ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის გაბატონებულ იდეოლოგიაში ქართველი მუსლიმები განსაკუთრებულ მარგინალიზაციას განიცდიან. ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში მათ მიმართ გამოვლენილი რელიგიური ძალადობისა და ისლამოფობიის შემთხვევებიც.

ქართველი მუსლიმების აღქმა საზოგადოებაში, ხშირად, თურქეთთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, ტრავმული ისტორიული მეხსიერების ფონზე ხდება. შესაბამისად, ამ ჯგუფის მიერ საკუთარი რელიგიური იდენტობის შენარჩუნებისა და მისი გამოხატვის მცდელობა დაუსაბუთებლად განიხილება თურქეთის ექსპანსიური პოლიტიკის ნაწილად. თურქოფობიული პოლიტიკური ნარატივის შექმნა და გაძლიერება საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს. ხშირად თურქეთის ფაქტორზე აპელირებით, რეალურად ისლამოფობიის გადაფარვა ხდება. აღნიშნული იდეოლოგიის კულტივირებას ღიად ახდენენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც აჭარაში ქართველი მუსლიმების ინდოქტრინაციისა და გაქრისტიანების პოლიტიკას ეწევიან.

ქართველი მუსლიმები კი აღნიშნავენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრირება და რელიგიური განათლების საქართველოში მიღება. ამის შესაძლებლობაც მათ არ ეძლევათ, რის გამოც ისინი იძულებულები არიან სხვა ქვეყნებში მიიღონ განათლება.

ვიდეო მომზადებულია პროექტ „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით.