10 დეკემბერს EMC-მ გამოაქვეყნა 2019 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება. დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2P4xmyt.გთავაზობთ, დოკუმენტიდან ნაწყვეტს, რომელიც ეკლესიას, რელიგიის თავისუფლებასა და არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს შეეხება:

რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამწვევების დიდი ნაწილი (მათ შორის, დაფინანსების არსებული არასეკულარული და დისკრიმინაციული პრაქტიკები, რელიგიური უმცირესობების მიმართ რესტიტუციის პოლიტიკის არ არსებობა) კვლავ აქტუალური იყო მიმდინარე წელსაც.

მეტიც, მიმდინარე წელს არა ერთხელ დადგა დღის წესრიგში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული საკანონმდებლო სტანდარტების და გარანტიების გაუარესებასთან დაკავშირებული ინიციატივები (მათ შორის, რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღებასთან, მუსლიმი ქალების რელიგიური ატრიბუტიკის აკრძალვასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან არადომინანტური რელიგიების სასულიერო პირების გათავისუფლების წესის გაუქმებასთან დაკავშირებული ინიციატივები). აღნიშნული ინიციატივების შეჩერება მეტწილად რელიგიური ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორების ორგანიზებით და ადვოკატირებით მოხერხდა.

მიმდინარე წელს ECRI-ის, FCNM-ის, ოსლოს კოალიციის, გაეროს და ევროკავშირის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მეგი ნიკოლსონის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები უთითებენ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ სუსტი ნდობის და ამ უწყების საქმიანობაში კონტროლსა და ფავორიტიზმე დაფუძნებული მიდგომების პრობლემაზე. რელიგიური ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილის კრიტიკის და რეკომენდაციის მიუხედავად, მთავრობა, ამ უწყების გაუქმებას ან მისი მანდატისა და პოლიტიკის ტრასფორმაცია ამ დრომდე არ მოახდინა და ის კვლავ ცდილობს არსებული პრობლემური status quo შეინარჩუნოს.

მიმდინარე წელს საინტერესო დინამიკა გააჩნდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენელობის პროცესს. 2019 წლის 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. თუმცა, ბათუმის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა და კვლავ პროცესის გაჭიანურების და შეფერხების სტრატეგია გამოიყენა. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ქართველი მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნაა და მის უკან ისლამის სუსტი პოლიტიკური და კულტურული რეპრეზენტაციის და მუსლიმების უფლებების არასათანადო აღიარებისა და დაცვის უკმაყოფილება დგას, თუმცა, მთავრობა ამ პრობლემას სათანადოდ არ პასუხობს და კვლავ იგნორირების მიდგომას ინარჩუნებს.

მიმდინარე წელს კვლავ დადგა ადგიგენში მუცლიმი თემის მძიმე უფლებრივი მდომარეობის პრობლემა. სახელმწიფომ ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ კიკიბოსა და დერცელში მცხოვრები მუსლიმების კუთვნილი საძოვარი მიწები (დაახლოებით 8 ჰა) საპატრიარქოს უკანონოდ და დაუსაბუთებლად გადასცა. არსებული მიწა მუსლიმი გლეხებისთვის სასიცოცხლო რესურსია და მისი წარმთევა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახების ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. EMC-ის არა ერთი მცდელობის მიუხედავად, მოლაპარაკებების გზით პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმეზე EMC დავას აწარმოებს სასამართლოებში. 2013 წელს სოფელ ჭელაში, 2014 წელს სოფელ მოხეში, 2016 წელს სოფელ ადიგენში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების შემდეგ, აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ რეგიონში მუსლიმი თემის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და სახელმწიფოს დროული და სისტემური ჩარევის აუცილებლობას. თუმცა, იმ პირობებში როდესაც რელიგიის თავისუფლების კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა არსებითად იმთავითვე პრობლემური იდეების და მიდგომების მქონე უწყებას აქვს ჩაბარებული, რთულია, პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი არსებობდეს.

მიმდინარე წელს კვლავ გამოვლინდა ახალქალაქში კათოლიკური სალოცავის დაზიანების შემთხვევა, რომელიც წინა წლებში ამ რეგიონში გამოვლენილი მსგავსი ვანდალიზმის ფაქტებს აგრძელებს.

2019 წელს აჭარის მაღალმთიან რეგიონში კვლავ გამოვლინდა საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის შემთხვევები. სოფელ ქედაში ადგილობრივ რესურს-ცენტრში სკოლის დირექტორებისა და სხალთის ეპარქიის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრის დროს, სკოლის დირექტორების მიერ გაკეთდა მძიმე განცხადებები მოსწავლეების „ძირძველ რელიგიაზე დაბრუნებისა და მოქცევის“ შესახებ.

მიმდინარე წელი კრიზისული იყო მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც. საპატრიარქოს გავლენიანი სასულიერო პირების, მათ შორის, (ყოფილი) ქორეპისკოპოსი იაკობისა და ჭყონდიდის (ყოფილი) ეპისკოპოსის პეტრე ცაავას საჯარო განცხადებები ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლების შესაძლო გავლენებსა და ეკლესიის შიგნით ძალადობრივი და კანონიკურად მიუღებელი სექსუალური პრაქტიკების არსებობაზე უთითებდნენ. აღნიშნულ განცხადებებს არ მოჰყოლია სათანადო გამოძიება, საპატრიარქოს წიაღში გამოვლენილი კრიზისი კი შიდა რეფლექსიის და რეფორმის წინაპირობა ვერ გახდა. კრიტიკული ეპისკოპოსების დასჯით სინოდმა არსებული status quo შეინარჩუნა და მძიმე ბრალდებების შესახებ განხილვა შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ სინოდის მიერ რამდენიმე წლიანი განხილვის შემდეგ 2019 წლის 31 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება/რეკომენდაცია დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნის შესახებ ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ.