რას ვამბობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ‘საქართველო ევროპაა?’ ქართულ ლიბერალურ დისკურსში ‘ევროპა,’ როგორც შეძახილი, თითქოს მხოლოდ  ანტირუსული პოლიტიკური პოზიციის აღმნიშვნელია, მაგრამ მას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი სოციალურ-კულტურული განზომილებებიც აქვს. საქართველოში ‘ევროპა’ ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება: აღმატებულობა და ანტიაღმოსავლურობა. ‘საქართველო ევროპაა’ არის რიტორიკული/იდეოლოგიური პოზიცია, რომელშიც აუცილებლად იგულისხმება, რომ საქართველო არ არის აღმოსავლეთი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიქოტომიურ დაპირისპირებაში კი, ევროპა აღიქმება, როგორც აღმატებული, უპირატესი, ის, რაც ცხადად უკეთესია მის საპირისპირო ცნებაზე აღმოსავლეთზე. გეოგრაფია, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, და რეალობა, ზოგადად, ასეთ ხედვაში ნაკლებად რელევანტურია, წარმოსახვით, სიმბოლურ სფეროსთან შედარებით, თუმცა პრობლემური ის არის, რომ სიმბოლოებიც ითარგმნება (პოლიტიკურ) ქმედებაში.  

დიქოტომიური ხედვის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ დღეს ‘ბერლინი’ იქცა. ბერლინი, არა როგორც გერმანიის გეოგრაფიულად განსაზღვრული დედაქალაქი, არამედ, როგორც სიმბოლო; ელიტების კომუნიკაციის აღმნიშვნელი. საკმარისია, თქვა სიტყვა ‘ბერლინი’ და იმ წუთას ცხადი ხდება, რომ ეკუთვნი ელიტას, რომლის პერსპექტივიდანაც აცხადებ შენი და შენი გამგების აღმატებულობას მასზე, ვისაც ბერლინის მნიშვნელობა თანამედროვე ქართულ ელიტარულ ცხოვრებაში არ ესმის. „უნდა იჭერდნენ მარიხუანისთვის თბილისში, თუ ბერლინში არ იჭერენ?“ „თბილისი ახალი ბერლინია?“ „ბასიანი ძველი ბერგჰაინია?“ და ბერლინის ხსენებით ასეთ შეკითხვებზე პასუხი თვითცხადია.  აქ საქმე რაიმე პოლიტიკის დეტალებში კი არ არის, მაგალითად, ნარკოპოლიტიკის სპეციფიკაში,  არამედ ბერლინის აღმატებულ ნორმატიულობაშია, რომელიც პირველ რიგში მრავალ ‘არა-ბერლინს’ გულისხმობს და აწარმოებს.

საქართველოს, და განსაკუთრებით თბილისის, ბინარულ, იანუსისებურ, ხედვაზე სხვაგანაც მისაუბრია.[1] აქ მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ გაორებული თბილისის ხედვაში, რომელიც რუსული იმპერიის წიაღში წარმოიშვა, „წარსული ასოცირდება აზიასთან, მომავალი – ევროპასთან. შესაბამისად, გამოდის, რომ თბილისის სივრცე არის არა ფანჯარა ევროპაში, არამედ კიდევ უფრო ძვირფასი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ან/და სივრცე, რომელშიც ორივე იკვეთება… შესამჩნევია, რომ ეს დისკურსი ცდილობს იდენტობის პარადიგმის სივრცისეულად გაშლას – ვინ ვართ, როგორც, სად ვართ… იანუსის მეტაფორა არ გვთავაზობს არაფერს, გარდა დიქოტომიისა. ის არ არის ჰიბრიდული სივრცის აღმნიშვნელი მეტაფორა, ის მხოლოდ და მხოლოდ დიქოტომიურია და, შესაბამისად, ნიღბავს ნებისმიერი სხვა არჩევანის საშუალებას.“

