2020 წლის 28 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ EMC-ის სარჩელის საფუძველზე სოციალური მუშაკის სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ახალ სააგენტოს სოციალური მუშაკისათვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.

საზოგადოებისათვის ცნობილია რომ 2019 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, იმის ნაცვლად, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახლადშექმნილ სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“ უკონკურსოდ გადაეყვანათ, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაანთავისუფლეს. EMC გათავისუფლებული სოციალური მუშაკის 8 საქმეს აწარმოებს.

რუსთავის სასამართლომ ამ საქმის შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რამდენადაც რუსთავში დასაქმებული სოციალური მუშაკის მიმართ დაადგინა უკანონო გათავისუფლება, თუმცა სოციალურ მუშაკს თანამდებობაზე აღდგენაზე უარი ეთქვა, მისი პოზიციის ახალი სოციალური მუშაკით შევსების გამო. EMC არ ეთანხმება სასამართლოს მხრიდან სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ განიხილავს სათანადო წესით გასაჩივრებას.

EMC-ის მიერ წარმოებულ მიმდინარე საქმეებში, რომელიც 3 სოციალური მუშაკის რეორგანიზაციის საფუძველზე უკანონო გათავისუფლებას შეეხება, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ, განსხვავებით რუსთავის საქალაქო სასამართლოსგან, დააკმაყოფილა EMC-ს შუამდგომლობა და დამსაქმებელს დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზე ახალი თანამშრომლების განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, არსებობდა რეალური საფრთხე, სააგენტოს ახალი კადრებით შეევსო ვაკანტური პოზიციები. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სოციალურ მუშაკებს აძლევთ გარანტიას, შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იმავე პოზიციაზე აღდგნენ სამსახურში.

სოციალური მუშაკები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებაზე მუშაობენ და ეხმარებიან მათ შესაბამის სახელმწიფო სოციალურ პროგრამებზე წვდომაში. EMC-ის არა ერთხელ გაუჟღერებია სოციალური მუშაკების არასათანადო შრომით პირობებთან, მათ შორის, გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობით იყო გამოწვეული. ამ ვითარებაში დამატებით 33 კვალიფიციური სოციალური მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და მთლიანი სისტემისთვის და განსაკუთრებით ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო.

EMC აგრძელებს სისტემიდან უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკების ინტერესების დაცვას სასამართლოში და აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას.