2020 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ორი ძირითადი პოლიტიკური მოვლენა განაპირობებდა. ერთი მხრივ ეს იყო პანდემიასთან დაკავშირებული მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული კრიზისი და ამ პირობებში მთავრობის მიერ დადგენილი სამართლებრივი შეზღუდვები, რომელთა დაწესება და მართვა ზოგჯერ დემოკრატიული კონტროლის და კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგოდ ხდებოდა. მეორე მოვლენა კი წინასაარჩევნო კონტექსტი და ჩვენი პოლიტიკური სისტემისა და ველისა ღრმა პოლარიზება იყო. გარდა იმისა, რომ არსებულმა კრიზისებმა პოლიტიკური დღის წესრიგიდან სრულად განდევნა სოციალური ჯგუფების რეალური საჭიროებები, წუხილები და ინტერესები, მან კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი პოლიტიკური სისტემის სიმყიფე, ღრმა კონფლიქტურობა და ანტისოციალური ბუნება. კრიზისისა და ძალაუფლების შენარჩუნების პირობებში ხელისუფლებამ ამ წელსაც აჩვენა რეპრესიული აპარატის თვითნებური გამოყენების გამოცდილება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რამაც საპოლიციო ძალის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნეგატიური პრაქტიკა შექმნა. პანდემიის ფონზე შექმნილმა მძიმე სოციალურმა რეალობამ და ჯანდაცვის სისტემის კრიზისმა, კიდევ ერთხელ გამოაშკარავა სიღარიბის, სოციალური დაუცველობის დაძლევის პოლიტიკების სისუსტე და ჯანდაცვის სისტემის სრული პრივატიზებისა და განკერძოების კატასტროფული სოციალური და პოლიტიკური შედეგები. შექმნილი სოციალური კრიზისის ფონზე ისედაც უფრო მოწყვლადი და დისკრიმინირებული ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ვითარებაში მთავრობის მიერ დეკლარირებული რეფორმებისა და ცვლილებების პროცესები თითქმის შეჩერდა. ამ პირობებში პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებული მოლოდინები მყიფე და ბუნდოვანი გახდა.   ამ ფონზე ბოლო თვეებში გამოვლენილი სოციალური დანაშაულების შემთხვევები ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობას და სოციალურ სასოწარკვეთას კიდევ უფრო მძიმედ აჩვენებს. ცხადია, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესების პოლიტიკური დღის წესრიგიდან და პროცესებიდან გატანა და უგულებელყოფა ამგვარ სოციალური კონფლიქტებს კიდევ უფრო გააძლიერებს. 

ქვემოთ წარმოდგენილია EMC ხედვა ადამიანის უფლებების იმ მიმართულებით, რაზეც ჩვენს ორგანიზაციას მუშაობის გამოცდილება აქვს და პრიორიტეტულად მიიჩნევს.

 

მართლმსაჯულება

2020 წელი ქვეყანაში მძიმე და კრიზისული იყო მართლმსაჯულების და დემოკრატიის თვალსაზრისითაც. გასული წლის ბოლოს, საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართოში უვადოდ განაწესა 14 მოსამართლე, რომელთა მიმართ არ არსებობს საზოგადოებრივი და პროფესიული ჯგუფების ნდობა. პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება მთლიანად ემყარებოდა ვიწრო-პარტიულ და კლანურ ინტერესებს. შესაბამისად, მართმსაჯულების არსებითად გარდაქმნისა და მისი დამოუკიდებლობის პერსპექტივა კიდევ უფრო შესუსტდა.[1] 2020 წლის განმავლობაში არ გადაგმულა არც ერთი ქმედითი ნაბიჯი სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად. პირიქით, გაუმჭვირვალე და უსამართლო საკადრო გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გამყარდა და გაძლიერდა კლანურობის პრობლემა სასამართლო სისტემაში. საერთო სასამართლოების პარალელურად, სახელისუფლებო გავლენები გაძლიერდა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რაც გამოიხატა სასამართლოს მიერ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვის არაეფექტურობაში.

 

სამართალდამცავი სისტემა

2020 წლის განმავლობაში ფაქტობრივად სრულად იყო იგნორირებული სამართალდამცავ სისტემაში არსებული სისტემური პრობლემები, როგორიცაა პოლიტიზირების რისკები, კვალიფიკაციის სიმცირე, საგამოძიებო სისტემის რეფორმა. აგრეთვე, ამ წელსაც არ განხორციელდა ნარკოპოლიტიკის რეფორმა, რომელიც კვლავაც არაერთი მოქალაქის უსამართლო მსჯავრდების და მოქალაქეთა კონტროლის მექანიზმად რჩება. ერთადერთი პოზიტიური ნაბიჯი იყო 2019 წლის ბოლოს სახელმწიფო ინსპექტორისთვის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ ზოგიერთ დანაშაულზე გამოძიების უფლებამოსილების მინიჭება. თუმცა, სახელმწიფო ინსპექტორს არაერთი ინსტიტუციური და ფუნქციური გამოწვევა აქვს[2] და ზოგადად სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის რეფორმის გარეშე, შეუძლებელი იქნება პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. სასამართლო და სამართალდამცავ სისტემებში არსებული ინსტიტუციური პრობლემების ფონზე, კრიტიკულად მაღალია შერჩევითი, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების განხორციელების რისკები, რისი ბოლო მკაფიო გამოვლინებაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეა.[3]

 

პანდემია და საგანგებო მდგომარეობა

პრობლემური იყო პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის მიღების პროცედურაც. პრეზიდენტის დეკრეტით ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილებები მიენიჭა აღმასრულებელ ხელისუფლებას და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე არ ვრცელდებოდა საპარლამენტო კონტროლი. ამავდროულად, პანდემიის რისკების პრევენციისას, სახელმწიფო მთლიანად დაეყრდნო ხისტ საპოლიციო ძალას და მკაცრ ადმინისტრაციულ/სისხლისსამართლებრივ სანქციებს.[4]

 

არჩევნები

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკური პარტიების და განსაკუთრებით მმართველი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო დღის წესრიგიდან დიდწილად იგნორირებული იყო მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავ სისტემაში არსებული ხარვეზები, ნარკოპოლიტიკა და დემოკრატიის მიმართულებით არსებული გამოწვევები.[5] ამავდროულად, არჩევნების პროცესში ეფექტიანად არ იყო დაზღვეული ძალადობის პრეცედენტები საარჩევნო უბნებთან,[6] ხოლო არჩევნების საბოლოო შედეგებზე სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, კიდევ ერთხელ შექმნა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი. ამ პირობებში, პრობლემური იყო ხელისუფლების დესტრუქციული რიტორიკა პოსტ-საარჩევნო პერიოდში, რა დროსაც ნათლად გამოიკვეთა, რომ ვითარების განსამუხტავად, ნაცვლად კონსტიტუციურ-სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმებისა, ხელისუფლება დიდწილად ეყრდნობოდა საპოლიციო ძალას. ამის მაგალითი იყო 8 ნოემბრის მოვლენები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე,[7] რა დროსაც სამართალდამცავმა ორგანოებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს წყლის ჭავლი, რამაც არსებითად გაზარდა ვითარების ესკალაციის რისკები და საფრთხე შეუქმნა დემონსტრანტების და ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ჯანმრთელობას.

 

თანასწორობის პოლიტიკა

მიმდინარე წელი თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით კვლავ მძიმე გამოცდილებებით გამოირჩეოდა. არადომინანტური სოციალური ჯგუფების საჭიროებები, უფლებები და წუხილები არ გამხადარა არც წინასაარჩევნო პროგრამებისა და კამპანიების აქტიური დღის წესრიგის ნაწილი. [8]

 

ეთნიკური უმცირესობები და პოლიტიკა

პანდემიის პირობებში მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვას მძიმე სოციალური კრიზისი[9] და საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ სიძულვილის ენის ტალღა მოჰყვა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები რეგიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისა და თანასწორობის სულისკვეთების მხარდაჭერისა და პატივისცემის მიზნით. ამ რეგიონის ჩაკეტვის და საგანგებო  პირობებში მართვის მდგომარეობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზები, მათ შორის, აღნიშნული თემების ინფორმაციული და პოლიტიკური გაუცხოება და იზოლაცია[10]. მარნეულში სოციალური გარემო კიდევ უფრო დაძაბა ადგილობრივი მეუფისა და მასთან დაკავშირებული ულტრაკონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების ქსენოფობიურმა კამპანიამ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით, რომელმაც ადგილობრივ თემებს შორის გაუცხოება გააღრმავა[11]. სახელმწიფოს ამ კრიზისის გადასაწყვეტად არ გადაუდგამს თემზე ორიენტირებული პოლიტიკური ნაბიჯები და სიტუაციის განმუხტვას მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიებით შეეცადა. სამწუხაროდ, აღნიშნულ გამოძიებას მათ შორის, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების გამოკითხვა მოჰყვა, რამაც ადგილზე ამოზრდილ სოციალურ აქტივიზმზე ნეგატიური გამყინავი ეფექტის მოხდენის რისკები შექმნა.[12]  აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობა ასევე გამოჩნდა ადგილობრივი თემის მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან პროტესტთან კავშირში, როცა სუს-მა რელიგიური ლიდერების მიმართ საბოტაჟის მუხლით დაიწყო გამოძიება, ეს მაშინ როცა ერთი შეხედვითაც კი ცხადი იყო დანაშაულის ნიშნების არ არსებობა ამ ვითარებაში.[13] ამ პრაქტიკების გათვალისწინებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების უსაფრთხოების პერსპექტივით მართვისა და კონტროლის ეჭვები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.   

ხაზი უნდა გაესვას წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივ ინციდენტებს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, რაც ადგილობრივი კლანების და არაფორმალური ლიდერების აგრესიული და ანტიდემოკრატიული მუშაობის შედეგი იყო.[14] თუმცა, დომინანტურ პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების ძალადობრივი ბუნება ადგილობრივ თემის “კულტურას” მიეწერებოდა, რაც უმცირესობების ესენციალიზების კიდევ ერთი პრობლემური გამოცდილება იყო.  

ცალკე უნდა აღინიშნოს ყარაბაღში მიმდინარე ომი. გარდა იმისა, რომ ამ ომმა და მისმა შედეგებმა რეგიონში გეოპოლიტიკური რეალობა შეცვალა, მას მძიმე მსხვერპლი და ადამიანური ტრაგედიები მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის, საქართველოს სომეხმა და საქართველოს აზერბაიჯანელმა თემებმა თანაცხოვრების მშვიდობიანი და ურთიერთპატივისცემის პრინციპები დაიცვეს და რაიმე ესკალაციას საქართველოში ადგილი არ ქონია. ამის მიუხედავად, ადგილობრივი თემების აქტიური პოლიტიკური და ემოციური ჩართულობა მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაში უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების პოლიტიკური იზოლაციის პრობლემას კიდევ ერთხელ მწვავედ აჩვენებს. სამწუხაროდ, შექმნილი გამოცდილება ისევ არ გახდა ხელისუფლების სათანადო რეაგირების მიზეზი და ჩვენი არა ერთი მოწოდების მიუხედავად, მშვიდობისა და ინტერ-ეთნიკური დიალოგის და ნდობის მხარდამჭერი კულტურული პლატფორმები სახელმწიფოს არ შეუქმნია.

მიმდინარე წელს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება მოულოდნელად და თვითნებურად შეწყვირა, რამაც კიდევ ერთელ გაამართლა ეჭვები პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფორმალური, ილუზორული და არადემოუკიდებელი შინაარსის შესახებ. ამ ეტაპზე საქმეს ევროპული სასამართლო განიხილავს და ის კომუნიკაციის აქტიური ფაზაშია შესული. [15]

 

საპატრიარქოს დომინაცია და უგულებელყოფილი რელიგიური უმცირესობები 

ცალკე უნდა აღინიშნოს პანდემიის პირობებში და წინასაარჩევნო პერიოდში საპატრიარქოს მიმართ ხელისუფლების აშკარა ლოიალობა და დაგეგმილი ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებში რელიგიური უმცირესობების გამოტოვებისა და დისკრიმინაციული მიდგომების გამოყენება. ეს მიდგომა არა მხოლოდ სიმბოლურ დონეზე, არამედ უფლებრივ დონეზეც აჩვენებს ასიმეტრიას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. აქვე უნდა აღინიშნოს პარლამენტის მიერ ტყის კოდექსის მიღება, რომელიც გარდა იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტყის საჯარო რესურსის არასათანადო გამოყენების რისკებს ქმნის, ასევე მკვეთრად დისკრიმინაციულ შინაარს შეიცავს, რადგან ის მხოლოდ საპატრიარქოსთვის ექსკლუზიური და გაუმართლებელი პრეფერენციების გადაცემას ითვალიწინებს. [16] წინასაარჩევნო პროცესებში აშკარა იყო საპატრიარქოს მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობა ხელისუფლების რეგიონალურ პოლიტიკურ შეხვედრებში, რაც ხელისუფლებების მიერ საპატრიარქოსთვის გაწეული ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკურ ინტერესებს კიდევ ერთხელ ავლენს. ცალკე უნდა გამოიყოს დავით-გარეჯის თემაზე ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური და კლერიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული კამპანიები და წინასაარჩევნოდ მეცნიერების ივერი მელაშვილისა და ნეტალია ილიჩვას თვითნებური დევნის საქმე[17], სადაც სასულიერო პირების აქტიური მონაწილეობა და მაღალი იერარქების მხრიდან ხელისუფლების მხარდაჭერა ასევე საეჭვოდ გამოჩნდა.  

მიმდინარე წელს სისტემამ ისევ არ დაუშვა დეკანოზი გიორგი მამალაძისთვის სასჯელის შემსუბუქების რომელიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება[18], რამაც მისი საქმის მიმართ საპატრიარქოს პოლიტიკური გავლენების შესახებ ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. სამწუხაროდ, ამ დრომდე დეკანოზი სათანადო სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩება საპატიმროში, მიუხედავად იმისა, რომ ჩანს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების აშკარა ნიშნები. 

 

პანდემია და ლგბტი ადამიანების მძიმე სოციალური ყოფა

პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ადამიანების დიდმა ნაწილმა დაკარგა სამსახური, რამაც მათი ყოველდღიურობა სიღარიბისა და უიმედობის მდგომარეობად აქცია. ამ პირობებში ლგბტი ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილი დაბალშემოსავლიან პრეკარიატულ შრომაშია ჩაბმული და ზოგიერთი შემთხვევაში საკუთარი ოჯახების მხარდაჭერის გარეშე უწევს ცხოვრება, კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით გართულდა ტრანსგენდერი ადამიანების ყოფა, რომლებიც ისედაც მზარდი ძალადობისა და მარგინალიზაციის გამოცდილებებში ცხოვრობენ. ამ პერიოდში ტრანსგენდერმა ქალებმა რამდენიმე სოციალური პროტესტიც დააორგანიზეს. სამწუხაროდ, უფრო მოწყვლადი სოციალური ჯგუფების საჭიროებები ანტიკრიზისულ გეგმაში სათანადოდ გათვალისწინებული არ იყო. [19] 

 

კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისები და მათი პოლიტიკური შედეგები

პანდემიის გავლენა კიდევ უფრო მძიმედ აისახა ისედაც ჩაკეტილ და ღარიბ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საზღვრების ჩაკეტვის გამო დაწესებულმა გადაადგილების შეზღუდვებმა კიდევ უფრო გაართულა ამ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების სოციალური მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისის ვითარება შექმნა. [20]დაფიქსირდა რამდენიმე პაციენტის ტრაგიკული გარდაცვალების შემთხვევა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი არადროული გადმოყვანის გამო. ჩაკეტილობისა და კრიზისის ამ მდგომარეობის გამო ახალგორის რეგიონს ქართველების ნაწილი ტოვებს, რაც შექმნილი მძიმე ვითარების კიდევ უფრო რთული პოლიტიკური შედეგი შეიძლება გახდეს.[21] ცალკე უნდა გაესვას ხაზი გალში 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზური დროშის დაწვის გამო  ირაკლი ბებუას დაკავებისა და გასამართლების საქმეს, რომელიც ამ დრომდე არ არის დაბრუნებული საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.[22]

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს საქართველოს მთავრობა ცდილობდა კონფლიქტის რეგიონებიდან პაციენტების მიღებას და მხარდაჭერას. ამის მიუხედავად,  აფხაზეთის de facto ხელისუფლების ახალი მენეჯმენტისგან წამოსულ ახალ პოლიტიკურ სიგნალებს, ხელისუფლებამ სათანადო ინიციატივებით და კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული ახალი სტრატეგიებით არ უპასუხა. 

 

სოციალური პოლიტიკა

მიმდინარე წელს მოქალაქეთა სოციალური დაუცველობა განსაკუთრებულად რთულ და მზარდ გამოწვევას წარმოადგენდა. სიღარიბის, ეკონომიკური უთანასწორობისა და უმუშევრობის მწვავე პრობლემებს თან დაერთო პანდემიის გამოწვეული ეკონომიკური შოკი, რამაც ათასობით მოქალაქე კიდევ უფრო დაუცველი გახადა, გაზარდა უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები, რაც ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევაშიც კი უფრო მეტად გაღრმავდება მომავალში.

 

შრომის პოლიტიკა

დასაქმებულთა სოციალური დაუცველობა, სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვა პანდემიით გამოწვეულ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ. პანდემიის პირველი ტალღის პარალელურად დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების შედეგად რამდენიმე დღეში სამსახური და შემოსავალი დაკარგა ათასობით ფორმალურმა თუ არაფორმალურმა მშრომელმა, რომელთა სოციალური უსაფრთხოების შენარჩუნება ვერ უზრუნველყო შრომით უფლებრივმა გარანტიებმა და არსებულმა სოციალური დაცვის სისტემამ. პანდემიამ ნათლად დაგვანახა შრომის პოლიტიკის სისუსტე, რაც ვერ გახდა დასაქმებულთა მიმართ მასიური უკანონო პრაქტიკების შეკავების მექანიზმი. პანდემიის დასაწყისიდანვე დასაქმებულები მოულოდნელი და კოლექტიური გათავისუფლებების წინაშე აღმოჩნდნენ ყოველგვარი დასაბუთების ან კომპენსაციის გარეშე. მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის დაზღვევის/შემწეობის მექანიზმების არარსებობამ შეუძლებელი გახადა სამსახურის დაკარგვით გამოწვეული ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქება, რის შედეგადაც მოქალაქეთა დიდ ნაწილს სასიცოცხლოდ აუცილებელ საშუალებებზე ხელი არ მიუწვდებოდა. უმძიმესი ეკონომიკურ შედეგებზე საპასუხოდ საკმარისი არ აღმოჩნდა სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სოციალური დაცვის მექანიზმების არარსებობის გათვალისწინებით ვერც უპასუხებდა რადიკალურად გაზრდილ სოციალურ დაუცველობას.[23] პანდემიამ განსაკუთრებულად ცხადი გახადა არაფორმალურ მშრომელთა მოწყვლადობა, რომლებიც შრომისა და სოციალური დაცვის ელემენტარული მექანიზმების მიღმა შრომობენ და რთულად ან არ მიუწვდებათ ხელი სახელმწიფოს საგანგებო მხარდაჭერის პაკეტებზეც კი. გათავისუფლებისა და შემოსავლის დაკარგვის მასიური პრაქტიკების პარალელურად, საზოგადოებისათვის მინიმალური სერვისების უზრუნველყოფის ტვირთი გადავიდა წინა ხაზის მშრომელებზე, რომლებიც სუპერმარკეტებში, მაღაზიებში, სამკერვალო ფაბრიკებში, მძიმე ინდუსტრიაში, გადაუდებელი დახმარების სამსახურებში, მათ შორის სამედიცინო სექტორში, აგრძელებდნენ დაუცველ და დაუფასებელ შრომას, რასაც თან ახლდა ინფიცირების მაღალი რისკი.[24]

მიმდინარე წელს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა შრომის კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც ნაწილობრივ გააუმჯობესა შრომის უფლების დაცვის გარანტიები თუმცა, არ მოიცვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა მინიმალური ხელფასი და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. რეფორმის მნიშვნელოვან შედეგს წარმოდგენს შრომის ინსპექციისათვის სრული მანდატის მინიჭება, რაც ინსპექციას აძლევს დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის სრულად შემოწმების შესაძლებლობას.[25] ინსპექციის მანდატის გაზრდას მნიშვნელოვანია ახლდეს მისი გაძლიერება ადამიანური და მატერიალური რესურსებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს მოქმედი ინსპექცია ვერ შეძლებს ახალი კანონმდებლობის აღსრულებას და დასაქმებულთა დაცვას შრომითი ექსპლუატაციისგან.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები წინა წლების მსგავსად არც 2020 წელს წარმოადგენდა სახელმწიფოს პრიორიტეტს. შედეგად, შშმ პირთა დიდი ნაწილი კვლავ იზოლაციაში, განათლებაზე, დასაქმებაზე, სოციალურ დაცვაზე, ჯანდაცვაზე, ფიზიკურ გარემოზე წვდომის სირთულეებით აგრძელებს ცხოვრებას. სახელმწიფომ ვერც წელს შეასრულა წლების წინ თემის წინაშე აღებული ორი მნიშვნელოვანი ვალდებულება, სამთავრობო დონეზე შეექმნა კოორდინაციის მექანიზმი შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით და დაენერგა სოციალური მოდელი. ამასთან, პანდემიით გამოწვეული კრიზისი განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა შშმ პირთა თემისთვის. ინფიცირებისა და ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების  გაზრდილი საფრთხე, განსაკუთრებით ინსტიტუციებში, ასევე დღის ცენტრების და სხვა მხარდაჭერითი სერვისები მიუწვდომლობა პანდემიის პერიოდში, მძიმე ტვირთად იქცა შშმ პირებისათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.

მიმდინარე წელს სახელმწიფომ კვლავ არ თქვა უარი ინსტიტუციებში ადამიანების ცხოვრების უფლებაშემლახავ პრაქტიკაზე. შედეგადაც ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე და მენტალური ნიშნით შშმ პირების დიდი ნაწილი უმძიმეს პირობებში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და პანსიონატებში აგრძელებს ცხოვრებას[26] და არ ჩანს ამ პრაქტიკის დასრულების რეალისტური ხედვა და ნება. მიმდინარე წელს მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის დამტკიცება, რაც სათანადო აღსრულების შემთხვევაში გააუმჯობესებს შშმ პირთა წვდომას ფიზიკურ გარემოზე. ასევე 2020 წელს უკავშირდება „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მიღება რაც რამდენიმე პოზიტიური სიახლის მიუხედავად, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და არ პასუხობს იმ მოლოდინს რომელიც კანონის მიმართ თემს გააჩნდა.[27]

 

უფლება საცხოვრებელზე

სახელმწიფოს მიერ 2020 წლისათვის აღებული ვალდებულებების მიუხედავად, სახელმწიფოს არ შეუქმნია უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის  ეროვნული პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა. ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უსახლკაროთა ან საცხოვრისი დაკარგვის რისკის წინაშე მყოფი პირების ერთიანი მონაცემთა ბაზა რაც გამორიცხავს შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვის შესაძლებლობას. უსახლკაროთა მდგომარეობას ასევე ამძიმებს კანონმდებლობის, ინსტიტუტიციური მექანიზმების, კოორდინაციის სისტემისა და საცხოვრებლის სერვისების მასიური დეფიციტი მთელს ქვეყანაში. საცხოვრისი დაკარგვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია რაც უკავშირდება ისეთ სტრუქტურულ ფაქტორებს, როგორიცაა უკიდურესი სიღარიბე, უმუშევრობა, სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური მიუწვდომლობა. საქართველოში უკიდურესად მაღალია მოსახლეობის ვალზე დამოკიდებულება როგორც უკონტროლო და დაურეგულირებელი ფინანსური ინსტიტუტების (საბანკო სექტორი, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები) ასევე კერძო მევახშეთა ქსელების წინაშე, რომლის მასშტაბი და ბუნება შესაძლებელია შეფასდეს როგორც „მოსახლეობის მტაცებლური დაკრედიტების პოლიტიკა“. [28]

უსახლკაროთა და საცხოვრისის დაკარგვის წინაშე მდგარი ჯგუფების განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის და შესაძლო უფლებრივი დარღვევის რისკების გათვალისწინებით პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა გამოსახლებებზე. თუმცა, პანდემიის დასრულებისთანავე, მოსალოდნელია შინამეურნეობების იძულებითი გამოსახლების მასიური ტალღები, რომელიც ასობით და ათასობით ოჯახს შეეხება. პანდემია განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის, რომელთა მიმართ სახელმწიფო თავშესაფრის შეთავაზების ნაცვლად სადამსჯელო მექანიზმებს იყენებდა და კომენდანტის საათის დროს აჯარიმებდა ქუჩაში მცხოვრებ უსახლკარო პირებს.[29] პანდემიის დროს არც თავშესაფრის სერვისები აღმოჩნდა უსაფრთხო სივრცე უსახლკაროებისათვის. თბილისის ერთადერთ ე.წ. ლილოს თავშესაფარში ბენეფიციართა ნახევარი კოვიდ19-ით ინფიცირდა.[30]

 

