დღეს, 23 ივნისს EMC-მ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და 20 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციასთან კავშირში, დაკავებულიოთხი პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოში საქმეების განხილვა დღეს 18:30 საათიდან დაიწყება.

თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათი საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 ივნისის დილიდან დაიწყო. სასამართლო საქმეებს იხილავდა უკიდურესად მცირე დროში, ობიექტური შეფასებისთვის საჭირო აუცილებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში. სასამართლო განხილვებს მკვეთრად გამოხატული ხელწერა ახასიათებდა, რა დროსაც სასამართლო პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით იყენებდა სახდელის ყველაზე მძიმე ფორმას - ადმინისტრაციულ პატიმრობას.

EMC-ის დაცვის ქვეშ მყოფ ოთხივე დაკავებულს,რამდენიმეწუთიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, სასამართლომ 12 და 13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებების საფუძველზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ჩადენისთვის, შეუფარდა. ოთხივე დაკავებული უარყოფდა სამართალდარღვევის ჩადენას. სამი მათგანი აცხადებდა, რომ ისინი აქციიდან წასვლის შემდგომ, თავისუფლების მოედნის და ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს - აქტივისტი ცოტნე ცხვედიანიპოლიციის თანამშრომლებმა,21 ივნისის დილას, მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. სასამართლო პროცესზე მან განმარტა, რომ იგი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და არც რაიმე სამართალდარღვევა ჰქონდა ჩადენილი. ამის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლის ახსნა-განმარტება ქუჩაში მისი გინებისა და პოლიციის შეურაცხყოფის თაობაზე, სასამართლოსთვის საკმარისი აღმოჩნდა, დაკავებულის მიმართ სანქციის ყველაზე მძიმე ფორმის - 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისთვის.გასათვალისწინებელია, რომ ცოტნე ცხვედიანის მსგავს განმარტებებს პროცესებზე 20-21 ივნისს დაკავებული სხვა პირებიც აკეთებდნენ და სასამართლოს განუმარტავდნენ, რომ კონკრეტულ ადგილას სრულიად შემთხვევით მოხვდნენ და აქციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. სასამართლოს წინაშე მიცემული მსგავსი ახსნა-განმარტებების სიხშირე, სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, პოლიციის მიერ თვითნებური და უსაფუძვლო დაკავებების გამოყენებაზე შეიძლება მიუთითებდეს.

სამწუხაროდ, დაკავებულთა საქმეების განხილვამ კიდევ ერთხელ მძიმედ აჩვენა სასამართლოში არსებული ვითარება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური პრობლემა, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით სათანადო სარგებლობას. ეს პრობლემები ყველაზე მწვავედ კი სწორედ შეკრება-მანიფესტაციის დროს დაკავებული პირების მიმართ ვლინდება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, კანონით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების დაცვით, იმსჯელოს გამოყენებული სანქციის საფუძვლიანობასა და კანონიერებაზე.