6 მაისს, 16:00 საათზე EMC-ს ფეისბუქ გვერდზე გაიმართა მორიგი დისკუსია ლაივში: "რეპრესიული და სოციალური პოლიტიკა კრიზისის დროს".


მომხსენებლები:

  • თორნიკე ჩივაძე - ეკონომიკის და პოლიტიკის მკვლევარი;
  • ანა დოლიძე - იურისტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • გურამ იმნაძე - EMC-ს მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი;

მოდერატორი: კოტე ერისთავი - EMC-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

დისკუსია მიზნად ისახავდა პანდემიით შექმნილი ვითარების ფონზე, განსხვავებული პერსპექტივებით შეეფასებინა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატისა და სოციალური გამოწვევების ურთიერთმიმართება. კერძოდ, რა ტიპის ინსტრუმენტებს იყენებს სახელმწიფო კრიზისის მართვისას, როგორია ბალანსი რეპრესიულ და კეთილდღეობის ინსტრუმენტებს შორის და რამდენად განსაზღვრავს ძალადობრივი პრაქტიკის სიცოცხლისუნარიანობას სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა.

ქვეყნის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თავისთავად ჩნდება რისკები, რომ კრიზისთან დაკავშირებული გამოწვევები დანახული იქნება უსაფრთხოების ჭრილში, რასთან გამკლავებაც დიდწილად სწორედ საპოლიციო და კონტროლის მექანიზმებით ხდება. კრიზისული მდგომარეობა თავისთავად არაორდინალური ვითარებაა, მაგრამ ის ხშირად ააშკარავებს იმ სტრუქტურულ პრობლემებს, რაც "ორდინალურ" ვითარებაშიც ჭარბი კონტროლისა და რეპრესიული აპარატის საჭიროებას აწარმოებს.

დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა შემდეგ ძირითად საკითხებს დაეთმო:

  • სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა და მისი ეფექტიანობა კრიზისულ ვითარებაში;
  • რეპრესიული და საპოლიციო ინსტრუმენტები, როგორც სოციალური კონფლიქტების მოგვარების მექანიზმი;
  • განვითარების არსებული მოდელი და სოციალური კონფლიქტების კვლავწარმოება;