საბჭოთა პერიოდში ჭიათურის ტერიტორიაზე არსებული მანგანუმის რესურსი უნიშვენლოვანესი და ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიული რესურსი იყო, აზერბაიჯანულ ნავთობთან ერთად. ამას 1921 წლის ლენინის დეპეშის შინაარსიც ადასტურებს “”ჩვენ [საბჭოთა რუსეთს] გვჭირდება ბაქოს ნავთობი და საქართველოს მანგანუმი”[1]. დაახლოებით მე-20 საუკუნის ბოლომდე ჭიათურის საბადო მსოფლიოს მაღალი რანგის საბადოებში შედიოდა და ის დღემდე მიიჩნევა ევროპაში მანგანეზის ერთ-ერთ ყველაზე უხვ მარაგად. 2006 წელს აქ ჯორჯიან მანგანეზმა დაიწყო წარმოება,  და ის დღემდე ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ჭიათურისა და საჩხერის ტერიოტორიებზე მანგანეზის მოპოვების 40 წლიანი ლიცენზია აქვს. ამ ლიცენზიით, მის მფლობელობაშია ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტის 16 430 ჰექტარი ტერიტორია, რასაც ასევე ემატება რგანის, თაბაგრების, დარკვეთის და სხვა მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ინდივიდუალური მოლაპარაკების შედეგად შესყიდული მიწის ნაკვეთების ფართობიც, რომელთა მასშტაბი ბოლო წლებში იმდენად გაიზარდა, რომ ამ სოფლებს დაცლის და გაქრობის რისკიც ემუქრებათ.

კომპანიაში დაახლოებით 3000-მდე ადგილობრივია დასაქმებული და სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, ისინი წელიწადში მინიმუმ 200 000 ტონა მანგანუმის კონცენტრატის გადამუშავებას ეწევიან[2]. მოცემულ კომპანიას მონოპოლია აქვს არა მხოლოდ მანგანუმის კონცენტრატის წარმოებაზე, არამედ ის უფრო დიდი კონგლომერატის მფლობელია და მის საკუთრებაშია ზესტაფონის ფეროშენადნობი საწარმო და ელექტროსადგური “ვარციხე ჰესი”, რომელიც ფეროშენადნობ საწარმოს ამარაგებს ელექტროენერგიით. ამ სამი კომპანიის გაერთიანების შედეგად, ჯორჯიან მანგანეზს იმერეთის რეგიონში მნიშვნელოვანი ფინანსურ-ეკონომიკური მონოპოლია აქვს შექმნილი - ის იმერეთში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს, ყველა მცირე სამომხმარებლო დაწესებულება (სასურსათო ჯიხური, აფთიაქი, ბანკი) მისი ფინანსური კაპიტალის ბრუნვაზეა დამოკიდებული, მას გააჩნია საკუთარი სადაზღვეო კომპანია და საავადმყოფო “ფერომედი”, ჰყავს საკუთარი კვებით მომარაგების კომპანია, ტრანსპორტირებისთვის საჭირო სატვირთო-გადამზიდავი მომსახურე კომპანიები და უამრავი ქვე-კონტრაქტორი კოოპერატივები, რომლებიც კომპანიას დამატებითი მანგანუმის ნედლეულით ამარაგებენ.

შესაბამისად, იმერეთის რეგიონის ამ შედარებით მცირე ტერიტორიაზე წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის ფინანსური ინტერესები, ჩაგვრის პრაქტიკები, არაფორმალური მმართველობა, კორუფციული გარიგებები იკვეთბა. აქ ასევე თავმოყრილი და კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით საწარმოო ნარჩენი, მავნე ნივთიერებათა ზღვრულზე მაღალი ატმოსფერული გამონაფრქვევი, ნედლეულის ნარეცხი შლამი, თუ მანგანეზის მტვრის ნაწილაკების ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში დონე. მაგალითისთვის, 2017 წლის მონაცემებით, ჯორჯიან მანგანეზის მიერ წყალსა და ჰაერზე მიყენებულმა ზიანმა 416 110 418,51 ლარი შეადგინა, ხოლო 2016 წელს სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად 87 684,48 ლარის ოდენობის ხე-ტყე განადგურდა[3]. ამ ყველაფერის ფონზე, ცალსახაა, რომ ჭიათურა ასევე გაჯერებულია საწარმოში დასაქმებულთა წუხილებით თუ ადგილობრივი მცხოვრებლების სოციალური ტრაგედიებით[4], მაგრამ ამასთანავე წინააღმდეგობის მაღალი მუხტით და მუშათა ხშირი გაფიცვებით. მათ შორის, ალბათ მასშტაბით და ხანგრძლივობით ყველაზე გამოსარჩევია 2012 წლის 24 დღიანი გაფიცვა, რომელიც საბოლოო ჯამში არც ისე სახარბიელო შედეგით დასრულდა - გაფიცულები, რომლებიც ხელფასის ჯერ 100%-ით, ხოლო შემდეგ 70% და ბოლოს 50% ზრდას ითხოვდნენ, იძულებულნი გახდნენ მხოლოდ 9%-იან ზრდას დათანხმებოდნენ, მიუხედავად პროტესტის რადიკალური ფორმების  გამოყენებისა (მჯდომარე აქცია მაღაროში, შიმშლობა, პროტესტები და დემონსტრაციები ქალაქის ცენტრში). ამის შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ ჰქონდათ ჭიათურელ მუშების გაფიცვის მცდელობა, და ზოგ შემთხვევაში მათ უფრო უკეთეს შედეგსაც კი მიაღწიეს.

