ეს წელი ქალთა მკვლელობის მძიმე შემთხვევებით დაიწყო და ტრაგედიების ჯაჭვი შეკრა. ქალები მოკლეს ქმრებმა, პარტნიორებმა, შვილებმა, ძმებმა. ბოლო წლებში ძირითად შემთხვევებში სახელმწიფო მკვლელებს იჭერს და ასამართლებს, თუმცა ძალადობის ციკლი არ წყდება და პოლიციის გააქტიურების და გაძლიერების მიღმა სხვა მოწოდებები საჯაროობაში სუსტად ისმის. ამ მცირე ტექსტში ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის რამდენიმე ფუნდამენტურ ხარვეზზე მინდა ვიმსჯელო, რომელიც ჩემი აზრით, არსებული პოლიტიკის და ფემინისტური დღის წესრიგის რადიკალური ცვლილების აუცილებლობას აყენებს.

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკა არსებითად ძალადობის პრევენციის და დამნაშავეების დასჯის იდეაზე დგას. ის ძალადობის საფრთხის დროული გამოვლენისა და აღკვეთისა და უკვე ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავე პირის სასტიკ დასჯას გულისხმობს. თუმცა, არსებული პოლიტიკა და დომინანტური ფემინისტური დისკურსი ძალადობაზე მსჯელობისას გამოტოვებს მისი სისტემური მიზეზების კვლევისა და ტრანსფორმაციული პოლიტიკის პერსპექტივას. სახელმწიფო არ სვამს კითხვას და არც სხვები არ უსვამენ ამაზე კითხვას, თუ რა არის ამ დანაშაულების სოციალური და კულტურული მიზეზები და ამ მიზეზებთან კავშირში სად დგას სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი.

წინა წლებში პოლიციის უმოქმედობა და ნაკლები მგრძნობელობა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ თვალშისაცემი იყო. პოლიცია ქალთა მიმართვებზე და საჩივრებზე არ რეაგირებდა და დემონსტრაციულ გულგრილობას იჩენდა. ამ ეტაპზე (ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების ადვოკატირებით) საპოლიციო მუშაობა შედარებით გაუმჯობესდა და მიუხედავად იმისა, რომ მის საქმიანობას კვლავ მძიმე კრიტიკა მიემართება (პრევენციის სისუსტე, მხარდაჭერის სერვისების ნაკლებობა, ნდობის პრობლემა პოლიციის მიმართ და ა.შ.), ამ მოცემულობამ ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკაში მხოლოდ საპოლიციო და დასჯის მიდგომების შეზღუდულობა ნათლად გამოავლინა.

ძალადობის მიზეზების შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს ეკონომიკურ სისტემას და რეალობას, რომელშიც სიღარიბის, უმუშევრობის, ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელი უკიდურესად მაღალია. საქართველოში ყოველი მეხუთე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, მათი შემოსავალი 166 ლარზე ნაკლებია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს ერთ ან ორშვილიან ოჯახების 24,5 %, და მრავალშვილიანი ოჯახების - 34,4 % (UNICEF). 88 % არანაირი ფულადი დანაზოგი არ გააჩნია. ყოველ 1000 ადამიანში 645-ზე მეტს საბანკო სესხი აქვს აღებული (International Monetary Fund). კაცებში, რომელსაც პატრიარქალური წესრიგი მარჩენალის როლს, კაპიტალისტური ეთიკა კი ეკონომიკური წარმატების, როგორც ამ დროში წარმატების ერთადერთი განზომილების, მიღწევის პასუხისმგებლობას ჰკიდებს, ეს რეალობა მარცხის, სასოწარკვეთისა და ფრუსტრაციის მიზეზი ხდება. ჩვენი ეკონომიკური სისტემა აწარმოებს ასიათასობით ეკონომიკურად დამარცხებულ კაცს, რომელიც იმის გამო რომ ღარიბია, დაუსაქმებელია, ექსპლუატირებულია, სუსტ და არასაკმარის კაცად ითვლება. ბაზრის მიერ განდევნილი, ექსპლუატირებული და დამარცხებული კაცები, საკუთარ ბრაზს ხშირად ოჯახში მიმართავენ და პატრიარქალური იერარქიებისა და ღრმად გამჯდარი წარმოდგენების გამო ამ მარცხის და ბრაზის მსხვერპლები სწორედ ქალები ხდებიან. ცხადია, რომ არსებული სოციალური რეალობა ქალებს ორმაგად უკეტავს დასაქმების და განვითარების შესაძლებლობებს. შემოსავლის, რესურსების და შანსების გარეშე დარჩენილი ოჯახები ხშირად იმედგაცრუების, კონფლიქტების და ძალადობის ადგილად იქცევა. მინიმალური შემოსავლებით და რესურსებით ქალები უმძიმესი საშინაო შრომით ოჯახებში წესრიგის შენარჩუნებას და ოჯახის წევრების საჭიროებების დაკმაყოფილებას მწირი რესურსების ნიუანსირებული გადანაწილებით ცდილობენ. ეს საშინაო წესრიგი ქალების ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომის და მსხვერპლშეწირვის ხარჯზე არსებობს. ქალები ანაწილებენ პურს, კარაქს, ზიდავენ წყალს, რეცხავენ ცივ წყალში, ალაგებენ მოშლილ ოთახებს, ალამაზებენ ეზოს. საშინაო შრომაში ადგილი მათ თავის დროზე სწორედ კაპიტალისტურმა წესრიგმა მიუჩინა და ბაზარზე გასული კაცების მხარდამჭერებად, ოჯახის შიგნით სოციალური უსაფრთხოების და ახალი სამუშაო ძალის მაწარმოებელ ძალად აქცია. ამ რეალობაში საოჯახო სისტემაში ქალები ორმაგად ექპლოატირებულები და ჩაგრულები გამოდიან. ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი ამ რეალობას უბრალოდ ფიზიკურად ეწირებიან. სამწუხაროდ, ეს საკითხები გამოტოვებულია, არა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკაში, არამედ დომინანტურ ფემინისტურ დღის წესრიგშიც. ფემინისტური მოძრაობები ისტორიულად ანტიკაპიტალისტურ, ანტირასისტულ/ანტიკოლონიურ მოძრაობებსაც წარმოადგენდა და ისინი ქალთა გათავისუფლებასთან ერთად, ყველას (მშრომელების, მკვიდრი მოსახლეობის, შავკანიანების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის) გათავისუფლების საკითხს რადიკალურად აყენებდნენ. თუმცა, ამ დროში ქალთა მოძრაობების დიდმა ნაწილმა ეს პერსპექტივა დაკარგა და კაპიტალიზმის და მისი ეთიკის მსახურებაში ჩადგა. არა და ფემინიზმი, როგორ ჩაგვრისგან გათავისუფლების იდეა, რომელიც ახერხებს ილაპარაკოს ქალების და კაცების, სხვა სოციალური ჯგუფების გათავისუფლებაზე უფრო ფართე ემანსიპატორულ რესურსს შეიცავს და ფემინისტური იდეების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის და გაზიარების უფრო დიდი რესურსი გააჩნია.

ცხადია, რომ ეს პერსპექტივა ცოდნის პრობლემის გამო არ არის გამოტოვებული. მისი გამოტოვების მიზეზი პოლიტიკურია და ის არსებული ეკონომიკური სტატუს ქვოს შენარჩუნების და გამყარების მიზანს ისახავს. სისტემა მობილიზებულად აღკვეთს და გაწმინდავს ამ უსამართლო სისტემის შედეგებს, მაგრამ ის არასდროს შეეცდება თავად ამ სისტემის გარდაქმნას. სწორედ ამიტომაც ამგვარი ფემინიზმი მორჩილი და უსაფრთხო ფემინიზმია სისტემისთვის.

ნათელია, რომ აქ თანაბრად კრიტიკულად დგება პატრიარქატის პრობლემა, რომელიც ასაგნებს, იქვემდებარებს ქალებს და მათი სხეულების, ზრუნვის მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ჩვენს კაცებს სკოლები, უნივერსიტეტები, ეკლესია და სხვა აღმზრდელები სწორედ საკუთარი უპირატესობის და ქალთა დაქვემდებარების რწმენას გადასცემენ. განათლების სისტემა თანასწორობის, ემანსიპაციის იდეების ნაცვლად, როგორც წესი პატრიარქალურ, მილიტარისტულ და ეთნოცენტრისტულ იდეებს აწარმოებს და ქალების იერარქიზების, გასაგნების შესახებ გაბატონებულ ცოდნას ქმნის. ამ პირობებში ცხადია, რომ სოციალური პოლიტიკის და განათლების პოლიტიკის სიბრტყეზე სისტემური ცვლილებების გარეშე ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გარღვევა შეუძლებელია და ჩვენ მუდმივად სიკვდილის და მის შემდგომი დასჯის მანქანის წარმოება მოგვიწევს.

სახელმწიფო პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი მსხვერპლების დაცვაზე და გაძლიერებაზე მუშაობის სისუსტეა. ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფრით მოკლევადიანი უზრუნველყოფისა და გაძლიერების ფრაგმენტული პროგრამების გარდა, სახელმწიფოს მიერ სხვა ძალისხმევა თითქმის არ იწევა. ცხადია, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს დასაქმების, საცხოვრისის, სოციალური დაცვის საჭიროებებზე მორგებული, მდგრადი და სამართლიანი პოლიტიკა, ის მსხვერპლ ქალებს რეალურად ვერ ეხმარება და მათ ძალადობის წინაშე მარტოს და დაუცველს ტოვებს.

