„პირველი პროტესტი ქალის ასეთი სახე-ხატის წინააღმდეგ მაშინ გამიჩნდა, როდესაც მე თავად გავხდი დედა. პირველად მაშინ დავაყენე კითხვის ნიშნის ქვეშ ქალის მდუმარება და მორჩილება, როგორც ღირსება. მაშინ გადავიაზრე, რომ ქალის ასეთი მდგომარეობა არავისთვისაა სიკეთის მომტანი. მახსოვს, ‘მარშუტკით’ ვმგაზვრობდი ცრუკრუპიან თვეების ბავშვთან ერთად და მძღოლი უწყვეტად ეწეოდა სიგარეტს, რაც საზიანო იყო ჩემი შვილისთვის. მთელი გზა ვაწყობდი გონებაში ზრდილობიან წინადადებებს, თუ როგორ უნდა მიმემართა და მეთხოვა სიგარეტის ჩაქრობა... სამწუხაროდ ვერაფრით გავბედე ხმის ამოღება. გავაჩერებინე ტრანსპორტი, ჩამოვედი და სხვა მარშუტკით გავაგრძელე მგზავრობა. ჩემთვის არ არსებობდა სხვა, ალტერნატიული ქცევის მოდელი მსგავს სიტუაციებში. ვერაფრით წარმომედგინა, როგორ უნდა გამომეხატა პროტესტი, თუ რაღაც არ მომწონდა. და მაშინ მივხვდი, რომ თვეების შვილის დაცვა თუ ვერ მოვახერხე ამ ჩემი ე.წ. ღირსეული თვისებით, მათ ძალიან ბევრ რამეში შეიძლება შევუშალო ხელი“

                                                                       რუსუდან გოცირიძე, „ქალები საქართველოდან“[1]

შესავალი

ჩემ მსგავსად, ალბათ, ბევრი დედისთვის ნაცნობია აზროვნებისა და ქცევის ეს ერთგვარი ტრანსფორმაცია, რაზეც ციტატაშია საუბარი და რასაც ჩვენში მცირეწლოვანი შვილების მიმართ გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა წარმოშობს. ჩვენ, როგორც ტრადიციულ, პატრიარქალურ საზოგადოებაში აღზრდილი ქალები, ნებისმიერ არაკომფორტულ გარემოში, ვამჯობინებთ, რომ გავჩუმდეთ და გავეცალოთ, ნაცვლად პროტესტის ხმამაღლა გამოხატვისა და ამ პროტესტის შედეგად, ჩვენ მიმართ წარმოშობილ, გამკიცხავ დამოკიდებულებებთან გამკლავებისა. მაგრამ ჩვენი განწყობა შესაძლებელია შეიცვალოს, როდესაც დედები ვხდებით და ვაცნობიერებთ, რომ ეს ახალი ადამიანები არ არიან ვალდებულნი, ჩვენ მსგავსად, ითმინონ დისკომფორტი თუ ტკივილი. მათი ერთადერთი დამცველები, ხშირად, ისევ ჩვენ თუ ვიქნებით. 

შესაძლოა, ეს არც მოხდეს და ვერც გავაცნობიეროთ, რომ აუცილებელი არაა, მომავალმა თაობამ ჩვენი გამოცდილება გაიმეოროს. დედობა რომ თავისთავადი გარანტი იყოს დედის აზროვნების ტრანსფორმაციისა, ჩვენ, დიდი ხანია, უკვე იდეალურ სამყაროში ვიცხოვრებდით, მაგრამ რეალობა ჩვენ გარშემო სხვაგვარია. თუმცა, დედობრივი აზროვნებისა და პრაქტიკის ტრანსფორმაციული პოტენციალის არსებობა უკვე საინტერესოს ხდის ამ მიმართულებით შემდგომ ჩაღრმავებასა  და ანალიზს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ, ჩვენ გარშემო, დედობას როგორც რაციონალურ პრაქტიკას, ან აზროვნებით პროცესს არ განიხილავენ. ის ჯერ კიდევ ქალის მოვალეობად და დედა-შვილს შორის სენტიმენტებით დატვირთულ ურთიერთობად აღიქმება.

წინამდებარე სტატიის მიზანია, გავიხედოთ სენტიმენტებს მიღმა, განვიხილოთ დედობა, როგორც სოციალური ფენომენი და  როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური შედეგების მქონე პრაქტიკა, ორი ფემინისტი ავტორის, სარა რუდიკისა[2] და ნენსი ფრეიზერის თეორიებზე დაყრდნობით[3]. ეს ავტორები, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულ საკითხებს უღრმავდებიან. სარა რუდიკი დედობის ყოველდღიური პრაქტიკის ანალიზს გვთავაზობს და მის თეორეტიზირებას ახდენს, რაც მანამდე, შესაძლოა, მხოლოდ დედებს შორის პირადი განხილვების საგანი ყოფილიყო. ნენსი ფრეიზერი (ესეებში, რომლებსაც მე უნდა შევეხო) კი გვიანდელი კაპიტალისტური კეთილდღეობის სახელმწიფოს პოლიტეკონომიასა თუ მის კრიტიკაში გამოტოვებული გენდერული მიდგომის პრობლემატიზებას ახდენს, აქცენტით საშინაო ზრუნვის შრომაზე, რომელსაც, ძირითადად, ქალები/დედები ასრულებენ და რომელიც აუნაზღაურებელი შრომის სახელითაა ცნობილი. განსხვავებული თემატიკის მიუხედავად, ორივე ავტორი მთავარი კრიტიკის საგნად „საოჯახო“/“საჯარო“ („პირადი“/“პოლიტიკური“) დუალისტურ დაყოფას აქცევს. ხოლო, თავიანთი ესეების ფინალში, ისინი აზრობრივად ერთმანეთის მსგავს დასკვნებამდე მიდიან - დედობის პრაქტიკა (ზრუნვის სამუშაო ფრეიზერთან) უნდა იქცეს სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილად, თუკი, ამ სახელმწიფოთა მიზანი მართლაც სქესის, კლასის და სხვა განსხვავებებს მიღმა სოციალური თანასწორობის მიღწევაა.

 

დედობრივი აზროვნება

სარა რუდიკი დედის რომანტიზებულ ხატს, რომელიც დედობას ინსტინქტად და ქალის ბუნებრივ მოცემულობად მოიაზრებს, უპირისპირებს დედობის პრაქტიკასა და ამ პრაქტიკაში გამომუშავებულ, სპეციფიკურ დედობრივ აზროვნებას. პრაქტიკაზე აქცენტის გაკეთებით, ავტორი გულისხმობს, რომ დედობრივი აზროვნება არ უდრის ქალურობას - იმის გამო, რომ ჩვენ, როგორც გოგონები, სოციალიზაციას, ძირითადად, დედებთან (ან მათ შემცვლელ ქალებთან) ახლო ურთიერთობაში გავდივართ, დედობრივი ზრუნვის განწყობა ჩვენი აზროვნების ნაწილად იქცევა და ჩვენთან რჩება, იმის მიუხედავად, გადავწყვეტთ თუ არა დედობას მომავალში. აქვე, უნდა დავაზუსტოთ, რომ რუდიკი დედობრივ აზროვნებაში მოიაზრებს აზროვნების მოდელს, კონცეფციას და არა კონკრეტული დედების კონკრეტულ ქცევას. ეს უკანასკნელი სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს სხვადასხვა კულტურულ, კლასობრივ, გეოგრაფიულ, ტექნოლოგიურ თუ ისტორიულ კონტექსტში. რუდიკისთვის „დედობრივი“ სოციალური კატეგორიაა და იგი შეიძლება აღმოცენდეს ბიოლოგიური შვილის აღზრდის პროცესში. იგივე შეიძლება მოხდეს იმ მამაკაცის აზროვნებაშიც, ვინც ჩართულია ზრუნვის შრომაში. ამ პროცესში ბიოლოგიური მოცემულობები არც აუცილებელი წინაპირობაა და არც საკმარისი.

ავტორის აზრით, დედობა ისეთივე დისციპლინირებული პრაქტიკაა, როგორც სამეცნიერო ან რელიგიური პრაქტიკები და კონკრეტულ დედას ისეთივე დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს თავის საქმიანობასთან, როგორც, მაგალითად, რომელიმე მეცნიერს თავის საკვლევ საკითხთან - მას შეიძლება ეზარებოდეს ეს საქმე, სძულდეს თავისი შვილ(ებ)ი და ამცირებდეს მათ, ან ტკბებოდეს ამ საქმით და აღმერთებდეს თავის შვილ(ებ)ს. დედების ქცევებს შორის რადიკალური განსხვავებების მიუხედავად, როგორც ყველა დისციპლინაში, დედობის პრაქტიკაშიც არსებობს ზოგადი, შეიძლება ითქვას, უნივერსალური მოთხოვნები იმისა, თუ რა ინტერესები უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ პრაქტიკა გამართლებულად, ხოლო მისი მიზნები მიღწეულად ჩაითვალოს. რუდიკი სამ ასეთ ძირითად ინტერესზე საუბრობს: (1) ბავშვის სიცოცხლის დაცვა, (2) განვითარება და (3) მისი ჩამოყალიბება გარემოცვისთვის მისაღებ ადამიანად. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ავტორი გვიმტკიცებს, რომ ეს სამივე ინტერესი, ხშირად, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია და დედის აზროვნების სპეციფიკაც ისაა, რომ მან უნდა გამონახოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები ინტერესთა კონფლიქტში.

რუდიკი იქვე ამატებს, რომ, სწორედ, ეს გარდაუვალი ინტერესთა კონფლიქტი არის საფუძველი დედების მოწყვლადობისა. განსაკუთრებით, ეს ვლინდება მესამე ინტერესის განხორციელებისას, როდესაც დედა ცდილობს, შვილი მის გარემოცვაში მიღებული პრინციპების შესაბამისად აღზარდოს. სწორედ ამ დროს, დღის წესრიგში დგება კულტურული კონტექსტის (რომელშიც, ძირითადად, მოიაზრება ანდროცენტრიზმი, მომხმარებლური კულტურა, რასიზმი, კლასობრივი უთანასწორობა, მილიტარიზმი და ა.შ.) და ამ კონტექსტში გაბატონებული დომინანტური ნორმების კრიტიკულად გადააზრების საკითხი. რუდიკის აზრით, ამის შესაძლებლობა დედების უმრავლესობას არ გააჩნია. სპეციალურად ვიყენებ სიტყვას „შესაძლებლობა“ სიტყვა „უნარის“ მაგივრად, რადგან სწორედ დომინანტური კულტურაა ის, რაც წარმართავს, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს დედების შესაძლებლობებს და დიდ გავლენას ახდენს დედის აზროვნებაზე. 

„როდესაც დედობრივ პრაქტიკას ვუყურებთ საერთო დედობრივი ინტერესების პრიზმაში, ვხედავთ იმ დამანგრეველ ზეგავლენას, რაც სიღარიბეს, ომს, რასისტულ [ეთნიკურ/რელიგიურ] ჩაგვრას გააჩნია დედების ცხოვრებაზე. იყო „საკმარისად კარგი დედა“ საზოგადოებაში, რომელიც არაფრად აგდებს შენი შვილის სიცოცხლეს და თვითპატივისცემას, დედობის ისედაც არარომანტიკულ სამუშაოს, გმირობის ტოლფასად აქცევს.“

(რუდიკი, რედ.: ო’რაილი, 2007)

დედობრივი აზროვნების წინააღმდეგობრიობა

დედობა, მის ინსტიტუციონალიზებულ ვერსიაში, არამარტო ქალის ბუნებრივ ფუნქციად მოიაზრება, არამედ, დედად ყოფნა, თითქმის ავტომატურად მიიჩნევა ქალის ღირსეულობის ერთგვარ გარანტად. მით უმეტეს, თუკი ის იქნება კომბინაციაში თვისებებთან, რომლებზეც ჩემ მიერ ეპიგრაფად მოყვანილ ციტატაშია საუბარი - მორჩილებასა და სიჩუმესთან. რუდიკი, სწორედ, დედობის ღირსებასთან ასეთ გაიგივებას აყენებს ეჭვქვეშ და აკრიტიკებს ამ ესენციალისტურ სტრატეგიას (რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ მისივე თეორიის სტრატეგიაცაა, რადგან, გარკვეულწილად, დედობრივი აზროვნების მახასიათებელ ღირსებებზე ამახვილებს ყურადღებას). ამისათვის, იგი დედობრივი აზროვნების დეკონსტრუირებას ახდენს და ზედაპირზე ამოაქვს ამ პრაქტიკისთვის დამახასიათებელი ცდუნებები, რომლებსაც შეუძლიათ დედობრივი პრაქტიკა გადააქციონ ბავშვის განვითარების შემაფერხებელ პრაქტიკად.

იმ გარდაუვალ და აუცილებელ თვისებებს, რაც საჭიროა დაცვისა და განვითარების ინტერესების განსახორციელებლად, რუდიკი წარმოადგენს, როგორც კონტინუუმებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ვლინდებიან, როგორც ღირსება, მეორე მხრივ კი, აქვთ პოტენციალი, თავისი დეგრადირებული სახითაც გამოვლინდნენ. მაგალითად, იუმორის გრძნობა და სიხალისე (სხვანაირად, სიცოცხლის წყურვილი), რომელიც აუცილებელია დაცვისა და განვითარების სამუშაოს შესასრულებლად, შეიძლება გადაიზარდოს მხიარულ უარყოფაში. ბავშვების სიხალისე ისეთი დამამშვიდებელია, ხოლო გარემომცველი სამყარო და სოციალური წყობა ისეთი ინდიფერენტული და მტრული, რომ უარყოფის ცდუნება ყოველთვის ძლიერია. რუდიკის აზრით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეალობა და სასოწარკვეთისთვის უამრავი მიზეზის ქონის მიუხედავად (ომები, სიღარიბე, უთანასწორობა, ძალადობრივი კულტურა და ა.შ.), უნდა გამოვიმუშაოთ ხალისიანი ხასიათი და სიცოცხლის წყურვილი, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა გადავვარდეთ უარყოფის სიმშვიდეში.

დედობის კიდევ ერთი ცენტრალური ღირსებაა მზრუნველი ყურადღება, რომლის დეგრადირებული გამოვლინებაც რადიკალური თვით-უარყოფაა. მართალია, თვით-უარყოფა დედობრივ პრაქტიკაში, ზოგჯერ, გარდაუვალი საჭიროებაა, მაგრამ ის მაინც არ არის მზრუნველი ყურადღების იდენტური. ზრუნვა მოიცავს დედის მხრიდან თვითგადარჩენაზე ზრუნვასაც. დედას სჭირდება სიფრთხილე, რომ მისი მზრუნველი ყურადღება გამუდმებულ თვით-უარყოფაში არ გადაიზარდოს. ეს უკანასკნელი ყოველთვის ცდუნებაა ისეთ საზოგადოებებში, სადაც დედის მხრიდან საკუთარ თავზე ზრუნვას არ ახალისებენ და უარყოფითად აფასებენ.

„ქრონიკულ, პერვერსიულ თვით-უარყოფას მივყავართ დედის სულიერ გაღარიბებამდე და მისი მხრიდან უარყოფილი მოთხოვნილებების სხვებზე პროეცირებამდე. ის ახალისებს ტირანიას ბავშვებში... და კვებავს სამყაროს მიზოგინიას.“

(რუდიკი, რედ.: ო’რაილი, 2007)

დედობრივი აზროვნების მიერ ღირსებად შერაცხული თვისებებისა და მათი დეგრადირებული ფორმების პარალელურად, რუდიკი საუბრობს დედობრივი აზროვნების კიდევ ერთ მახასიათებელზე, რომელიც თავისთავად მიიჩნევა ღირსებად. ესაა აზროვნება, რომელიც აღმოცენდება შვილის საზოგადოებისთვის მისაღებად აღზრდის ინტერესიდან. ამ ინტერესის განხორციელებისას, დედობრივი აზროვნება  წინააღმდეგობრივი ხდება და თავადვე უარყოფს იმ ინტერესებს, რისთვისაც იშრომა - ბავშვის დაცვასა და განვითარებას. ეს ხდება მორჩილების, როგორც სხვათა სიამოვნებისთვის მოქმედების, ღირსებად იდენტიფიცირების გამო. არაავთენტურობა თვით-უარყოფის ერთ-ერთი ფორმაა, როცა საკუთარ თავს, როგორც ავტორიტეტს არ განიხილავ და ბავშვის საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე საკუთარ აღქმას არ ენდობი. ასეთ შემთხვევებში, ავტორიტეტის წყაროდ შეიძლება მოგვევლინოს სხვადასხვა ექსპერტული (სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ა.შ.) დისკურსი და/ან უფრო ტრადიციულ საზოგადოებებში - უფროსი თაობის ადამიანების, ქმრის ოჯახის წევრების მოსაზრებები ბავშვის აღზრდასა და საჭიროებებთან დაკავშირებით[4].

ავთენტური დედობის წინაპირობა დედის კრიტიკული აზროვნებაა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ გამოცდილებას აფასებს კრიტიკულად და ცდილობს, შვილ(ებ)ის სოციალიზაციის პროცესი განსხვავებულად წარმართოს. სტატიის ეპიგრაფად წამძღვარებული ციტატის ავტორმა მოახერხა, გაიაზრა და წინააღმდეგობა გაუწია ბავშვობიდანვე თავსმოხვეულ სტერეოტიპს ქალისათვის საზოგადოებრივად მისაღები ქცევის შესახებ. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების შესაძლებლობა ყველა ქალს არ ეძლევა, რაც ქალების სოციალურ უფლებების არ განხორციელების ერთ-ერთი შედეგია, თუმცა, ეს უკვე სხვა მსჯელობის თემაა.

რუდიკი დედობრივი აზროვნების ცენტრალურ წინააღმდეგობას დედობრივი პრაქტიკის  გარეთ ხედავს - იქ, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება კონკრეტული ბავშვის ინდივიდუალური კეთილდღეობა და ყველა ბავშვის უფლებრივი თანასწორობა. ავტორი ვარაუდობს, რომ რაც უფრო ინდივიდუალისტური და იერარქიულია სოციალური სისტემა, მით უფრო შესაძლებელია, რომ დედა საკუთარი და თავისი უახლოესი გარემოცვის (მის მსგავსთა) შვილების კეთილდღეობას დაუპირისპირებს სხვა დედების, ან სხვა „ტიპის“ (კლასის, რასის და ა.შ.) ბავშვების კეთილდღეობას. დედობრივი პრაქტიკა დგას ლეგიტიმურ შფოთვაზე  საკუთარი შვილებისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის და ამ ფაქტის უარყოფის ყოველი მცდელობა ცრუ ცნობიერებამდე მიგვიყვანს. თუმცა, ავტორს ოპტიმისტურად სჯერა, რომ დედებს შეუძლიათ გაიაზრონ, თუ როგორაა მათი შვილების კეთილდღეობა გადაჯაჭვული ყველა ბავშვის კეთილდღეობასთან და რომ სამყაროში, რომელიც, დიდი ხანია, დგას მჩაგვრელსა და ჩაგრულს შორის არათანასწორ ურთიერთობაზე, ყველა ბავშვს ემუქრება საფრთხე, რომ ერთ-ერთი მათგანის როლში მოგვევლინოს.

