ფოტო: ნეტგაზეთი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2019 წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის არსებით განსახილველად მიღებისა და სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა (თანასწორობის უფლება) და მე-16 მუხლთან (რწმენის თავისუფლება) მიმართებით არსებითად განსახილველად მიიღო სადაო ნორმების ის ნაწილი, რომელიც ზღუდავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის (ჩიპის) გარეშე პირადობის მოწმობის მიღების შესაძლებლობას.

მოსარჩელეთა დასაბუთებით, კანონის უალტერნატივო წესი, რომელიც არ ითვალისწინებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისთვის პირადობის მოწმობის ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე გაცემის შესაძლებლობას, იწვევს ამგვარი პირების სრულ სოციალურ იზოლაციას, მათ შორის პროფესიულ საქმიანობაში და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მათ. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი შეზღუდვა შესაძლებლობას ართმევს პირებს, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, ისარგებლონ აუცილებელი სერვისებისა და კანონით გარანტირებული უფლებების ფართო სპექტრით. შესაბამისად, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია სადაო ნორმების მოქმედების შეჩერება.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, პირის მიერ რწმენის გამოვლენა და საკუთარი ცხოვრების რწმენის შესაბამისად წარმართვა კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების მნიშვნელოვანი ასპექტია. სწორედ ამიტომ, რიგ შემთხვევებში, კანონმდებელი ვალდებულია შეაფასოს, ხომ არ იწვევს არსებითად ნეიტრალური ნორმა, კონკრეტული რწმენის მქონე პირთა უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას. უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, ადამიანის უფლებათა სამართალში აღიარებულია გონივრული მისადაგების პრინციპი, რომელიც რელიგიის თავისუფლების კონტექსტში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ზომების გატარებას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს რწმენის საფუძველზე კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირთა მიერ უფლებით თანაბარი სარგებლობის შესაძლებლობა.

თუმცა, სახელმწიფოს მიერ გონივრული მისადაგების ვალდებულება არ არის შეუზღუდავი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვრეს მისი ფარგლები კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე. ამგვარი შეპირისპირებისას, მხედველობაშია მისაღები ისეთი გარემოებები, როგორიცაა ერთის მხრივ, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მნიშვნელობა პირის რწმენისთვის ასევე უფლების შეზღუდვის მასშტაბი და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან გამონაკლისების გათვალისწინების სირთულე ან/და მიზანშეწონილობა.

პირის რწმენიდან გამომდინარე კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხზე მსჯელობისას სასამართლოს მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმისთვის, რომ არ მოხდეს რელიგიურ/დოგმატურ საკითხებში გადამეტებული ჩარევა. მიუხედავად ამისა, სადაო ნორმებზე მსჯელობისას აუცილებელი ხდება შეფასდეს კავშირი გასაჩივრებულ ნორმასა და რელიგიას შორის, კერძოდ, რამდენად გულწრფელია პირის რწმენა, რომ გასაჩივრებული წესის შესაბამისად მოქმედება ეწინააღმდეგება მის რელიგიურ შეხედულებებს.

მოსარჩელეების განმარტებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობები გამოიყენება როგორც ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალება და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას, რის გამოც, ამგვარი დოკუმენტებით სარგებლობა ეწინააღმდეგება მათ რწმენას. ამის საპირისპიროდ, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არ დგინდება ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობებში ანტიქრისტიანულ სიმბოლოთა გამოყენება და ასეთი მოწმობით სარგებლობაზე უარის თქმა არ გამომდინარეობს მართლმადიდებლური სწავლებიდან. მიუხედავად იმისა, რომ პირის რელიგიური რწმენა დაცვის ღირსია იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა იგი ოფიციალურ რელიგიურ დოგმას ან/და რელიგიური ლიდერების დამოკიდებულებებს, როგორც მინიმუმ, მოსარჩელეებმა უნდა დაასაბუთონ კავშირი ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობების გამოყენებასა და რელიგიას შორის, რათა არ მოხდეს ხელოვნურად შექმნილ, გამოგონილ რწმენაზე აპელირება. მიგვაჩნია, რომ ამგვარი დასაბუთება კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ უპირობოდ მიიღო მოსარჩელეთა მტკიცება იმის თაობაზე, რომ ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობების გამოყენება არსებითად ეწინააღმდეგება მათ რწმენას და სახელმწიფოზე გადაიტანა ტვირთი, რწმენის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვის აუცილებლობის დასამტკიცებლად.

ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიყენა ნორმის შეჩერების მექანიზმი, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავს სასამართლო, როდესაც არსებობს მოსარჩელის უფლების აუცდენელი, შეუქცევადი დარღვევის საფრთხე და პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს სადაო ნორმებით მიყენებული ზიანის გამოსწორება. ამასთან, სასამართლომ ვერ დაინახა სადავო ნორმების შეჩერებით მესამე პირთა უფლებებისა და საჯარო ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული არ ჩანს და მიუხედავად იმისა, რომ მან ნორმის შეჩერების შესახებ საგამონაკლისო გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა იმ საკითხზე თუ ერთი შეხედვით (prima facie) რამდენად აკმაყოფილებდა მოსარჩელეების მოთხოვნა სერიოზულობისა და დამაჯერებლობის ტესტს, იმისთვის რომ ის რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროში მოთავსებულიყო. ამასთან სასამართლომ ჯეროვნად არ იმსჯელა თუ რა საფრთხეებს შექმნიდა საჯარო ინტერესისთვის სადავო ნორმების შეჩერება.

EMC დააკვირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვას და ამ პროცესში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფარგლების განმარტების მეთოდოლოგიასა და მიდგომებს, რომელსაც სახელმწიფოსა და რელიგიის სფეროების გამიჯვნის ფრთხილ ხაზებზე მოუწევს გავლა.