პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის 20 მარტს საქართველოს საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების ძალიან მაღალი რისკების მიუხედავად, ღვთისმსახურების პრაქტიკა უცვლელად დატოვა. სასულიერო პირები საეკლესიო სივრცეებში კანონის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების აშკარა დარღვევით მასობრივ შეკრებებს აორგანიზებენ. აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა ნაწილმა თვითმსახურების პრაქტიკაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის მაღალი ინტერესით, სახელმწიფოს მითითებები გაიზიარა. საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება თეოლოგების, სასულიერო პირებისა და მოქალაქეების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მას უწოდეს ანტისოციალური, ანტიჰუმანური, იზოლაციონისტური და თეოლოგიურად პრობლემური გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ 20 მარტის გადაწყვეტილება 20-მდე სასულიერო პირმა და კიდევ უფრო მეტმა თეოლოგმა კოლექტიურ განცხადებაში კრიტიკულად შეაფასა.

EMC პერიოდულად წარმოგიდგენთ სხვადასხვა თეოლოგისა თუ სასულიერო პირის განმარტებებს საპატრიარქოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე. ამჯერად გთავაზობთ თეოლოგ შოთა კინწურაშვილის განმარტებას:

შოთა კინწურაშვილი - თეოლოგი:

მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებული მდგომარეობა ვირუსის გავრცელების კუთხით არის საკმაოდ საგანგაშო, დამაფიქრებელი და მძიმე. ვირუსი არ არის ბოლომდე შესწავლილი, მისი გავრცელების დრო, მოქმედების არეალი, სიცოცხლის უნარიანობა, სიმპტომებიც კი ცვალებადობით ხასიათდება, მზა ვაქცინაზე ჯერჯერობით საუბარიც კი შორს მიმავალ პერსპექტივად მოსჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით მუშაობენ მსოფლიო წამყვანი იმუნოლოგები, მიკრობიოლოგები, კვლევითი ინსტიტუტები. ჩვენ თვალწინ მოულოდნელად გაჩერდა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება, ასევე შეიცვალა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რელიგიური ცხოვრების ტრადიციული ფორმებიც კი. უძლიერესმა სახელმწიფოებმა და სრულიად მსოფლიომ დაიწყო რიგი ღირებულებების გადაფასება, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით, ნეოლიბერალიზმის თავბრუდამხვევი გზავნილები, „პოლისში“ სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვა „როგორც მოქალაქეების აღმზრდელისა“ (ა. გრამშის თანახმად) და მზარდი „ეგოისტური ინდივიდუალიზმზე მორგებული თავისუფლების“ მომხრეების რიცხვმა იკლო. ეს პროცესი და პასუხისმგებლობა ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის რელიგიებს და შესაბამისად ქრისტიანულ ეკლესიებსაც. ეკლესიების უმრავლესობამ ეს გამოწვევა სერიოზულად აღიქვა. ისინი სახელმწიფოსა და მედიკოსების მხრიდან კონკრეტულ მითითებებს სრულად მიჰყვებიან. ეს ყოველივე ისევ და ისევ სამყაროსა და შემოქმედის უმაღლესი ქმნილების- ადამიანის დასაცავად და მოსაფრთხილებლად.

ჯერ კიდევ ვირუსის გავრცლების ადრეულ ეტაპზე საქართველოში, სინოდის მოწვევამდე, გაჩნდა მღვდელმსახურთა თუ ეპისკოპოსთა მხრიდან სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება. სავარაუდოდ სწორედ ამან განაპირობა სინოდის მოწვევა. ეს კი ერთგვარად მოულოდნელი და იმავდროულად საჭირო იყო.

გამოქვეყნებული ოქმის თანახმად სინოდმა ორი ძირითადი საკითხი წამოჭრა და განიხილა:

  • მორწმუნეთა ღვთისმსახურეობაში მონაწილეობა
  • ზიარების საერთო კოვზით მიღება

ორივე შემთხვევაში სინოდი შემოიფარგლა მარტივი მითითებით, მოახდინა ზიარების საერთო კოვზით მიღების აუცილებლობაზე ხაზგასმა, იმავე განცხადებაში ასევე უარყო საზიარებელი კოვზით ინფექციის გადატანის დაშვებულობა. ამით მან მორწმუნეებს შორის გავრცელებულ მითქმა-მოთქმას გასცა პასუხი, რომელმაც მორწმუნეთა ნაწილში სამართლიანი შფოთი შემოიტანა.

აქ შეიძლება ხაზგასმით ითქვას, რომ სინოდის წინაშე არ იყო განსახილველი რაიმე სახის სწავლებითი, კანონიკური თუ დოგმატური საკითხი. ყველაფერი ძალიან მარტივად უნდა დავინახოთ, წმინდად პასტორალური/სამოძღვრო ღვთისმეტყველების გადმოსახედიდან. თეოლოგიური არგუმენტიც სახარებისეულია „შაბათი კაცისათვის შეიქმნა და არა კაცი შაბათისათვის“ (მკ 2:27) და არა სიცოცხლის ჩვენი თუ სხვისი უგუნურად საფრთხეში ჩაგდება. ქრისტიანების ღმერთისათვის ყველაზე სათნო სწორედ უფლისა და მოყვასის მსახურება. როდესაც რჯულის მცოდნე მაცხოვარს ეკითხება უპირატეს ღვთის სათნო აქტზე, იესოს პასუხი ძალიან მარტივი და კონკრეტულია, ძველი აღთქმისეული დეკალოგიდან მოყვანილი ღმერთისა და მოყვასის სიყვარული. ამ ორ მცნებაზე დაეფუძნა ქრისტიანული ეკლესის ეთიკური და პასტორალური გზავნილი, რომლის ინტერპრეტაცია საუკუნეების განმავლობაში საქმითა თუ სიტყვით სულმუდამ ივსებოდა და იხვეწებოდა. სწორედ მექანიკურად და ბრმად აღსრულებულ რჯულის წესებსა და მორალურ კანონებთან შეუსაბამობაში მოდის მაცხოვარი და კაცობრიობას სათნოებების რევოლუციას სთავაზობს. შემოქმედის სურვილია შესაქმის, როგორც „ყოველივე კარგად შექმნილის“ (დაბ1:31) გვირგვინის, „ღვთის ხატად შექმნილი“ (დაბ1:27) ადამიანის სიცოცხლის დაცვა და ბედნიერება. „და აკურთხა ღმერთმა ისინი....მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა“ (დაბ 1:28). თავად დეკალოგში მოყვანილი მოყვასის გაგება, მაცხოვრის თანახმად ძველ შინაარსს კარგავს, ვიწრო ეთნიკურ ან ტომობრივ ხედვას, და უნივერსალური შინაარსით შეიმოსება. ის მიემართება ყველას განურჩევლად რელიგიური, ეთნიკური, სოციალური წოდებისა თუ საფეხურისა. ადამიანის სიცოცხლე ახალი აღთქმის თანახმად უნივერსალურ ღირებულებას იძენს. მოყვასის სიყვარულის აღსრულება იმთავითვე ნიშნავს ღმერთის სიყვარულის გამოხატულებას, როგორც ამას ბასილი დიდი აღნიშნავს: „ვისაც უყვარს უფალი მისი, მას თავისთავად უყვარს თავისი და-ძმაც(ყოველი ადამიანი)“. ახალი აღთქმის ღვთისმეტყველება არა მხოლოდ ქრისტოცენტრულია, ასევე ანთროპოცენტრულია. ის არ უგულებელყოფს ადამიანთა, იმავდროულად საზოგადოების ინტერესებს რომელშიც ქრისტიანი თუ არა ქრისტიანი ერთობაში თანაარსებობს.

ეკლესიის ისტორიას და ზოგადად ღვთისმსახურების, მათ შორის ევქარისტიის მიღების წესს თუ გადავხედავთ, კოვზით ზიარება მოგვიანებითი პრაქტიკაა, და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ცვლილებასაც დაექვემდებაროს. თუმცა, თავისთავად ქრისტიანულ ეკლესიას, განსაკუთრებით მართლმადიდებელ ეკლესიას რომელიც რიგ ტრადიციებს, მათ შორის საღვთისმსახურო ფორმებს დიდ სიმბოლურ ღვთისმეტყველებათა ნიშნებს სძენს, უჭირს იყოს სხარტი და ქმედითი გადაწყვეტილებების მიმღები, იქნება ეს ცვლილებების შეტანა მაგალითად ლიტურგიკულ ცხოვრებაში. ამ კონტექსტში ცვლილებების განსამარტავად ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი და მოძღვარი ალექსანდრე შმემანის ხედვას მოვიხმობ, რომელსაც იგი შემდეგნაირად განმარტავს „საუბარია არა რეფორმებზე, შემგუებლობაზე, მოდერნიზაციაზე და ა.შ. არამედ პირიქით , საუბარია იმ ხედვის , გამოსდილების დაბრუნებაზე , რომლითაც ოდითგან ცხოვრობდა ეკლესია“. ამისთვის მთელი ქრისტიანული სხეული - ეკლესია მზაობაში უნდა იყო, განსაკუთრებით ეპისკოპოსები, მღვდლები და მორწმუნეები.

სინოდის გადაწყვეტილებით ერთი კოვზით ზიარებასა და მორწმუნეთა ღვთისმახურებაში მონაწილეობისას (პანდემიის ჟამს) ხაზგასმას თან ერთვოდა მორწმუნეებისადმი მოწოდება „აღასრულონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაცია“, რომელიც ფაქტობრივად ეწინააღმდეგება ზემოთ მიღებულ გადაწყვეტილებებს. როდესაც ექიმები საუბრობენ სოციალური კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანაზე, ხოლო მთელი რიგი ავტოკეფალური ეკლესიები დროებით მოუწოდებენ მორწმუნეებს დარჩნენ სახლში და იქ ილოცონ, ამან უფრო მეტი ბუნდოვანება შესძინა საქართველოში საეკლესიო ცხოვრების რიტმს. ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავდით სინოდის მეორე დღეს გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას, რომელმაც არსებული მდგომარეობის სრული გადაფასება მოითხოვა, მათ შორის საეკლესიო ცხოვრების კუთხითაც.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რიგი ეპარქიები: 1)გერმანია-ავსტრიის, 2)ჩრდილოეთ ამერიკის, 3) ბელგია-ჰოლანდიისა და 4) დასავლეთ ევროპის სრულად დაემორჩილნენ იმ ქვეყნების სახელმწიფოთა მითითებებს, სადაც უწევთ მათ სულიერო მოღვაწეობა.

მიუხედავად უკანასკნელი სინოდალური დადგენილებისა, აღმოჩნდნენ რიგი სასულიერო პირები, მათ შორის ეპისკოპოსები რომლებმაც მიუხედავად ამისა მოუწოდეს მორწმუნეებს დროებით სახლებში დარჩენისაკენ. ნაწილი ტაძრებში სოციალური დისტანცირებისათვის კონკრეტულ მონახაზებს დასჯერდა. ეს ყველაფერი ისევ და ისევ მეტყველებს ასეთ მძიმე ჟამს სინოდის მათ შორის სასულიერო პირთა არა ერთსულოვან ხედვაზე, მათ არ აქვთ კონკრეტული და თანმიმდევრული პასუხები დღეისათვის არსებულ სამოძღვრო გამოწვევაზე.

და მაინც პავლე მოციქული პირდაპირ ეუბნება მათ ვინც ადამიანთა სულიერ თუ ხორციელ ჯანმრთელობას არასათანადოდ ან ნაკლებ ყურადღებით ეკიდება, ადამიანის სხეული მოწოდებულია იყოს სულიწმინდის ტაძარი (1კორ,6:19), სადაც ღვთივსათნო ცხოვრებით აღვსილი ამ სოფლიურ ყოველდღიურობაში დაიბუდებს საღვთო მადლი. მორწმუნეებში ერთგვარი მანიქეველური ხედვის გამოღვიძება ხორციელი სხეულის სრულ უგულებელყოფაზე, წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანულ სწავლებასთან. აქ აგრეთვე შემოდის ეთიკური (არა რჯულისმიერი) გზავნილი ცხრა ნეტარების სახით, სადაც მაცხოვარი ასახელებს: მგლოვარეებს, სიმართლეს მოწყურებულებს, დევნილებს, წმინდა გულის მქონებელთ, გლახაკებს ნუგეშს და სასუფეველს ჰპირდება. თუმცა, მათ რიცხვში ვერ ვხდებით რჯულის ზედმიწევნით აღმსრულებელთ, რომელთა გულები ხშირად გაქვავებულია. პავლე მოციქულიც უპირატეს მცნებათა შორის, მორალურ კოდექსის მწვერვალად და რჯულის აღსრულების საუკეთესო მაგალითად ისევ ადამიანის სიყვარულსა და მისდამი გაფრთხილებას მოგვიხმობს „სხვისი მოყავრული ასრულებს რჯულს (რომ13:8) და „სიყვარული არავითარ ბოროტებას არ მიაყენებს მოყვასს, სიყვარული რჯულის სისავსეა“ (რომ 13:10 ). სამწუხაროდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში ჯანსაღი საღვთისმეტყველო მსჯელობა უკვე წლებია დავიწყებასაა მიცემული. ეს ყოველივე აქტიური რეაქციონერი და ფუნდამენტალისტი სასულიერო პირების მხრიდან ბოლო ათწლეულებში საქართველოს ეკლესიაში ნაწარმოები ფსევდო „თეოლოგიური“ ცოდნის გავრცელებისა და რეცეფციის შედეგია. არავითარი მსჯელობა, მხოლოდ მზა პასუხები! აქ იკარგება სივრცე ქრისტიანული თავისუფლების, წმინდა მამებისა და საეკლესიო კრებების ტრადიცია. წმინდა სინოდი და საპატრიარქო არ ახდენს ეკლესიისთვის ღვთისმეტყველების მნიშვნელობისა და ამ დარგის სპეციალისტების ლეგიტიმაციას, მათთვის სამართლიანად კრიტიკულად განწყობილი თეოლოგები პირად, ასევე ეკლესიის არაკეთილმოსურნეებად რჩებიან, შესაბამისად ხშირ შემთხვევაში მათი სწორი ხედვა და ხმა რჩება ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში ერთადერთი ავტოკეფალური ეკლესიაა სადაც ყოველგვარი მინიმალური საღვთისმეტყველო ცოდნის გარეშე შეგიძლია გახდე დიაკონი, მღვდელი და ეპისკოპოსიც კი. ეს არის სრული აცდენა მართლმადიდებლური და ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციასთან, წარსულთან და აწყმოსთან. ჩვენ არ გვაქვს ძლიერი თეოლოგიური სკოლები, ხოლო არსებული ვერანაირად ვერ პასუხობს დღეისათვის ქრისტეს ეკლესიის წინაშე არსებულ მზარდ გამოწვევებს. უკვე არსებული სასწავლებლები ფაქტიურად დაცლილია და გამოფიტულია ცოდნისაგან, ისინი ვერ ქმნიან პროდუქტს ვერც სულიერი და ვერც თეორიული თვალსაზრისით. ჩვენ ეკლესიას მომავალი სასულიერო პირებისათვის არ აქვს სინოდალურ დონეზე გადაწყვეტილება საბაზისო თეოლოგიური განათლების მოთხოვნისა, არ არსებობს მღვდელმსახურთა სულიერი ფორმაციის სკოლები, სადაც სემინარისტი გარდა თეორიული ცოდნისა ამ უდიდესი პასუხისმგებლობისათვის სულიერადაც მოემზადება, რასაც ქრისტეს და მისი სულიერი შვილების მსახურება ჰქვია. სწორედ ამაზე შენიშნავდა იოანე ოქროპირი „უცოდინარი მღვდელმსახურის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპება“. თავის ცნობილ ტრაქტატში „ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ“ გარდა სულიერი თუ გონიერ მზაობასთან ერთად სასულიერო პირებს სოციალურ ვალდებულებებზეც მიუთითებს. მაგალითისათვის ესენი იყო: ქვრივ-ობლების მიხედვა, დაჩაგრულებისადმი გამოქომაგება და დაცვა. ავალდებულებს ეკლესიის მსახურთ ავადმყოფების მოვლა-პატრონობას, უცხოების მასპინძლობას და შემდგომ ზრუნვას. დღესდღეობით კი ჩვენი მღვდელმთავრების უდიდესი ნაწილი სრულიად მოცილებულია ჯანსაღ საღვთისმეტყველო ცოდნას, აქ საუბარია მართლმადიდებლური სწავლების ფუნდამენტურ საკითხებზე. ხოლო ის ეპისკოპოსნი ვინც ამ ცოდნითა და სულიერი გამოცდილებითაა, მათი ხმა მეტად სუსტია ან საერთოდ არ ისმის. ჩვენ ჯერ რუსეთის მხრიდან ანექსიამ, ავტოკეფალიის დაკარგვამ, საეკლესიო რუსიფიკაციამ და ბოლოს ტოტალიტარულმა საბჭოთა რეჟიმმა არსებული მონაზვნური სკოლები და მონასტრული გამოცდილება სრულად მოსპო, რომელსაც ათონის მთა საუკუნეებია ინახავს და გადასცემს.