რუდიკის აზრით, ამ წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, დედობრივი აზროვნება უნდა გარდაქმნას ფემინისტურმა ცნობიერებამ, რადგან ის მიმართულია თვით-უარყოფის სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგ. იგი დაეხმარება დედობრივ აზროვნებას, დაინახოს ურთიერთკავშირი ბავშვის ინტერესებსა და მშვიდობის, ეკოლოგიური სიჯანსაღისა და დისტრიბუციული სამართლიანობის მიზნებს შორის.

 

დედობრივი აზროვნების ზოგიერთი სოციალური და პოლიტიკური ეფექტის შესახებ

სარა რუდიკი მიიჩნევს, რომ დედობის ინსტიტუტში ყველაზე რევოლუციური ცვლილებები შეგვიძლია გამოვიწვიოთ ბავშვის მოვლის თითოეულ ასპექტში მამაკაცების ჩართვით.

„როცა ქალი და მამაკაცი ერთად ცხოვრობენ ბავშვ(ებ)თან, არამხოლოდ სამართლიანობა, არამედ მორალიც მოითხოვს, რომ მათ თანაბრად გაინაწილონ  ბავშვზე ზრუნვის ტვირთი. ჩამოვაშოროთ ბავშვზე ზრუნვას ან ვაპატიოთ მამაკაცებს არ მონაწილეობა, ნიშნავს მათ წახალისებას განასხვაონ საჯარო ქმედებები კერძო გრძნობებისგან, მშობლობის პრივილეგია კი - მისი საზრუნავისგან.“

(რუდიკი, 2007)

როცა მამაკაცები არ არიან მომვლელები, ისინი დომინირებენ ყველა სხვა საჯარო და კერძო სფეროში. ეს აყალიბებს ბავშვის ადრეულ გაგებას ძალაუფლებაზე და ამგვარად, ხდება მჩაგვრელსა და ჩაგრულს შორის ურთიერთობის ფორმების ინსტიტუციონალიზება ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საერთაშორისო ასპარეზზე. ოჯახურ დონეზე გენდერული სურათის რადიკალური ცვლილება სოციალური ცნობიერების რევოლუციონირებასაც მოახდენს.  

თუმცა, რუდიკი აზუსტებს, რომ დედების პოლიტიკური მიზანი სულაც არ უნდა იყოს მამების ასიმილაცია საოჯახო საქმიანობაში. ჩვენი საბოლოო მიზანი ოჯახური საზღვრებიდან საჯარო სფეროში ფემინისტურად ტრანსფორმირებული დედობრივი აზროვნების გამოტანაა, რათა საზოგადო ცნობიერებისა და კანონმდებლობის მიზნად იქცეს ყოველი ბავშვის დაცვა და განვითარება.

ამ  მსჯელობას რუდიკი ასრულებს ოცნებით იმ დროზე, როცა აღარ იარსებებს „დედა“ და „მამა“, გენდერის ნიშნით განსხვავებული როლებით ოჯახსა თუ ბავშვზე ზრუნვის პროცესში. ნაცვლად ამისა, ორივე მშობელი იქნება ტრანსფორმირებული დედობრივი აზროვნების მატარებელი, ასევე ტრანსფორმირებული ცნობიერების მქონე საზოგადოებაში, სადაც ზრუნვის შრომა საყოველთაოდ გაზიარებული პრაქტიკაა ემოციურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეებზე. რუდიკის ამ, ერთგვარი, ოცნების უფრო დეტალური ვერსია შეგვიძლია ამოვიკითხოთ ნენსი ფრეიზერის ესეიში „საოჯახო ხელფასის შემდეგ - პოსტინდუსტრიული აზრობრივი ექსპერიმენტი“.

აღსანიშნავია, რომ საოჯახო, ზრუნვის შრომა, რომელსაც ყველა კულტურულ კონტექსტში, უმეტესად, ქალები/დედები ასრულებენ, არის ის ძირითადი კომპონენტი, რაზეც ფრეიზერი თავის კრიტიკას აგებს. იქნება ეს ჰაბერმასის კრიტიკული თეორიის თუ ნეოლიბერალური სისტემის სამსახურში ჩამდგარი ფემინისტური მოძრაობის კრიტიკა. ბავშვის აღზრდისთვის გაწეული აუნაზღაურებელი სამუშაო არის პოსტინდუსტრიული კაპიტალისტური სისტემის ის უჩინარი რგოლი, რომელიც კრიტიკულმა თეორიამ საოჯახო ცხოვრების ჩარჩოებში განიხილა, მის ფუნქციად მხოლოდ სიმბოლური კვლავწარმოება მიიჩნია და ამგვარად, ეს რგოლი სისტემიდან ისე ამორთო, თითქოს მაც არც უარსებია.[5] ხოლო ფემინისტურმა მოძრაობამ, ქალთა ჩაგვრის კულტურული საფუძვლები გამიჯნა ჩაგვრის პოლიტ-ეკონომიური ასპექტებისგან და ძირითადი ყურადღება პირველს დაუთმო. ფრეიზერის თქმით, ამ ნაბიჯმა ფემინიზმი ნეოლიბერალიზმის სამსახურში ჩააყენა, მისი კრიტიკის მიზნები კი დაავიწროვა და გააღარიბა[6].

