25

(ნაწილი პირველი)

ხუთშაბათი, 10 ივლისი

დღეს მე და ბექა წიქარიშვილი დოკუმენტურ ფილმზე ვიწყებთ მუშაობას. ფილმი ე. წ. “შეჭრილებზე” იქნება. “შეჭრილები” მთავრობამ იმ ხალხს უწოდა, ვინც სახლ-კარი დაკარგა და ქუჩაში რომ არ დარჩენილიყო, უფუნქციო შენობებს შეაფარა თავი. ფოკუსი ასეთ ობიექტებში მცხოვრები ქალები იქნებიან. თბილისში ბევრი ასეთი დასახლებაა, მაგრამ მათ შორის უმძიმესი პირობებით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სანზონის ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობაა. აქ ვაპირებთ ერთი კვირით ცხოვრებას.

პირობები შოკისმომგვრელია. შენობაში შესვლისთანავე გრძნობ ანტისანიტარიას და კანალიზაციის არარსებობას. აქა იქ ვირთხები დარბიან, ისე რომ ადამიანებს არც კი უფრთხიან. კორპუსში არ არის ელექტრო ენერგია. მზის სინათლე ჩამონგრეული კედლების უმინო სარკმლებიდან აღწევს. არ არის წყალი. ამ პირობებში ასამდე ოჯახი ცხვრობს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების პატრონები, რომელთაც სხვაგან წასასვლელი არ აქვთ და უკვე ორი წელია აქ ცხოვრობენ.

ძვირადღირებული ჯიპების, რესტორნების და კაზინოების ხმაურში, რომელიც თბილისის ცხოვრების ჩვეული რიტმია, ამ ადამიანების ხმა არავის ესმის. ეს თითქოს პარალელური რეალობაა, იზოლირებული და ჩვენთვის უხილავი. რეალობა, რომელსაც ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა რომ დავინახოთ. ერთ ქალაქში ორი სინამდვილე არსებობს: პირველი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ - სადაც დრო ფულია და სადაც მთელი ქალაქი თავისი ფასადური არქიტექტურით, სავაჭრო ცენტრებითა და ეზოებში ჩადგმული ეკლესიებით ამ დროისთვის ფეხის აწყობას ცდილობს, და მეორე სინამდვილე, რომელშიც დრო გაჩერებულია. ორივეს არსებობა ერთი და იმავე სოციალური სისტემის მმართველობითაა განპირობებული, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ პირველი ამ სისტემის უსამართლობის შენიღბვას ემსახურება, მეორე კი პირიქით, სისტემის ნამდვილ ბუნებას ააშკარავებს. სწორედ ამიტომ ეს მეორე რეალობა გაცილებით უფრო ნამდვილია. ის ბრჭყვიალა არქიტექტურაში მიჩქმალულ ქალაქის ნამდვილ სახეს აჩვენებს.

მისვლისთანავე ვამჩნევ, კაცები კამერაში მოხვედრას ერიდებიან, გვთხოვენ, ფილმში არ გამოგვაჩინოთო. კაცის ავტორიტეტი ძვირად ფასობს – არ უნდა შეილახოს ხალხის თვალში. ქალები პირიქით, უფრო გახსნილები არიან და ღიად საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე. პრობლემაზე საჯაროდ საუბარი შეიძლება სწორედ პირველი ნაბიჯი იყოს მისგან თავის დასაღწევად. როგორც ჩანს, ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული ქალებს, ან თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო მეტად მუშაობს მათში.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ქალია ნატა გავაშელი, რომელსაც პირველ დღეს კამერით ვესტუმრეთ. ის, 16 წლის შვილთან ერთად, 2 წელია ამ ობიექტს აფარებს თავს.

ჩვენ მსგავს საზოგადოებაში, ადამიანი კონფორმულობისგან ბოლომდე თავისუფალი ალბათ ვერასდროს გახდება. ყოველთვის იქნება რაღაც, რისი დაკარგვისაც შეეშინდება რაღაც, რასაც ანგარიში უნდა გაუწიოს. ერთადერთი გზა ამ დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ყველასგან და ყველაფრისგან მრავალგზის იმედგაცრუება შეიძლება იყოს. ყველაფერი იმის დაკარგვა, რისი დაკარგვის შიშითაც შეიძლება შენით მანიპულირებდეს სისტემაც და საზოგადოებაც. ამიტომაც დავინტერესდი განსაკუთრებულად ამ ადამიანებით. მათ უკვე აღარც არაფრის დაკარგვის ეშინიათ და აღარც საზოგადოებრივი აზრის. ისინი ისედაც იზოლირებულნი არიან ყველაფრისგან და ცალკე, საზოგადოებისთვის უხილავ რეალობაში ცხოვრობენ.

პარასკევი, 11 ივლისი

კონტრასტებით სავსე რეალობაში ვარ. სიურრეალისტურ გარემოში მგონია თავი. დილით, ჯერ ბავშვების უდარდელი თამაში და შეძახილები მესმის, რომლებიც ჯერ ვერ აცნობიერებენ იმ დანგრეული და ცივი კედლების დამთრგუნველ აურას, რომელშიც ცხოვრობენ. შემდეგ კი, ვესაუბრები უიმედო, სასოწარკვეთილ ქალებს, რომლებიც სოციალური და გენდერული უსამართლობის სიმძიმეს ერთდროულად განიცდიან.

დილით ისევ ნატას ვესტუმრეთ. უსახლკაროდ ქცევამდე, ნატა ბედნიერად ცხოვრობდა. ჰყავდა მეუღლე, რომელიც უყვარდა და მატერიალურადაც უზრუნველყოფილი იყო. შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა, და ბინაც გაყიდა, რადგან ძმა ავარიაში მოყვა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. თანდათან ბინის ქირის გადახდა ვეღარ შეძლო მარტო დარჩენილმა და უმუშევარმა, ამიტომ 14 წლის შვილთან და ავადმყოფ დედასთან ერთად აქ - ყოფილ კარდიოლოიგიურში შეაფარა თავი. მორგში, სადაც ადრე გვამებს კვეთდნენ, ახლა მისი ოთახია. ნატა ცხადი მაგალითია იმ სოციალური და ეკონომიკური სისტემის უსამართლობის, რომელმაც ნებისმიერი, თუნდაც მატერიალურად გამართული მოქალაქე, შეიძლება უსახლკაროდ აქციოს.21

შეიძლება სიმბოლურიც არის, რომ სწორედ მორგის ოთახში მოუწია ცხოვრება, რადგან სახელმწიფო ბიუროკრატიისთვის, ის და მისნაირი ადამიანები გვამებივით უჩინარნი არიან. სახელმწიფო მათ მიმართ გადაწყვეტილებებს იღებს არა არსებითი გარემოებების გათვალისწინებით, არამედ ზედაპირულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც შეიძლება საერთოც არაფერი ჰქონდეს საქმის ნამდვილ ვითარებასთან. ნატა დღემდე ვერ იღებს სოციალურ დახმარებას იმის გამო, რომ საჯარიმო სადგომზე დგას თავის დროზე ნაავარიები, დამტვრეული და სრულიად გამოუსადეგარი მანქანა, რომელიც მის სახელზეა გაფორმებული და რომლის გამოსყიდვაც კი მისთვის წარმოუდგენელია.

საღამოს, კიდევ ორ მარტოხელა ქალთან ჩავწერე ინტერვიუ - ნათია მწყერაშვილთან და ნინა ბებოსთან. ნატასგან განსხვავებით, ისინი სოციალურთან ერთად, გენდერული უსამართლობის მსხვერპლნიც აღმოჩნდნენ. ორივეს პრობლემა შინაარსით მსგავსი, თუმცა ფორმითაა განსხვავებული. ნათია ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მამამ მიატოვა და სახლიც დაენგრათ სოფელში, მას შემდეგ სულ ქირით ცხოვრობდა, დედასთან და დებთან ერთად, უკიდურეს სიღარიბეში. როგორც თავად ამბობს, ვერ სწავლობდა , რადგან მშიერი იყო და ვერაფერზე ფიქრობდა. შემდეგ გათხოვდა იმედით, რომ ამით თავს დააღწევდა სიდუხჭირეს, მაგრამ მოგვიანებით ქმარმაც მიატოვა ისე, რომ არავითარი ფინანსური პასუხისმგებლობა არ აუღია ოჯახზე. ნათიამ ვეღარც ბინის ქირის გადახდა შეძლო და ვერც სამუშაოს პოვნა. დღეს ეპილეფსიით დაავადებულ შვილთან ერთად, ამ შენობაშია შეჭრილი.

