ამ სტატიების სერიაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური თემის წარმომადგენლების ხედვებს მათ მიმართ გაბატონებულ მზერასთან, პოლიტიკასთან და მის სოციალურ და კულტურულ შედეგებთან დაკავშირებით.

ინტერვიუერი: მარიამ შალვაშვილი

რესპონდენტი: ელნურ ალისოი

ელნურ ალისოი არის პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კაპიტანი. ელნური კავკასიოლოგია, ამჟამად არის თსუ-ს დოქტორანტი და მალმოს უნივერსიტეტის ლექტორი.

  • როგორ არის აზერბაიჯანული თემი დანახული გაბატონებული წარმოდგენით?

რამდენიმე სახის მზერა არსებობს. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ამ ჯგუფს მიაჩნია, რომ თანასწორი ხარ, უბრალოდ ისიც იციან, რომ მათთან შედარებით დაბრკოლებები შეიძლება გქონდეს, მაგალითად, ქართული ენა არ იცოდე და ეს პრობლემებს შეიძლება გიქმნიდეს, მაგრამ მათი აზრით, ეს განსხვავებები მხოლოდ გადალახვადი ბარიერია.

არის მეორე, უფრო დიდი ჯგუფი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. მათი აზრით, შენ არათანაბარი და არასრულფასოვანი მოქალაქე ხარ, სტუმარი ხარ და აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან ასოცირდები. ამიტომ მუდმივად გეკითხებიან, „არ ფიქრობ დაბრუნებაზე?“ მაშინ, როცა აზერბაიჯანული თემის დიდი ნაწილის წინაპრები აქ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ და ჩვენი სამშობლო საქართველოა.

გაისმის ხოლმე ის აზრიც, რომ აზერბაიჯანული თემი ჩამორჩენილი და არაცივილიზებულია და რომ მას კულტურა არ გააჩნია. ვფიქრობ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქართველებს და აზერბაიჯანელებს შორის კულტურული ურთიერთობა მცირეა და არ არსებობს სივრცე, რომელიც მათ ამ ურთიერთობაში ჩართავს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ ერთმანეთი ამ მხრივ გაიცნონ.

მინდა თვითკრიტიკულიც ვიყო. აზერბაიჯანელებშიც აქვს ზოგს ის აზრი, რომ ჩვენ საქართველოში დიასპორა ვართ. თუმცა ამის მიზეზი საქართველოს საჯარო მოხელეების და სახელმწიფოს მიდგომაც არის, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების სამშობლო აზერბაიჯანია. უბრალოდ ახლა ჩვენი თემიც თვითგამორკვევის პროცესშია, მათ შორის ეთნონიმთან დაკავშირებით - დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთთან საუბრისას საკუთარ თავს მუსლიმს ვუწოდებდით, რომელიც რელიგიურ მაჩვენებელს კი არ აღნიშნავდა, არამედ ეთნოსის აღმნიშვნელი იყო. ტერმინი აზერბაიჯანელი კი სწორედ აზერბაიჯანის ქვეყნის მცხოვრებს ნიშნავდა. ასევე არსებობს ტერმინი - ბორჩალოს თურქი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ადამიანი საქართველოს მკვიდრია, ადგილობრივია და მას აზერბაიჯანთან კავშირი არ აქვს.

დომინანტურ თვალსაზრისზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს სარწმუნოების როლიც. აზერბაიჯანელები იმიტომაც არიან წარმოსახულნი როგორც უცხოები, რომ ისინი მართლმადიდებლები არ არიან. ბევრის აზრით, ამ ფაქტის გამო, მათი საქართველოს მოქალაქეობაც ეჭვქვეშ დგება და ესეც გამიჯნავს მათ დანარჩენი ქართველებისგან.

  • რადგან პოლიტიკა რეგიონებში ხშირად ეფუძნება იმ შეხედულებებს, რაც დომინანტურ ჯგუფში თემის ან რეგიონის შესახებ არსებობს, რა სახისაა აზერბაიჯანელი თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა?

აშკარაა, რომ საქართველოს აზერბაიჯანელ თემს ხშირად სოკარი და აზერბაიჯანის და თურქეთის საელჩოები უფრო მფარველობენ, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო. ხოლო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან თემის მხარდაჭერა თითქმის არ არსებობს. ამ ფაქტორს დიდი წვლილი აქვს იმ ფონის შექმნაში, რომ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები აქ თავს მაინც სტუმრებად გრძნობდნენ.

ამას გარდა, აშკარაა, რომ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში არაქართველების მონაწილეობა წარმოსახვითია. ხელისუფლების მიზანი ის კი არ არის, რომ ცენტრალურ ან ადგილობრივ დონეზე უმცირესობების ინტერესების გამომხატველი მოხელეები იყვნენ, არამედ მხოლოდ მოჩვენებითი მრავალფეროვნების წარმოჩენა.

ამას გარდა, ქვემო ქართლის რეგიონში პოლიტიკა პრობლემების მუდმივ გამეორებაზეა ორიენტირებული და არა პრობლემის ნამდვილი მიზეზების გამოაშკარავებაზე ან მის გადაწყვეტაზე. მაგალითად, ქართული ენის არცოდნაზე როდესაც მსჯელობენ, მუდმივად იმეორებენ, რომ აზერბაიჯანელებმა ქართული არ იციან, მაგრამ არასდროს საუბრობენ იმაზე, თუ რა არის ამის სტრუქტურული მიზეზები და რა გზებით შეიძლება მათ ენა ისწავლონ. როგორ შეიძლება, აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართულ ენას 12 წელი ვსწავლობდეთ და სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეების უმეტესობამ ენა მაინც არ იცოდეს? ესე იგი, განათლების სისტემაში ბევრი პრობლემა არსებობს. მაგრამ რატომღაც ბრალს აზერბაიჯანულ თემში ეძებენ, თითქოს ქართული ენის საკითხი თავად თემის ბრალი იყოს.

  • რა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური გავლენები აქვს არსებულ პოლიტიკას და აზერბაიჯანულენოვან თემზე გაბატონებულ წარმოდგენებს ადგილობრივი თემისთვის?

ეს თვალსაზრისი და პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა დომინაციისა და დისკრიმინაციის მცდელობები. მუდმივად ხდება იმაზე რეფერირება, რომ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ის ქართული მიწა-წყალია და აზერბაიჯანელი ადგილობრივები იქ არ უნდა იყვნენ. ამის მაგალითია სოფლების სახელების ცვლილება, როდესაც ბოლნისში ძალიან ბევრ აზერბაიჯანულ სოფელს სახელი შეუცვალეს, რაც მათთვის ძველი ქართული სახელების დაბრუნების მიზეზით ახსნეს.[1] სინამდვილეში, ეს აშკარა მესიჯია ჩვენს მიმართ, რომ ეს ტერიტორია ჩვენი არ არის და ის ადგილობრივებს არ გვეკუთვნის აქ ცხოვრების მიუხედავად.

ასევე ვფიქრობ, რომ აშკარაა მოსახლეობაში სიფრთხილე და შიში კრიტიკული აზრის მიმართ. მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიის პერიოდიდან მოყოლებული თემის მრავალი წევრი ხელისუფლებას სახელმწიფოსთან აიგივებს. მაგალითად, თუ რამეს ხელისუფლების წინააღმდეგ ამბობ, აღიქმება, რომ თვითონ სახელმწიფოს მტერი ხარ. თუ ქართველი საჯარო მოხელის საწინააღმდეგოდ ამბობ რამეს - აღიქმება რომ ქართველების მტერი ხარ, ჩვეულებრივ ქართველს არაფერზე უნდა შეეწინააღმდეგო და ყველაფერზე უნდა დაეთანხმო, რადგან შენ არასათანადო მოქალაქე ხარ. ასეთი აზრები მრავლად არსებობს ჩვენს თემში, ამიტომ დომინაცია საკმაოდ კომპლექსურია. ამის გამო თემში ჩნდება ის აზრიც, რომ თვითონ თემის წევრებს არაფერი შეუძლიათ, ისინი გამოსავალს ვერ ხედავენ და მშველელს ელოდებიან. თემის წევრების კეთილდღეობისთვის რადგან წლების მანძილზე მხოლოდ საელჩო და სოკარი ზრუნავდა, ამიტომ ხანდახან საელჩო და სოკარი მხსნელად წარმოისახება. მაგრამ ამჟამად ჩვენი პლატფორმა „სალამის“ მიდგომა სხვანაირია - ჩვენი მიზანია, ჩვენივე თემისთვის ჩვენ გავაკეთოთ საქმე. „სალამ“ არის უმცირესობების მიერ დაარსებული პლატფორმა, რომლის მისია და მიზანია არადომინანტური ჯგუფების ორგანიზება სამართლიანობისა და თანასწორობისათვის, ასევე მათი ორგანიზება კულტურული მემკვიდრეობის, ენისა და იდენტობის შესანარჩუნებლად. ჩვენი მიზანია არადომინანტური ჯგუფების ორგანიზებით, ჩვენს შიგნით ძალის მშენებლობით, ცოდნის შექმნითა და გაზიარებით, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით ჩვენი ღირებულებების დაცვა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მაგალითად, სოფლები ტალავერი, მამხუტი, ჭაპალა და სხვა.