ესეიში „ბრძოლა საჭიროებებისთვის“ ფრეიზერი აღწერს თუ როგორ შეიძლება, ქალთა  ესა თუ ის საკითხი იქცეს პოლიტიკური დისკურსის ნაწილად და ამ გზით მიიღოს პრობლემის მოგვარებაში (საჭიროების დაკმაყოფილებაში) სახელმწიფოს ჩარევის შანსი. ეს, თავის მხრივ, სულაც არ ნიშნავს საჭიროების ადეკვატურ ინტერპრეტაციასა და დაკმაყოფილებას. მაგრამ ამ სტატიის ფარგლებში, ჩვენ გვაინტერესებს სწორედ პრობლემის საჭიროებად ფორმულირების პროცესი და ის დისკურსული ძალები, რომლებიც ფემინისტურად ფორმულირებული საჭიროებების დეპოლიტიზირებას ცდილობენ (დანარჩენისთვის შეგიძლიათ იხილოთ ფრეიზერის ესეი). ავტორის აზრით, არსებობს პოლიტიკურის დისკურსული გაგება, რომელშიც რაღაც პოლიტიკურია, თუ ის სადავოა სხვადასხვა დისკურსულ ასპარეზზე. საზღვარი პოლიტიკურსა და არაპოლიტიკურს შორის არასდროსაა ბოლომდე დადგენილი და სწორედ ესაა დომინანტურ თუ მარგინალურ დისკურსებს შორის ბრძოლის მთავარი საგანი. „დისკურსულ-პოლიტიკური“ უპირისპირდება იმას, რაც საერთოდ არ არის დავის საგანი საჯარო სივრცეში, ან სადავოა მხოლოდ სპეციალიზებულ პუბლიკებში. ასეთებად ფრეიზერი ასახელებს „საოჯახო“ და „ეკონომიკურ“ დისკურსებს.  საინტერესოა, რომ ფრეიზერი ამ ორ ინსტიტუტს ერთმანეთთან აკავშირებს ქალის აუნაზღაურებელი სამუშაოს დეპოლიტიზირების სტრატეგიის აღწერისას, რომელიც შემდეგნაირად მუშაობს: ერთი მხრივ, იგი საოჯახო შრომას განსაზღვრავს ქალის ექსკლუზიურ, ბუნებრივ მოვალეობად და ამართლებს ქმრისა თუ შვილების მიმართ მისი სიყვარულის სახელით, რითაც მას „ოჯახურის“ საზღვრებში კეტავს; მეორე მხრივ, იგი უარყოფს ამ სამუშაოს კავშირს ეკონომიკურ სისტემასთან მაშინ, როცა, სინამდვილეში, ბავშვის გაჩენისა და აღზრდისთვის გაწეული შრომა (რომელიც როგორც სიმბოლურ, ისე მატერიალურ რეპროდუქციას გულისხმობს), არის კიდეც ძირითადი რესურსი, რაც ამარაგებს კაპიტალს „სათანადოდ სოციალიზებული სამუშაო ძალით“ (ფრეიზერი, 2017. გვ.72).

ფრეიზერის კრიტიკის ძირითადი მიზანია, ქალის მიერ გაწეული ოჯახური ზრუნვის სამუშაო  განიხილებოდეს კაპიტალისტური სისტემის შემადგენელ ნაწილად. ის ხაზს უსვამს, რომ სოციალისტურ-ფემინისტური კრიტიკული თეორიის კატეგორიების ჩარჩო არ უნდა ათავსებდეს საზღვრის ორ სხვადასხვა მხარეს ბირთვულ ოჯახს, რომელსაც მამაკაცი მეთაურობს და სახელმწიფოს მიერ რეგულირებულ, ოფიციალურ ეკონომიკას.

„ჩვენ გვჭირდება ჩარჩო, რომელიც მგრძნობიარე იქნება, მათ შორის მსგავსებების მიმართაც, ჩარჩო, რომელიც მათ ერთ მხარეს მოათავსებს, როგორც ინსტიტუტებს, რომლებიც, თუმც განსხვავებული გზით, ქალთა სუბორდინაციას ახორციელებენ, რამდენადაც ოჯახიც და ოფიციალური ეკონომიკაც ისაკუთრებს ჩვენს შრომას, თიშავს ჩვენს მონაწილეობას ჩვენი საჭიროებების ინტერპრეტირების პროცესიდან და საჭიროებების ნორმატიულად უზრუნველყოფილი ინტერპრეტაციებს იცავს პოლიტიკური წინააღმდეგობისგან.“

(ფრეიზერი, 2017. გვ.93)

 

დედობის ეკონომიკა

ედრიენ რიჩმა თავის წიგნში „ქალისგან გაჩენილი: დედობა, როგორც გამოცდილება და ინსტიტუტი“ (1972), რომელიც დედობის ინსტიტუტის კრიტიკის ერთ-ერთ პირველი მცდელობაა, ადამიანური არსებობის დაყოფას საჯარო და საოჯახო სივრცეებად „სახიფათო განხეთქილება“ უწოდა. ნენსი ფრეიზერმა კი, შრომის გენდერული დაყოფა თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისის ძირითად მიზეზად დაასახელა. იგი წერს, რომ არსებული კეთილდღეობის სახელმწიფოები დაფუძნებულია გენდერის შესახებ მოძველებულ დაშვებებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტად ცდება მრავალი ადამიანის ცხოვრებას და თვითაღქმას.

ფრეიზერმა გენდერულად დაყოფილ შრომას „მარჩენალის“ (რომლადაც, ძირითადად, მამაკაცი მოიაზრება) და „მომვლელის“ (რომლებიც, ძირითადად, ქალები არიან) შრომა უწოდა და მათ არათანასწორ შეფასებაში დაინახა კრიზისის საფუძველი. საჯარო სივრცე და მარჩენალის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ანდროცენტრულია, მორგებულია მამაკაცური ცხოვრების წესს და მამაკაცურს მიიჩნევს ნორმად. მეორე მხრივ, საოჯახო სფერო და მომვლელის სამუშაო დაბალანაზღაურებადი ან სულაც უფასოა და არ განიხილება მაღალი მნიშვნელობის საქმიანობად. ფრეიზერი ხატავს პოსტინდუსტრიული კეთილდღეობის სახელმწიფოს ერთგვარ უტოპიას, სადაც გენედერული სამართლიანობა ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია და ადამიანური არსებობისთვის აუცილებელი ყველანაირი შრომა ერთნაირად ფასდება. სახელმწიფოს მოწყობის ამ მოდელს იგი საყოველთაო მომვლელის მოდელს უწოდებს და ასე აღწერს:

„პოსტინდუსტრიული კეთილდღეობის სახელმწიფოში, გენდერული სამართლიანობის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია ქალთა ამჟამინდელი ცხოვრების ფორმების საყოველთაო ნორმად გადაქცევა. დღეს, ქალები, ხშირად, ერთმანეთს უთავსებენ მარჩენალობასა და მომვლელობას, თუმცა, დიდი სიძნელითა და გაჭირვებით. პოსტინდუსტრიულმა კეთილდღეობის სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ის, რომ კაცებმაც იგივე გააკეთონ, ხოლო, მეორე მხრივ, ინსტიტუციები იმგვარად გარდაქმნას, რომ ეს სიძნელე და გაჭირვება აღარ არსებობდეს. ... ყველა სამსახური განკუთვნილი იქნება მუშებისთვის, რომლებიც ამავდროულად მომვლელებიც არიან; ყველას ექნება უფრო მოკლე სამუშაო კვირა, ვიდრე დღეს აქვთ სრულგანაკვეთიან სამსახურებში; და ყველას ექნება დასაქმების ხელშემწყობი მომსახურებების მხარდაჭერა.“

(ფრეიზერი, 2017. გვ.210)

ქალთა ამჟამინდელი ცხოვრების ფორმებში, ფრეიზერი, უპირველეს ყოვლისა, მზრუნველობას და ზრუნვის სამუშაოს უანგაროდ გაწევას მოიაზრებს. უანგარობა ბუნებრიობის სახელითაა გამართლებული, რაც მამაკაცებს „უბილეთოდ მგზავრობის“ საშუალებას აძლევსო, წერს ფრეიზერი და ამაში კაცების მხრიდან ზრუნვაზე პასუხისმგებლობის მოხსნის უფლებას გულისხმობს. მათ აქვთ საშუალება, საოჯახო შრომა მთლიანად ქალების მხრებზე გადმოალაგონ და თავად, მარჩენალის სტატუსს ამოფარებულებმა, პარაზიტული ცხოვრებით იცხოვრონ. მაგრამ, სინამდვილეში, აშკარაა, რომ ამ უფლებით მხოლოდ მამაკაცები კი არა, ასევე, მათზე მორგებული სახელმწიფო სისტემაც სარგებლობს. სახელმწიფო მისდევს და აძლიერებს პატრიარქალურ-ტრადიციონალისტურ რიტორიკას, რომ ბავშვის ინტერესები ყველაფერზე წინ მხოლოდ დედამ უნდა დააყენოს (ამ დისკურსში ყოველთვის არის ადგილი მამაკაცებისთვის მამობის პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად), მაგრამ თავად არ დგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს დედების და ბავშვების მხარდასაჭერად[7]. არცერთი დედა - იქნება ის ტრადიციული „კარგი დედის“ ხატის განსახიერება, რომელიც „სახლში ზის“, თუ მომუშავე დედა, რომელიც ბავშვების აღზრდასთან ერთად, მარჩენალის როლსაც ირგებს - არ არის დაცული იმისგან, რომ მისი შვილები სახელმწიფოს მიერ წარმოებული შეუსაბამო და მტრული პოლიტიკის მსხვერპლად არ იქცევიან. (რასაკვირველია, საყოველთაო დაუცველობის პირობებშიც არის გრადაციები, სადაც, მაგალითად, მოწყვლადი სოციალური კლასისა თუ ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სხვებზე მეტად დაუცველნი არიან).

დედობრივად მზრუნველი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა, ჩვენი ამჟამინდელი გადასახედიდან, მართლაც, შორეული, მაგრამ მშვენიერი უტოპიაა. თუმცა, უტოპიური სურათის ვიზუალიზაცია ხშირად გვეხმარება, რომ უფრო ნათლად დავსახოთ ის პრაქტიკული ნაბიჯები, რაც ამ შორეულ მიზანთან მიგვაახლოვებდა. პირველი ნაბიჯი, ამ გზაზე, იქნებოდა დედობის პრაქტიკისა და აუნაზღაურებელი საშინაო შრომის შესახებ პოლიტიკური ცნობიერების გაზრდა. ქართულ ოფიციალურ პოლიტიკურ დისკურსში დიასახლისი ჯერ კიდევ მიჩნეულია პასიურ, „უმუშევარ“ ძალად[8], გამოუყენებელ პოტენციალად, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქალის/დედის შრომა უხილავია და შესაბამისად, დაუფასებელი.

დიასახლისის მიერ ბავშვის აღზრდისთვის და ოჯახის კეთილდღეობისთვის აუნაზღაურებლად გაწეული სამუშაო, სწორედაც რომ, განუყოფელი ნაწილია ეკონომიკური პროცესის. ამ შრომის გარეშე კი ვერ იარსებებდა ვერცერთი სამუშაო ადგილი და ვერც ამ ადგილზე დასაქმებული "მარჩენალი" მამაკაცი. დედობრივი აზროვნების ტრანსფორმაცია სწორედ ამ ფაქტის გააზრებით უნდა დაიწყოს.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

გამოყენებული ლიტერატურა:

რიჩი, ედრიენ, ქალისგან გაჩენილი: დედობა, როგორც გამოცდილება და ინსტიტუცია, 1976. [Rich, Adrienne, Of Woman Born: Motherhood as Experience and Institution, Norton, 1976.]

დედობის თეორია: ძირითადი საკითხავი. რედ.: ო’რაილი ანდრეა. 2007 [O’Reilly, Andrea, Maternal Theory: Essential Readings. Toronto: Demeter Press, 2007.]

ფრეიზერი, ნენსი, ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო, 2017.

[1] სრული ისტორია შეგიძლიათ იხილოთ https://bit.ly/2F4i3Ch (ბოლო ნახვა 19.12.2018)

[2] რუდიკი, სარა, დედობრივი აზროვნება (თავი 6); მფარველი სიყვარული და დამანგრეველი მილიტარიზმი: ზოგიერთი რეფლექსია დედობასა და მშვიდობაზე (თავი 7). წინგში დედობის თეორია: ძირითადი საკითხავი. რედ.: ო’რაილი ანდრეა.

[3] ფრეიზერი, ნენსი. 1, 2, 4 და 9 თავები წიგნში ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე.

[4] ამ უკანასკნელის მაგალითები იხ. - თათარაშვილი, თამთა, „ვის ეკუთვნის დედა?“ http://www.feminism-boell.org/ka/2018/02/09/vis-ekutvnis-deda (ბოლო ნახვა 23.12.208)

[5] “რა არის კრიტიკული კრიტიკულ თეორიაში? ჰაბერმასისა და გენდერის შემთხვევა.“ (ფრეიზერი, 2017. გვ.49)

[6] „ფემინიზმი, კაპიტალიზმი და ისტორიის ცბიერება“ (ფრეიზერი, 2017. გვ.309)

[7] საქართველოში მცხოვრები დედების ზოგიერთ წუხილზე, რომლებზეც, მათი აზრით,  სახელმწიფო უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, იხილეთ თათარაშვილი, თამთა „ვინ არის დედა?“. http://www.feminism-boell.org/ka/2018/06/14/vin-aris-deda (ბოლო ნახვა 23.12.2018) ასევე, ანაზღაურებად და აუნაზღაურებელი შრომის ბაზარზე ქალებისა და კაცების არათანასწორი მდგომარეობის შესახებ იხილეთ http://liberali.ge/news/view/41777/saqartveloshi-dasaqmebuli-qalebi-41it-naklebs-gamoimushaveben-vidre-katsebi--kvleva (ბოლო ნახვა 23.12.2018)

[8] https://commersant.ge/ge/post/giorgi-qobulia-diasaxlisebi-acxadeben-rom-mushaoba-ar-undat (ბოლო ნახვა 27.12.2018)