12 მაისს 17:00 საათზე EMC-ს ფეისბუქ გვერდზე გაიმართა მორიგი ონლაინ დისკუსია: "2 წელი 12 მაისიდან - ნარკოპოლიტიკის შეჩერებული რეფორმა"

მომხსენებლები:

  • ბექა წიქარიშვილი - თეთრი ხმაურის მოძრაობა;
  • ნაჯა ორაშვილი - თეთრი ხმაურის მოძრაობა/კლუბი ბასსიანი;
  • ლევან კობერიძე - პარლამენტარი;

მოდერატორი: გურამ იმნაძე- EMC-ის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი

2018 წლის მაისში თბილისის კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციიდან ორი წლის თავზე, კვლავაც ბუნდოვანია ქვეყნის ნარკოპოლიტიკის მომავალი. კლუბებში პოლიციის შესვლას თან ახლდა ათეულობით მოქალაქის უსაფუძვლო დაკავება და პოლიციის მხრიდან ბოლო წლებისთვის უპრეცედენტო ძალის გამოყენება. სპეცოპერაციას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს პარლამენტის წინ, რასაც თან ახლდა კონტრდემონსტრაციები, საპოლიციო კორდონები და პოლიტიკოსების მხრიდან გაცემული მორიგი დაპირებები რეფორმის თაობაზე.

2018 წლის მოვლენებიდან ორი წლის თავზე, ქვეყნის ნარკოპოლიტიკა კვლავაც ინარჩუნებს რეპრესიულ შინაარსს და კანონმდებლობა კვლავაც არაპროპორციულად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ნარკოტიკული დანაშაულისთვის, რასაც შედეგად მოჰყვება უამრავი ადამიანის მიმართ მრავალწლიანი სასჯელების გამოყენება. მხოლოდ 2019 წელს, ნარკოტიკული დანაშაულისთვის 4591 ირის მიმართ დაიწყო სისლხისსამართლებრივი დევნა და 600 მათგანს შეეფარდა საპატიმრო სასჯელი. ამავდროულად, ჩვენს ციხეებში კვლავაც აგრძელებენ სასჯელების მოხდას ადამიანები, რომლებსაც პირადი მოხმარების ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის შეეფარდათ ხანგრძლივი პატიმრობა.

დისკუსია მიზნად ისახავდა კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა 2018 წლის მაისის მოვლენები, სახელმწიფოს მხრიდან საპოლიციო ძალის გამოყენების მიზეზები, ფაქტორები, რომლებმაც გავლენა იქონიეს შემდგომ საპროტესტო აქციებსა და სამოქალაქო მოძრაობებზე. დისკუსიისას აგრეთვე ყურადღება დაეთმო არსებული ნარკოპოლიტიკის პრობლემურობას, მის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებსა და მისი ფუნდამენტური რეფორმის პერსპექტივებს.

დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა შემდეგ ძირითად საკითხებს დაეთმო:

  • 12 მაისის სპეცოპერაცია და ძალის დემონსტრირება პოლიციის მხრიდან;
  • საპროტესტო აქციები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის;
  • ნარკოპოლიტიკის რეფორმის პერსპექტივა არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში.