავებენ ისინი ქართველების თვალში, ამის საპირისპიროდ, ქალების ნაამბობში და საქმიანობაში კარგად წარმოჩინდება მათი აგენტობა[3] (agency) და სუბიექტურობა. ვფიქრობ, ზედამხედველის ნათქვამი საკუთარ თავს და სათბურის მუშებს მონიშნავს, როგორც იმ საკითხის კარგად მცოდნეებს, რის შესახებაც სხვებს შეიძლება წარმოდგენაც კი არ ჰქონდეთ და რომ მოსავალის მოვლის ტექნოლოგიების ცოდნაც ისეთივე ვალიდურია, როგორც სხვა ტიპის ცოდნა. სათბურის მუშების აგენტობა იკვეთება ოჯახის ეკონომიკური გადარჩენაში მათ მნიშვნელოვან მონაწილეობაში, შვილების მომავლისთვის ძირითადი წვლილის შეტანის პროცესში, რადგან მუშა ქალების შემოსავალი, პროდუქტის გარდა, სწორედ შვილების განათლებაში იხარჯება, აგენტობა ჩანს ქალების განცხადებებშიც, რადგან მათი დიდი ნაწილი საკუთარ თავს სუსტ და დაჩაგრულ ქალად კი არ განიხილავს, არამედ პირიქით.

 

მიგრაცია

აზერბაიჯანულ სოფლებში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მიგრაცია. ოჯახები ხშირად ერთად მიდიან სეზონურად თურქეთში, პოლონეთსა და აზერბაიჯანში რამდენიმე თვით და შემდეგ უკან ბრუნდებიან. სეზონურ მიგრაციებს მუშები მძიმედ იხსენებენ. ზედამხედველი მიყვება, რომ მან მხოლოდ ერთხელ შეძლო ასე ემუშავა, მაგრამ ვერ გაუძლო.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი კი მუდმივად საზღვარგარეთ ცხოვრობს, როგორც ამბობენ, საქართველოში მათთვის სამუშაო არ არის. სათბურში მომუშავე ქალების უმრავლესობაც საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მუშაობდა. აშკარაა, რომ მათთვის მიგრაციაში ცხოვრება და მუშაობა მარტივი არ ყოფილა: „განათლებით ექიმი ვარ,“ მიყვება სათბურში მომუშავე პენსიონერი ქალი. „ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია, მაგრამ სოფელში ექთანი თუ სჭირდებოდათ, ანაზღაურების გარეშე, ჩემი ინიციატივით ვეხმარებოდი, მაგალითად, ვინმეს ნემსის გაკეთება თუ უნდოდა, ან სხვა ასეთი რამე. 10 წელი აზერბაიჯანში ვიმუშავე. ქმარი შეზღუდული შესაძლებლობების პირია, ასევე ჩემი შვილიც. ამიტომ ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობდი. ჩემი შემოსავლის ნახევარს ქირაში ვაძლევდით, მხოლოდ მეორე ნახევარი გვრჩებოდა ყოველდღიური საჭიროებებისთვის. იქ ჩასვლისას სამსახური ჯერ არ მქონდა და ფიცრის ქარხნის დირექტორთან მივედი, დამასაქმე მეთქი. მითხრა, აქ მხოლოდ კაცები მუშაობენ და ვერ მიგიღებთო. ვუთხარი, მათზე უკეთ ვიმუშავებ-მეთქი. ასეც იყო. ერთადერთი ქალი ვმუშაობდი კაცების გვერდით და პრემიებიც მიმიღია. შემდეგ რამდენიმე წელი ავეჯის ფაბრიკაში ვიმუშავე, იქაც ერთადერთი ქალი მე ვიყავი. ძალიან მძიმე ფიზიკური სამუშაო იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. აზერბაიჯანიდან პირადი ტრაგედიის გამო დავბრუნდით. დაბრუნების შემდეგ სამი წელია ამ სათბურში ვმუშაობ. ოჯახში ერთადერთი შემომტანი მე ვარ, პენსიონერიც ვარ და მეორე სამსახურიც მაქვს - მეეზოვე ვარ. რომ არსებობდეს, მესამე სამსახურშიც ვიმუშავებდი, რადგან მაინც გვიჭირს.“

იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში ცხოვრება ბევრ მათგანს ეკონომიკურ ფონს უმსუბუქებდა, რამდენიმე მათგანისთვის საქართველოდან მოშორებით ცხოვრება მარტივი არც ემოციურად იყო: „მე 20 წელი ვიმუშავე მზარეულად აზერბაიჯანში,“ მეუბნება 60 წელს გადაცილებული ქალბატონი. „მთელი ოჯახი იქ ვიყავით ამდენი ხანი. 90-იანებში აქ სამუშაო ადგილები საერთოდ არ იყო და ამიტომ მოგვიწია საქართველოს დატოვება. რამდენიმე წლის წინ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მე აქ დავბრუნდი შვილთან ერთად. ჩემი ორი შვილი თურქეთში წავიდა და იქ მუშაობენ. მე ვერ გავყევი, ვერ შევეგუებოდი თურქეთს, აზერბაიჯანში ცხოვრებაც ძალიან მიჭირდა, თითქოს ახლოსაა აზერბაიჯანი ემოციურად ჩემთვის, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი სახლი არ იყო.“

საზღვარგარეთ მუშაობა, ერთი შეხედვით, მრავალ ოჯახს ეხმარება ეკონომიკური პრობლემების მოგვარების და სამუშაოს სიმწირის პირობებში, თუმცა სეზონური მიგრაციაც და საზღვარგარეთ დიდი ხნით ცხოვრებაც ოჯახებისთვის იოლი გამოსავალი არ არის. მათ საკმაოდ ინტენსიური შრომის გაწევა უწევთ სამთვიანი სეზონური მიგრაციის დროს, რისი ატანაც ბევრს უჭირს. ხოლო საზღვარგარეთ მრავალწლიანი ცხოვრების შემთხვევაში ოჯახები იძულებულები არიან, გამომუშავებული თანხის დიდი ნაწილი ბინის ქირაში იხადონ, რაც ასევე ამცირებს ოჯახის ჯამურ შემოსავალს. ამას გარდა, მუშები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ უცხოეთში, საქართველოდან და საკუთარი თემისგან შორს ცხოვრება მათთვის ემოციურადაც საკმაოდ რთულია.

 

პრეკარიული ყოფა

ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვანი სოფლების მაცხოვრებლების ყოფა მრავალმხრივ პრეკარიული და მერყევია. მერყევია ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის სისტემური ჩავარდნების და ამ რეგიონში ადამიანების კეთიდლღეობის და უფლებების დაცვის მიმართ სახელმწიფოს ისტორიული უგულებელყოფის გამო, მათ შორის მიწის უსამართლო გადანაწილებისა  და სარწყავი წყლის არქონის გამო, ამიტომ სოფლის მოსახლეობას დიდი თანხების გადახდა უწევთ სეზონურად მიწის დასაქირავებლად.  მერყევია არასტაბილური სამუშაოს არარსებობის გამო, რომელიც სტაბილურ შემოსავალს ვერ უზრუნველყოფს.  პრეკარიულია საყოველთაო სიკეთეების არარსებობის გამოც: მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გარდა,  მოშლილია სოციალური დაცვის მექანიზმები, განსაკუთრებით, ყველაზე დაბალი ფენების მიერ ჯანდაცვაზე წვდომა, ხოლო უფასო ჯანდაცვის სერვისების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამდე ვერც კი აღწევს. ამ პრეკარიული ყოფის პირობებში ადამიანებს ბევრად მეტი შრომა უწევთ დაბალი ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ. საქართველოში გავრცელებული და ძლიერია ის ნარატივი, რომ 90-იანი წლების გაჭირვება ქალების მძიმე შრომამ გადაგვატანინა დანარჩენებს და რომ დღესაც სახელმწიფო ეკონომიკის დიდი ნაწილი ისეთ ქალებზე დგას, რომლებიც შვილებისა და ოჯახის სიყვარულის გამო მძიმედ შრომაში არიან ჩართულები. თუმცა ამ ნარატივს ხშირად აკლია აზერბაიჯანელი ქალების სახე, რომლებიც სათბურებში, ყანებში თუ საზღვარგარეთ დილიდან საღამომდე შრომობენ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში არამდგრადმა ანუ პრეკარიულმა დასაქმებამ თითქმის ყველა სფერო მოიცვა, ადამიანების უმრავლესობა დროებით კონტრაქტებზე მუშაობს, არ აქვს დაზღვევა და სხვა გარანტიები და სახელმწიფო შრომის კოდექსი ხშირად მათ არ იცავს. თუმცა ამ არამდგრადი გარემოს პირობებშიც რიგი  სამუშაოები განსაკუთრებით არამდგრადი და მერყევია.

[2] ეს ტენდენცია არ შემოიფარგლება აზერბაიჯანული სოფლებით და ქართულ სოფლებშიც აშკარაა

[3] სოციალურ მეცნიერებებში აგენტობა (agency) ნიშნავს სოციალური სტრუქტურებისგან გარკვეულ დამოუკიდებლობას. იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებლობა შეიძლება იყოს საკმაოდ მცირე და ლიმიტირებული სხვადასხვა სტრუქტურული მექანიზმების მიერ.