ვიდეოში ქართველი მუსლიმები ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე მსჯელობენ და მათი ინტერესების და უფლებების იგნორირების გამო სახელმწიფო პოლიტიკაზე წუხილს გამოხატავენ.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ქართველი მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნაა, რომელსაც ის ყველა ხელისუფლების წინაშე აყენებდა. თუმცა, არც ერთმა ხელისუფლებამ მუსლიმი თემის ამ ისტორიულ მოთხოვნას და მეჩეთის რეალურ საჭიროებას არ უპასუხა. მათ შორის, ბოლო წლებში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მხარდაჭერის თხოვნით ათასობით მუსლიმმა და არამუსლიმმა კოლექტიური განცხადებით მიმართა მთავრობას, თუმცა, უშედეგოდ. ამის შემდეგ ქართველმა მუსლიმებმა თვითორგანიზებით ბათუმში მიწის ნაკვეთის შეძენა მოახერხეს. თუმცა, ბათუმის მერიამ მათ ახალი მეჩეთის მშენელობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარი განუცხადა. ბათუმის მერიის შეფასებით, მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობაა დაგეგმილი, ინტენსიური საცხოვრებელი განაშენიანების ზონაში მდებარეობს და იქ რელიგიური ნაგებობის მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის. მერიის ეს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, რომელიც მუსლიმმა თემმა სწორედ მეჩეთის მშენებლობის პროცესის ორგანიზებისთვის საგანგებოდ, დემოკრატიული წესით შექმნა, სასამართლოში გაასაჩივრა. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში EMC და TDI იცავენ.

2019 წლის 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. სასამართლოს თქმით, ბათუმის მერიამ არ გაითვალისწინა მუსლიმი მრევლის მაღალი სოციალური ინტერესი და ამ მნიშვნელოვანი ინტერესის უგულებელყოფით პრიორიტეტი მიანიჭა აბსტრაქტულ საჯარო ინტერესს ქალაქის ამ ზონის საცხოვრებელი მიზნით განაშენიანების შესახებ. დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების გადამწყვეტი ფაქტობრივი საფუძველი შექმნა იმ გარემოებამ, რომ იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე ითხოვდა მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე რაიონში, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ განაშენიანებულ კვარტლებში შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა განთავსებული, მათგან სამი - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

ამ ეტაპზე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე დავა სასამართლოში გრძელდება, რადგან ბათუმის მერიამ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სასამართლო განხილვის პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებები არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ბათუმის მერია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს მეჩეთის მშენებლობის პროცესის და მიწის ნაკვეთის სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას სთხოვდა, რაც ფონდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მუსლიმ თემში არსებობს კრიტიკა და წუხილი სამმართველოზე სახელმწიფოს გაუმართლებელი კონტროლის შესახებ, რაც თემს მათი რეალური საჭიროებების და ინტერესების დაყენების შესაძლებლობებს უზღუდავს.