 

15 მაისს ვახტური რეჟიმის გასაპროტესტებლად დაწყებული გაფიცვა - მითი თუ რეალობა?

15 მაისს, როდესაც წამყვანი მედიები და სოციალური ქსელები შუალედური არჩევნების, ევროვიზიის კონკურსის , ანდაც  სერიალ GOT-ის განხილვით იყვნენ შეპყრობილნი, საღამოს ჟამს ჭიათურელი მაღაროელების გარკვეულმა ნაწილმა სრულიად სპონტანურად დაიწყო გაფიცვა:

სრულიად სპონტალურად დავიწყეთ გაფიცვა ვახტურ რეჟიმზე მომუშავე მშიერმა მაღაროელებმა და აგვყვა სხვა დანარჩენი, რაც გადაიზარდა შიმშილობაში.”

სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარიდან

მაღაროებზე მორიგეობის ე.წ. ვახტური რეჟიმი შედარებით ახალი დანერგილია და ის მუშოაბის ისეთ დისციპლინირებას ითვალისწინებს, სადაც 2 კვირიან უწყვეტ მორიგეობაში მყოფი დასაქმებულები 12 საათის განმავლობაში გადაბმულად, მხოლოდ 15 წუთიანი შესვენების უფლებით მუშაობენ, ხოლო მომდევნო 12 საათს საწარმოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ საერთო საცხოვრებელში ე.წ. სანატორიუმში ატარებენ. 2 კვირიან მორიგეობაში მყოფ მუშებს არ ეძლევათ ამ საცხოვრებლების დატოვების ან ოჯახის მონახულების უფლება - “სახლი მაქვს 10 წუთის სავალზე, მაგრამ გვერდი უნდა ავუარო და სანატორიუმში გავჩერდე ის ორი კვირა. არა ცოლის მონახულება, არა შვილთან უერთიერობა” აღწერს ჭიათურელი რესპონდენტი. ორ კვირიანი მორიგეობის განმავლობაში მუშები სანატორიუმში შეთავაზებული მენიუთი იკვებებიან, რომელიც, როგორც წესი, მწირი და არასაკმარისია: “ერთი კარაქიანი პური და ერთი ჭიქა ჩაი 12 საათ ნამუშევარ და მშიერ კაცს როგორ უნდა გეყოს ძილის წინ?!” - აღნიშნავს რესპონდენტი. გარდა ამისა, ვახტურ რეჟიმში მყოფი მუშები იძულებულნი არიან დაემორჩილონ სანატორიუმში არსებულ დასვენების და ძილის “ყაზარმულ” განაწესს, რომელიც დიდ უკმაყოფილებას იწვევს მშრომელთა უმეტესობაში. “ზოგჯერ ისე ხარ დაღლილი, სულ ვერ იძინებ და ტელევიზორის ყურება გირჩევნია” - აცხადებს რესპონდენტი. ეს ინტერვიუ 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში არის ჩაწერილი, სადაც რესპონდენტის პროგნოზით, ამ რეჟიმზე მაღაროების უმეტესობის გადაყვანას გეგმავდა ადმინისტრაცია, რაც დიდ პროტესტს გამოიწვევდა. 

