ნეოლიბერალიზმი და მსხვერპლად ყოფნის მოთხოვნები

 

ჩი ჩი ში

ლაშა ქავთარაძის თარგმანი

 

საკითხი 26[2]: იდენტობის პოლიტიკა

იდენტობის პოლიტიკამ წინა ხაზები დაიკავა თანამედროვე მემარცხენე პოლიტიკის მთავარი ბრძოლის ველზე. მიუხედავად ამისა, ხშირად, არასაკმარისად განმარტებული და პოლიტიკურად სადავოა, თუ რა იგულსიხმება „იდენტობის პოლიტიკაში“. მე ვამტკიცებ, რომ იდენტობის პოლიტიკის მნიშვნელობა და გამოყენება შეიცვალა ახალი სოციალური მოძრაობების გაჩენიდან მოყოლებული, რამაც შექმნა თეორიული დაბნეულობა იმის შესახებ, თუ როგორ გვესმის იდენტობაზე დაფუძნებული ორგანიზება. ერთი მხრივ, “იდენტობის პოლიტიკის“ კონცეპტი ესენციალიზმის, პარტიკულარიზმისა და კულტურული დეტერმინიზმის ჯაგრისით არის ჩამოვარცხნილი[1]. ეს შეიძლება დავინახოთ როგორც იდენტობის პოლიტიკის მოძრაობების მარცხის აღიარება, ყურადღება მიექცია შიდაჯგუფური განსხვავებებისათვის, რითაც უნებლიედ დომინაციის სტრუქტურების კვლავწარმოებას შეუწყო ხელი თავად მოძრაობების შიგნით. მეორე მხრივ, იდენტობა როგორც „გამოცდილება“ საყოველთაოდ მიღებულ ლაკმუსის ქაღალდად იქცა აქტივისტურ წრეებში პოლიტიკური ლეგიტიმაციისათვის;  მემარცხენეებში ფართოდაა გავრცელებული მტკიცება, რომ ჩაგრულს უკეთ აქვს გააზრებული რეალობა, ვინაიდან ის მათ იდენტობებს, მათი ჩაგვრის გამოცდილებებს ეფუძნება. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ამ ორი, ერთი შეხედვით დაპირისპირებული მტკიცების ერთდროულად ფართოდ გავრცელებამ დამაბნეველი გარემო შექმნა, სადაც „იდენტობის პოლიტიკა“ დაცინვის საგნად იქცევა მაშინაც კი, როდესაც იდენტობის როგორც ცენტრალური პოლიტიკური მნიშვნელობის განმტკიცება ხდება.

ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ცხადყოფს წინააღმდეგობებსა და დაძაბულობას, რომელიც იდენტობის პოლიტიკის თანამედროვე არეებში არსებობს, არის დაპირისპრება Black Lives Matters (BLM)-ის აქტივისტებსა და ჰილარი კლინტონს შორის, კლინტონის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობის კამპანიის დროს. ნიუ ჰემპშირში მომხდარ შემთხვევას კამათი მოჰყვა კლინტონსა და BLM-ის ორ აქტივისტს შორის. აქტივისტებმა კლინტონს პასუხი მოსთხოვეს მისი როლის გამო მასობრივი დაპატიმრების პოლიტიკასა და ნარკოტიკებისათვის გამოცხადებულ ომში და მოსთხოვეს, რომ პასუხისმგებლობა აეღო ზიანზე, რომელიც ამ ყველაფრის შედეგად შავკანიანთა თემს მიადგა. დაუნასია იანსეი, ერთ-ერთი აქტივისტი, თავიანთ მიზანს აღწერს, როგორც „პირადი რეფლექსიის გამოხატვას კლინტონის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას ეკისრებოდა როგორც პრობლემის გამომწვევი მიზეზის ნაწილს.“[2] ეს მომენტი კამერებმა დააფიქსირეს და მალევე გავრცელდა ონლაინ სივრცეში.  BML-ის აქტივისტების დასმული შეკითხვები, ისევე როგორც თავად ინციდენტის წარმოჩენის კუთხე, ცხადად აჩვენებს იმ დაძაბულობათაგან არაერთს, რომლის გამოკვლევაც მე მსურს. კერძოდ, მხედველობაში იქონიეთ აღნიშნული განცხადებები:

შეკითხვა: „რა შეიცვალა თქვენს გულში ისეთი, რაც შეცვლის ამ ქვეყნის გეზს... როგორ წარმოგიდგენიათ, რით განსხვავდება ეს ყველაფერი იმისაგან, რაც უკვე გააკეთეთ ადრე“? [ავტორის მახვილი]

შეკითხვა: “... თქვენ არ ეუბნებით შავკანიან ადამიანებს იმას, რაც უნდა ვიცოდეთ. და ჩვენ არ გეტყვით იმას თუ რა უნდა გააკეთოთ თქვენ.“

ჰილარი კლინტონი: „მე კი არ გეუბნებით თქვენ რაღაცას, არამედ უბრალოდ გეუბნებით, რომ თქვენ მითხრათ მე.“

შეკითხვა: „მე იმას ვგულისხმობ, რომ ეს არის და ყოველთვის იყო ძალადობის თეთრკანიანთა პრობლემა (white problem of violence). ჩვენ ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია ჩვენს წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად.“[3]

ამ გასაუბრებაში, როგორც ჩანს, BLM-ის აქტივისტი ინსტიტუციური პოლიტიკისაგან დისტანცირებას ცდილობს. როდესაც ჰილარი კლინტონი მას ეკითხება, თუ როგორი პოლიტიკის გატარებას ისურვებდა ის, ის უარს ამბობს პასუხის გაცემაზე: „ჩვენ არ გეტყვით იმას თუ რა უნდა გააკეთოთ თქვენ.“ ცხადად ჩანს, რომ ისინი საკუთარ როლს არ ხედავენ ინსტიტუციური გამოსავლების შეთავაზებაში და ცდილობენ, საკუთარი თავის დისტანცირება მოახდინონ „ძალადობის თეთრკანიანთა პრობლემისაგან“. ეს განასახიერებს მემარცხენე პოლიტიკის ბოლოდროინდელ ტენდენციას, გამიჯნოს ჩაგრული და მისი დისტანცირება მოახდინოს ძალაუფლებისა და ინსტიტუციებისაგან. პარადოქსია, მაგრამ ჩაგრულთა ძალა დანახულია მათი დაკნინებული მდგომარეობიდან მომდინარედ. ამ ყველაფერს მივყავართ წინააღმდეგობის მოდელთან, რომელმაც საეჭვოა, შეძლოს მიზნის გარშემო ორგანიზება და ნაცვლად ამისა, დაფუძნებულია გარღვევის მომენტებზე (moments of rupture), რომელიც არსებულ რეჟიმს ანგრევს. ეს შეესაბამება იდენტობის როგორც სუბიექტზე თავს მოხვეული ძალაუფლების ნიშნის კონცეფციასა და ძალაუფლების არქონის როგორც პოლიტიკური ღირსების კონცეფციას.

თუმცა, იდენტობის ეს კონცეფცია წინააღმდეგობაში მოდის იდენტობის პოლიტიკის მეორე თეორიულ მიმართულებასთან, რომელიც აქცენტს აკეთებს ჩაგვრის აფექტურ (ემოციურ) და ემპირიულ აღწერაზე. BLM-ის აქტივისტები, რომლებიც კლინტონს სთხოვენ, რომ გულში ჩაიხედოს და გამოხატოს გრძნობები, არის მაგალითი იმისა თუ როგორ არის გაჟღენთილი მემარცხენეთა ენა აღიარების ფსიქიკური განზომილებით. ინსტიტუციური პოლიტიკების უარყოფისა და ძალაუფლებისაგან ჩაგვრის დისტანცირებასთან თანაარსებობის ტენდენცია ჩაგრულებს ხედავს როგორც ინსტიტუტებისა და ძალაუფლების მქონეთა მიერ ემოციური აღიარების მაძიებლებს. აღსანიშნავია, რომ BLM-ის მიერ კლინტონის დაკითხვა მათ ინტერვენციას ინტერპერსონალურ რეგისტრში ათავსებს. წინააღმდეგობის მოძრაობების ეს განზომილება ისწრაფვის მათი სპეციფიკური იდენტობის აღიარებისა და ხილვადობისაკენ, თუმცა ეს იდენტობა ფორმულირებულია აფექტური (ემოციური) ტერმინებით. კონკრეტულად, ის, რაც თითქოსდა ხილული უნდა გახდეს, არის ჩაგრულისა და მჩაგვრელის იდენტობები. მაშინ, როდესაც BLM-ის აქტივისტები თავს იკავებენ კონკრეტული პოლიტიკებისა თუ მისაღწევი მიზნების კლინტონისათვის შეთავაზებისაგან, სანაცვლოდ კლინტონისაგან ითხოვენ „რეფლექსიას“: „როგორ შეიძლება, რომ შეცდომები, რომლებიც თქვენ დაუშვით, იქცეს გაკვეთილად ყველასთვს ამერიკაში, რათა მათ რეფლექსია მოახდინონ იმაზე, თუ როგორ ვექცევით შავკანიან ადამიანებს ქვეყანაში[4]. ამ კონკრეტულ მაგალითს საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ ჩაგვრის ხილვადად ქცევა როგორღაც შეამცირებს მას. ეს ჯდება პოლიტიკის „დამუნათების კულტურის“ (Call-out culture) მოდელში, სადაც ჩაგვრაზე საუკეთესო პასუხად მიიჩნევა ადამიანების პირდაპირ გამოწვევა მათი პოზიციონირებისა და სხვების გამოცდილების გააზრების უუნარობის გამო. ფოკუსი, აქ, ინტერპერსონალური დინამიკისა და ჩაგვრის სისტემების ცხოვრებისეული, ყოველდღიური ეფექტების გაანალიზებაზეა.

ამ სტატიაში, თავდაპირველად, მოკლედ მიმოვიხილავ ნეოლიბერალიზმის შემოსვლის ლოგიკასა და შედეგებს. მოვიყვან არგუმენტებს, რომ ნეოლიბერალიზმის ნაწარმოები ინდივიდუალიზაციის წნეხმა შექმნა პოლიტიკური კლიმატი, სადაც მოთხოვნა ემანსიპაციაზე გაისმის, როგორც მოთხოვნა დესტიგმატიზაციასა და ჩაგრული იდენტობების ხილვადად ქცევაზე. ამისათვის, გამოვიყენებ „ინტერსექსციურობის“ ჩარჩოს, როგორც იდენტობის პოლიტიკის ახალ სახეს. პოლიტიკური ბრძოლის ატომიზაციამ და კოლექტიური ქმედების ჩვენეულ გაგებაზე წამოსულმა წნეხმა გააჩინა სივრცე, სადაც ინდივიდუალური ტრავმის საყოველთაოდ გავრცელება ხდება ერთადერთი გზა ერთიანობის გასააზრებლად. იმისათვის, რომ გავცდეთ ამ მდგომარეობას, საჭიროა, გავაცოცხლოთ კოლექტივის როგორც წინასწარგანზრახული კონსტრუქციის პოლიტიკური მნიშვნელოვნება. ამ გზით, ჩვენ შეგვიძლია, გავიაზროთ კოლექტიური სოლიდარობა, როგორც ადამიანური აგენტობის შედეგი, რომელიც ოპოზიციაშია მისი, როგორც დომინაციის სტრუქტურების ზეგავლენით ჩამოყალიბებულის გაგებასთან.

ვრცლად იხ. მიმაგრებულ ფაილში.

ნახვა

გადმოწერა

ჩემი_საკუთარი_ჩაგვრის_განსაზღვრა_1567444590.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Alcoff 2000

[2] Daunasia Yancey, quoted in Tesfaye 2015

[3] იქვე

[4] იქვე