ამ სტატიების სერიაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური თემის წარმომადგენლების ხედვებს მათ მიმართ გაბატონებულ მზერასთან, პოლიტიკასთან და მის სოციალურ და კულტურულ შედეგებთან დაკავშირებით.

ინტერვიუერი: მარიამ შალვაშვილი

რესპონდენტი: ზაზა მიქელაძე

ზაზა მიქელაძე არის ორგანიზაცია "სამოქალაქო დარბაზის" თანადამფუძნებელი და თანახელმძღვანელი. აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად არის მალაიზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრანტი პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2019 წელს გახდა Erasmus+ ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი.

  • როგორ არის აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმი თემი დანახული გაბატონებული წარმოდგენით?

ქართული საზოგადოების აღქმა აჭარის მიმართ ცალსახად ხასიათდება ინფორმაციის ნაკლებობით - დომინანტმა ჯგუფმა ბევრი არაფერი იცის მუსლიმური თემის შესახებ. აშკარაა რეგიონისადმი გაუცხოების ფაქტორი - აჭარის მუსლიმური თემის აღქმა ვერ ხდება ქართული სახელმწიფოების შიგნით. ამას გარდა, გავრცელებულია ის მოსაზრებაც, რომ აჭარაში არსებობს თურქეთის რელიგიური გავლენა და ამიტომ ეს რეგიონი ხიფათის შემცველია. აჭარელ მუსლიმებს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად უყურებენ და მათ ანტისახელმწიფოებრივ ჭრილში აღიქვამენ. ამის გამო, როგორც აჭარელ მუსლიმს, მუდმივად გიწევს იმის მტკიცება და დემონსტრირება, რომ „ჭეშმარიტი ქართველი“ ხარ და რომ შენი სახელმწიფოებრივი ხედვა საერთო საზოგადოებრივ ხედვას მოიაზრებს. უნდობლობა დიდია რეგიონის მიღმა არსებული აჭარელი ეკო მიგრანტების მიმართაც.

მართალია მსგავსი ხედვები ურთიერთობების რაღაც ეტაპებამდე მნიშვნელოვანი სრულიად არ არის, თუმცა როდესაც აჭარელი მუსლიმების საჭიროებების ან უფლებების საკითხები წამოიწევს წინ, აშკარაა ქართული საზოგადოების ნაწილის აღქმა, რომ მათ სხვაგან აქვთ სახელმწიფო, სადაც უნდა წავიდნენ და მათი უფლებები იქ მოითხოვონ და შენ თუ ხარ მუსლიმი აჭარელი, შენი რელიგიური იდენტობა ჩრდილქვეშ უნდა იყოს. თუმცა, საინტერესოა, რომ ქართულ საზოგადოებაში დროთა განმავლობაში მხოლოდ აჭარელი მუსლიმების კი არა, აჭარლობის როგორც ფენომენის პრობლემა გაჩნდა - ქართულ საზოგადოებაში აჭარლების მუსლიმობის პრობლემა თვითონ აჭარლობის პრობლემად გადაიქცა. მაგალითად, მახსოვს ასლან აბაშიძის აჭარაში დანიშვნის დროს მისი ლეგიტიმაცია ის გახდა, რომ თურმე ის წარმოშობით აჭარელი კი არა გურული იყო. ამას გარდა, აჭარაზე საუბარი სირცხვილის ხსენების გარეშე წარმოუდგენელია, რაზეც თამთა ხალვაშიც წერს [1]. სირცხვილის გრძნობა ყოველთვის გასდევს აჭარულ იდენტობას.

ამასთან, თემის წევრებს უყურებენ როგორც მოძველებული, წარსული ტრადიციების მატარებლებს. ხშირად ჩნდება კითხვა, „ჯერ კიდევ მუსლიმი ხარ?“ თითქოს რაღა დროს ისლამია, თითქოს ის ძველი, არაცივილიზებული და სხვისია და „თანამედროვე“ და „შენი“ არ არის.

  • რადგან პოლიტიკა რეგიონებში ხშირად ეფუძნება იმ შეხედულებებს, რაც დომინანტურ ჯგუფში თემის ან რეგიონის შესახებ არსებობს, რა სახისაა აჭარის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა?

აჭარის მიმართ არსებული პოლიტიკა ეფუძნება უსაფრთხოების ხედვას, ამის არგუმენტაცია საბჭოთა ნარატივია, რომლის მიხედვითაც აჭარა თურქეთის მესაზღვრე რეგიონია, აჭარლების დიდი ნაწილი - მუსლიმი, ამიტომ აჭარა შეიძლება დიდი რისკების შემცველი იყოს.

სხვადასხვა სივრცეებში გაცხადებულია ის აზრი, რომ
„აჭარა უნდა დაუბრუნდეს“ ქრისტიანობას, რადგან საქართველო წმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყანაა. ხშირია დომინანტური კულტურის და კონფესიის წარმომადგენელთა მხრიდან სოციალურ და კულტურულ სივრცეში, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროზელიტიზმის მცდელობები. ბევრ საერო დღესასწაულს მართლმადიდებლური სახე აქვს, რაც აჩენს განცდას, რომ შენ ვერ იქნები საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემის ნაწილი და ხარ მოქალაქეობის მეორე ან უფრო დაბალ საფეხურზე.

საინტერესოა, რომ არც ერთ თანამდებობაზე დღემდე არ დანიშნულა ამ იდენტობის [ისლამის] მატარებელი, რომელიც ხმამაღლა იტყვის რომ მუსლიმია. პირველი რესპუბლიკის და ყარსის ხელშეკრულების დროს სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის შემდეგ მსგავსი რამ არ ყოფილა.

ეთნოგრაფიულ მუზეუმებში ან სრულიად იგნორირებულია ან სხვისი ხედვითაა მოყოლილი ამ რეგიონის თანამედროვე და თუნდაც გასული საუკუნეების სოციალური და კულტურული ნარატივები და გაზიარებულია ეთნონაციონალიზმის მიერ დამკვიდრებული იდეები - მათ შორის ისლამის, როგორც ძალმომრეობითი და თავსმოხვეული რელიგიის ხედვა და პოლიტიკაც სწორედ ამ მზერაზეა დაშენებული. შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს რაღაც შეხედულებები, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა ამას არ უნდა ეფუძნებოდეს.

  • რა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური გავლენები აქვს არსებულ პოლიტიკას და ქართველ მუსლიმებზე გაბატონებულ წარმოდგენებს ადგილობრივი თემისთვის?

მახსოვს, როგორც აჭარელ ეკო მიგრანტს, მთელი ბავშვობა მიხდებოდა სასკოლო და საზოგადოებრივ ადგილებში იმის მტკიცება, რომ ქართველი ვიყავი და არ ვიყავი მტერი ან „ისტორიული მოღალატე.“ ცხოვრების ყველა ეტაპზე მტკიცების რეჟიმში ცხოვრება მიწევდა. ეს იწვევდა შინაგან სევდას, რომ არ ვიყავი ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. „რა კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მუსლიმი ხარ“ არის ის ფრაზა, რომელიც საზოგადოების მიერ მუსლიმობის და კარგი ადამიანობის შეუთავსებლობას გამოხატავს. მე მჯერა ჩემი აღმსარებლობის ჰუმანურობის და კაცთმოყვარეობის, მაგრამ მუდმივად გეუბნებიან, რომ შენი რელიგია სისხლისღვრის რელიგიიაა. მეტიც, ქართული ლიტერატურის და ისტორიის სახელმძღვანელოებიც სწორედ იმაზეა აგებული, რომ ეს აღმსარებლობა მტრისაა და შენც მტერი ხარ.

ამას გარდა, თვითონ სახელმწიფო პოლიტიკა იწვევს თემის მარგინალიზებას და ამ დამოკიდებულებების ლეგიტიმაციას ახდენს. აჭარლები და დანარჩენი საზოგადოება „ძმები ვართ,“ ანუ ჩვენ საზოგადოების ნაწილი არ ვართ. ეს გაუცხოების ნარატივი თემს კულტურული, სოციალური ცხოვრების მიღმა ტოვებს.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არასდროს წავსულვართ სახელმწიფოებრივობის ან ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ვერ ხდება აჭარლების ერის და საზოგადოების ნაწილად აღქმა, ეს მზერები კი თემისთვის ძალიან დამამცირებელია და გულისტკივილს იწვევს.

არცერთ კონფლიქტს მუსლიმური თემის მიმართ 2012 წლის მერე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და არავინ დასჯილა. მეტიც, საჯარო მოხელეები ხშირად იყვნენ კონფლიქტების ინიციატორები. იმის მიუხედავად რომ აშკარაა თემში ნიჰილიზმი, ვფიქრობ, რაღაც მხრივ დაუსჯელობის პოლიტიკამ თემის გაძლიერება და გამოცოცხლება გამოიწვია. თემში არსებობს იმის მზაობა, რომ მათი ხმა ყოველთვის ისმოდეს, აშკარაა, რომ სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობამ საკუთარი იდენტობის ძიების სურვილი გააჩინა.