პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის 20 მარტს საქართველოს საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების ძალიან მაღალი რისკების მიუხედავად, ღვთისმსახურების პრაქტიკა უცვლელად დატოვა. სასულიერო პირები საეკლესიო სივრცეებში კანონის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების აშკარა დარღვევით მასობრივ შეკრებებს აორგანიზებენ. აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა ნაწილმა თვითმსახურების პრაქტიკაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის მაღალი ინტერესით, სახელმწიფოს მითითებები გაიზიარა. საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება თეოლოგების, სასულიერო პირებისა და მოქალაქეების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მას უწოდეს ანტისოციალური, ანტიჰუმანური, იზოლაციონისტური და თეოლოგიურად პრობლემური გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ 20 მარტის გადაწყვეტილება 20-მდე სასულიერო პირმა და კიდევ უფრო მეტმა თეოლოგმა კოლექტიურ განცხადებაში კრიტიკულად შეაფასა.

EMC პერიოდულად წარმოგიდგენთ სხვადასხვა თეოლოგისა თუ სასულიერო პირის განმარტებებს საპატრიარქოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე. ამჯერად გთავაზობთ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის განმარტებას.

გიორგი მაისურაძე - ფილოსოფოსი:

ეკლესიის პოზიციას არანაირი რაციონალური, გონივრული ახსნა არ გააჩნია. ეს ბავშვურ ჭირვეულობას ჰგავს, რომელსაც საკუთარი ახირების დათმობა არ სურს და სხვებსაც აიძულებს მის ჭკუაზე, უფრო სწორედ, მის უჭკუობაზე იარონ. ამ უგუნურების ფასი კი შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს მთელი საქართველოსთვის. ამასთანავე, კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა ის თეოლოგიური და მორალური სიდუხჭირე, რაც ჩაოქროვერცხლილ სამღვდელოების თავებშია: მთელი მათი საღვთისმეტყველო ცოდნა, მთელი სარწმუნოება კოვზამდე რომ დაიყვანება. ეს „წარმართობაც“ არაა, ეს პირველყოფილი ფეტიშიზმი უფროა, ვიდრე მონოთეისტური რელიგია. ეს პრიმიტიული რელიგიურობა იმდენად შორსაა გონიერებისგან, იმდენად პრელოგიკურად აზროვნებს, რომ მასში სახარებისეული ლოგოსის, რომელშიც „იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი ადამიანთათვის“ (იოანე, 1, 4), აჩრდილიც კი არ ჩანს. სამაგიეროდ, თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ ხან ერთი მღვდელმთავრისგან, ხან მეორისგან ისეთ განცხადებებს ვისმენთ, რომლებიც ჯანსაღი გონებისთვის უცხოა. თუმცა, ეს უგუნურება არანაირად უმწიკვლო არაა და მასში შეგნებული ბოროტების ტოლფასი უპასუხისმგებლობა იმალება. ეკლესია შეიძლება უკონტროლო ეპიდემიის აფეთქების მთავარი ფაქტორი გახდეს. მგონია, რომ ამასაც აცნობიერებენ, ჩემთვის ამ მოსალოდნელი ბრალდების ერთგვარი პრევენციაც იყო 29 მარტს, თანამესაყდრე შიოს საკვირაო ქადაგება, რომელიც მთლიანად „განტევების ვაცის“ ლოგიკას განასახიერებდა:

„ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა.“

ეს შუა საუკუნეების წყვდიადი, რაც მიტროპოლიტმა შიომ გააჟღერა, მიზნად ისახავს საკუთარი უპასუხისმგებლო და უგუნური ქმედების და მისი შესაძლო შედეგების „განტევების ვაცით“ დამნაშავის იდენტიფიკაციით გადაფარვას. ესაა „კუდიანების დევნის“, ჰოლოკოსტის ლოგიკა.

ეკლესია ღიად და განცხადებულად უმტკიცებს სახელმწიფოს საკუთარ სუვერენულობას, მის აღმატებულებას სახელმწიფოსა და ეროვნულ ინტერესებზე. სახელმწიფოს საქართველოში თავისი მთავარი ნიშანი - სუვერენულობა აქვს დაკარგული და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკლესიასაც მიუძღვის. თუმცა, საპატრიარქო მხოლოდ ნაწილია იმ ოლიგარქიული სისტემის, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას აავადებს და დავრდომილს ხდის. სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც უკვე წლებია მცირერიცხოვანი მდიდრების პირადი სერვისის ფუნქციას ასრულებენ, იმისი ავტორიტეტი რეალურად არ გააჩნიათ, რომ საკუთარივე განკარგულებები აასრულონ და ეკლესიის ქმედება კანონიერ ფარგლებში მოაქციონ. კანონიერი ბერკეტების გამოყენება კი ამ ავტორიტეტის გარეშე ძნელად წარმოსადგენი მეჩვენება.

ამავე თემაზე: