10578058_545213648939050_573162555_n

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს გაუგია ე.წ. „ჰააგის ტრიბუნალი“. ხშირად ამ ტერმინით არასწორად იხსენიებენ კონკრეტულ საერთაშორისო სასამართლოებს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეს არ არის მნიშვნელოვანი. “ჰააგის ტრიბუნალი” არის საერთაშორისო სისხლის სასამართლო. უმძიმესი დანაშაულები, როგორებიცაა გენოციდი, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ომის დანაშაულები და აგრესია ამ სასამართლოს იურისდიქციაში ექცევა. საინტერესოა, რატომ შეიქმნა ეს სპეციალური სასამართლო და რატომ ხარჯავს საერთაშორისო საზოგადოება ამდენ ფულს მის შენახვაში? მიზეზი ერთია - არავის ჰგონია, რომ მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი აგრესიის აქტს ამავე ქვეყნის შესაბამისი პროკურორი გამოიძიებს და სისხლისსამართლებრივ დევნას მოახდენს. დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც არსებობს იმის რისკი, რომ იგი იქნება არაობიექტურად გამოძიებული, აუცილებელი ხდება შესაბამისი გარანტიების უზრუნველყოფა, რათა მართლმსაჯულება ჯეროვნად განხორციელდეს.

ზუსტად ანალოგიური მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო საქართველოში. პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოს შეიძლება არ უნდოდეს გამოიძიოს რომელიმე დანაშაული. ამ პირობებში, უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც ამ რისკს დააზღვევს. ამის აუცილებლობა არსებობდა ადრე, არსებობს დღესაც და მომავალშიც აქტუალური იქნება. სამართლის აღსრულება არ უნდა იყოს მიბმული პიროვნებებზე. ნებისმიერმა რეგულირებამ/ნორმამ უნდა გაითვალისწინოს ზოგადი რისკები და ყველა შესაძლო სავარაუდო სცენარი.

არაერთი შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის დაწესებულება იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რა ფუნქციები ექნება და ასე შემდეგ. ამ წერილში შევეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელთა შესახებაც დღეს გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. დიდი ხანია, მიდის საუბარი ამ თემაზე და იმდენმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ექსპერტმა მოგვიწოდა ამ ინსტიტუტის შექმნისკენ, რომ ვფიქრობ, დროა საზოგადოება დეტალებზე მსჯელობის ეტაპზე გადავიდეს. ამ წერილის მიზანია, დასვას რამდენიმე აქტუალური შეკითხვა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმთან დაკავშირებით.

პირველი შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ არის ის, თუ როდის გვჭირდება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო. ეს არის შემთხვევა, როდესაც დანაშაულს სჩადის ის, ვინც კანონი უნდა დაიცვას და აღასრულოს. ანუ მას უნდა ჰქონდეს დღევანდელი გენერალური ინსპექციების ფუნქცია, რომელიც ამჟამად აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილშია მოქცეული. მას ასევე უნდა შეეძლოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი ქმედებებთან დაკავშირებით აწარმოოს სისხლისსამართლებრივი დევნა კომპლემენტარულად ან პარალელურად (ამაზე დეტალურად ქვემოთ გვექნება საუბარი).

ეს ჩამონათვალი უზრუნველყოფს, რომ მოხდეს ყველა იმ რისკის დაზღვევ, რომელიც დღეს არსებობს გარკვეული კატეგორიის დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით. ასევე, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, კარგი იქნება, თუკი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების გარკვეული კომპეტენცია დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს ექნება.

მეორე შეკითხვა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ არის შემდეგი - ხელისუფლების რომელ შტოში იქნება ორგანიზაციულად წარმოდგენილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტი? ამ საკითხის გადაწყვეტის შედეგად, შესაძლებელი გახდება კონსტიტუციური სტატუსის საბოლოოდ განსაზღვრა და შესაბამისი ფორმულირება. თეორიულად შესაძლებელია სამი მოდელის იდენტიფიცირება:

  • სრულიად დამოუკიდებელი, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. ეს იქნება, დაახლოებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მსგავსი დაწესებულება;
  • აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში მყოფი ორგანო, რომელსაც ექნება დამოუკიდებლობის გარკვეული კონსტიტუციური გარანტიები;
  • საქართველოს სახალხო დამცველის დაქვემდებარებაში არსებული, სპეციალიზებული სააგენტოს მსგავსი.

პირველ და მესამე შემთხვევაში, დამოუკიდებლობა აშკარად იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ ამ ტიპის ინსტიტუციის კონტროლი შეიძლება პრობლემური გახდეს. ამ შემთხვევაში, საგამოძიებო უწყების ანგარიშვალდებულების ფორმა უნდა დადგინდეს მკაფიოდ. აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში შემავალი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შემთხვევაში, უნდა დადგინდეს მკაფიო რეგულირება, რომელიც საგამოძიებო მექანიზმზე აღმასრულებელი ხელისუფლების არაჯეროვან კონტროლს გამორიცხავს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონსტიტუციაში უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერი დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე. ამ პირობებში შესაძლებელი გახდება დამოუკიდებლობის გარანტიების უკეთ იდენტიფიცირება და პრაქტიკაში მათი ჯეროვანი განხორციელება.

მესამე შეკითხვა, რომელიც ჩნდება დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე საუბრისას, არის შიდა ორგანიზაციული საკითხები და მისი ფუნქციები. როდესაც შესაბამისი მოდელის იდენტიფიცირება მოხდება, ამის მიხედვით უფრო რეალური იქნება ამ საკითხის უკეთ წარმოჩენა.

ზოგადად, ამ უწყებას უნდა ჰყავდეს ერთი ხელმძღვანელი პირი. ერთ-ერთი მიმართულება იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება ავტონომიურად. ანუ, მთავარი პროკურატურის ნებისგან დამოუკიდებლად. მეორე მიმართულება გამოძიებაზე იქნება კონცენტრირებული, რაც შედარებით პრობლემურია. დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს, რა თქმა უნდა, ვერ ეყოლება თავისი ოპერატიული სამსახური, რომელიც მაგალითად, განახორციელებს პირის ფარულ მიყურადებას. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ უნდა ჰქონდეთ ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ზოგადად გამომძიებლის კომპეტენციას მიეკუთვნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად (გარდა ფარული მიყურადებისა). ფარული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების კუთხით კი, შეიძლება მოხდეს შესაბამისი მიმართვა იმ სახელმწიფო უწყებებისთვის, რომლებიც დღეს ახორციელებენ ამ ღონისძიებებს. საჭირო გახდება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფაც.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო უწყებას ეყოლება ერთი ხელმძღვანელი, აუცილებელია იმგვარი სისტემის შექმნა, სადაც საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციები დიფერენცირებული იქნება. შეიძლება ხელმძღვანელს ორი მოადგილე ჰყავდეს და კოორდინირება თითოეულ მიმართულებაზე მოახდინონ. საპროკურორო ფუნქციის გამოყოფა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მათ მოუწევთ გარკვეული ზედამხედველობა და ადამიანის უფლებების დაცვა გამოძიების განმახორციელებელ პირთა მიმართ. საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მოდელი ამ მიმართებით რელევანტურია და უნდა იქნას გათვალისწინებული, რადგან ერთი ქოლგის ქვეშ ერთიანდება საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციები.

მეოთხე კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გავცეთ, არის ის, თუ ვინ მოახდენს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს საქმიანობის კონტროლს. ამ მხრივ რამდენიმე ფაქტორის იდენტიფიცირება შეიძლება იმის მიხედვით, თუ რომელ კონსტიტუციურ მოდელს ავირჩევთ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოსთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია გარკვეული პირობების დაცვა:

  • საპარლამენტო კონტროლი, რაც გამოიხატება ყოველწლიური ანგარიშის წარდგენით, სადაც ასახული იქნება გაწეული სამუშაოს შესახებ;
  • სახალხო დამცველის მიერ სამსახურზე ზედამხედველობა. ამ შემთხვევაში, შესწავლილი იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევის ფაქტები;
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობა - ეს გულისხმობს იმ ფაქტს, რომ თუ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი ჩაიდენს დანაშაულის შემადგენლობას, მის მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა საერთო წესით.

დასასრულ, უნდა ავხსნათ ერთი, შედარებით უცხო სიტყვა, რომელიც ზემოთ გამოვიყენეთ. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი განახორციელებს კომპლემენტარულ ან პარალელურ საგამოძიებო საქმიანობას. ეს გულისხმობს იმას, რომ გამოძიებას ჩაატარებენ პროკურატურის ან საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები და მათ პარალელურად, იმუშავებენ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები. თუკი რომელიმე მოქმედება არ განხორციელდება დროულად, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო ჩაერთვება ავტომატურად და თავის თავზე აიღებს გამოძიების/სს დევნის წარმართვის ინიციატივას. ეს ერთი მხრივ, მოახდენს არსებული სისტემის დავალდებულებას დაიწყოს და განახორციელოს ჯეროვანი გამოძიება კონკრეტული ფაქტების გარშემო. მათ ექნებათ გათვითცნობიერებული, რომ მათი უმოქმედობის შემთხვევაში, საქმეს მსვლელობა მაინც მიეცემა. ამ პირობებში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო შეძლებს საქმიანობის ეფექტურ განხორციელებას მცირე რესურსის პირობებშიც. მისი ფუნქცია იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება იმ შემთხვევაში, როდესაც არ იწყება გამოძიება ან ჭიანურდება საქმის მსვლელობა (კომპლემენტარულობა). ამავდროულად, იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების შემდგომი წარმართვის ხელშეშლის რისკი იქნება სახეზე (მაგალითად, დაზიანების ნიშნების კვალის გაქრობის გამო), დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი განახორციელებს პარალელურ საქმიანობას და თავად ჩაატარებს გამოძიებას. ორივე საწყისი თანაბრად უნდა იქნას წარმოდგენილი. კომპლემენტარულობით მიიღწევა მცირე რესურსის პირობებში გამოძიების ეფექტური წარმართვა და პარალელური გამოძიების წარმართვით გამოირიცხება „მტკიცებულებების დაკარგვა” ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. პარალელური გამოძიება არ იქნება სრული და მას ექნება მხოლოდ მიმდინარე გამოძიების შევსების ფუნქცია. მისი საშუალებით მხოლოდ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

და ბოლოს, შესაძლოა ვინმეს ძალიან იდეალისტური ეჩვენოს ზემოთ წარმოდგენილი მოდელი ან პირიქით არაეფექტურად მიიჩნიოს ის. ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა ყველაზე კარგად იმუშავებს. მისი საშუალებით მართლაც შესაძლებელი იქნება რეალური, დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯების პირობებში იმუშავებს. დანარჩენი პროცედურის ამბავია და მასზე შეთანხმება და დეტალურად გაწერა სავსებით შესაძლებელია.

---------------------

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის არ გამოხატავს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ან Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ)-ის პოზიციას.