მისგან განსხვავებით, ნინა ბებომ პირიქით, ვერაფრით დააღწია თავი მოძალადე ქმარს. ეჭვიანობის გამო, ქმარმა წარმატებულ კარიერაზე ათქმევინა უარი. სამსახური და სტაჟის შესაბამისად, საკუთარი ბინის მიღების პერსპექტივაც (ჯერ კიდევ საბჭოთა დროს) ამიტომ დაკარგა. თავის დროზე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გათხოვდა, ძალადობის შედეგად. პერმანენტულად განიცდიდა მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას. საბოლოოდ ოფიციალურად გაიყარნენ, მაგრამ ქმარმა მაინც მასთან გააგრძელა ცხოვრება (სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა).სიბერეში ორივე იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა, შვილები დაოჯახდნენ და ფიზიკურად ვეღარ ეტეოდნენ. ყოფილი მეუღლე ეზოში, ავტოფარეხში გადავიდა საცხოვრებლად, ნინა ბებომ კი აქ, ყოფილ კარდიოლოგიურის შენობას შეაფარა თავი.

აშკარაა, რომ გენდერული ძალადობა და სოციალურ-ეკონომიკური ჩაგვრა მიზეზშედეგობრივ კავშირშია ერთმანეთთან. რთული სათქმელია, რომელი რომელს განაპირობებს, რომელია მიზეზი და რომელი შედეგი. თუკი გლობალურად შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, სოციალური სისტემის უსამართლობაა თავი და თავი, ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონა ხდის ქალს დამოკიდებულს კაცზე და აქცევს გენდერული ძალადობის მსხვერპლად. თუმცა, მეორე მხრივ, ცალკეულ შემთხვევებში, სწორედ გენდერული უთანასწორობა ხდება მიზეზი იმის, რომ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ვერ აღწევს, ან კარგავს ქალი.

ერთი კი ფაქტია, ეს პრობლემები სისტემური ხასიათისაა და ცალკეული ძალისხმევები ვერ შეცვლის საერთო სურათს. ამიტომაც მგონია, რომ პირველ რიგში სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს სისტემის გაჯანსაღებაზე როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ისე კულტურულ ასპექტში.

შაბათი, 12 ივლისი

დილით საოცარი კადრი ვნახე ეზოში. ჩემგან რამდენიმე მეტრში, კიბეებთან მოზრდილი ვირთხა იდგა გაუნძრევლად, ორიოდე მეტრის მოშორებით კი 3 წლის ბავშვი. იდგნენ გაუნძრევლად და ერთმანეთს უყურებდნენ. უკნიდან ქალის ხმა გავიგე - “ნახე ბებო, თაგვი, როგორი თაგვია” (ალბათ შიშის გრძნობა, რომ გაენეიტრალებინა ბავშვისთვის).

ანტისანიტარია და ნაგავი ამ კორპუსის პრობლემა ყოველთვის იყო. ბევრი მცდელობისა და თხოვნის შემდეგ, დასუფთავების სამსახურმა ნაგავი მხოლოდ ნაწილობრივ გაიტანა, მაგრამ პრობლემა მაინც მოუგვარებელი დარჩა.

24

ხშირად ვფიქრობ სისუფთავის პრობლემაზე, თუნდაც ქუჩებში. ალბათ, ადამიანი სისუფთავეს იცავს იქ, სადაც თავს საკუთარ სივრცეში გრძნობს. თუნდაც ეს სივრცე საჯარო იყოს. საჯარო სივრცე ყველასია, მაგრამ ყველასთან ერთად ჩემიცაა. ამიტომ ვუფრთხილდები მას. მაგრამ თუკი მაქვს განცდა, რომ ეს სივრცე, არამარტო ფიზიკური, არამედ პოლიტიკურიც, საერთოდ არ მეკუთვნის, მას მთლიანად უჩემოდ წარმართავენ, ამ სივრცესთან, გარემოსთან იდენტობის გრძნობაც მიქრება და მეკარგება სურვილი ვიზრუნო მის სისუფთავეზე. პირიქით, შეიძლება პროტესტის გრძნობაც გამიჩნდეს და არაცნობიერად გამოხატვის ამგვარ ფორმასაც მივმართო (განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური თვითგამოხატვის სხვა შესაძლებლობა არ მეძლევა). რა თქმა უნდა, ახლა მათ გამართლებას არ ვცდილობ, ვინც სივრცეს ანაგვიანებს, უბრალოდ ვცდილობ, ფსიქოლოგიური ახსნა მოვუძებნო მათ ქმედებას.

ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც დერეფნის დაგვისას, ნინა ბებოს ნათქვამი ფრაზა მენიშნა: “რაც არ უნდა ძნელი იყოს, სისუფთავე უნდა დავიცვათ.”

კვირა, 13 ივლისი

მე და ბექა ფილმისთვის პოტენციური გმირების შერჩევას ვაგრძელებთ. დღეს ერთ-ერთ მათგანთან ჩავწერეთ ინტერვიუ.

ნათია თანდაშვილმა რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული ფაკულტეტი დაამთავრა, მათ შორის, სამხედრო აკადემიაშიც ისწავლა. ბოლოს გერმანიაში სწავლობდა, მაგრამ თბილისში დაბრუნებული უსახლკაროდ იქცა. ახლა რამდენიმე თვის ბავშვს ზრდის აქ. ნათიას შემთხვევაში უსახლკარობას და სოცდაუცველობას წინ უსწრებდა წარმატებული კარიერა და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება. ამიტომაც ასეთ ღირსების შემლახავ გარემოსთან განსაკუთრებით გაუჭირდა შეგუება. იმდენად, რომ იზოლაციაში მოაქცია საკუთარი თავი. არ სურს, რომ საზოგადოების თვალში დამცირებულად და არასრულფასოვან წევრად აღიქმებოდეს, ამიტომ გარესამყაროსთან ურთიერთობას ერიდება.

იზოლაციის პრობლემა, ზოგადად, ძალიან მწვავედ დგას დასახლებაში. ეს ადამიანები მოკლებულნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველგვარ ჩართულობას, მთლიანად მოწყვეტილნი არიან სოციალურ პროცესებს. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს საზოგადოების ინდიფერენტულობა, ემპათიის ნაკლებობა ამ ადამიანების პრობლემის მიმართ. ასეთ ვითარებაში იმედის მომცემად მეჩვენა აქ მცხოვრები ბავშვების შემართება და მიდრეკილება აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ. ბევრი მათგანი განსაკუთრებული უნარითა და ნიჭით გამოირჩევა და აქტიურად ცდილობს ამ ნიჭის რეალიზაციას. ერთ-ერთ მათგანს ევროპიდანაც კი მოუვიდა მოწვევა რომ ტაიკვანდოს ჩემპიონატში საქართველოს სახელით მიიღოს მონაწილეობა, თუმცა უსახსრობის გამო, მშობლები ვერ ახერხებენ მის გაშვებას. ბევრი ბავშვია აქ, რომლებსაც მნიშვნელოვანი სპორტული წარმატებები აქვს რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე, ან განსაკუთრებული შემოქმედებითი ინტერესები და უნარები გააჩნია.

დღეს ფეხბურთის სათამაშოდაც დამპატიჟეს ბავშვებმა.

მეზობელი უბნის ერთ-ერთ ეზოში აღმოვჩნდით, სადაც სტადიონზე ადგილობრივი ბავშვები თამაშობდნენ. აქ მოხდა ის, რაც შემდეგ ჩემთვის სოციალური დაუცველობის პრობლემის ანალიზისა და გააზრების დამატებითი წყარო გახდა.

ბავშვების ურთიერთობები უფროსების დამოკიდებულებების ანარეკლია და გარკვეულ საზოგადოებრივი განწყობების მინიმოდელს გვიჩვენებს. თვალშისაცემი იყო ანტაგონიზმი ადგილობრივ და კარდიოლოგიურ ინსტიტუტში მცხოვრებ ბავშვებს შორის. ადგილობრივებმა რამდენჯერმე მკითხეს, კარდიოლოგიურიდან იყვნენ თუ არა ეს ბავშვები. უხეში რეპლიკებითა და ჟესტებით გამოხატავდნენ აგრესიას, იმის გამო, რომ ისინიც მათ უბანში თამაშობდნენ. მოგვიანებით მათ ზრდასრულებიც შეუერთდნენ.

აგრესიული იყო უსახლკარო ბავშვების რეაქციაც ამ ყველაფერზე, ყოველ უმნიშვნელო რეპლიკაზეც კი. ისინიც საპასუხო უხეშობით ცდილობდნენ თავი დაემკვიდრებინათ მოცემულ სივრცეში და არ აღმოჩენილიყვნენ ჩაგრულის როლში.23

ეს ალბათ მცირე მაგალითია იმის, რაც საზოგადოებაში სოლიდარული განწყობების გაღვივებას აფერხებს – უბნურ-კლანური აზროვნების წესი, როდესაც ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი მიკრო-სოციუმი - ამ შემთხვევაში უბანი და მის გარეთ არსებული ადამიანები მეორეხარისხოვნები არიან.

მითუმეტეს თუ ადამიანს არ გააჩნია საკუთარი ტერიტორია, ან საერთოდაც არაფერი გააჩნია, ის ჩემს ტერიტორიაზე და ასევე ყველას ტერიტორიაზე ზედმეტია, უბრალოდ ადგილს იკავებს. ის აღიქმება არა სოციალური სხეულის ორგანულ ნაწილად, არამედ მის დანამატად. მაგრამ არ ხდება იმის გააზრება, რომ არსებული სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის პირობებში ნებისმიერი შეიძლება მსგავს დანამატად იქცეს.

ორშაბათი, 14 ივლისი

კორპუსის ეზოში წყლის ერთადერთი ონკანია და მთელი 7-სართულიანი შენობა ამ ონკანით სარგებლობს. როგორც წესი, ონკანთან დილაობით ხალხმრავლობაა. ზოგი ჭურჭელს ავსებს, ზოგი სარეცხს რეცხავს.

შუადღისას, ბავშვებს უფასო სასადილოში გავყევი კამერით. უფასო სასადილოთი ბევრი სარგებლობს ამ კორპუსში. თითქმის ყველა უკმაყოფილოა საკვებით, ზოგი იმასაც ამბობს, ჯობია პროდუქტები მოგვცენ და ჩვენ თვითონ მოვამზადებთ სადილსო.

სასადილოდან დაბრუნებისას, ბავშვებმა “სიტყვა და საქმის” საფოსტო ყუთი მოძებნეს და მშობლების გამოტანებული განცხადება ჩააგდეს. “სიტყვა და საქმე” ყველაზე პოპულარული და ალბათ ერთადერთი მედიასაშუალებაა, რომელსაც აქტიურად ეცნობიან კორპუსში. არაერთხელ გავიგონე როგორ აგზავნიდნენ მშობლები შვილებს ამ გაზეთის შესაძენად, ვნახე როგორი ინტერესით კითხულობენ ხოლმე მას სამუშაოს პოვნის იმედით. უმუშევრობა აქ ნომერი მეორე პრობლემაა, უსახლკარობის შემდეგ. თუმცა შეიძლება პირველიც, ამაში გარკვევა თვითონაც უჭირთ. მართლაც რთულია, განსაზღვრო ამ ორი პრობლემიდან რომელი რომელს წარმოშობს.

მამაკაცების უმრავლესობა უმუშევარია. მათი ცხოვრების სტილი ტიპურია, ჩვენი ქალაქის უბნებისთვის დამახასიათებელი – საღამოს ერთად შეკრება, კარტის თამაში, ან დალევა. იშვიათად, მაგრამ არიან დასაქმებულებიც.

თუმცა მამაკაცებზე მეტად, ჩვენი ინტერესის ობიექტები მარტოხელა ქალები არიან. მამაკაცებსა და მათ როლზე, ქალების საუბარში ერთი გამოკვეთილად საერთო ტენდენცია გამოვლინდა. მათ საუბარში ხშირად ფიგურირებს სიტყვა „პატრონი.“ „გავთხოვდი იმიტომ, რომ პატრონი მყოლოდა“ - ეს ფრაზა ბევრი მათგანის ინტერვიუში განმეორდა. მათგან ბევრისთვის გათხოვების მთავარი მოტივაცია მამაკაცისგან მზრუნველობის მოლოდინი და მძიმე სოციალური პირობების შემსუბუქების იმედი იყო. თუმცა მზრუნველობის ნაცვლად, ბევრმა ჩაგვრა მიიღო.

საზოგადოებაში, სადაც პატრიარქალური კულტურა მოცემულობის სახით ინერციით აგრძელებს არსებობას, ამგვარი სიღატაკის პირობებში, მისი გავლენა კიდევ უფრო აშკარა ხდება. ასეთ ვითარებაში, როდესაც ქალს დამოუკიდებლად ფიზიკური გადარჩენაც კი უჭირს, იგი კაცს მხსნელად აღიქვამს. ეს დამოკიდებულება კი კაცს ბუნებრივად აქცევს უპირატეს სუბიექტად, აყენებს მას უფრო მაღალ საფეხურზე. გამოდის, რომ პატრიარქალური ცნობიერება მით უფრო ძლიერდება, რაც უფრო მძიმეა სოციალური ფონი.

სიტყვა „პატრონი“ ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს ამგვარ გარემოში ჩამოყალიბებული გენდერული ურთიერთობების არსს, სიღარიბისა და დრომოჭმული ტრადიციების ურთიერთკავშირს.