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი სივრცის დიქოტომიური ხედვა ისტორიულად წარმოებულია გარედან, რუსული პერსპექტივიდან, ქართულ ელიტებს ის სინამდვილეში  სრულიად აქვთ შესრუტული, რადგან ესმით, რომ თავის დროზე  რუსი (ხოლო დღეს თავად ევროპელი) თბილისში იმისთვის იდგა, რომ იმპერიის პერიფერიაში აზიას შეხებოდა, სწორედ იმისთვის, რომ თავისი (პეტერბურგის, მოსკოვის, ბერლინის) ევროპელობა დაედასტურებინა. ქართული ელიტისთვის ეს ლოგიკა ყოველთვის გასაგები და მისაღები იყო: თუ შენ, ქართველს, გინდა, რომ შეგიშვან ევროპის კლუბში, შენც უნდა ჩადგე ‘დასავლელი’ მოგზაურის პოზიციაში, საკუთარ ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში, და გაემიჯნო იმ აღმოსავლურობას, რომელთან გამიჯვნაც განაპირობებს შენს ევროპელობას. ამ ლოგიკაში, აღმოსავლურობა, როგორც შენი კულტურის ნაწილი, არ ნადგურდება. განადგურებული აღმოსავლეთი გამოუსადეგია იმპერიული აღმატებულებისთვის. ის ხილვადი ხდება, რათა მას გავემიჯნოთ. შესაბამისად, თუ კოლონიზატორის პერსპექტივიდან აღმოსავლურობის ევროპელობისგან განსხვავება ხდება აღმატებულობის დაფუძნების საბაბი, ტრავმირებული კოლონიური სუბიექტისთვის, ანუ ქართველისთვის, აღმოსავლეთისგან გამიჯვნა ხდება ევროპასთან მიკუთვნების დემონსტრაციის, ევროპასთან მლიქვნელობის საბაბი. ევროპული აღმატებულებისა და ქართული ელიტის მლიქვნელობის იდეასაც გამართლება სჭირდება. როდესაც ამბობ, რომ ‘საქართველო ევროპაა,’ ეს იმდენად რედუქციულად, პრიმიტიულად ჟღერს, რომ არგუმენტი ახსნას და გამაგრებას მოითხოვს. რატომ არის საქართველო ევროპა და არა, მაგალითად, ევროპა-?

ევროპის ნაგულისხმევი უპირატესობის გამართლება ხშირად რაციონალური საღი აზრის, როგორც ცოდნის წყაროს, ტირანიასთან იკვეთება. საღი აზრის ტირანიაში ვგულისხმობ ვითარებას, რომელშიც ლიბერალიზმი მისგან განსხვავებულ ნებისმიერ პოზიციას აღნიშნავს როგორც იდეოლოგიურს, ხოლო თავს, როგორც ნეიტრალურს, მიუკერძოებელს, ა-იდეოლოგიურსა და, რაც მთავარია, თავისთავად ცხადს. ანუ, ყველა იდეოლოგია მიკერძოებული იდეოლოგიაა, გარდა ლიბერალიზმისა, რომელიც საღი აზრიდან გამომდინარეობს. ის, რომ ასეთი პოზიცია საჭიროებს რწმენას, რომ არაიდეოლოგიური პოზიცია საერთოდ შესაძლებელია, არც განიხილება. და თუ განიხილება, მაშინ იდეოლოგიის ცნების ისეთ ფუნდამენტურ განმარტებებს უპირისპირდება, როგორსაც ალთიუსერიდან ჟიჟეკამდე ვაწყდებით. სიახლე არ არის, რომ იდეოლოგია პრაქტიკაა, და არა „ის, რისიც გჯერა“ (ალთიუსერის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იდეოლოგია არის ეკლესიაში დაჩოქება და არა ის, თუ რა გაქვს შენ გულში).[2]და თუ ვთანხმდებით, რომ იდეოლოგია პრაქტიკაა, მაშინ იმის დასაჯერებლად, რომ შესაძლებელია, არაიდეოლოგიური პოზიცია არსებობდეს, უნდა წარმოიდგინო ადამიანები, ჯგუფები და ინსტიტუციები პრაქტიკის გარეშე. ‘საღი აზრი’ იქით იყოს და ლიბერალიზმს თავისი პრაქტიკა ნამდვილად აქვს; შესაბმისად, ის ვერ იქნება არაიდეოლოგიური.

არადა, ამავე ‘საღი აზრით’ მართლდება ევროცენტრიზმი და ქართული  ელიტის მლიქვნელობა ევროპისადმი. ცხადად საღდება ის, რომ ევროპა რაციონალურია, აღმოსავლეთები – არარაციონალური;  ევროპა უნივერსალურია, აღმოსავლეთები – სპეციფიკური; ევროპა ობიექტურია, აღმოსავლეთები – სუბიექტური; ევროპა გონივრულია, აღმოსავლეთები –ემოციური.[3]ასეთი ხედვა იმას ამხელს, რომ ევროცენტრიზმი და ორიენტალიზმი ერთი მონეტის ორი მხარეა.

ზემოთ ხსენებულზე კამათი დღევანდელ საქართველოში თითქოსდა, ასე თუ ისე, მიმდინარეობს. მაგრამ ევროპა/აზიის დიქოტომიურობის, იმპერიალიზმისა და პოსტკოლონიალიზმის დისკუსია ხშირად გეოპოლიტიკური კატეგორიებით შემოისაზღვრება. ევროცენტრიზმის ერთი უხილავი კატეგორია კი, რომელზეც ჯერ მაინდამაინც ბევრს არ უმსჯელია, ელემენტარული რასიზმია.

ქართული ევროცენტრიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ღერძი აუცილებლად სითეთრეა. ქართული ელიტისთვის ევროპის კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სწორედ მასთან, როგორც სითეთრესთან, ასოცირება, მის აღმატებულობასთან მიკუთვნება, სითეთრეში შეშვება/შეძრომაა. ეს განსაკუთრებით ცხადყო ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩში მომხდარმა ტერაქტმა, სადაც 2019 წლის მარტში რადიკალურმა ეთნონაციონალისტმა და თეთრი უპირატესობის იდეის მიმდევარმა, ადგილობრივ მეჩეთში 50 ადამიანი მოკლა. იმ ცეცხლსასროლ იარაღზე, რომელიც ტერორისტმა გამოიყენა, სხვადასხვა ქვეყნის (სერბეთის, იტალიის, უნგრეთის, უკრაინის) ისლამთან მებრძოლი ისტორიული ფიგურების სახელები ეწერა, მათ შორის – დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელებიც; იმ დავით სოსლანის, რომლის უდიდესი მიღწევა შამქორისა და ბასიანის ბრძოლების გამარჯვება იყო, თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ. გასაგებია, რომ თეთრი უპირატესობის იდეის მიმდევარ ტერორისტს ქართული ისტორიის ნიუანსები არ აინტერესებდა და ის სხვადასხვა ქვეყნის ისტორიული ფიგურების ისლამოფობიისა და ისლამზე გამარჯვების სიმბოლოებად გამოყენებას ცდილობდა. ერთი მხრივ, თითქოს თეთრი ნაციონალიზმი და ისლამოფობია ერთი ბოროტი ადამიანის თავში გადაიკვეთა. არადა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გადაკვეთა გლობალურ სახეს არ იღებს? და დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ გადაკვეთას არ ვაწყდებით ქართულ საზოგადოებაში? ორიენტალიზმის გადაკვეთა რასიზმთან არ არის მხოლოდ ქართული ამბავი, მაგრამ ის ქართულიც არის. ნუთუ საბაბს მოკლებულია ქართულ ისლამოფობიასა და ევროცენტრიზმს შორის კავშირის შემჩნევა? ორივეს ხომ აღმატებულობის იდეა აერთიანებთ. არ არის აუცილებელი, რომ ბასიანით მოხიბლული ქართველები ეთნონაციონალისტები იყვნენ ან ევროპის ყველა მოტრფიალე ორიენტალისტი იყოს, მაგრამ ამ ორივე ჯგუფს იმ აღმატებულობის იდეა აერთიანებს, რომლის რადიკალური გამოხატულებაც იყო ქრაისტჩერჩის ტერაქტი. ასეთ რადიკალურ ქმედებებამდე ჩვენ ჯერ თითქოს არ მივსულვართ (‘თითქოს’-ზე მაჩალიკაშვილის საქმე მაფიქრებს), მაგრამ ის სულისკვეთება, რომელიც ქართულ კულტურულ ფაშიზმს ამოძრავებს,[4]  ისეთივე დიქოტომიურ დაპირისპირებებზეა აგებული (ნათელი და ბნელი, ქრისტიანული და ისლამური, აღმოსავლური და დასავლური, მოდერნული და ტრადიციული), როგორებიც ტერორისტის ავადმყოფ გონებას ამოძრავებდა. სადღაც, არც ისე ღრმად, ქართულ კულტურაში ის იდეები ცოცხლობს, რომლებიც ავსტრალიელმა ტერორისტმა ინტუიტიურად ამოიცნო, როდესაც გლობალური სითეთრის აღმატებულობის მაგალითებს ეძებდა. ნარატივი საქართველოზე, როგორც ევროპელობის პირველწყაროზე, პაპზე უფრო კათოლიკობის კომპლექსის ნაწილია და ეს კომპლექსი რასისტული აღმატებულობის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, წყარო, რომელიც ეთნოცენტრისტულ ნაციონალიზმს კვებავს.

რა ალტერნატივა შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი მახინჯი ხედვის საპირისპიროდ?

თუ არა დიქოტომია, აღმოსავლეთი და დასავლეთი, იანუსი, მაშინ რა? პასუხი, სიმრავლეა. სიმრავლეს მრავალი სახელი აქვს: კოსმოპოლიტიზმი, ჰიბრიდულობა, ჰეტეროგენულობა, აჯაფსანდალი, ანუ სიმრავლე, რომელიც ვერ იქნება მიკუთვნებული, როგორც მხოლოდ ევროპული, რადგან სიმრავლე გამორიცხავს ტოტალურ, ერთგვაროვან მიკუთვნებებსაც და დიქოტომიურ წყობებსაც. ეს ქართული სიმრავლე, პირველ რიგში, კულტურულია. მაგრამ სწორედ ეს კულტურული პარადიგმა შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც პოლიტიკური ძალა, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე არმია ან რაიმე მიმართულებით (თუნდაც დასავლეთით) განსაზღვრული საგარეო პოლიტიკა. ეს იმიტომ, რომ სიმრავლე, კულტურული ჰიბრიდაცია, აჯაფსანდალი, ფუძეშივე ანტიჰეგემონიურია და არ ექვემდებარება დაპყრობას. დაპყრობისთვის იმპერიას სწორედ მარტივი დაპირისპირებული კატეგორიები სჭირდება. ქართული სიმრავლეც ეწინააღმდეგება როგორც იმპერიულ პროექტებს, ასევე, ადგილობრივ ღატაკ, ესენციურ ნაციონალიზმს. 

კრიტიკოსი მეტყვის, რომ უმთავრესი მავიწყდება – ის, რაც პირველივე წინადადებაში ვახსენე: რუსეთი და მისი საფრთხე. ანუ უამრავი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც „საქართველო ევროპაას“ გაიძახის, არ არის რასისტი, ან ისლამოფობი, ან ორიენტალისტი. მეტიც, ამ ხალხს მშვენივრად ესმის საქართველოს მრავალფეროვანი კულტურაც და ისტორიაც, უბრალოდ, ჩვენს კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში მათ აქვთ გარკვეული პოლიტიკური მიზნები, რომელთა მიღწევაც მათთვის ქვეყნის ეგზისტენციალურ საფრთხეს უკავშირდება და, შესაბამისად, მზად არიან, ამ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად (მაგალითად, ნატოში გაწევრებისთვის) კონცეპტუალურად გაამარტივონ საქართველოს აღქმა, საქართველოს რეპრეზენტაცია. ეს ყველაფერი მართლაც ასე რომ იყოს, საქმე ისაა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მიზნისთვის საქართველოს რედუცირება ევროპამდე, იმდენად აღატაკებს საქართველოს, რომ, ირონიულად, მას ისევ ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ აყენებს.   

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ეგზისტენციალური საფრთხე მეორეს ენაცვლება, რუსეთის იმპერიალიზმი მაინც უფრო მწვავედ აღიქმება ქართულ საზოგადოებაში და გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ საფრთხის უპირატესობის იდეით ცდილობენ დასავლეთის ნებისმიერი კრიტიკის ჩახშობას. დასავლეთის კრიტიკა საქართველოში, რუსულ წისქვილზე წყლის დასხმად საღდება. არადა, ასეთი პოზიცია განზრახ არ ითვალისწინებს, რომ  დასავლეთის კრიტიკა, ნაწილობრივ, დასავლეთშივე წარმოიშვა და პირიქით, ეს შეგვიძლია, ფუნდამენტურად ევროპული ან ზოგადად დასავლური ინტელექტუალური ტრადიციის ჭრილში აღვიქვათ. რუსეთს არ გააჩნია სათანადო ინტელექტუალური რესურსი, რომ ისეთი დასავლეთის კრიტიკა აწარმოოს, რომელიც ბანალური ბინარულობის მიღმა გავა, შესაბამისად, რუსული ანტიდასავლური პოზიციები, მაგალითად, ისეთი ოდიოზური ადამიანებისაც, როგორიც დუგინია, ძირითადად, ნასესხებია დასავლელი მემარცხენეებისგან. ამის გამო, იმის ძახილი, რომ მემარცხენეთა და რუსეთის მიზნები ან პოზიციები ერთმანეთს ეკვეთება, რუსი პროიმპერიული ინტელექტუალების ქურდობას ამართლებს.

გასაგებია, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური მიზნები, მაგრამ პოლიტიკამ არ უნდა დაამარცხოს სიმართლე. ესენციური პოლიტიკა ძარცვავს ქართულ კულტურას, ისტორიას, იდენტობას, და საბოლოოდ პოლიტიკასაც. ის ანადგურებს მთავარ ქართულ ძალას: სიმრავლეს.

დიახ, ცდებოდნენ ისინი, ვინც საქართველოს და თბილისის სხეულიდან უცხოთა (სომეხთა, აფხაზთა, ა.შ.) გაქრობას ნატრობდნენ, ცდებოდნენ ისინი, ვინც მუხამბაზს სონეტზე ცვლიდნენ, ცდებოდნენ ისინი, ვინც გადარჩენის სახელით ეთნონაციონალურ სიწმინდეზე იყვნენ ორიენტირებულნი, მაშინაც როდესაც ეს იმპერიულ ძალას უპირისპირდებოდა, ცდებოდნენ ისინი, ვინც ქართველობას ევროპელობას უტოლებდნენ. ასეთი ხალხის სიაში ბევრი დიდი ისტორიული მოღვაწეა და, შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ დღესაც ბევრი ასე ფიქრობს, ჭავჭავაძის, იაშვილის, გამსახურდიას, ჟვანიას და ბევრი სხვა ადამიანის კვალდაკვალ. და ყველანი ისინი ცდებიან! თბილისი არ არის ბერლინი, თბილისი ბერლინიც არის. საქართველო არ არის ევროპა, საქართველო ევროპაც არის. მაგრამ ესეც არ არის სათანადო გამოხატულება იმისა, თუ რა არის საქართველო.

მე ვარ ქართველი; შესაბამისად, მე ვარ მრავალი! კულტურული სიმრავლე კი არის საქართველოს უმთავრესი პოლიტიკური ძალა. და ეს ძალა, სიმრავლის ძალა, ანტიდიქოტომიურობის ძალა, არის ის, რაც ამ ქვეყნის მომავლის გარანტიად შეიძლება მივიჩნიოთ, სწორედ იმიტომ, რომ ეს იდეა არასაკმარისად მარტივია იმისთვის, რომ დაფაზე ან ტრანსპარანტზე, ანდაც ბინარულობაზე დაფუძნებული იმპერიული აღმატებულობის მსოფლმხედველობაში დაატიო.

 

 

პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს“ ფარგლებში, რომელიც  Open Society Foundations-ის მხარდაჭერით ხორციელდება.