ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას აჭარის მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით.

EMC-ის შეფასებით, გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნასა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეშლას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) მუხლების შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კოხრეიძემ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე სამსახურიდან დაუსაბუთებლად, უკანონო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოტივით გაათავისუფლა კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე თანამშრომელინაწილს კი უფლებ, ამოსილებები შეუზღუდა და ჩამოაშორა არხის სარედაქციო პოლიტიკას. კერძოდ, დირექტორის მხრიდან შევიწროებისა და კონტროლის ფაქტების გამო სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ, დაუსაბუთებელი საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, ხოლო მისი მოადგილე მაია მერკვილაძე ტელევიზიიდან გადაყვანილი იქნა რადიოში და ფაქტობრივად ჩამოშორდა სარედაქციო პოლიტიკას. ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე დირექტორის გადაწყვეტილებით ჯერ ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი, რამდენიმე დღეში, სამსახურიდან დირექტორის ბრძანებით გათავისუფლდა. უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინ მედიის სამსახურის უფროსს სოფო ჟღენტს და დირექტორმა მას სრულად აუკრძალა საინფორმაციო ამბების კონტენტის ვებგვერდზე განთავსება. ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე სამუშაოდ გადაყვანილი იქნა ქუთაისის არარსებულ ბიუროში. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო ჟურნალისტი თეონა თურმანიძე აგრეთვე დირექტორის გადაწყვეტილებით, გარკვეული დროით, ჩამოაშორეს ეთერს. 2020 წლის 11 მაისს კი დირექტორის ბრძანებით, აგრეთვე სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო სამსახურიდან გათავისუფლდა მაუწყებლის თანამშრომლების ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი, რომელიც ამავდროულად გადაცემა "ჰეშთეგის" წამყვანი იყო და როგორც თავმჯდომარე დირექტორის მიღებულ გადაწყვეტილებებისგან პროფაკვშირის წევრებს იცავს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილება შეეხო მხოლოდ ალტერნატიული პროფესიული კავშირის წევრებსა და იმ დასაქმებულებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ კრიტიკას და უკმაყოფილებას საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების მიმართ და ორგანიზდებიან მაუწყებლის იდეის დაცვისთვის.

გიორგი კოხრეიძის მიერ განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგია, დინამიკა და შინაარსი სწორედ თანამშრომლების დევნაზე მიუთითებს, რამდენადაც სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია იქმნებოდეს ვარაუდი, რომ დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების, ან თვითნებურად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე სრულად მოტივირებულია დამსაქმებლის მიერ განსხვავებული შეხედულების შეუწყნარებლობით და დასჯის მიზანი აქვს. ამ შემთხვევაშიც გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მის მიზანს განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დასჯა წარმოადგენს, რამდენადაც

  1. კოხრეიძისთვის დირექტორად არჩევისთანავე მიუღებელნი აღმოჩდნენ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკურ და ორგანიზაციულ პროცესებთან დაკავშირებით;
  2. დაუსაბუთებელი საფუძვლით გათავისუფლდნენ პირები, რომლებიც ახალი დირექტორის მოქმედებებს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლად აფასებდნენ;
  3. კორხეიძის ინიციატივითვე დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ თანამშრომლებს, რომლებმაც ღიად განუცხადეს, რომ ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს და იყვნენ დამოუკიდებელნი;
  4. დევნის პრაქტიკაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ თანამშრომლების მიმართ დაკისრებული დისციპლინური სანქციები აშკარად არაპროპორციულია და გამოყენებული იქნა მხოლოდ კრიტიკული შეხედულებების მქონე თანამშრომლების მიმართ;
  5. კოხრეიძის მხრიდან განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები რეალურად არ შეხებია იმ თანამშრომლებს, რომლებიც იმთავითვე ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

სამართალდამცავი ორგანოების წინაშე წარდგენილ ვრცელ მიმოხილვაში EMC უთითებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო, ევროპის საბჭო, რეპორტერები საზღვრებს გარეშე), საქართველოს სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც ღიად მსჯელობენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის, ჟურნალისტების დევნისა და კონტროლის პრაქტიკებზე.

გიორგი კოხრეიძის ქმედებებში დევნის მიღმა, სავარაუდოდ, იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რამდენადაც დგინდება, რომ ალტერნატიული პროფკავშირის შექმნის შემდგომ კოხრეიძე პროფკავშირის წევრებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში დაბრკოლებებს უქმნის, მან მოითხოვა მედიაციისა და კოლექტიური შრომითი დავის პროცესის შეწყვეტა, რომელიც პროფკავშირის ინიცირებული იყო და მისვე გადაწყვეტილებით სამსახურიდან გათავისუფლდა პროფკავშირის თავმჯდომარე.

ამდენად, გიორგი კოხრეიძის ქმედებები, სავარაუდოდ, სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს გიორგი კოხრეიძის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესზე ეფექტიანი მონიტორინგი გასწიოს შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა;
  • საქართველოს პროკურატურას უზრუნველყოს გამოძიების პროცესზე ეფექტური, მიუკერძოებელი საპროკურორო ზედამხედველობა და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი კოხრეიძის მიმართ.

EMC აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესებს გამოძიების ფარგლებში დაიცავს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.