მწვანე პოლიტიკა

ბუნებრივი თუ სოციალური გარემოს შენარჩუნებისათვის და საჯარო სივრცისათვის ბრძოლა 2020 წლის მანძილზე აქტივისტური ჯგუფებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მთავარ საკითხს წარმოადგენდა. პანდემიამ კიდევ უფრო გააქტიურა მთავრობის ნაბიჯები დიდი ენერგოპროექტების განხორციელებისთვის, რამაც ააჩქარა ხელისუფლების გაუმჭვირვალე, ქაოტური, არათანმიმდევრული და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. 2020 წელს წინააღმდეგობის მნიშვნელოვან კერად იქცა რაჭა-ლეჩხუმი სადაც ხელისუფლება ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის ნამახვანი ჰესის მშენებლობას გეგმავს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე უწევს ფიზიკურ წინააღმდეგობას. ნამახვანი ჰესის მშენებლობის მიზანშეუწონლობაზე და მის ცხადად უკანონო ხასიათზე მიუთითებს არაერთი დარგის სპეციალისტი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია,[31] რაც არ ხდება საჯარო დისკუსიის საგანი, ვერ აფერხებს კომპანიის მიერ ჰესის მშენებლობით სამუშაოებს და სახელმწიფოს განზრახვას რომელიც მზადაა საპოლიციო ძალის გამოყენებით და სადამსჯელო მეთოდებით შეაჩეროს მოსახლეობის წინააღმდეგობა,[32] რომლებიც სოციალური, ეკოლოგიური სამართლიანობისათვის და რიონის ხეობის შენარჩუნებისათვის იბრძვიან.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] EMC, „როგორ დაკომპლექტდა უზენაესი სასამართლო - მოკლე მიმოხილვა“, 13 დეკემბერი, 2019. ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/uzenaesi-sasamartlos-dakomplektebis-erttsliani-protsesi-mimokhilva (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[2] EMC და IDFI დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გამოწვევებზე, 01 დეკემბერი, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-da-idfi-damoukidebeli-sagamodziebo-mekanizmis-gamotsvevebze (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[3] EMC, “კარტოგრაფების საქმე“ - სამართლებრივი შეფასება, 30 ნოემბერი, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/kartografebis-sakme-samartlebrivi-shefaseba (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[4] EMC, “საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსი - არსებული გამოცდილების ანალიზი”, 21 მაისი, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/sagangebo-mdgomareobis-samartlebrivi-da-politikuri-shinaarsi-arsebuli-gamotsdilebis-analizi (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[5] EMC, „მართლმსაჯულების საკითხები პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში - 2020, 27 ოქტომბერი, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/martlmsajulebis-sakitkhebi-partiebis-tsinasaarchevno-programebshi-2020 (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[6] EMC არჩევნებზე პოლიციის არაეფექტიანობას ეხმიანება, 6 ნოემბერი, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-archevnebze-politsiis-araefektianobas-ekhmianeba (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[7]EMC მოუწოდებს შსს-ს დაუყოვებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ, 8 ნოემბერი, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-moutsodebs-shss-s-dauqovnebliv-shetsqvitos-sapolitsio-dzalis-gamoqeneba-mshvidobiani-shekrebis-monatsileebis-tsinaaghmd (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[8] თანასწორობის პოლიტიკა პარტიების წინასაარჩევნო ხედვებში - 2020, EMC, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/tanastsorobis-politika-partiebis-tsinasaarchevno-khedvebshi-2020 (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[9] EMC მარნეულსა და ბოლნისში შექმნილ სოციალური კრიზისს ეხმიანება, 2020, EMC, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-marneulsa-da-bolnisshi-shekmnil-sotsialuri-kriziss-ekhmianeba (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[10] ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები, საზოგადოებრივი მაუწყებელი და პანდემია, 2020, EMC, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/etnikuri-umtsiresobebis-sachiroebebi-sazogadoebrivi-mautsqebeli-da-pandemia-1 (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[11]საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობას ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესის შექმნისკენ მოუწოდებენ, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/sazogadoebrivi-organizatsiebi-mtavrobas-narimanovis-dzegltan-dakavshirebit-politikuri-protsesis-shekmnisken-moutsodeben  (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[12] EMC სუს-ში მიმდინარე გამოძიების პროცესს ეხმიანება, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-sus-shi-mimdinare-gamodziebasa-da-tamta-mikeladzis-gamokitkhvis-protsess-ekhmianeba (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[13] რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/religiuri-da-adamianis-uflebebze-momushave-organizatsiebi-azerbaijanshi-sheikhi-mirtagi-asadovis-dakavebas-ekhmianebian  (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[14] დასჯა, დაჯილდოვება და მიტოვება: პოლიტიკური სტრატეგიები არჩევნების დროს მარნეულსა და ბოლნისში, მარიამ შალვაშვილი, ქამრან მამედლი, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/dasja-dajildoveba-da-mitoveba-politikuri-strategiebi-archevnebis-dros-marneulsa-da-bolnisshi (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[15] მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე ევროპულ სასამართლოში მიმდინარე კომუნიკაციის მიმოხილვა, EMC, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/machalikashvili-da-skhvebi-sakartvelos-tsinaaghmdeg-sakmeze-evropul-sasamartloshi-mimdinare-komunikatsiis-mimokhilva-1 (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[16] EMC: ტყის კოდექსით მხოლოდ ეკლესიისთვის ტყის რესურსების გადაცემა არაკონსტიტუციური იქნება, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-tqis-kodeksit-mkholod-eklesiistvis-tqis-resursebis-gadatsema-arakonstitutsiuri-ikneba (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[17] EMC, “კარტოგრაფების საქმე“ - სამართლებრივი შეფასება, 30 ნოემბერი, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/kartografebis-sakme-samartlebrivi-shefaseba (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[18] EMC: სასამართლოს უარი დეკანოზ მამალაძის სასჯელის გადავადებაზე დაუსაბუთებელია, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-sasamartlos-uari-dekanoz-mamaladzis-sasjelis-gadavadebaze-dausabutebelia (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[19] კოალიცია თანასწორობისთვის - ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილთა საჭიროებებზე, თანასწორობის კოალიცია, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/koalitsia-tanastsorobistvis-antikrizisuli-gegmis-mighma-darchenilta-sachiroebebze (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[20] საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას აფხაზეთის რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/sazogadoebrivi-organizatsiebi-sakartvelos-mtavrobas-afkhazetis-regionis-humanitaruli-mkhardacheris-gadzlierebisken-moutsodeben (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[21] ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება, DRI, 2020, ხელმისაწვდომია: http://www.democracyresearch.org/geo/468 (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[22] „უფლებები საქართველო“ და EMC აფხაზეთში გასამართლებული ირაკლი ბებუას საქმეზე ახალ მიმართვას ავრცელებენ, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/uflebebi-sakartvelo-da-emc-afkhazetshi-gasamartlebuli-irakli-bebuas-sakmeze-akhal-mimartvas-avrtseleben (წვდომის თარიღი: 09.12.2020).

[23] EMC მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს; 27 აპრილი, 2020. ხელმისაწვდომია:  https://emc.org.ge/ka/products/emc-mtavrobis-antikrizisul-gegmas-afasebs;

[24] EMC: პანდემიის პირობებში სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობები უკიდურესად მძიმეა; 11 ნოემბერი, 2020. ხელმისაწვდომია:  https://emc.org.ge/ka/products/emc-pandemiis-pirobebshi-sameditsino-personalis-samushao-pirobebi-ukiduresad-mdzimea;

[25] EMC: პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, შრომის კანონმდებლობაში პრობლემები რჩება; 29 სექტემბერი 2020. ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-pozitiuri-tsvlilebebis-miukhedavad-shromis-kanonmdeblobashi-problemebi-rcheba;

[26] EMC მთავრობას შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვისკენ მოუწოდებს, 03 დეკემბერი 2020. ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-mtavrobas-shshm-pirta-didi-zomis-datsesebulebebis-dakhurvisken-moutsodebs;

[27] შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები “შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტს ეხმიანებიან, 14 თებერვალი 2020, მისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/shshm-pirta-uflebebze-momushave-organizatsiebi-da-aktivistebi-shshm-pirta-uflebebis-shesakheb-kanonproekts-ekhmianebian;

[28] თათული ჭუბაბრია, მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ: მტაცებლური დაკრედიტება და მისი სოციალური შედეგები, 18 მაისი 2020; მისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/mosakhleoba-mevakhsheobis-pirispir-mtatsebluri-dakrediteba-da-misi-sotsialuri-shedegebi; ია ერაძე, საკრედიტო ბუმი, ჭარბვალიანობა და ეროვნული ბანკი, 18 მაისი 2020, მისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/charbvalianoba-mtatsebluri-seskhebi-da-erovnuli-banki;

[29] EMC მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს კომენდანტის საათის დროს ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროთა დაჯარიმება, 13 ნოემბერი 2020. მისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-moutsodebs-shss-s-shetsqvitos-komendantis-saatis-dros-kuchashi-mtskhovreb-usakhlkarota-dajarimeba;

[30] EMC: ლილოს უსახლკაროთა თავშესაფარში ინფიცირების შემთხვევების ზრდას ეხმიანება, 09 დეკემბერი 2020. მისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-lilos-usakhlkarota-tavshesafarshi-infitsirebis-shemtkhvevebis-zrdas-ekhmianeba.

[31] EMC: ნამახვანი ჰესის განმახორციელებელი კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოები უკანონოა, 30 ოქტომბერი 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-namakhvani-hesis-ganmakhortsielebeli-kompaniis-mier-tsarmoebuli-samushaoebi-ukanonoa;

[32] ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმაურებიან ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლას, 15 ნოემბერი 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/khelmomtseri-organizatsiebi-ekhmaurebian-namakhvani-hesis-msheneblobis-motsinaaghmdegeta-aktsiis-sapolitsio-dzalis-gamoqenebit-dashlas;