ამ სტატიების სერიაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური თემის წარმომადგენლების ხედვებს მათ მიმართ გაბატონებულ მზერასთან, პოლიტიკასთან და მის სოციალურ და კულტურულ შედეგებთან დაკავშირებით.

ინტერვიუერი: მარიამ შალვაშვილი

რესპონდენტი: რიმა მარანგოზიანი

რიმა მარანგოზიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ჟურნალისტიკის მიმართულებით. რიმა დაიბადა ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩამდურაში, თუმცა ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვანად საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტში „მრავალფეროვანი საქართველო“ და Jnews.ge-ს ჟურნალისტად.

  • როგორ არის სომეხი თემი და სამცხე-ჯავახეთი დანახული გაბატონებული წარმოდგენით?

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფორმაცია კომპაქტურად დასახლებულ სომხებზე არ გააჩნია. მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, რომ თბილისელი სომხების გარდა არსებობს სომხების კომპაქტური დასახლებები, სადაც 90% ან მეტი სომეხია. იციან რომ არსებობს ზოგადად სომხური ეთნიკური ჯგუფი, თუმცა მათი ცხოვრების ასპექტების შესახებ არ იციან. მაგალითად, ჯავახეთში მცხოვრები სომხების ყოველდღიურობაზე ქართველებს წარმოდგენა არ აქვთ. მეორეს მხრივ, კომპაქტურად დასახლებულ სომხებს ქართული ენის არცოდნის გამო ხშირად ასევე არ აქვთ ინფორმაცია ქართველებზე და ამის გამო ქართველებთან ურთიერთობაც ნაკლებად აქვთ.

მეორე დომინანტური აღქმა, რომლის შექმნაშიც მედიას დიდი როლი აქვს ისაა, რომ სომხური ჯგუფი წარმოჩინდება როგორც ოკუპაციის მხარდამჭერი. ერთის მხრივ რუსულად საუბრის გამო, მეორეს მხრივ ალბათ იმის გამოც, რომ სომხური თემიდან რუსეთში სამუშაოდ ბევრი მიდის, რადგან აქ სამსახურს ვერ შოულობს.

მესამე აღქმა, რაც სომხურ თემს მიემართება არის ის, რომ სომხები თაღლითები, ფლიდები არიან. მახსოვს, ერთ-ერთ კომედიურ შოუში ხშირად ჩნდებოდა საკმაოდ მდიდარი სომეხი პერსონაჟი, მაგრამ დოვლათი თავისი სამსახურით და შრომით კი არ იშოვა, არამედ ადამიანების მოტყუებით - სინამდვილეში ფასადი იყო მისი პერსონა, საზოგადოებაში თავს სრულიად სხვა ადამიანად წარმოაჩენდა. სომხების ასეთი აღქმა საქართველოში საკმაოდ ხშირია. მათი ადამიანური ფასეულობები ხშირად დგება ხოლმე ეჭვქვეშ: სომხებმა შეიძლება „იაფერისტონ,“ სხვებს მოატყუონ - რატომღაც ეს აზრი დომინანტურია ქართველებში. სომხები ჭკვიანი ხალხია და სხვებს რატომღაც ჰგონიათ, რომ მათ მიღწევები მხოლოდ სხვების მოტყუებით აქვთ მოპოვებული.

  • რადგან პოლიტიკა რეგიონებში ხშირად ეფუძნება იმ შეხედულებებს, რაც დომინანტურ ჯგუფში თემის ან რეგიონის შესახებ არსებობს, რა სახისაა სახელმწიფო პოლიტიკა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში?

