28 მაისს, 14:00 საათზე, EMC-ს ფეისბუქ გვერდზე გაიმართა მორიგი ონლაინ დისკუსია: "ჩვენ" და "სხვები"? - კულტურის პოლიტიკა ქვემო ქართლში

მომხსენებლები:

  • სოფო ზვიადაძე - სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • დავით ჯიშკარიანი - ისტორიკოსი, SOVLAB
  • ნარგიზა არჯევანიძე - გენდერის მკვლევარი
  • ოქტაი ქაზუმოვი - ლიტერატორი, მთარგმნელი
  • მარიამ შალვაშვილი - ანთროპოლოგი, მკვლევარი, EMC

მოდერატორი: თამთა მიქელაძე - EMC-ის თანასწორობის პროგრამის დირექტორი

სამწუხაროდ, ჩვენს ინტეგრაციის პოლიტიკაში კულტურის და განათლების ინკლუზიური მიდგომების რესურსი სათანადოდ გააზრებული არ არის და თავად ეს სისტემები ახდენს არადომინანტური ჯგუფების კულტურის და ისტორიის უგულებელყოფას, გამოტოვებას ან ზოგჯერ გადაწერას. ეს ჩანს სასკოლო სახელმძღვანელოების, მუზეუმების, სხვა კულტურული სივრცის დონეზე, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს საერთო მეხსიერების, ისტორიის და ურთიერთგაგების საზღვრებს და შესაძლებლობებს უნდა უდგენდეს.

ზოგიერთ შემთხვევაში, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩანს კულტურული დომინაციის ნიშნები, რომელსაც ყველაზე ინტენსიურად ადგილობრივი ეპარქიები და რელიგიური წრეები ატარებენ. ამგვარ პრაქტიკას გამრიყავი ეფექტი აქვთ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის და ის კიდევ უფრო მეტად აზიანებს სოლიდარული და ნდობაზე, მშვიდობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას. სამწუხაროდ, დომინაციის ამ პრაქტიკას სახელმწიფო შემხვედრ და ინკლუზიურ კულტურის პოლიტიკას არ უპირისპირებს, რაც თემებს შორის სოციალური დაძაბულობის და გაუცხოების რისკებსაც აჩენს.

დისკუსია მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის რეგიონში კულტურის პოლიტიკის და მისი სოციალური და პოლიტიკური განზომილებების შესახებ საუბრის დაწყებას. კოლექტიური მეხსიერების, ასევე განათლების და კულტურის პოლიტიკას ინტეგრაციის პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მას ეთნიკურ უმცირესობებს საკუთარი თვითმყოფადობის დაცვის და, ამავდროულად, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დიალოგის და ინკლუზიური სოციალური გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.