საინტერესოა, რომ ქალთა გაძლიერების პროგრამები და ამ პოლიტიკის მოთხოვნებიც მკვეთრად ინდივიდუალისტური და ფრაგმენტულია. ის კონკრეტული "დახსნილი" ქალების მაგალითებზე დგას და როგორც წესი გამოტოვებს სოციალური დაცვის მდგრადი, საყოველთაო და სამართლიანი სისტემის მოთხოვნას და პრეტენზიას. კაპიტალისტური მანტრა იმეორებს, რომ შენ ეს შეგიძლია, წარმატების გასაღები მხოლოდ შენს თავში და ინდივიდუალურ გამბედაობაშია. ამისთვის შენ მხოლოდ ბაზრის უნარების შესწავლა გჭირდება. რამდენიმე ტრეინინგი პროექტის წერაში, მენეჯმენტში და მოტივაციის კულტივირებაში საკმარისია შენი გაძლიერებისთვის. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ პოლიტიკა და აქტივიზმი შეერწყა კაპიტალიზმის ლოგიკას და უსამართლო ეკონომიკურ სისტემაში ქალების შეყვანას უჭერს მხარს, და არ მუშაობს ამ სისტემის და დომინანტური ეკონომიკური ეთიკის გარდაქმნისთვის ქალების გაცნობიერებისა და ორგანიზების ხელშეწყობას.

ქალთა მკვლელობის საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ ის ხშირად ჩადენილია იმ პარტნიორების მიერ, ვინც წარსულში მსხვერპლზე ძალადობდა და შესაძლოა ამისთვის სასჯელსაც იხდიდა. სწორედ ციხიდან დაბრუნებული ქმრები იქცევიან მსხვერპლი ქალების მარადიულ აჩრდილებად და მკვლელებად. ამ პირობებში ცხადია, რომ არსებითი ჩავარდნა სწორედ სასჯელაღსრულების სფეროშიც გვაქვს, სადაც სახელმწიფო სუსტად მუშაობს ბრალდებულის ტრანსფორმაციაზე და პარტნიორებს შორის კონფლიქტის შემცირებაზე. ცხადია, რომ ამას სჭირდება სასჯელაღსრულების სისტემაში ფსიქო-სოციალური სამსახურების სფეროს გაძლიერება და დამატებითი ცოდნის, მეთოდების და რესურსების აკუმულირება, რაც სახელმწიფოს პრიორიტეტებში თითქმის არასდროს ექცევა. თანამედროვე სახელმწიფოს საკუთარი თავი არსებითად დასჯის, რეპრესიის მოდუსში ესმის, და არა ზრუნვის, მხარდამჭერის ბუნებაში.

ცალკე უნდა გაესვას ხაზი ოჯახში ძალადობის საკითხის კულტურული პერსპექტივით დანახვის პრობლემას. ეს ჩანს როგორც დომინანტურ (ქართული) კულტურის, ისე არადომინანტური კულტურების მიმართ. ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად დანახულია როგორც ადგილობრივი, ჩამორჩენილი, ნაკლებადცივილიზებული კულტურის შედეგი, რომელიც საკმარისად ევროპული, მოდერნიზებული არ არის და მას არსებითად ცნობიერების ცვლილების მიდგომებით შეიძლება უმკურნალო. ამ მიზნით იხარჯებოდა და იხარჯება დიდი რაოდენობის რესურსი, რომლითაც ქალაქებსა და სოფლებში მივლენილი ტრენერები ჩამორჩენილ ადამიანებს გენდერული თანასწორობის საფუძვლებს და პროგრესულ იდეებს დაასწავლიან. თუმცა, მხსნელები ხმას არ იღებენ იმ რეალობაზე, რომელშიც ქალებიც და კაცებიც ცხოვრობენ და არც ამ რეალობის ცვლილებისთვის კოლექტიური ორგანიზების იდეებსა და სტრატეგიებზე ლაპარაკობენ. რასიალიზების მიდგომები კიდევ უფრო მკაფიოდ ადგილობრივ „სხვად“ მონიშნულ კულტურულ ჯგუფებთან (ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები) მიმართებით ჩანს, სადაც ისლამის და ადგილობრივი სოციალურ-კულტურული პრაქტიკის ესენციალიზება და იმთავითვე პრე/ანტიმოდერნულ სისტემებად დანახვა ხდება. ცხადია, რომ ამ ვითარებაში ადგილობრივი ქალები რასიზმის/ეთნოცენტრიზმისა და პატრიარქატთან (თემის შიგნით და უფრო ფართე საზოგადოებაში) ბრძოლის დილემეის წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან დომინანტური ფემინისტური ხედვა თავად მათ სასიცოცხლო სოციალურ და კულტურულ სივრცეს მონიშნავს იმთავითვე არალეგიტიმურად.

ცხადია, რომ ზემოთ ნათქვამი არ ნიშნავს, დამნაშავე პირების დასჯაზე უარის თქმას და ამ ლეგიტიმური მიზნის უგულებელყოფას. მსჯელობის მიზანი დასჯის ნაცვლად, ტრანსფორმაციული მიდგომების გამოყენების აუცილებლობის ჩვენება იყო, სადაც სახელმწიფოს ძალადობის სისტემური მიზეზების აღმოფხვრა და არა მხოლოდ მის შედეგებთან ინდივიდუალური ბრძოლის პასუხისმგებლობას ეკისრება. ამასთან, ამ ტექსტის მიზანი დომინანტური ფემინისტური დღის წესრიგის კრიტიკული გადახედვა იყო, იმისთვის, რომ სისტემასთან დაპირისპირების რეალური პოტენციალი შეიძინოს და თავის ისტორიულ მიზნებს დაუახლოვდეს.

.