ჩვენი მესიჯი და წუხილი გვიან მიდის სახელმწიფომდე, ერთ პატარა საჩივარზე რეაგირებას თვეები სჭირდება, ერთი წაქცეული ბანერის შეცვლას - თვეების განმავლობაში ბიუროკრატიულ წრეზე სიარული. პრობლემურია განათლების სისტემაც. მაგალითად, წლებია სომხურენოვან სკოლებში ძალიან მწვავედ დგას წიგნების საკითხი. გეოგრაფიის და ისტორიის წიგნები 6 წელია ბილინგვურია. ამ ინიციატივის ფარგლებში, იმის მაგივრად რომ ყველა აბზაცი ორივე ენაზე დაეწერათ, წიგნებში ერთი აბზაცი სომხურად წერია და მისი გაგრძელება - ქართულად. რადგან სომხურ სექტორზე ბევრმა მასწავლებელმა ქართული ასე საფუძვლიანად არ იცის, ამ ნაწილებს ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდში სრულიად ვტოვებდით და წიგნები ფრაგმენტულად გავიარეთ. ეს პრობლემა დღესაც არ შეცვლილა. ხოლო როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი რომ საერთოდ არ ვიცოდი ქართველი მწერლები, მაგალითად, გალაკტიონი არ ვიცოდი ვინ იყო. ამ დროს მრცხვენოდა და ცუდად ვგრძნობდი ხოლმე თავს, არადა სინამდვილეში სკოლაში ქართული ლიტერატურა საერთოდ არ გაგვივლია.

რაც შეეხება ენის პოლიტიკას, საბჭოთა კავშირიდან მოდის ის პრობლემა, რომ მოსახლეობამ ქართული ენა არ იცის, რადგან მაშინ რუსული იყო დომინანტური ენა. ქართული ენის გაკვეთილები სკოლაში ფიზ-კულტურის გაკვეთილებივით იყო. ამის გამო უფროსი ასაკის ჯგუფმა არ იცის ქართული ენა, მაგრამ პატარებმა ჩემზე უკეთ იციან ქართული. ქართველები ხშირად ამბობენ, რომ სომხებს ქართულის სწავლა უბრალოდ „არ უნდათ“ და არ ფიქრობენ, რომ ეს საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაა. რთულია უფროს თაობას მოთხოვო ქართულის სწავლა, როდესაც ახლა უკვე ყველას თავისი საქმე აქვს და ენის სწავლისთვის დროის და რესურსების გამონახვა მათთვის რთულია.

კიდევ ერთი რამ მახსენდება. ახლა თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემს ბავშვობაში სამცხე-ჯავახეთში ცხოვრების დროს მახსენდება, რომ ადამიანები მედიაში ღიად ვერ აცხადებდნენ საკუთარ აზრს, ადგილობრივი მედიაც ვერ ამბობდა სათქმელს. მახსოვს, აზრის გამოთქმის შიში დიდი იყო.

  • რა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური გავლენები აქვს არსებულ პოლიტიკას და სომხებზე გაბატონებულ წარმოდგენებს ადგილობრივი თემისთვის?

საქართველოში მცხოვრები სომხები და ქართველები სინამდვილეში არ იცნობენ ერთმანეთს. ერთმანეთის შესახებ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენები აქვთ მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის 6%-ზე მეტი სომეხია. უნდა გავიაზროთ, რომ საქართველო მრავალფეროვანია და ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგები აქვს დომინანტურ მზერას სომხური თემისთვის: როცა შენზე ცუდს ფიქრობენ და ამბობენ, შენც უკურეაქცია გიჩნდება. ამიტომ ვფიქრობ, სომხებშიც შეიძლება შეიქმნას უკურეაქცია უარყოფით წარმოდგენებზე საპასუხოდ.

რადგან სომხების და ქართველების ერთმანეთთან ურთიერთობა იშვიათია, ერთი ადამიანის მაგალითი განზოგადდება სხვებზე, მაგრამ მთლიან ეთნიკურ ჯგუფზე ერთი ადამიანის მაგალითით შეხედულებების ჩამოყალიბება არასწორია. ვფიქრობ, ქართველების და სომხების ერთმანეთთან პირადი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთს დავანახოთ, როგორები ვართ სინამდვილეში.