ქრისტიანული ეკლესიის სამი თვისებრივი მახასიათებელია ლიტურგია, მარტირია და დიაკონია. ამ შემთხვევაში დიაკონიის, ეკლესიის სოციალური მსახურების წინ წამოწევის დროა. როგორც ეს ხშირად ქრისტიანულ ეკლესიების წარსულში ხდებოდა, განსაკუთრებით ეპიდემიის, მიწისძვრების, შიმშილისა თუ სხვა კატაკლიზმების დროს. ასე მაგალითად, ჩვენ ვხედავთ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში ამ კუთხით ორგანიზებულ და თანმიმდევრულ მოქმედებებს: კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ ვირუსთან საბრძოლველად თურქეთისათვის 300.000 ლირა, ხოლო საბერძნეთისათვის 50.000 ევრო გაიღო. ეს თანხა ძირითადად უსახლკარო, შესაბამისად ვირუსისაგან ყველაზე დაუცველ ადამიანებს უნდა მოხმარდეს. საბერძნეთის ეკლესიის რიგი ეპარქიები დიდძალ თანხებს გასცემენ ჰოსპიტალებისა და სამედიცინო სექტორისათვის, რუმინეთის ეკლესიის მონასტრები კერავენ სამედიცინო საჭიროებისათვის ინვენტარს: პირბადეები, საავადმყოფოებისათვის საწოლის თეთრეული და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების წარმოება, აგრეთვე ადგილობრივმა ეპარქიებმა დააფუძნეს სისხლის ბანკი, მოხალისეებს მოუყარეს თავი საკვების დასარიგებლად, პატრიარქმა დანიელმა დააფუძნა საეკლესიო ფონდი და სიმბოლური თანხა 2.000 ევრო გადარიცხა. ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია აყალიბებს ეკლესიის სოციალური ცენტრების მხრიდან მოხალისეების ჯგუფებს (სასულეირო და საერო პირები), რომელთა ამოცანა ხდება მოხუცებულებზე და ყოველი გაჭირვებულ ოჯახებზე ზრუნვა: კვება, მედიკამენტების მიტანა და ა.შ..

პავლე მოციქულის გზავნილი კორინთელთა ქრისტიანული თემის მიმართ დღეს ისეთივე სიმძაფრითა გასათვალისწინებელია, როგორც უწინ: „რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყოველი ადამიანი ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე. თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად იტანჯება ყველა სხვა ასო. ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს“ (1კორ12:25-26). დღეს კი არათუ ერთი ასო, არამედ მთელი სხეული - მთელი დედამიწა იტანჯება ვირუსით, რომელზე გამარჯვებისათვის დაწყებულ ბრძოლაში თანამონაწილეობა ყოველი ქრისტიანის თუ არაქრისტიანის, მორწმუნისა თუ ათეისტის, ერისკაცისა თუ იერარქის როგორც პირდაპირი ასევე საზოგადო ვალდებულებაა, შემოქმედისა და ქმნილების წინაშე.

ამავე თემაზე: