რამდენიმე წელია, რაც ვარკეთილის მოსახლეობა საკუთარი ძალისხმევით მოწყობილი „ანას ბაღის” შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება, რომელიც სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს და ბაღის, როგორც რეკრეაციისა და სოციალიზაციის ადგილობრივებისთვის ტრადიციულ და მნიშვნელოვან სივრცეს, ფუნქციის დაკარგვით ემუქრება. 20 იანვარს მშენებელ კომპანიასა და მოსახლეობას შორის მიმდინარე დაპირისპირება გამწვავდა. კომპანიის მიერ დაქირავებულმა კერძო დაცვის თანამშრომლებმა სამშენებლო ობიექტის შესასვლელთან ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პროტესტის ნიშნად გაშლილი კარავი დაანგრიეს და ბაღის ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის მობილიზება დაიწყეს. მოსახლეობის განცხადებით, დაპირისპირების დროს, დაცვის თანამშრომლებმა პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს სცემა, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, ადგილობრივების განცხადებით, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა, რომელიც ადგილზე იყო მობილიზებული, სწორედ დაპირისპირების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დროებით, დატოვა ადგილი, რაც მათი აზრით კერძო კომპანიასა და საპატრულო პოლიციის შეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებს. EMC გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც მოსახლეობის სამართლიან პროტესტს უპირისპირდება და მიაჩნია, რომ ძალადობრივ დაპირისპირებამდე სიტუაცია შედეგია სწორედ მერიის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების, რომელმაც საჯარო ინტერესი კერძო ინტერესის სასარგებლოდ, კიდევ ერთხელ, დათმო.

მერიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთობა ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც, 2018 წელს, „ანას ბაღის” ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ხელახლა გაიცა. აღსანიშნავია, რომ, იმავე წელს, მერიამ 2017 წელს გაცემული პირველი ნებართვა ბათილად ცნო იმ მიზეზების გამო - ავტოტრანსპორტით გადაადგილებას შეზღუდავდა, სახანძროს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე მისვლაში ხელის შეშლა - რომელიც, მოსახლეობის აზრით, არც ახალ პროექტშია აღმოფხვრილი. მოსახლეობა ინვესტორის ადგილმონაცვლეობით დაკმაყოფილებას ითხოვს.

გაუმჭირვალედ, ადგილობრივების ჩართულობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება საზიარო სივრცის დეველოპერისთვის გადაცემის შესახებ, იმთავითვე დაპირისპირების საგნად ქცევისთვის იყო განწირული. მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი პროცედურები ამოიწურა, მოსახლეობას ერთადერთი გზა - ქუჩის პროტესტი დარჩა.

საჯარო ინტერესის გათვალისწინების გარეშე, საჯარო ინტერესის საზიანოდ მიღებული მორიგი გადაწყვეტილების შემდეგ, მერიამ მედიატორის როლი მოირგო და მოსახლეობა დეველოპერის და მის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის პირისპირ დატოვა. სამშენებლო კომპანია დღეს თავისი ნებართვით მინიჭებული უფლებებით სარგებლობას იმ სივრცეში ცდილობს, სადაც მის გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობა მხარს არ უჭერდა - დეველოპერი ცდილობს ისარგებლოს მშენებლობის ნებართვით, რომელიც მოსახლეობის ჩართულობის გარეშე, მათი გამოხატული ნების საპირისპიროდ გაიცა. ადგილობრივები დღეს ქუჩის პროტესტით აჟღერებენ თავის პოზიციას და ამით ერთვებიან პროცესში, რომელშიც მათი ჩართულობა წლების განმავლობაში მერიას უნდა უზრუნველეყო. ძალადობრივი პროცესები, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარდა და 20 იანვრის დაპირისპირებით დაგვირგვინდა, სწორედ ხარვეზიანი სამართლებრივი და დემოკრატიული მექანიზმების, ქალაქდაგეგმარების არადემოკრატიულად, გაუმჭირვალედ და კერძო ინტერესის სასარგებლოდ წარმართვის შედეგია.

EMC მოუწოდებს:

ქალაქ თბილისის მერიას:

  • გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი და მოლაპარაკების ყველა რესურსი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის და ძალადობრივი დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ეფექტიანად გამოიძიოს ვარკეთილში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა;