გუშინ, 16 დეკემბერს, კახეთში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცის პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვა ოპოზიციას წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე, ჰქონდა დაანონსებული, რა მიზნითაც თელავისკენ ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები გადაადგილდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს, დაზიანებები მიიღო როგორც აქციის რამდენიმე მონაწილემ, ასევე პოლიციის თანამშრომლებმა.

EMC-ის არ ჰქონდა შესაძლებლობა ადგილზე დაკვირვებოდა მოვლენების განვითარებას, მათ შორის, გადაემოწმებინა სხვადასხვა მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე. ინციდენტის სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭირო დეტალური და დაზუსტებული ფაქტობრივი გარემოებები ამ დროისთვის ასევე არ არის ხელმისაწვდომი. ამდენად, მხოლოდ საჯარო წყაროებში (მედია მასალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებები), გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რამდენიმე პრობლემურ სამართლებრივ გარემოებაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება.

 

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური გარანტიაა და ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები არამხოლოდ არ უნდა ერეოდნენ ამ უფლებით სათანადო სარგებლობაში, არამედ ხელს უნდა უწყობდნენ მანიფესტაციების მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩატარებას. უდავოა, რომ გადაადგილების თავისუფლება, მათ შორის, ორგანიზებულად, მანიფესტაციის ადგილამდე მისვლა, ამ უფლებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და აქციის მონაწილეთა გადაადგილებისთვის არაგონივრული ბარიერების შექმნამ, საერთო ჯამში, შეიძლება სწორედ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა გამოიწვიოს.

 

აქვე, ნათელია, რომ ინაუგურაციის და ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელთა დასწრების საკითხები, უსაფრთხოების და პროტოკოლის სპეციალური წესების მოქმედებას შეიძლება გულისხმობდეს, რაც გარკვეულ შეზღუდვებთან ან წესების ცვლილებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

16 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის სრულყოფილი სამართლებრივი შეფასებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების დეტალურ ანალიზს:   

- არსებობდა თუ არა ალტერნატიული, გონივრული მარშრუტი თელავის მიმართულებით როგორც აქციის მონაწილეების, ასევე ადგილობირვი მაცხოვრებლებისთვის;

- ასეთი მარშრუტის არსებობის შემთხვევაში, იყო თუ არა ეს გზები ვარგისი და თავისუფალი დამატებითი ბარიერებისგან;

- იყო თუ არა საზოგადოება წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, ინფორმირებული კონკრეტული გზის გადაკეტვის და ალტერნატიული მარშრუტების არსებობის შესახებ, მათ შორის, ქონდა თუ არა შსს-ს კომუნიკაცია შეკრების ორგანიზატორებთან აღნიშნულის თაობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მიმართულებით არსებული საგზაო შეზღუდვების შესახებ პირველი განცხადება, 16 დეკემბერს, დილით გააკეთა.[1] აღნიშნულ განცხადებაში, სამინისტრო არ უთითებდა რაიმე ალტერნატიული მარშრუტის არსებობის შესახებ და არ განმარტავდა როგორ იყო შესაძლებელი თელავის მიმართულებით უსაფრთხოდ, დაბრკოლებების გარეშე, გადაადგილება. ჩვენთვის უცნობია იყო თუ არა რაიმე წინასწარი, დამატებითი კომუნიკაცია, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ამ საკითხის თაობაზე, თუმცა პრობლემურია, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტრომ საზოგადოების ინფორმირება, გონივრული ვადით ადრე, ალტერნატიული გზების შესახებ არ მოახდინა, რამაც შესაძლოა შემდგომი ინციდენტების განვითარებას შეუწყო ხელი.  

მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებებში და უკვე ინციდენტის ადგილზე, შსს-ს წარმომადგენლები, განმარტავდნენ რა გზებით იყო შესაძლებელი თელავამდე ჩასვლა.[2] ამასთან, ტელევიზიებში, ისევე როგორც სოციალურ ქსელებში, განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა ამ გზების ვარგისიანობის და მათზე დამატებითი ბარიერების არსებობის შესახებ, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება.

ნათელია, რომ პროცესის არასაკმარისი ორგანიზების ან/და წინასწარი, სათანადო კომუნიკაციის არარსებობის პირობებში, წარმოიშვა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ინციდენტები, რისი თავიდან აცილებაც, პოლიციის მხრიდან შეკრების სწორი ორგანიზების და მართვის პირობებში, შესაძლებელი იყო. შემდგომში, სიტუაციის დეესკალაციის გეგმის და ვითარების ადამიანის უფლებების სასარგებლოდ გადაწყვეტის სტრატეგიის არაარსებობამ, მძიმე ფორმები მიიღო და შედეგად აქციის მონაწილეთა და პოლიციელთა ფიზიკური დაზიანებები მოყვა. ასევე, შეუძლებელი გახდა წინასწარდაანონსებული შეკრების გამართვა.

მსგავსი ინციდენტები მძიმედ აისახება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, ასევე პოლიციის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობაზე, რომელიც პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ადამიანის უფლებების დაცვითა და პატივისცემით, უნდა მოქმედებდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მითითებების გაცემისას კანონიერების დაცვით და პროცესის სათანადო ორგანიზების გზით, უნდა უზრუნველყოფდეს პოლიციასა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მსგავსი დაპირისპირებების პრევენციას.  

შემდგომი სამართლებრივი შესწავლის და გამოძიების საკითხია აქციის მონაწილეების და პოლიციელების დაზიანებების საკითხი. მიგვაჩნია, რომ პოლიციელთა დაზიანებების საკითხზე დაწყებული გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, პროკურატურამ უნდა აწარმოოს. შინაგან საქმეთა მინისტრი გუშინ მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მისივე უწყებაში ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება 16 დეკემბერს, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე, მათ შორის, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს:

  • პოლიციის ქმედებების კანონიერება გადაადგილების და შეკრების თავისუფლებაში შესაძლო ჩარევის შესახებ;
  • სევე აქციის მონაწილეთა და პოლიციელების მიერ მიღებული დაზიანებების საკითხი.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 დეკემბრის განცხადება: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/12226

[2] შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე განცხადება 16 დეკემბერს: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/12228