აღსანიშნავია, რომ ჭიათურელ მაღაროელებს 2018 წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში ჰქონდათ გაფიცვის სურვილი, თუმცა ამ დროს ადგილობრივმა პროფკავშირებმა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი მოლაპარაკების წარმოებაში, სადაც მათთან მოლაპარაკებას საწარმოში დანიშნული სახელმწიფო მმართველი აწარმოებდა. სწორედ ეს მოლაპარაკება გახდა გაფიცვის ჩაცხრომის წინაპირობა, როდესაც ადგილი ჰონდა ხელფასების 10% ზრდას (მაშინ, როდესაც მოთხოვნა იყო 30%) და დაპირებას იმის თაობაზე,  რომ 2019 წლის იანვარში კიდევ ერთხელ მოხდებოდა ხელფასების გადახედვა. გარდა ხელფასებისა, მშრომელთა პროტესტის საბაბი იყო მადნეულის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატვირთო მანქანები და გვირაბებში ამ სატვირთო მანქანებისგან დაყენებული მტვერის და გამონაბოლქვის სუნთქვა, სამუშაო იარაღებით მომარაგების პრობლემა, რაც მათ ხელს უშლიდა გეგმის შესრულებაში (და შედეგად ვერ ახერხებდნენ პრემიის აღებას) და სხვა საკითხები. 2018 წლის ზაფხული-შემოდგომის მოლაპარაკებისას, პირველად პროფკავშირებთან შეთანხმებით, საწარმოში წარმოდგენილმა სახელმწიფო მართველმა ვალდებულება აიღო ყველა ამ საკითხზე რეაგირების და უმოკლეს ვადებში მათი გამოსწორების შესახებ. თუმცა, როგორც გარემოებები მიუთითებენ, მან ეს პირობა არ შეასრულა.

უკვე 2019 წლის 15 მაისს სპონტანურად დაწყებული გაფიცვა პირველადი პროფკავშირებისგან დამოუკიდებლად დაიწყო, რადგან როგორც გაფიცულთა სულისკვეთებიდან ჩანს, მხოლოდ ასე თუ იქნებოდა შესაძლებელი კოლექტიური, საყოველთაო და მასშტაბური გაფიცვის დაორგანიზება.

“აქ [გაფიცვის დაწყებაშო] პოლიტიკა, პროფკავშირი, არასამთავრობო თუ სხვა დანარჩენი ორგანიზაცია არაფერ შუაშია. ტყუილად ნუ მიიწერთ და ნუ მოგვაცხებთ რაიმე ლაქას. აქ გადაწყვეტილებას ღებულობს თვითოეული მაღაროელი.”

სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარიდან

გაფიცულების მოწოდების მიუხედავად, რომ მათთვის “რაიმე ლაქა” არ მიეცხოთ, ჭიათურელი მშრომელების გაფიცვას მაინც მიეცა პოლიტიკური ელფერი, როგორც წამყვანი მედიების მხრიდან, ასევე თავად პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგანაც. მაგალითად, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენელი გაფიცვას საარჩევნო დინამიკას უკავშირებს და მას, როგორც არაკოორდინირებულ და აფექტურ პროცესს, ისე მოიხსენიებს.  ეს ინტერპრეტაცია პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო - მშრომელთა აფეთქებები ხშირია წინასაარჩევნო პერიოდში არა იმიტომ, რომ “ასეთია მუშათა ფსიქოლოგია”, არამედ იმიტომ, რომ ამ პერიოდში მაღალია პოლიტიკური დამუხტულობის და სოციალური ცვლილებების პოტენციალი, და სწორედ ეს რაციონალურობა (და არავითარ შემთხვევაში ირაციონალური აფექტი) უბიძგებთ დასაქმებულებს ძალთა მობილიზებისკენ და კოლექტიური წუხილის კოორდინირებულად გამოხატვისკენ. გარდა ამისა, მუშათა პროტესტების პარტიულ არჩევნებთან მიბმა პრობლემურია ასევე იმიტომაც, რომ ეს კავშირი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მუშათა თვითშეგნების თუ მათი ავტონომიურობის პოტენციალს, და დეტერმინისტულად წარმოაჩენს პროტესტების და გაფიცვების დინამიკას. შესაბამისად, ჭიათურის მაღაროელთა წუხილები უფრო ღრმა და სისტემურია, ხოლო მათი გაფიცვა არა თუ საარჩევნო მოტივებით, არამედ მაღალი პოლიტიკური თვითშეგნებით არის ნასაზრდოები.

სწორედ ამ თვითშეგნების დაკარგვის საფრთხეზე წუხს ზევით მოყვანილ ციტატაში ჭიათურელი მაღაროელი, როდესაც  ხაზს უსვამს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის შესაძლო ნეგატიურ გავლენებს და სურს აღნიშნოს მშრომელთა წუხილის ავთენტური, და ავტონომიური ბუნება.

 

GOT- და მშრომელთა გაფიცვა

აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში მუშების ამ საყოველთაო და მასშტაბურ გაფიცვას წარმოუდგენლად დაბალი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ ქსელებში, მედიაში თუ საჯარო პოლიტიკურ ან აქტივისტურ წრეებში. ამის ახსნისთვის დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სერიალის შედარებას მოვიშველიებ, რაც ერთგვარი  ხრიკიც იქნება საკითხისადმი მეტი ყურადღების მისაპყრობად.

სერიალ “სამეფო კარის თამშების” დასრულების შემდეგ გამოწვეულმა წუხილმა და მღელვარებამ სოციალურ ქსელებში რეკორდულ მაჩევნებელს მიაღწია. ამ წუხილმა ბევრისთვის დროებით გვერდზე ჩააჩოჩა სხვა ყოველდღიური წუხილები, და შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების კოლექტიური წუხილის სახეც კი მიიღო - ზოგისთვის ჯონ სნოუს ბედი იყო საწუხარი, ზოგს ბოლო სეზონის წინა სეზონებთან ბმა და სცენარი არ მოსწონდა. თუმცა, ამ კოლექტიური წუხილის მთავარი ლაიტმოტივი (ჟიჟეკისეული ინტერპრეტაციით) იყო ის, რომ სერიალის ყველაზე მომნუსხველ და რევოლუციურ პერსონაჟს, დეინერის ტარგარიენს არ მიეცა საშუალება მონობისაგან დაეხსნა და გაეთავისუფლებინა სხვა ათასობით ადამიანი, არ მიეცა რადიკალური ცვლილებების გატარების შესაძლებლობა, რათა აეშენებინა ახალი, უფრო სამართლიანი სამყარო, რადგან ძველმა წყობამ და შიშმა ახალი სამყაროს მიმართ, ვერაგულად იმსხვერპლა ის და გადაძალა ახალი მომავლის შექმნის ალტერნატივა[5].

ჭიათურა დღეს დიდი გამოწვევის წინაშე დგას. აქ დაწყებულ მუშათა მოძრაობას, რომელსაც არათუ არ ჰყავს გმირები ან ლიდერები, არამედ სპონტანური და კოლექტიურია, სურს  დაძლიოს აქ თავმოყრილი კლანური ინტერესები, სურს გარდაქმნას სახელმწიფოს იდეოლოგიური აპარატის უკუღმართობა, მათ სურთ დაძლიონ დაპირისპირებების და უძლურების წარსული აჩრდილები. დღეს ჭიათურაში ადამიანური და სოციალური იბრძვის არაადამიანურის წინააღმდეგ - იქნება ეს არაადამიანური შრომა, ჩაგვრა თუ გაყვლეფა. დღეს ჭიათურაში გამეფებულ უსამართლობაზე არავინ ითხოვს პეტიციის ხელმოწერას და ისტორიის გადაწერას (როგორც GOT-ის შემთხვევაში მილიონობით ადამიანი დაორგანიზდა ამისთვის[6]), ამ გაფიცვას არ ჰყავს ბევრი მიმდევარი (ე.წ. “ფოლოუერი”). აქ ჩრდილოეთის “ვინტერფოლის” კედლის ნაცვლად მიწისქვეშა ჯურღმულები და მაღაროებია, სადაც უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებიც კი არ არის დაცული. ჭიათურელი მუშების გაფიცვის ამბავი არ არის სანახაობრივი, ის იმაზე უფრო ბანალურია, ვიდრე ჩვენი მოწყენილობა და ლამის მთქნარება, როდესაც გვესმის სიტყვები დერეგულაცია, ნეოლიბერალიზაცია, კაპიტალისტური სისტემა, შრომითი უფლებები, უსაფრთხოების სტანდარტები.

ეს მოსაწყენი რეალიზმია, აქ გმირები არ იბადებიან, აქ ადამიანები ჩაგვრისგან ვერ თავისუფლდებიან, რადგან რაღაც ამოუხსნელი დათქმებით შევთანხმდით, რომ ყველანი ისედაც თავისუფლები ვართ და არავის განთავისუფლებაზე თავის გამოდება აღარაა საჭირო. ამ თავისუფლებას ერთი იმპლიციტური მახასიათებელი აქვს - მას ალტერნატივა არ გააჩნია. უალტერნატივობის პირობებში კი უფრო ძლიერი სახელმწიფო, უფრო კარგი მთავრობა, უფრო კეთილი დამსაქმებელი, უფრო უკეთესი შრომის პირობები, უფრო ჯანსაღი გარემო ან ჰაერი გამორიცხულია.. “არ მოგწონს? წადი, არავინ გიჭერს?!” თუმცა წასასვლელი არსადაა.

სწორედ ამიტომ შესაძლოა ვერ გაჩერდეს უსამართლობის ბორბალი ჭიათურაში, რადგან უფრო და უფრო ვკარგავთ ალტერნატიული, უფრო სამართლიანი, თანასწორობისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაფუძვნებული წესს-წყობის მიმართ ლტოლვას, ვეგუებით რა არსებულს. ჩვენი ცეცხლის მფრქვეველი დრაკონი - უპირობა სოლიდარობა და ბრძოლაში მხარდაჭერა, რომელსაც ძველი წესრიგის განადგურების პოტენციალი გააჩნდა, დეინერის დრაკონივით სადღაც გადაიკარგა.

 

დასკვნის მაგიერ

დღეს მთავარი ამოცანაა, ისეთი საზოგადოებისა და განვითარების ხედვების შესახებ მსჯელობის დაწყება, რომელიც დაგვაშორებს “სოციალური გადარჩენა vs ეკონომიკური საქმიანობის” დაპირისპირებულობას, რომლის ლოგიკაც კლანურ პრინციპებზე თუ არაფორმალურ გარიგებებზე არ იქნება დაფუძვნებული. ისეთი მონო-წარმოების რეგიონებში, როგორიცაა ჭიათურა, ტყიბული, კაზრეთი მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად იყოს ჩართული საწარმოს მართვისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასეთ რეგიონებში მნიშვნელოვანია რესურსების მართვის გამჭვირვალობა, განვითარების ხედვაზე საჯარო   მსჯელობა, ალტერნატივების გაჩენა და მონოპოლიების დამარცხება.  დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ პროგრესზე მსჯელობის ხედვებმა შეითვისონ სამართლიანობისა და ინკლუზიურობის პრინციპები, სადაც დემოკრატიული, სოციალური და ეკოლოგიური კეთილდღეობები თანაარსებობენ და ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც ეკონომიკური ზრდა ან განვითარება.

ამ ხედვის იდეა ის უნდა იყოს, რომ წარსულს ჩაბარდეს რიტორიკა, რომელიც გამორიცხავს შრომას ექსპლუატაციის გარეშე, მომპოვებლურ საქმიანობას ეკოლოგიური გარემოს დაზიანების გარეშე, შახტში მუშაობას მსხვერპლის გარეშე და სოციალურ პროტესტს, გარდაუვალი დამარცხების გარეშე.

ამავე თემაზე: EMC-ს და საიას განცხადება.

ბლოგპოსტი მომზადებულიაა პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მწვანე ალტერნატივა, EMC - საჯარო პოლიტიკის ნარკვევი, 2016

[2] საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის N1378, 2006 წლის 19 დეკემბერის ბრძანება

[3]მწვანე ალტერნატივა, ჯორჯიან მანგანეზი - კომპანიის პროფილი, 2018.

[4]ტრაგედიებს შორის შეიძლება დასახელდეს სხვადასხვა სახის რეგიონისთვის დამახასიათებელი დაავადებები, ნაადრევი დაბერება, ონკოლოგიური დაავადებათა მაღალი დონე, სოციალური ნიჰილიზმი, რომელიც გამოხატულია ალკოჰოლიზმის გავრცელებაში და ა.შ. ამ საკითხს ეხება გიორგი ღვინჯილიას სტატია ჭიათურა: კონტროლი და სიძულვილი

[5] ამაზე საინტერესო მსჯელობას გვთავაზობს სლავოი ჟიჟეკის სტატია. ხელმისაწვდომია: https://www.independent.co.uk/voices/game-thrones-season-8-finale-bran-daenerys-cersei-jon-snow-zizek-revolution-a8923371.html?fbclid=IwAR3jwhLIIgJ4cfeHJba4GD4xVIjdFGVzgMq3ezEDIqV4TDa2qD19t38A70Q

[6] http://www.tabula.ge/ge/story/148931-milionamde-adamianma-xeli-moatsera-peticias-rom-got-is-merve-sezoni-tavidan-gadaighon